„სააკაშვილისგან განსხვავებით, ის დე გოლი იყო და პრეზიდენტობიდან გადადგა“

„სააკაშვილისგან განსხვავებით, ის დე გოლი იყო და პრეზიდენტობიდან გადადგა“

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელოვანებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. „გადადგეს მიხეილ სააკაშვილი!“ - ეს მოთხოვნა მალე მასობრივ ხასიათს მიიღებს. ხელმოწერების შეგროვებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის“ კურირებს.

სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე აცხადებს, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და ხალხმა ზურგი უნდა შეაქციოს პრეზიდენტს, ისიც უნდა დაემორჩილოს საზოგადოების ნებას, რადგან თანდათანობით ხალხი ფეხზე დადგება და უფრო სამარცხვინოდ დამთავრდება ეს ყველაფერი.

„ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს დასასრული და უნდა დასრულდეს ქაოსი და ორხელისუფლებიანობა. ხალხი დაიღალა“, - აღნიშნა ომარ მხეიძემ. 

რეჟისორი რეზო ჩხეიძე კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი უთუოდ უნდა გადადგეს. სულ მალე მთელი საქართველოს მოსახლეობა გამოთქვამს აზრს და გადაწყვეტს, უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ამ მოთხოვნას.

For.ge დაინტერესდა, დაემორჩილება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხალხის ნებას და მის ბოლოდროინდელ გამოსვლებში თუ იკვეთება გადადგომის მზაობა. ჩვენ გვახსოვს, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით წლების მანძილზე  რამდენიმეგზის შეგროვილა ხელმოწერები, თუმცა უშედეგოდ. 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ, პრაქტიკულად, 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შედეგებით იკვეთება საქართველოს მოსახლეობის განაცხადი, რომ მათ ნაციონალების პარტია არ უნდათ. ეს კი პირდაპირ მიანიშნებს, რომ მოსახლეობას მათი პრეზიდენტიც არ უნდა. თუმცა 1-ელი ოქტომბრის განაცხადმა პრეზიდენტს სინდისის ქენჯნა არ აღუძრა და გადადგომისკენ არ უბიძგა. ამიტომ, ალბათ, ამჯერად რიცხობრივად გაცილებით ნაკლები იქნება ხელმომწერთა რიცხვი, ვიდრე ამომრჩეველთა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი იყო ამ არჩევნებში. ამის გათვალისწინებით, რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, რომ ამ რიცხვმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს. მით უმეტეს, პრეზიდენტი არ არის გულჩვილი ინტელიგენციის მიმართ. პირიქით, სააკაშვილი ხშირად მათ მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

„ასე რომ, ხელმოწერების შეგროვებას უშუალოდ პრეზიდენტზე ზეგავლენის პოტენციალი, მე მგონი, არ აქვს. თუმცა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს პოზიციის დაფიქსირებისთვის, მათ საყურადღებოდ განაცხადის გაკეთებისთვის, ალბათ, ასეთ ხელმოწერებს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ექნება“,  - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.         

მასვე ხელმოწერების საშუალებით რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის პრეცენდენტი არ ახსენდება, მაგრამ ერთ ცნობილ ფაქტს იხსენებს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი გადადგა, როდესაც სტუდენტებმა ეს მოითხოვეს.

„იმ დროს საფრანგეთში დიდი გამოსვლები იყო, მაგრამ სააკაშვილისგან განსხვავებით, ის დე გოლი იყო“, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ.

ადვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ რამდენი ხელმოწერაც არ უნდა შეაგროვოს არასამთავრობო ორგანიზაციამ, პრეზიდენტი არ გადადგება.  

მისი განმარტებით, ჯერ ერთი, კანონით არ არის განსაზღვრული, თუ რამდენი ხელმოწერა უნდა შეგროვდეს მთლიანობაში. არც ისაა განსაზღვრული, ხელმოწერები რომ შეგროვდება, მერე რა უნდა მოხდეს. ამდენად, ლოგიკას რომ მივყვეთ, გადადგომის მოთხოვნა არ არის დამოკიდებული მარტო კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფზე.

