დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დავით ებრალიძემ უპასუხა. თავდაპირველად მან საზოგადოებას წარუდგინა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მამუკა ბარათაშვილი და აღნიშნა, რომ სამინისტრო საგადასახადო პოლიტიკის დაგეგმვისა და საგადასახადო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან აქტიურ დიალოგს გამართავს, რათა მოგვარდეს ის პრობლემები, რაც მეწარმეებს გააჩნიათ. ებრალიძემ აღნიშნა, რომ საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით არსებობს რიგი პრობლემებიც, მაგალითად ის, რომ გარკვეული ნორმები ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ასევე არის ადმინისტრირების პრობლემები და ა.შ. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ყველა ამ კუთხით, ხელისუფლებას საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ამ საკითხებით დაინტერესებულ ინტერესთა ჯგუფებთან თანამშრომლობა უნდა.
„ნელ-ნელა მოვაწყობთ შევხედრებს ინტერესთა ჯგუფებთან, ველით წინადადებებს და რეკომენდაციებს. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ამ კუთხით ვაქტიურობთ, დეპარტამენტის თავმჯდომარეც იმიტომ წარმოგიდგინეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვის მიმართოს და ამ საკითხებზე ვისთან უნდა მოახდინოს კოორდინაცია. რაც უფრო ოპერატიული იქნება გამოხმაურება, მით უფრო მალე შევეცდებით ამ კუთხით სიტუაციის დალაგებას. ჩვენ ვიფიქრებთ არა მხოლოდ საგადასახადო კოდექსთან და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ აღრიცხვა - ადმინისტრირების საკითხებზე და დავების მოგვარების პრობლემაზეც. ეს შეეხება სასამართლო დავებსაც და ვფიქრობ, კარგი იქნება პრეცედენტული სამართლის პრინციპებიც კი შემოვიდეს. მინდა ეს პროცესები მაქსიმალურად საჯარო იყოს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა უზრუნველვყოთ, რათა მაქსიმალურად კვალიფიციურ შედეგებამდე მივიდეთ“, - აცხადებს დავით ებრალიძე.
მან განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში იქნება გარკვეული მუხლი, რომელიც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას უზრუნველჰყოფს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონმდებლობით ხელისუფლებისთვის დაკისრებული ვალდებულება იყო გადამუშავებული ბიუჯეტის პარლამენტში 5 ნოემბრამდე წარდგენა. ვინაიდან მთავრობას იმისათვის საკმარისი დრო არ ჰქონდა, რომ ბიუჯეტი ბოლომდე გაწერილიყო, ამიტომ, ეს არ არის ბიუჯეტის დასრულებული ვარიანტი. დავით ებრალიძე განმარტავს, რომ ბიუჯეტში გამოიძებნა საშუალებები იმისათვის, რომ არჩევნების წინ გაცემული სოციალური დაპირებები შესრულდეს და ეს ყველაფერი ერთ მუხლად არის ჩამოყალიბებული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სოციალური საკითხები აუცილებლად ერთ მუხლში იქნება მოქცეული. 30 ნოემბერს, როდესაც მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს შეიტანს, ეს საკითხები კონკრეტულ პროგრამებში იქნება გაწერილი. დავით ებრალიძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ეს საკითხები ერთ მუხლად არის ჩამოყალიბებული, რომელიც დაახლოებით 750 მილიონ ლარს მოიცავს.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმი 150 ლარი იქნება და მას პენსიაც გაუთანაბრდება, იგი ჯერ ვერ აკონკრეტებს, ეს როდის მოხდება, თუმცა ამბობს, რომ 30 ნოემბრისთვის ეს ყველაფერი ბიუჯეტში ზუსტად იქნება გაწერილი.
დავით ებრალიძე საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, მხოლოდ ერთი ახალი მუხლია, რომელიც 740 მილიონ ლარს მოიცავს, სხვა კი არაფერი შეცვლილა. ებრალიძე აცხადებს, რომ ვინაიდან 740 მილიონი ლარის მოცულობის მუხლი ბიუჯეტში არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში რაღაც არის ახალი.
„ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მუხლი გაიზრდება, ანუ 30 ნოემბერს წარმოდგენილ ბიუჯეტში, მისი მოცულობა მეტი იქნება. შესაბამისად, ეს გაწერილი იქნება სოციალურ დაპირებებზე. სინამდვილეში ახალმა ხელისუფლებამ საარჩევნოდ სწორედ სოციალური დაპირებების კუთხით მოახდინა აქცენტირება. ამიტომ ნათლად ჩანს, რომ ბიუჯეტი იქნება სოციალურად ორინტირებული და მასში არ იქნება ისეთი მუხლები, რომლებიც სოციალურად ორიენტირებული არ იყო, როგორც ეს ადრე ხდებოდა. მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტში იყო ისეთი მუხლები, რომელთა აუცილებლობასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები გააჩნია. ადრე ბიუჯეტში გაწერილი იყო ისეთი პროექტები, რომლებიც უფრო არჩევნებს უკავშირდებოდა, იყო ახალი ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო, ასევე სამხიარულო ღონისძიებების დასაფინანსებელი თანხები და ა.შ.“, - ამბობს დავით ებრალიძე.
მისი თქმით, ბიუჯეტში ასევე ძალიან მკაცრად იქნება გაწერილი მუხლი „სხვა ხარჯები“. ებრალიძე ამბობს, რომ მთავრობამ ბიუჯეტს განმარტებითი ბარათი დაურთო, სადაც ეს მუხლი ძალიან სკრუპულოზურად არის გაწერილი და ამიტომ ბიუჯეტში არაფერი დამალული და დაფარული აღარ იქნება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა თბილისელებისათვის განკუთვნილ სოციალური დახმარებებთან დაკავშირებით, რომლებიც დედაქალაქის მერიამ ჯანდაცვის სამინისტროს გადაულოცა. ებრალიძე ამბობს, რომ მერიამ ეს თანხები თავისი პრობლემების მოსაგვარებლად მიმართა და ახლა ცდილობს ეს პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს. მისი თქმით, თუკი მერიას ამ მხრივ 2012 წლის ბიუჯეტში რამე პრობლემები შეექმნა, შეეძლო ეს საკითხი როგორმე წლის ბოლომდე მიეყვანა, შემდეგ კი გარკვეული საკითხები მთავრობასთან მოლაპარაკების გზით გადაეწყვიტა, მაგრამ მერიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი პრობლემების ცენტრალურ ხელისუფლებაზე გადაბარება მოინდომეს. ებრალიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოეგება გონს თბილისის მერია და რამდენად ადექვატური იქნება, ხოლო თუ იგი გონს არ მოეგება, ცენტრალურ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ამ პრობლემას უყურადღებოდ არ დატოვებს.
კითხვაზე, მომავალშიც ეს სოციალური საკითხები კვლავ მერიის პრეროგატივა იქნება, თუ ამ ვალდებულებას საკუთარ თავზე ცენტრალური ხელისუფლება აიღებს, დავით ებრალიძე პასუხობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ მმართველობებს, მათ შორის, თბილისის მერიას გარკვეულ თანხებს აძლევს, ხოლო თუკი მერია გარკვეულ პასუხისმგებლობებს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცემს, შესაბამისად, ცენტრალურ ხელისუფლებას გარკვეული რესურსებიც უნდა გადაეცეს. აქვე მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევაა, შესაბამისად, თუკი მერიას ეს სეგმენტი მოაკლდება, შესაძლოა, მისთვის გამოყოფილი ხარჯებიც გადაიხედოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
დავით ებრალიძე წინა ხელისუფლების მიერ დაწყებულ ისეთ პროექტებსაც შეეხო, რომლებიც ახალი ხელისუფლებას არასაჭიროდ მიაჩნია. ამის მაგალითად მან თბილისში რიყეზე მიმდინარე პროექტი დაასახელა, მაგრამ აქვე განმარტა, რომ რადგან ეს პროექტები უკვე დაწყებულია და მათზე სერიოზული ხარჯებია გაწეული, ახალი ხელისუფლება ასეთი პროექტების დასასრულებლად რესურსს აუცილებლად გამონახავს.