გაიაფების ლოზუნგით მოსული ხელისუფლება უმაღლეს განათლებას აძვირებს?

გაიაფების ლოზუნგით მოსული ხელისუფლება უმაღლეს განათლებას აძვირებს?

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების სწავლის საფასური ძვირდება. ახალმა მთავრობამ, დაპირების მიუხედავად, ჯერჯერობით, ვერაფრის გაიაფება ვერ მოახერხა, გაძვირებაში კი უფრო მარჯვე აღმოჩნდა. განათლების ახალმა მინისტრმა დაადასტურა, რომ სწავლის საფასური იზრდება, ხოლო რა ეშველება დაფინანსების გარეშე დარჩენილ (ან სანახევროდ დაფინანსებულ) სტუდენტებს, ამაზე პასუხი არ აქვს.

კოალიცია „ქართულ ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში განთლების თავს ასე ერქვა - „ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება ყველას“. მინისტრმა მარგველაშვილმა ხარისხიანი განათლების ფორმულად სწავლის გაძვირება მოიშველია, ხოლო ხელმისაწვდომობაზე ჯერ არ დაფიქრებულა.

მეცნიერებისა და განათლების მინისტრის ინიციატივას, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაძვირების თემაზე, დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. გიორგი მარგველაშვილი შეეცადა ეს ყველაფერი სხვაგვარად შეეფუთა და თავიდან აცხადებდა, რომ სწავლის დაფინანსება თავად სახელმწიფოს გაუძვირდა.

„სწავლის გადასახადი გაძვირდა სახელმწიფოსთვის, რაც სახელმწიფოს ძალიან უხარია, რადგან ამის შედეგად ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გვექნება უკეთესი განათლება, მეტი შემოსავალი ექნება პროფესურას, უკეთესი განათლება ექნება სტუდენტს. სახელმწიფოს გადასახადი გაძვირდა სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების სამინისტროში განმარტეს, რომ გასულ წლებში 30,50, 70 და 100-პროცენტიანი გრანტის მქონე სტუდენტების დაფინანსება 11 მილიონ 180 000 ლარი იყო. მომავალი წლიდან კი, დაფინანსება 21 მილიონ 180 ათასი ლარი იქნება.

სოციალური პროგრამით მოსარგებლე სტუდენტების დაფინანსება გასულ წლებში 1 მილიონ 118 ათასი ლარი იყო, მომავალი წლიდან კი 2 მილიონ 318 ათასი ლარი იქნება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბაკალავრიატის სტუდენტების 2 პროცენტი ფინანსდებოდა სახელმწიფოსგან, მომავალი წლიდან კი ბაკალავრების 4 პროცენტი დაფინასდება. შესაბამისად, ბაკალავრიატის დაფინანსება 1 მილიონ 750 ათასი ლარიდან 2 მილიონ 600 ათას ლარამდე გაიზრდება.

იქვე მინისტრმა მარგველაშვილმა განმარტა, რომ უმაღლესი სასწავლებლები ავტონომიური უწყებები არიან და სწავლის საფასურის რაოდენობას დამოუკიდებლად ადგენენ.

ასეთ განცხადებაზე ყველას გაახსენდა ამ 3 წლის წინათ იდენტური სიტუაცია, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ზუსტად იგივე მიზეზით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა გააძვირა. ნაცვლად 1500 ლარისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველებს 2250 ლარის გადახდა მოუწიათ. სახელმწიფო სექტორში გაძვირებამ კი კერძო უნივერსიტეტების ხელმძღვანელები წაახალისა და საბოლოო ჯამში ბოლო 2-3 წელიწადში უამრავი სტუდენტი აღმოჩნდა ფინანსური პრობლემების წინაშე. მაშინ ნაციონალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას უმძაფრესი კრიტიკა მოჰყვა, რა იქნება დღეს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში?

გუშინ დღის ბოლოს განათლების მინისტრმაც დაადასტურა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური იზრდება და ნაცვლად 2250 ლარისა, სტუდენტს მინიმუმ რამდენიმე ასეული ლარის გადახდა მოუწევს.

„ეს გადასახადი იზრდება, ბუნებრივია. სტუდენტს ორჯერ მეტ ფულს ვატან-მეთქი და აბა, რას ვამბობ?! მე ეს მიმაჩნია მიღწევად, რომ ორჯერ მეტ ფულს ვატან თითო სტუდენტს და მე მგონია, რომ კარგს ვაკეთებ და ვის მიაჩნია, რომ ცუდს ვაკეთებ? იქნებ ვინმემ მითხრას! ვინ დამიმტიკიცებს, რომ 2250 ლარი თურმე არის ძალიან ბევრი და უნდა მივცე 1050 ლარი და არა 5000 ლარი, როგორც მე ვგეგმავ“, - განაცხადა სააგენტო „მედიანიუსთან“ საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა.