„მის გადადგომას რომ ვითხოვ, იგი ხომ უნდა დამთანხმდეს ან უარყოს ჩემი მოთხოვნა?! შესაბამისად, როდესაც კანონი ასეთ რამეს არ არეგულირებს, რამდენი ხელმოწერითაც უნდა იყოს ეს მოთხოვნა გამყარებული, მაინც სააკაშვილს რჩება უფლება, არ გაითვალისწინოს იგი. ჩვენ ხომ ვიცნობთ სააკაშვილს და ხომ ეჭვი გვაქვს, რომ იგი ასეთ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს“,  -აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და ასეთი მოთხოვნის წამოყენება პერსპექტივაში მთლად გამართებულად არ მიიჩნია.

მისი აზრით, ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, ერთმა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი ამ მოთხოვნას და სააკაშვილი მაინც არ გადადგა, მაშინ რა მოხდება?! ასე რომ, სამართლებრივი პასუხი ამ სიტუაციისთვის არ არსებობს.

მისივე განმარტებით, სულ სხვა საქმეა რეფერენდუმი ან პლებისციტი. კონსტიტუციით შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა, თუმცა, ამას მკაცრად გაწერილი პროცედურა აქვს. რეფერენდუმზე საკითხი რომ დადგეს, საამისო ფორმულირებაზე უნდა დაიწეროს დასკვნა, იუსტიციის სამინისტრომ მკაცრი პროცედურების მიხედვით, ეს კითხვა უნდა ჩამოაყალიბოს, მერე ცესკოს უნდა დაევალოს და, როგორც არჩევნები ტარდება ქვეყანაში, ისეთივე რთული იქნება რეფერენდუმის ჩატარება. ამიტომ, პლებისციტი უკეთესი გამოსავალია.

პლებისციტი, ანუ კონკრეტული საკითხის მიმართ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა (რომელიც მოგვიანებით შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველიც გახდეს) უფრო დასაშვებია. მაგალითად, ვინმემ რომ იკითხოს „ხართ თუ არა თანახმა, 2013 წლიდან ამოქმედდეს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი“ და ამას ასი ათასმა კაცმა დაუჭიროს მხარი, ამ შედეგებით მოგვიანებით შეიძლება მიმართონ პარლამენტს და მოსთხოვონ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივად გადაიქცეს. ამის შემდეგ პარლამენტსაც წარმოეშობა ვალდებულება, საზოგადოების პოლიტიკური მოსაზრება გაითვალისწინოს. თორემ, სხვა მხრივ, იძულების მექანიზმი ამის უკან არ დგას.

„ხელმოწერების შეგროვებას აჯობებდა, პლებისციტი ჩაეტარებინათ. უნდა ეკითხათ საზოგადოებისთვის, ჩვენ ხომ სააკაშვილი ავირჩიეთ 2008 წლის იანვარში, კანონით და კონსტიტუციით, პრეზიდენტს ვირჩევთ ხუთი წლის ვადით. ამდენად, „ხართ თუ არა თანახმა, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს 2013 წლის იანვარში?“ თუ ასეთი ფორმულირების შეკითხვაზე მოსახლეობა დადებითად უპასუხებდა და ამით პარლამენტს საშუალება მიეცემდოდა, ეს გამოეცხადებინა ან შეეთავაზებინა პრეზიდენტისთვის“.  

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არჩევნების დანიშვნაზე მაინც უარს იტყოდა, ეს იქნებოდა ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი გაჯიუტდა და საზოგადოებას აშკარა უპატივცემულობა გამოუცხადა.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მხრიდან გადადგომის მზაობა არ იკვეთება. უფრო მეტიც, არაერთხელ შეუგროვებია საქართველოს მოსახლეობას ხელმოწერები, მაგრამ ამის მიუხედავად, რეაგირება არ ყოფილა იმ დროს, როცა ნაციონალები ხელისუფლებაში იყვნენ. მეტიც, ცინიკური ფრაზები და შეძახილები ისმოდა, რომ ამ ხელმოწერებს თურმე ჯოჯოები, მუმიები და კორუმპირებულები აგროვებდნენ.

