ბანკების ირგვლივ უკმაყოფილოთა წრე იკვრება

ბანკების ირგვლივ უკმაყოფილოთა წრე იკვრება

მორიგი შეტევა უკვე ბანკების მიმართულებით იწყება. ბანკებს შიგნიდანაც უტევენ და გარიდანაც. ბიზნესმენები კარგა ხანია ამ საფინანსო ინსტიტუტების მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ, ახლა კი ხმა თანამშრომლებმაც ამოიღეს.

„საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები ვართ ძალიან ცუდ სამუშაო გრაფიკში და პირობებში. კერძოდ, მეტროს და ექსპრეს მოლარე–ოპერატორებს გვაიძულებენ მომხმარებლებზე რაც შეიძლება მეტი 200–ლარიანი სესხი გავცეთ, ხოლო მეტროს სერვისცენტრებს გვამუშავებენ გადაჭარბებული გრაფიკით. შაბათ–კვირას 6–ზე ვასრულებთ მუშაობას, მაგრამ 8–მდე (ზოგჯერ უფრო გვიანაც) გვიწევს სერვის ცენტრში ყოფნა იმის გამო, რომ ინკასაცია იგვიანებს.

დილითაც, ნაცვლად 10 საათისა, აუცილებლად უნდა გამოვცხადდეთ 9 საათზე. ხელშეკრულებაში, რაზეც მოგვაწერინეს ხელი, წერია, რომ თანამშრომელი ვალდებულია 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე, იმავდროულად 15 წუთის მერე დატოვოს სერვის ცენტრი. დეპარტამენტის უფროსმა ირინა ქვათაძემ ამ თემაზე საუბრისას დაახლოებით 5 თანამშრომელი დაითხოვა იმ მოტივით, რომ ეს ჩვენი საქმე არ იყო.

თვეში დაახლოებით 24 საათით მეტს გვამუშავებენ და ვართ ძალიან დიდ წნეხში, არაადამიანურ პირობებში, ნახეთ მეტრო დიდუბის სერვის ცენტრი, მეტრო მარჯანიშვილი, მეტრო პოლიტექნიკური (პეკინის მხარე) და ა.შ. ადამიანები ვართ ბოლოს და ბოლოს თუ ვირთხები?"

აი, ასეთ პირობებში მუშაობენ ქვეყნის წამყვანი ბანკის თანამშრომლები და რა გასაკვირია თუ ფოთის პორტსა თუ ჭიათურმანგანუმში დასაქმებულები გაცილებით უარესს სამუშაო პირობებში არიან. სწორედ ამგვარი დამოკიდებელების გამოისობით გაიფიცა ათასობით ადამიანი და თუკი დამსაქმებლები გონს არ მოეგნენ, სიტუაცია არც მომავლში დასტაბილურდება.

პროფკავშირებში ადასტურებენ, რომ ბანკების თანამშრომლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს არანორმირებული სამუშაო დროსთან და დეკრეტული  შვებულების დარღვევებთან დაკავშირებით, „ჩვენ ბანკის თანამშრომლები პრეტენზიებით ხშირად მოგვმართავენ მიუხედავად იმისა, რომ ბანკებში  პროფკავშირები  დღემდე არ ფუნქციობს,“ – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი.

«კომერსანტთან» საუბრისას იგი ადასტურებს, რომ მსგავსი დარღვევებით განსაკუთრებით ხშირად „ლიბერთი ბანკის“, „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ თანამშრომლები მიმართავენ, თუმცა პროფკავშირების არ არსებობის გამო მათი მხრიდან დახმარება ვერ ხერხდებოდა.

«საქართველოს ბანკს» ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, თავი გამოიდო საბანკო ასოციაციამ.

ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას თქმით, მსგავსი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მას არ მისვლია და თუ ამ პიროვნების მიმართ მართლაც ირღვეოდა ხელშეკრულების პირობები, მას შეეძლო მისი გასაჩივრება. 

,,აქამდე გაეკეთებინა ეს განცხადება, პოლიტიკური დევნა ხომ არ განხორციელდებოდა მასზე? შეეძლო ჩვენთვისაც მოემართა და ჩვენ ამ ფაქტზე რეაგირებას მოვახდენდით. მაგალითად, 7–8 წლის წინ ეროვნულ ბანკში დასაქმებულთა ზეგანაკვეთურ დროში მუშაობის გამო ჩვენ ეროვნულ ბანკსაც მივმართეთ და მათ გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნა,“ – აცხადებს  გვასალია «კომერსანტთან».

მისივე თქმით, საღამოს 8 საათზე საქართველოში ბანკები ნამდვილად აღარ მუშაობენ და ამ დრომდე თანამშრომელი იქ ფიზიკურად ვერ გაჩერდებოდა. 

ბანკებს მარტო თანამშრომლები არ უტევენ. მათ არაეთიკურ დამოკიდებულებაში ბევრი ბიზნესმენი ადანაშაულებდა და დღესაც ადანაშაულებს. „კავკასუს ონლაინის“ ყოფილი მფლობელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ბიზნესის“ დამფუძნებელი მამია სანადირაძე ბანკებს სწორედ ასეთ მოპყრობაში ამხელს.

სანადირაძე პირდაპირ აცხადებს, რომ როდესაც ბიზნესზე შეტევა ხორციელდებოდა, ბანკები ბიზნესმენებს არაკორექტულად ეპყრობოდნენ. ამ ეტაპზე მამია სანადირაძე ბანკების დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან ბანკების ბრალეულობის საკითხს გამოძიება გაარკვევს და მხოლოდ ამის შემდეგ გახმაურდება იმ ფინანსური ორგანიზაციების სახელები, რომელთა მხრიდან ხისტ მიდგომას ჰქონდა ადგილი. საჩივართა უმეტესობა სასამართლოში უკვე შესულია და ნაწილსაც მომავალში შეიტანენ.