„უვადოებისთვის“ დროის წამზომი ჩართულია

„უვადოებისთვის“ დროის წამზომი ჩართულია

პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა რჩეულმა მოსამართლეებმა ნახევრად ცარიელ დარბაზში ღვთისა და ერის წინაშე უვადო ფიცი დადეს და წარსულის მაგალითებიც გააცოცხლეს. მოსამართლეები ფიცს დებდნენ ადოლფ ჰიტლერის გერმანიაშიც და საბჭოთა კავშირის დროსაც, მაგრამ რას და ვის ემსახურებოდნენ, ეს უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა.

„ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირს ვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“.

მოსამართლეების დამტკიცებას წინ უსწრებდა არეულობა პარლამენტში, ჟურნალისტების ცემა-ტყეპა, ნაკელის სუნის გაფრქვევა, დეპუტატების მოწამვლა-ევაკუაცია და პერფორმანსი „სისტემა ყარს“.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ მოსამართლეების წინააღმდეგ ერთ-ერთ პირველ მებრძოლებად სწორედ „ნაციონალები“ იქცნენ, რომლებსაც დავიწყებოდათ, რომ ზუსტად სააკაშვილის მმართველობას ემსახურებოდნენ ერთგულად ეს მოსამართლეები და სწორედ „ნაცებთან“ ერთად ქმნიდნენ რეპრესიულ რეჟიმს. ამდენად, ცინიკური იყო, რომ კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, რომლებმაც მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც 9-წლიან რეჟიმს ებრძოდნენ, მათთვის მძიმე სანახავი იყო, რაც პარლამენტში ხდებოდა.

ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ამ მოსამართლეების დამტკიცების შემდეგ მორალური ზღვარი წაიშალა „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის. ამ ადამიანებმა ზნეობრივი ტესტი ვერ გაიარეს, რადგან ადეიშვილის მოსამართლეები იყვნენ, იმისთვის, რომ ხელფასი აეღოთ, ათობით ადამიანს ციხეში უშვებდნენ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, „ღმერთმა შეარგოს ჩინჩალაძე „ქართულ ოცნებას“.

გედევან ფოფხაძე არ მალავს, რომ მისთვის მძიმე სანახავია, თუ როგორ ებრძვის „ქართული ოცნება“ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. ამ მოსამართლეების შერჩევა ზუსტად 1-ელი ოქტომბრის მონაპოვართან ბრძოლაა.

ლევან კობერიძის აზრით, „შაპიტოს ცირკი“ მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე და დღეს „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობა“ გახდა... დღეს „ოცნებამ“ ხელახლა მოკლა სანდრო გირგვლიანი და გააცოცხლა ყველა ის ტკივილი, რაც „ნაციონალების“ დროს მიადგა არაერთ ოჯახს.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ კლანმა გაიმარჯვა იურიდიულ კომიტეტზე, კლანმა დაიქვემდებარა იურიდიული კომიტეტი და ეს მოხდა სწორედ ოხანაშვილის იურიდიულ კომიტეტში. ამიტომ ბესელია საკუთარ ადგილს ვერ ხედავს აღნიშნულ კომიტეტში და არ ცნობს ამ კომიტეტის ლეგიტიმურობას.

ალეკო ელისაშვილი დროის წამზომს ურთავს „უვადოებს“. ის აცხადებს, პირველი, ვინც უნდა გამოვყაროთ იქიდან, არიან ე.წ. უვადო მოსამართლეები, რომლებიც თავად დაითვლიან, რამდენ ხანს გაგრძელდება მათი უვადობა. მისი თქმით, საკომიტეტო მოსმენებმაც დაადატურა, როგორ უვიც და ნამუსგარეცხილ მოსამართლეებთან გვაქვს საქმე.

ამ ნეგატიური შეფასებების ფონზე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავის დამშვიდებას ცდილობს და ამბობს, რომ იდეალური არ ყოფილა მოსამართლეობის კანდიდატთა მახასიათებლები, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივიღეთ მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება.

