სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება – პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომწავლელი სითხის დაქცევაში მმრათველმა გუნდმა „ევროპული საქართველოს“ წევრები: ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია დაადანაშაულეს, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ოპოზიცია.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის მიმდინარეობის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. პარალელურად გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.
ირმა ნადირაშვილის გვარი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც, რომლის განცხადებით, ეს პერფორმანსი პლენარული სხდომის ჩაშლას ემსახურებოდა.
„ფაქტია, ორმა ქალმა დეპუტატმა დადგა რაღაც პერფორმანსი, რაღაც დაასხეს. კრიმინალს ვერ ჩაიდენდნენ, მთლად ამდენს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით სხდომის ჩაშლა მოინდომეს. ბავშვები ამას არ იკადრებენ, არც ერთი ბავშვის თავში ასეთი სისულელე არ მოვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მას შემდეგ რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის მიმდინარეობის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს, საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან 4 ადამიანი შეუძლოდ გახდა, მათგან ორი დეპუტატი – ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა, ასევე აპარატის ორი თანამშრომელი.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, აპარატის ერთი თანამშრომელი, რომელიც ქალბატონია, სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
„მე ვიყავი დარბაზში. სამწუხაროდ, ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი. სამართლებრივ შეფასებას სამართალდამცავები გააკეთებენ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება შემიძლია ვთქვა, ესენი რა ტერორისტებიც იყვნენ თავის დროზე, იმ ტერორიზმს აგრძელებენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. შემოდიან, წამლავენ ადამიანებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ნორმალური საქციელია, ადამიანური და პოლიტიკური საქციელია?! ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავისი სახე და მოახერხეს და დააშავეს ადამიანები,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოფო კილაძემ.
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ლელა ქებურია არ აკონკრეტებს, მოასხა თუ არა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხსნარი. დეპუტატი აცხადებს, რომ არ არის ვალდებული თავი იმართლოს. პოლიტიკური ბოიკოტის რეჟმის მიუხედავად, რატომ იყო სხდომათა დარბაზში, ქებურიამ აღნიშნა, რომ მას აქვს უფლება სხდომათა დარბაზში თავისუფლად გადაადგილების.
„ვიყავი შესული, რაღაც შეკითხვა დავუსვი ერთ–ერთ ჩემს კოლეგას და გამოვედი გარეთ. დაამტკიცონ ეს ბრალეულობა და შემდეგ ილაპარაკონ. მე არც უარვყოფ და არც ვადასტურებ ამ ბრალდებას. წარმოადგინონ მტკიცებულებები. არსებობს კადრების ჩანაწერები, წარმოადგინონ და შემდეგ მელაპარაკონ ბრალდებებზე. არ ვაპირებ, ვიმართლო თავი, არ ვარ ვალდებული მათი განცხადებების გამო თავი ვიმართლო. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ აქტს და პროტესტის გამოხატვას ამ ფორმას, აბსოლუტურად ვეთანხმები. არ ვარ ვალდებული განმარტებები ვაკეთო, რატომ მეკეთა შარფი“, – აცხადებს ლელა ქებურია.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პირადად მას დასდო ბრალი და დროა, „ბაშარ–ალ ნადირაშვილად“ გადაიკეთოს სახელი. ნადირაშვილი ადასტურებს, რომ იყო კომიტეტზეც და სხდომათა დარბაზშიც. ქებურიას მსგავსად ისიც ამტკიცებს, რომ სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ აინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება – იღებდნენ თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში დამოუკიდებელი დეპუტატები.
„მივედი ნატო ჩხეიძესთან, დაახლოებით 30 წამი გავჩერდი და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება. არსებობს კამერების ჩანაწერები, გამოიძახეს ექსპერტ–კრიმინალისტები და როგორც მამუკა მდინარაძე დამპირდა, მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს. ძალიან უხერხულია, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს.
არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი ქმედება და უაპელაციოდ ხელის გამოშვერა. მას შემდეგ რაც მოვისმინე, რომ გიგი უგულავამ ძიუდოისტი სცემა, ყველაფერი მოსალოდნელია ამ ხელისუფლებისგან. თუ შეუძლიათ გიგი უგულავას ბრალი წაუყენონ ძიუდოისტის ცემაზე, მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი პარლამენტში რომ ცუდი სუნია. ძალიან მალე დამტკიცდება, რომ ეს ასე არაა,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზში ქიმიური ხსნარის დასხმაში ღიად დაადანაშაულა, მალევე მოძრაობა „სირცხვილიამ“ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ისინი იღებდნენ. მოგვიანებით, მათ სოციალურ ქსელში ხსნარის – ACD–ს ფოტოც გამოაქვეყნეს, რომელიც მათი ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში გამოიყენეს. საზოგადოების ნაწილი „სირცხვილიას“ აღნიშნულ პოსტებს სერიოზულად იღებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ორგანიზაციის წევრები ხუმრობენ.
