უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან, პარლამენტმა მხარი 14 კანდიდატს დაუჭირა, 5 კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა. კერძოდ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა: თამარ ალანიას; შოთა გეწაძეს; პაატა სილაგაძეს: ლაშა ქოჩიაშვილს და გოჩა ჯეირანაშვილს. კენჭი არ ეყარა ერთ–ერთ კანდიდატს,ზაზა თავაძეს, ვინაიდან მან უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა უვადო მოსამართლეებმა საქართველოს პარლამენტში ფიცი დადეს.
პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო თვეების განმავლობაში აშშ–ის საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. საელჩო იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.
ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო, საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.
ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე“, – ნათქვამია აშშ–ის განცხადებაში.
85 ხმით არჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ყველაფერს იღონებს რათა პარლამენტის მაღალი ნდობა გაამართლოს და კეთილსინდისიერად ემსახუროს ქვეყანას, ისე, როგორც მისი თქმით, ამას აკეთებდა დღემდე. მიქაუტაძე უფლებამოსილების განხორციელებას ხვალიდან შეუდგება.
„ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას ისე, როგორც ამას ვაკეთებდი დღემდე. მადლობა ასევე მათ, ვინც გვაკრიტიკებდა იმიტომ, რომ ეს ჩემთვის სტიმულია. ერთგვარად გვაიძულებს უფრო მხნედ ვიყოთ და უფრო კარგად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ამიტომ მათიც მადლობელი ვარ, ვინც ზომიერების ფარგლებში აკრიტიკებს ამ პროცესს, თუმცა ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეიძლება კანდიდატების ძალიან დიდი ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები იდეალური არ იყო, მაგრამ როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, მთლიანობაში, თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით, მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღეს.
„როდესაც საუბარია კომპეტენციის კრიტერიუმებზე, ეს, ბუნებრივია, არის ფარდობითი ცნება. შეიძლება სხვა სტანდარტი მოქმედებდეს გერმანიაში და ვიცი იქ რა სტანდარტი მოქმედებს. სხვა სტანდარტი შეიძლება იყოს სხვა ქვეყანაში და სხვა სტანდარტი საქართველოში სხვადასხვა ობიქტური მიზეზის გამო.
მე მანამდეც ვთქვი, რომ არ იყო იდეალური კანდიდატების ძალიან დიდი ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები, მაგრამ მთლიანობაში, ჩვენ მივიღეთ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ ე.წ „კლანის“ სია, რომელიც იყო წარმოდგენილი შარშან დეკემბერში და რასთან დაკავშირებითაც იყო ვნებათაღელვა.
თქვენ ნახეთ, რომ ამ 14 კანდიდატიდან მხოლოდ 3 დამტკიცდა ე.წ „კლანის“ სიიდან. შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაბალანსებულია ყველა კუთხით გადაწყვეტილება და აქ არანაირ „კლანებზე“ არ არის საუბარი. ჩვენ მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობამ უზრუნველყო ის, რომ არ გაჩერდა, არ ჩამოიშალა უზენაესი სასამართლო და მთლიანად სახელმწიფო. მისივე თქმით, მათ მოსამართლეების ის ოპტიმალური რაოდენობა აირჩიეს, რაც ორი კოლეგიის მუშაობისთვის არის საჭირო. რაც შეეხება შალვა თადუმაძის შემცვლელს, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობა არ ჰქონიათ.
„ჩვენ ავირჩიეთ ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც ორი კოლეგიის ანუ სამი პალატის მუშაობას შეუწყობს ხელს და ამით უზრუნველვყავით, რომ არ გაჩერდა, არ ჩამოიშალა უზენაესი სასამართლო და მთლიანად სახელმწიფო. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ სია ჩავარდნილიყო, რაც სასამართლოს გაჩერებას ნიშნავდა. როდის გაჩნდა სიტყვა „კლანი“, ეს სიტყვა გაჩნდა მაშინ, როცა საქმე ეხებოდა „რუსთავი 2“ – ის საქმეს.
ამ საქმეზე ბეჭედი დასვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც თქვა, რომ „ნაცმოძრაობის“, გვარამია-ყარამანაშვილების ნაწარმოები პიარი, რომელსაც ხელს უწყობდნენ NGO–ებიც, სამწუხაროდ, ასევე ზოგიერთი ვითომ დამოუკიდებელი ექსპერტი, ამაზე საბოლოოდ თქვა სასამართლომ, რომ ეს იყო სპეკულაცია და 2 წლის განმავლობაში ნაწარმოები შავი პიარი იყო ტყუილი. იგივე პოლიტიკით მიდის დღეს სასამართლოს გაშავება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, ყველა დანაშაულზე, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მოსამართლეების საშუალებით „გაპრავდა“, პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ეს ტვირთი მათ უნდა ატარონ.