მოსამართლეების დამტკიცებას აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებით, საკომიტეტო მოსმენებისას მოსამართლეების ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა და ერთგულება მიუკერძოებლობისადმი.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ დაწუნებულ თუ მოწონებულ მოსამართლეებს, ერთი შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ უსამართლობით გამორჩეული სიის სათავეში თამარ ალანიაა, რომელსაც ნული მომხრე ჰყავდა საპარლამენტო უმრავლესობაში. სწორედ თამარ ალანიამ გაიმეტა ციხისთვის მუხროვანის საქმის ბრალდებულები და არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძე.

უვადო მოსამართლეთა 20-კაციან სიაში, ასევე, იყო გოჩა ჯეირანაშვილი, მერაბიშვილის ერთგული კადრი, რომელმაც გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა მამაკაცის წამება-გაუპატიურებაში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს, რასაც საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. როგორც ამბობენ, ჯეირანაშვილს ნახევარი სამცხე-ჯავახეთი ციხეში ჰყავდა გაშვებული, რადგან იყო მონა მოსამართლე.

ლაშა ქოჩიაშვილის სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მას სასამართლო კლანის წარმომადგენლად მოიაზრებენ. ის პატარკაციშვილების ოჯახსა და ჯოზეფ ქეის შორის რუსთავის მეტალურგიულის გარშემო ამტყდარ დავას განიხილავდა. ქარხანა 2005-08 წლებში ბადრის ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი ჯოზეფ ქეის მფლობელობაში მოექცა. 2016-ში ქოჩიაშვილმა მეტალურგიულის ქონება დააყადაღა, რაც მაშინდელმა პრემიერმა ღარიბაშვილმა აღმაშფოთებლად შეაფასა.

მოსამართლე შოთა გეწაძის სახელს უკავშირდება ივანიშვილისა და ეკა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე.

მამუკა ვასაძის ვერდიქტი ციანიდის საქმეს უკავშირდება. დეკანოზი გიორგი მამალაძე იხსენებს, რომ სწორედ მამუკა ვასაძე ახდენდა მასზე ზეწოლას.

მოსამართლე მირანდა ერემაძის სახელი დაჩი ცაგურიასა და სხვა ახალგაზრდების ციხეში გამწესებას უკავშირდება, რომლებსაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

მართალია, ზემოთჩამოთვლილ მოსამართლეებს შორის პარლამენტმა ხუთი მათგანის კანდიდატურა ჩააგდო, მაგრამ არც დანარჩენი 14-ის შერჩევა იყო ზნეობრივი საქციელი პარლამენტარების მხრიდან.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ იხსენებენ ხსენებულ მოსამართლეებს ყოფილი პოლიტპატიმრები და უფლებადამცველები.

თამარ ალანიას გამო გვანცა ყუფარაძემ დიდი ტრავმა იწვნია, როცა იგი, არასრულწლოვანების მიუხედავად, უსამართლოდ გამოკეტეს ციხეში. გვანცა ყუფარაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, „თუ შეიძლება, თავს შევიკავებ მასზე საუბრისგან“.

მუხროვანის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი კობა ოთანაძე მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა პარლამენტი, როცა თამარ ალანიას კანდიდატურა ჩააგდო. For.ge-სთან საუბრისას კობა ოთანაძე აცხადებს, „ეგ იყო სააპელაციოზე ჩვენი მოსამართლე და დაგვიტოვა პირველ ინსტანციაში მოსამართლე ჯემალ კოპალიანის მიერ გამოტანილი უსამართლო განაჩენი. თამარ ალანიას გაყვანა არაფრით შეიძლებოდა, რადგან სხვებთან ერთად ისიც სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა იყო. თამარ ალანიამ არც კი განიხილა ჩვენი საქმე, ერთ დღეში მოიშორა, დაარტყა ჩაქუჩი და დაგვიტოვა რაც იყო, ანუ 29 წელი მე მომისაჯა, 28 წელი ლევან ამირიძეს. ალანიას საერთოდ არ აინტერესებდა ჩვენი სიმართლე, არანაირი გულშემატკივრობა მისგან არ იგრძნობოდა“.