მან ვერ თუ არ გაიგო, რომ პრობლემები შეექმნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც 100-პროცენტიან ან 70-პროცენტიან სახელმწიფო გრანტს ვერ მოიპოვებენ (ასეთები კი როგორც წესი სტუდენტთა აბსოლუტური უმრავლესობაა) და თავად მოუწევთ გაზრდილი გადასახადის გადახდა. როცა ჟურნალისტებმა, როგორც იქნა, მინისტრს კარგად ჩამოუყალიბეს კითხვა, ასეთი პასუხი გასცა:

„ასეთი სტუდენტების თემა განსახილველია იმ უმაღლესებთან... ისინი ავტონომიური ერთეულები არიან. მე რაც შემეძლო სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზაცია, ორჯერ უფრო მეტი ფული ჩავდე და დანარჩენი შეკითხვები ჩემთან არის? მე მოვიძიე მეტი ფული, მეგონა, რომ ეს ჩემი ფუნქციაა და თუ ჩემი ფუნქციაა ის, რომ უმაღლესებს ფული ჩამოვაჭრა, ეგ არ მეგონა. მე მართლა მიმაჩნია, რომ თუ ამერიკაში 40 ათასი ღირს განათლება, საქართველოში რატომ უნდა გვეგონოს, რომ ამ განათლებას 3 ათასი დასჭირდება, მე ბოლომდე ვერ ვხვდები.

თუ შესაძლებელია, რომ ფულის მობილიზაციის გარეშე ამაღლდეს ქართული განათლების ხარისხი, დიდი სიამოვნებით მოვისმენ ამ თეორიებს, მაგრამ მე, უბრალოდ, არ ვიცი, არ ვიცნობ ბუნებაში ამ თეორიებს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ჯერ ცნობილი არ არის მინისტრს თავად რა თეორიები აქვს, მაგრამ ელემენტარულ გაანგარიშებებში რომ მოიკოჭლებს აშკარაა. ამ ქვეყნაში პრობლემა ის კი არ არის, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღონ მეტი დაფინანსება (თუნდაც სახელმწიფო ვაუჩერების მეშვეობით), არამედ ის, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ ფინანსური სახსრები განათლების მისაღებად. სწორედ ამას აპროტესტებდნენ ისინი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, წინა ხელისუფლების დროს. ახლა კი უარეს ვითარებაში აღმოჩნდებიან.

სპეციალურად მინისტრისთვის ერთ თვალსაჩინო და მარტივ მაგალითს მოვიყვანთ. თუკი სწავლის გადასახადი სახელმწიფო უნივერსიტეტებში დავუშვათ 4000 ლარამდე გაიზრდება, იმ სტუდენტებს, რომლებიც 50%-იან გრანტს მიიღებენ, თავად რამდენის გადახდა მოუწევთ? რასაკვირველია, 2000 ლარის. დღესდღეობით კი სანახევროდ, სახელმწიფოსგან დაფინანსებული სტუდენტები 1125 ლარს იხდიან. თუ მარგველაშვილი ვერ ხვდება, რომ 2000 ლარს და 1125ლარს შორის საკმაო სხვაობაა და ეს არ არის „ოცნებისეული“ „ხელმისაწვდომი განათლება ყველას“, მაშინ სხვა თეორიებზე მინისტრთან საუბარი, უბრალოდ, არ ღირს. გარდა ამისა, ეს არ არის არც „ხარისხიანი განათლება ყველას“, რადგან ადამიანმა თუკი სწავლა საერთოდ ვერ შეძლო, ის ვერანაირ განათლებს ვერ ეზიარება - ვერც ხარისხიანს და ვერც უხარისხოს.

თუმცა, ჯერჯერობით, ერთი მომენტი მაინც იძლევა დამშვიდების საფუძველს. მინისტრს არ გაუკეთებია კომენტარი ვაუჩერული დაფინანსების ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, ანუ დღესდღეობით მოქმედი 2250-ლარიანი გადასახადის ზედა ზღვარი (სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის) კვლავ ძალაშია. თუკი ასეთი ვითარება შენარჩუნდა, სახელმწიფო უმაღლესები სწავლის საფასურს 2250 ლარზე მაღლა ვერ აწევენ. ამ შემთხვევაში, სტუდენტი შვებას მართლაც იგრძნობს. მაგრამ თუკი უნივერსიტეტები მიმართავენ მინისტრს ვაუჩერის ზედა ზღვრის „ამაღლებასთან“ დაკავშირებით, როგორც ეს 2009 წელს მოხდა? ამაზე პასუხი არც მინისტრს და არც სხვა დიდმოხელს ჯერ არ გაუცია.