„მორალური ტესტი ვერ გაიარა ვერც ერთმა კანდიდატმა იმიტომ, რომ ადეიშვილის მოსამართლეები იყვნენ. ეს ის ხალხია, რომელიც თავისი კეთილდღეობისთვის დაღუპავს უამრავ ადამიანს, სიბინძურეებს ჩაიდენს. ხელფასი რომ აეღოთ ყოველთვიურად, ათობით ადამიანს ციხეში უშვებდნენ. ეს ადამიანები გააფორმა დღეს „ქართულმა ოცნებამ“.
ღმერთმა შეარგოს ჩინჩალაძე „ქართულ ოცნებას“. თითოეული ნაწამებ, გაუბედურებელ ადამიანებზე, ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც გაპრავდა სააკაშვილის დროს, ამ მოსამართლეების საშუალებით, ამაზე პასუხისმგებლობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და აი, ეს ტვირთი ატარონ, მათი ხვედრი ყოფილა“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა, ის გახდა „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც დეპუტატი აცხადებს, შაპიტოს ცირკი მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ყველაფერი იყო გაწერილი სცენარის მიხედვით.
„ეს არის ის პროცესი, რაზეც პასუხს მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთად გასცემს 2020 წლის არჩევნებში, უფრო მეტად გამოაფხიზლებს მოსახლეობას და პოლიტიკოსებს. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა, ის დღეს გახდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ყველაზე დრამატული, რაც ჩვენ ვიხილეთ. მშვიდად უნდა მივიდეთ 2020 წლამდე, რომ მშვიდად გაფორმდეს „ოცნების“ წასვლა ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
19 კანდიდატიდან მხარი მხოლოდ 8 კანდიდატს დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, რომლის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერისას ეკა ბესელიას აზრი გაითვალისწინა.
„გამოვარჩიე 8 ადამიანი და მათ მივეცი ხმა. ზამბახიძე, მიქაუტაძე და ვაჩაძე მახსოვს. რეკომენდაციები მივიღე და ეს არის აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, თანაგუნდელების, სპეციალისტების, ოპოზიციის აზრიც გავითვალისწინე, ყველას აზრი გავითვალისწინე, ეკა ბესელიას აზრიც გავითვალისწინე“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტში აღარ დარჩება, რადგან მისი თქმით, „კლანმა“გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე. ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს კლანის უსახური მსახური უწოდა.
„ქართულ ოცნებას ვულოცავ, რომ მან ამ კენჭისყრით ოფიციალურად დააკანონა ძალადობრივ წარსულთან გარიგება. ის ოფიციალურად გახდა მემკვიდრე იმ უსამართლობის, რაც ქვეყანაში ხდებოდა. 9+8 და შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ. „კლანმა“ გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ისე „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა მათ შორის, ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის პარლამენტში იყვნენ.
რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად კლანის ფილიალი გახდა, ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო ამ კომიტეტში. მე ამ კომიტეტში აღარ დავრჩები. ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე კომიტეტში დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ 5 მოსამართლე კი არ ჩამოშორებოდა ამ კენჭისყრას, არამედ მეტი. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და კიდევ უფრო დიდი მორალური მარცხი. ანრი ოხანაშვილი „კლანის“ უსახური მსახურია. იურიდიული კომიტეტი აღარ არსებობს, არც ადამიანის უფლებათა კომიტეტი არსებობს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეს ხელისუფლება რომ დასრულდება, დემოკრატიული მთავრობა სასამართლოში ძირეულ რეფორმას განახორციელებს. როგორც ბოკუჩავა აცხადებს, ამ პარლამენტს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება შეუძლია.
„ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ასეთი იყო პოლიტიკური დაკვეთა. ამ პარლამენტმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი შინაგანი რწმენით გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებულნი არიან. მათ მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება შეუძლიათ და დღეს, ასეთი პოლიტიკური დაკვეთით აირჩიეს მონური მორჩილების მქონე მოსამართლეები ქვეყნის უზენაეს სასამართლოში უვადოდ.
ამით ქვეყანას წაართვეს დამოუკიდებელი სასამართლოს პერსპექტივა დიდი ხნით. დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება რომ დასრულდება, დემოკრატიული მთავრობა განახორციელებს ძირეულ რეფორმას სასამართლოში და ქვეყანა მიიღებს დამოუკიდებელ სასამართლოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.