რაც შეეხება ახლანდელ საკომიტეტო მოსმენას, კობა ოთანაძე აცხადებს, რომ ამ მოსმენების დროს თამარ ალანიას არავითარი სინანული არ გამოუვლენია, პირიქით, მან კმაყოფილებითაც აღნიშნა მუხროვანის საქმის გამო დაკავებულთა შესახებ, ღირსები იყვნენ, რაც მივეცითო.

„არადა, მგონი, არც იცნობდა ჩვენს საქმეს. უბრალოდ, მასთან ზარი განხორციელდა სააკაშვილისგან. ადამიანი, რომელიც ვინმეს ემონება, ყოველთვის ვიღაცის მონა იქნება. ეგ მოსამართლეები საერთოდ უნდა დაითხოვონ და პასუხისგებაშიც მისცენ, რადგან საკუთარ ნებას არ გამოხატავდნენ, გამოხატავდნენ ვიღაცის ნებას. სტრასბურგში გამართლებულ ადამიანებსაც იმდენს არაფერს აძლევენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალის ტოლფასი იყოს. მაგალითად, „ნაციონალების“ დროს ჩემი მეგობარი მამა-შვილი ისხდნენ ციხეში, 8 წელი და მეტიც მისცეს, სტრასბურგმა ისინი გაამართლა და კომპენსაციად 8 ათასი ევრო დაუნიშნეს. ამდენი წელი აყურყუტეს ერთობლივად და 8-წლიან პატიმრობაში მხოლოდ 8 ათასი ევრო არგუნეს, რაც არაფერია იმდროინდელ წამებასთან შედარებით. ჩემი აზრით, სწორედ ალანიას მსგავს მოსამართლეებს ათჯერ მეტად უნდა გადაახდევინონ ეს თანხები და ყველაფერი ჩამოართვან“.

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაციონალური“ რეჟიმის დროს მომუშავე ყველა მოსამართლის კანდიდატურა ჩასაგდებია. არა იმიტომ, რომ ისინი ცუდი და ოდიოზური ადამიანები არიან, არამედ მაშინდელი რეჟიმის პირობებში ეს ადამიანები მიეჩვივნენ ასეთ მუშაობას, უკანონო გადაწყვეტილებებს და შეუძლებელია, სხვანაირად იმუშაონ ახლა, შედარებით ნაკლები წნეხის პირობებში, როგორც დღევანდელი ხელისუფლება გვიმტკიცებს.

„ხვალ შეიძლება სხვა ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც მეტ წნეხს გამოავლენს. მეტი წნეხი უფრო მეტად იმოქმედებს ამ მოსამართლეებზე. ეს მოსამართლეები ყველა კი არ უნდა გაეყარათ და ახლები მოეყვანათ, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა, არამედ მათთვის უნდა ეცლიათ ვადის ამოწურვა. ზოგ მოსამართლეს 4 წელი ჰქონდა დარჩენილი, ზოგს 3 წელი, ზოგს 2 წელი, ამის შემდეგ ახალი 10-წლიანი ვადით აღარ უნდა დაენიშნათ. ძველი მოსამართლეებიდან შეიძლებოდა გამონაკლისის სახით 10% შერჩეულიყო, 90% კი სასამართლო სისტემიდან გაეშვათ. ჩვენთან კი პირიქით მოხდა, 90% დატოვეს და 10% გაუშვეს. პირადად მე შეხება მქონდა მხოლოდ სისხლის სამართლის მოსამართლეებთან, რომლებიც სხვებთან შედარებით ოდიოზურად გამოიყურებოდნენ. საკომიტეტო მოსმენებისას ყველა მათგანს ვერ ვუსმინე, მაგრამ ვისაც მოვუსმინე, ერთადერთმა მოსამართლემ დატოვა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება, დეპუტატი რომ ვიყო, მას მივცემდი ხმას, ეს იყო თამარ ზამბახიძე“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