გარდა ამისა, კახა კახიშვილი მოქმედ კონსტიტუციაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლითაც დღევანდელ სიტუაციაში ძალიან გართულებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძვლები. უფრო ზუსტად, საფუძვლებში ხელმოწერების შეგროვება არ დევს. ამიტომ, აქ უნდა განვიხილოთ ორი საკითხი - პოლიტიკური და სამართლებრივი მომენტი.

კახა კახიშვილის განმარტებით, პოლიტიკური მომენტის გამოსაკვეთად ხელმოწერების შეგროვებისას ისეთი პოლიტიკური აქცენტი უნდა დაისვას, თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას. თუმცა წმინდა სამართლებრივად, იმპიჩმენტის საფუძვლებში პრეზიდენტის ხელმოწერებით გადადგომის საკითხი არ დგას. მეტიც, ძალიან გართულებულია იმპიჩმენტის პროცედურები და რეალურად შეუძლებელიცაა. მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლოს თავიდან ბოლომდე პრეზიდენტი და მასთან დაახლოებული ხალხი აკონტროლებს.

თუმცა, კახა კახიშვილი მაინც მიიჩნევს, რომ ხელმოწერების შეგროვება პოლიტიკური მნიშვნელობის პროცესია და არა - სამართლებრივი. ეს იქნება იმის დემონსტრირება, რამდენ ადამიანს სურს საქართველოს პრეზიდენტად აღარ იყოს სააკაშვილი. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ხელმოწერების შემდგომ პარლამენტში იმსჯელონ ისეთ მექანიზმებზე, რომ რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ასეთი ბერკეტები აღარ ჰქონდეს.

„ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ძირითადად სააკაშვილი დღეს მხოლოდ ერთი რამისთვის იყენებს საკუთარ ბერკეტებს, რომ რამენაირად პრობლემა შექმნას. ეს არის მისი მიზანი. რეალურად, მისი არჩევნების ხუთწლიანი ვადა გადის 2013 წლის იანვარში, თუმცა ნაციონალმა დეპუტატებმა სრულიად ხელოვნურად, უფლებამოსილების გადამეტებით მოახდინეს ამ ვადის გაზრდა. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის ვადა ხუთწლიანი კი არ არის, არამედ ექვსწლიანია, მინუს ორი თვით. იმაზე საუბარი, რომ თურმე ხუთ წელს ცოტა დაემატა, არასწორია. ცოტა კი არ დაემატა, არამედ დაემატა მთელი ათი თვე და, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი არჩევნებში იღებდა მონაწილეობას იმ თანამდებობის დასაკავებლად, რომლის ვადაც ხუთი წლით განისაზღვრებოდა, რეალურად, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ იგი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას აკონტროლებდა. ამიტომაც ადგა და მოიმატა ათთვიანი ვადა. ამდენად, მას მორალურად ამის უფლება არ აქვს“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

ამდენად, ექსპერტს არარეალურად არ მიაჩნია, თუკი პარლამენტში შეიქმნება გარკვეული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე და კონსტიტუციაში ამ ცვლილებათა ინიცირება მოხდება. კერძოდ, პრეზიდენტს, რომელმაც გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, ოქტომბრამდე აღარ უნდა ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება, როგორიც დღეს აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ისინი აცხადებენ, თითქოს უმცირესობაში არიან, ძალიან ბევრს რამეს აკონტროლებენ ამ ქვეყანაში, დაწყებული ენერგოობიექტებიდან (რომლებსაც მესამე და მეოთხე პირების მეშვეობით აკონტროლებენ), დამთავრებული ელჩებით. ხომ ხედავთ, ელჩებიც კი ახალი მთავრობის საწინააღმდეგოდ მუშაობენ. რასმუსენის განცხადებაც სწორედ ამის დასტურია“, - აღნიშნავს კახა კახიშვილი.