თავის მხრივ, პარლამენტში გამორიცხავენ, რომ სხდომათა დარბაზში მომხდარი ფაქტის უკან მოძრაობა „სირცხვილია“ იდგეს. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების, აპარატის თანამშრომლებისა და აკრედიტებული ჟურნალისტების გარდა არც ერთი უცხო პირი არ შესულა, რადგან საშვით შესვლის რეჟიმი არ მოქმედებს.
„საშვის დაშვება არც ერთ ადამიანზე არ მომხდარა. შესაბამისად, სრულიად გამორიცხულია, რომ გარეშე პირი მოხვედრილიყო პარლამენტის შენობაში, არა თუ სხდომათა დარბაზში. უშუალოდ სხდომათა დარბაზში შედიან მხოლოდ დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, ისიც შეზღუდული რაოდენობით.
სხდომათა დარბაზის აივანზე შესვლის უფლება აქვთ აკრედიტებულ ჟურნალისტებს. ასე რომ, პარლამენტი და მით უმეტეს პლენარული სხდომის დარბაზი იმდენად დაცული ზონაა, რომ იქ „სირცხვილიას“ წევრების თუ ნებისმიერი გარეშე პირის მოხვედრა გამორიცხულია“, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ბოიკოტის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომათა დარბაზში არ შედის, თუმცა სხდომათა დარბაზში „ნაკელის სუნს გრძნობენ“.
„ამას იმსახურებენ უმრავლესობის დეპუტატები, რომ იყნოსონ ეს სუნი, ეს სიმბოლურია. პარლამენტმა თავისი თავი გამოავლინა გადაწყვეტილებებში, როგორიც იყო მოსამართლეების არჩევა. ახლა ეს ყველაფერი ყნოსვითაც კი იგრძნობა. არც ის არის გამორიცხული, რომ თავადაც გაეკეთებინათ ეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით: „ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?“ ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ შეიძლება უსაფუძვლოდ ხელის დადება პოლიტიკურ ოპონენტებზე. მისთვის გაუგებარია, რატომ აიღეს მომხდარის გამო ეჭვი მათზე და არა „ამბოხებულ დეპუტატებზე“, რომლებიც ივანიშვილზე არიან გაბრაზებულები და შესაძლოა, მისი დასჯა გადაწვიტეს.
„ღრმა კრიზისი რომ არ იყოს ქვეყანაში და საოცარი საფრთხე ამ სამარცხვინო ლიდერისგან და მისი კლოუნებისგან, ეს იქნებოდა უბრალოდ ანეკდოტი, ახლა რაც ხდება – ისტერიკა, რომ ვიღაცამ დაასხა სითხე და ცუდი სუნი დადგა პარლამენტში. აღშფოთებული არიან ტერაქტიაო ყვირიან. მე, რა თქმა უნდა, ვინმეს თუ სუნზე ჰქონდა რეაქცია, ვუსურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს.
ასე ხელის დადება როგორ შეიძლება ვინმეზე. თან ამ რანგის აღშფოთება?! ეს ხალხი მაშინ არ აღშფოთებულა ხალხს თვალები რომ დათხარეს და უმკაცრესი დასჯა მაშინ არ მოუთხოვიათ და სუნზე არიან ახლა გაგიჟებულები?! ესეც ერთ–ერთი სახეა ამ რეჟიმის, როგორც რეაგირებენ ამ ინციდენტზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში მოხდა, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, პარლამენტის წევრებზე. როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს მომხდარს, ამაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დადგინდება, რა ნივთიერება იყო და ვინ გამოიყენა.
„სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ (რომელიც ივნისში ვნახეთ და რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა), დღეს, უკვე, სავარაუდოდ, ჩვენ ქიმიური შეტევა ვნახეთ პარლამენტზე. რამდენიმე ადამიანი არის მოწამლული, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ის, რაც სასესიო დარბაზში მოხდა, არ იყო ევაკუაცია, არამედ იყო ძალადობრივი პერფორმანსი. როგორც დეპუტატი აცხადებს, არ იცის რისი სუნია, მაგრამ იცის, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ და „კმარელები“ საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას იღებენ თავის თავზე, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი სერიოზულად ცუდად შეიქმნა, მათ შორის, დამლაგებელი, რომელსაც ვოლსკის განცხადებით, ალერგია განუვითარდა.
„სუნის დაყენება დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შემოსვლას. მე ვაკავშირებ, რომ მათ გააკეთეს. მე დავინახე, რომ შემოვიდნენ, ქალბატონ ნატო ჩხეიძეს მიუახლოვდნენ, შეიძლება გააფრთხილეს. ეს იყო პერფორმანსი, რომლის ჩატარებაც ხდებოდა. დანაშაულის ნიშნებზე ვერაფერს გეტყვით. ეს არის ძალადობრივი აქცია – პერფორმანსი, კრეატიულად ძალიან სუსტი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.