ამასთან, განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, დანარჩენ მოსამართლეებს სინანულის განცდაც არ აქვთ „ნაციონალების“ დროს გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილებების გამო. მათ რომ ვაჟკაცობა ჰქონოდათ და წარსულის გადაწყვეტილებები მოენანიებინათ, მაშინ უნდა ეთქვათ, აღარ გვინდა, მოსამართლეობის გაგრძელება. ამის ნაცვლად, მათ კვლავაც სურთ, მაინცდამაინც უვადო მოსამართლეები გახდნენ.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე მოსამართლეთა კლანის წევრების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგია. ჩვენთან საუბრისას ის აცხადებს, რომ თავის დროზე უნდა მომხდარიყო ამ საკითხით დაინტერესება და ეს ადამიანები, მინიმუმ, დათხოვნილნი უნდა ყოფილიყვნენ სასამართლოდან, რადგან არ შეიძლება ვილაპარაკოთ „ნაცმოძრაობაზე“ და მათი ქმედებების მთავარი გამამართლებლები დაგვავიწყდეს.

„ნაციონალების“ დროს ქუჩაში ვიდექით და ვაპროტესტებდით არამართალი სამართლის ქმნას. დღესაც იგივე მოსამართლეები დარჩნენ და მათ უნდა გააგრძელონ „სამართლის აღსრულება“?! ეს ხომ რწმენას არყევს? სამართლის მიმართ რწმენა საზოგადოებრივი თანხმობის თემაა და საზოგადოებრივი თანხმობა ეს არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გზაზე ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. თუ საზოგადოება გაიხლიჩა და ხალხს არ ექნა ერთმანეთის მიმართ ნდობა, ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შერყევას გამოიწვევს. როდესაც სამართლის აღარ გჯერა, საზოგადოება აღარ არის ერთიანი.

„რაც პარლამენტის შიგნით ხდებოდა, საზოგადოების გახლეჩვის ნათელი მაგალითი იყო. ჩვენ ვნახეთ, რა ფორმით მოხდა ამ კანდიდატების გაყვანა და რას ზეიმობდნენ მმართველი გუნდის დეპუტატები. თუ ეს ადამიანები სამუდამოდ დარჩებიან ამ სისტემაში, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის დაბალი იქნება სასამართლოს ნდობის ხარისხი. ჩვენი მოწინააღმდეგენი ყოველთვის გამოიყენებენ ამას დესტაბილიზაციისთვის. არა მარტო თამარ ალანიას კანდიდატის ჩაგდება და მუხროვანის თემაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, არამედ მიუღებელია, როცა დამნაშავე მოსამართლეები წახალისებულნი არიან ამგვარი ქმედებით. ეს ნიშნავს, რომ უკანონობა დღესაც და ხვალაც განმეორდება. რა იყო მუხროვანის თემა? ეს იყო უკმაყოფილება იმის გამო, რომ ომი წააგეს.

როდესაც ომს აგებ, რა თქმა უნდა, ჯარი უკმაყოფილოა, რადგან იქ ჩანს დესტრუქცია, პრობლემები, რომელიც არსებობდა შეიარაღებული ძალების მშენებლობასა და მართვაში, ეს ყველაფერი წამოატივტივა იმ ომმა და უცებ, რამდენიმე დღეში, აჩვენა სისტემის ხარვეზი. მუხროვანის თემა დასჭირდათ იმისთვის, რომ გადაეფარათ ეს უკმაყოფილება და შიშის ფაქტორი დაენერგათ უკმაყოფილო ჯარში. სამწუხაროდ, ბევრი ოფიცერი, ბევრი ადამიანი დაიჩაგრა და შეეწირა ამ საქმეს, რომლებმაც გმირულად იომეს და თავი გაწირეს აგვისტოს ომში. სამაგიეროდ, წამოტივტივდნენ და კარიერა გაიკეთეს მათ, ვინც აგვისტოს ომის დროს დაიმალა, ქვის ქვეშ შეძვრა და, ვინც რეალურად დასასჯელი იყო“, - აცხადებს აკია ბარბაქაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანდრია წამი+მზომი = წამმზომი
4 წლის უკან
ანდრია ელემენტარული დასათვლელია - თუ 20-კაციანი სიიდან "პარლამენტმა ხუთი მათგანის კანდიდატურა ჩააგდო", დარჩება 15, და არა 14. სავარაუდოდ 5 კი არა, კი 6 ჩააგდო პარლამენტმა.
4 წლის უკან