გიორგი კალანდაძეს კიდევ ერთი მომჩივანი გამოუჩნდა

გიორგი კალანდაძეს კიდევ ერთი მომჩივანი გამოუჩნდა

მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდაძისთვის ბრალის დამძიმების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მათთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე მიმდინარეობს მოკვლევა და ამ ადამიანებს, სავარაუდოდ, კიდევ ახალი ბრალდებები წარედგინებათ.

ახალაიათი და კალანდაძით უკმაყოფილოები კი თავდაცვის სამინისტროში, როგორც ჩანს, ბევრნი არიან. შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, თორნიკე მელაშვილი for.ge-სთან საუბარში გიორგი კალანდაძის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ჰყვება.

თორნიკე მელაშვილი: „გიორგი კალანდაძეს ჩემს მიმართ პირადი ინტერესი გააჩნდა. ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ადრე ბიძაჩემსა (რომელიც ასევე ძალოვანებში მუშაობდა) და კალანდაძეს შორის უსიამოვნება მოხდა, რა დროსაც მან ბიძაჩემს უთხრა - შენს შვილსა და შენს დისშვილს არ გავახარებო. ჩემი ბიძაშვილიც სამხედრო იყო და გიორგი კალანდაძემ იგი სამხედრო აკადემიიდან კურსანტობის პერიოდში გარიცხა.  აქედან გამომდინარე, წლების განმავლობაში, კალანდაძე ასე ვთქვათ, მდევნიდა.

2007 წელს ერაყში ვაპირებდი წასვლას და სულ რაღაც ათი დღე მქონდა დარჩენილი. გიორგი კალანდაძემ ბრალი დამდო, ვითომ მე „კრაზები“ ე.წ. პლაცზე გადავატარე, რაც სიცრუე იყო, რადგან მე მანქანები პლაცის გვერდზე გამოვატარე. პირადი შემადგენლობა აბანოში მყავდა მეოთხე ბრიგადაში და როდესაც ბრიგადის ჭიშკრიდან გამოვდიოდი, იქ გამაჩერეს, ამიყვანეს კალანდაძესთან და მან კი ასეთი რამ დამაბრალა. იყო საუბრები - „შენ ვინ ხარ ბიჭო ამისთანა“ და ა.შ.

ფიზიკური შეურაცხყოფაც მოგაყენეს?

- არა, ამჯერად ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, მაგრამ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. როგორც იქნა, კალანდაძის კაბინეტიდან გამოვაღწიე და გარეთ უკვე სამხედრო პოლიცია დამხვდა. მათ ახსნა-განმარტება ჩამომართვეს. თითქმის მთელი თვე ვიარე სახმელეთო ძალებში, რათა ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა, რის შემდეგაც მიხვდნენ, რომ მართალი ვიყავი. ამ პერიოდში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გიორგი კალანდაძე დავით კეზერაშვილთან მივიდა (რომელიც იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო) და ჩემზე უთხრა - ეგ ოფიცერი უნდა გააგდოო. თუმცა, ამის შემდეგ კეზერაშვილთან სხვა ოფიცერი შევიდა, რომელმაც მას ყველაფერი აუხსნა და უთხრა, რომ მე არ ვტყუოდი და გადასაგდები ოფიცერი არ ვიყავი. ეს ფაქტი იმიტომ მოვყევი, რომ თქვენთვის ნათელი იყოს, საიდან ჰქონდა კალანდაძეს ჩემს მიმართ პრობლემები.

ამის შემდეგ, 2011 წელს ამიგორეს ინფორმაცია, თითქოს, პირველ ბრიგადაში მე მთვრალი მივედი და ოფიცრები ვცემე. სინამდვილეში, მე ჩემს ჯარისკაცს მივყევი, რათა მას ნაწილიდან ფორმა და პირადობის დამადასტურებელი საბუთი წამოეღო. ბრალდება ასეთი იყო, თითქოს, მე ამ ჯარისკაცს ოფიცრები ვაცემინე, თუმცა მე ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ, ვინაიდან ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო. მთელი პირადი შემადგენლობა, ვინც მაშინ იქ მსახურობდა, დაგიდასტურებთ, რომ ასეთი რამ არ მომხდარა. გიორგი კალანდაძის გავლენების გამო ოფიცრებში, მე, ასე ვთქვათ, გარიყულივით ვიყავი. მეც არ ვმალავდი, რომ კალანდაძეს ჩემს მიმართ პირადი ინტერესი ჰქონდა. სინამდვილეში მე მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ტვინის შერყევით ორი კვირის განმავლობაში სახლში ვიწექი და ვმკურნალობდი. კერძოდ, როდესაც ჩემს ჯარისკაცს მივყევი, იქ ერთ-ერთ ოფიცერთან მომივიდა შელაპარაკება და ამის გამო ფიზიკურად გამისწორდნენ.

ორი კვირის შემდეგ დამიბარეს, ჩამომართვეს ID ბარათი და ითხოვდნენ დამეწერა პატაკი, თითქოს მე ნასვამ მდგომარეობაში მივედი ნაწილში, ოფიცრები გავლახე და მოკლედ, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი ჩავიდინე. ყველაფერ ამასთან დაკავშირებით მინისტრის სახელზე განცხადება დავწერე. ამას მხოლოდ ის რეაგირება მოჰყვა, რომ მესამე დღეს დამიბარეს და მითხრეს, სამანდატო კომისიის მიერ შედგენილი ოქმის შესაბამისი ახსნა-განმარტება დამეწერა. კერძოდ, სწორედ სამანდატო კომისიამ დაწერა, რომ თითქოს, მე მთვრალმა ვცემე ოფიცრებს და ჩემგანაც ამის დადასტურებას ითხოვდნენ.

ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც თქვენგან ამას ითხოვდა?

- ამ ეტაპზე მისი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ისე გეტყვით, რომ იგი მაშინ გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა, ეს ადამიანი გიორგი კალანდაძის კლანის, ასე ვთქვათ, მისი „საძმოს“ წევრია. მის მოთხოვნაზე, რომ სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისი ახსნა-განმარტება დამეწერა, უარი განვაცხადე.

ამის შემდეგ დაგითხოვეს სამსახურიდან?

- დიახ, ამის შემდეგ 2011 წლის 24 ივლისს შეიარაღებული ძალებიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება მომივიდა.

მანამდე სად მსახურობდით?

- 2008 წლის აგვისტოს ომში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სანამ ომი დაიწყებოდა ერედვში სამშვიდობო მისიას ვასრულებდი და ერთ-ერთი ასეულის მეთაური ვიყავი. იქიდან უკვე საომარ მოქმედებებში მომიწია მონაწილეობის მიღება.

თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ერაყში აპირებდით წასვლას...

- ერაყში ვერ წავედი და ესეც კალანდაძის დამსახურებაა. როდესაც მისი ნათქვამის მიუხედავად მინისტრმა კეზერაშვილმა შეიარაღებული ძალებიდან არ დამითხოვა, გადაწყდა, რომ რამით მაინც დავესაჯე. მაშინ დასჯად ითვლებოდა ერაყში არ გაშვება, რადგან ერაყში უფრო დიდი ანაზღაურება იყო და სწორედ ამით დამსაჯეს.