"მაპზე უკეთესიდან" მაპამდე - რა შედეგებით დასრულდება პრეზიდენტ-პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში?

როცა ისეთი მასშტაბის მოვლენა ხდება, როგორიცაა ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება, საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ, ქართველები დროებით ყველაფერს ივიწყებენ: მათ შორის, ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა, სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, მოახლოვებული ზამთარი და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, სხვადასხვა (დღევანდელი რეალობით ორი) პოლიტიკური ძალის ლოკალური მაქინაციები და ყველა მხოლოდ ერთი მიმართულებით აქცენტირდება: ბოლოს და ბოლოს, მივიღებთ თუ არა, "ზებოს ოცნებასავით" ლამის აბსტრაქტულად გადაქცეულ ნანატრ საშუალებას - მაპს.

თუმცა, ამ თემამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი არჩევნების შემდგომ საქართველოში მიიღო, როცა ყოფილი ხელისუფლება, მოქმედი პრეზიდენტითურთ, ამტკიცებს, რომ ახალი ხელისუფლება უუნარო და გამოუცდელია, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საკუთარი ძალების დემონსტრირებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბით ახდენს და ამასთანავე, წინასაარჩევნო ერთწლიანი გააფთრებული პროპაგანდის და მისთვის "რუსული ძალის" იმიჯის შექმნის მერე, ამ სტერეოტიპისაგან საბოლოოდ თავის დაღწევას ცდილობს.
"ცოცხების სკანდალის" შემდეგ, ნირწამხდარმა და უკვე მომავალ დამარცხებასთან შეგუებულმა სააკაშვილმა არცთუ ისე დიდი რიხით განაცხადა: მსგავსი რამ თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოხდა, მაგრამ იქ არც მინისტრები გადაუყენებიათ და არც რევოლუცია მოუწყვიათ, ჩვენ კი სენსიტიური ხალხი ვართ და ასე იმიტომ განვიცადეთ ეს კადრებიო.
რამდენად ჯდებოდა ლოგიკაში პრეზიდენტის ეს განცხადება მაშინ, ძნელი სათქმელია, თუმცა, თუ უცხო და განვითარებული ქვეყნების მაგალითებს მოვიყვანთ, არც ის არგუმენტი უნდა იყოს გამართლებული, რომ სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრებით ალიანსთან ურთიერთობა გავიფუჭეთ, მაშინ როცა სულაც ალიანსის წევრმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ თურქეთმა, როცა სამართალდარღვევები აღმოაჩინა, მაღალჩინოსანი გენერალების მთელი ჯგუფი დააპატიმრა, ხოლო აშშ-ში არანაკლებად ხშირად დაუსჯიათ დამნაშავე სამხედრო პირები.

უცნაური და გაუგებარი იყო ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც საერთაშორისო მაღალი ტრიბუნიდან, რომ შემდეგ მინისტერიალზე, საქართველოს მაპის მიღება გაუჭირდება. ეს რომ ადგილობრივ ექსპერტს, რომელიმე ადგილობრივი მედიასაშუალებით განეცხადებინა, ჩვეულებრივ, პოლიტიკურ პროგნოზად ჩაითვლებოდა, მაგრამ როცა მსგავს ვარაუდს სახელმწიფოს მეთაური მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი ტრიბუნიდან აკეთებს, ეს არცთუ მთლად ლოგიკური და გასაგებია.

აგვისტოს ომზე შექმნილი, შემდგომში ნაკლებად წარმატებული ფილმის რეჟისორს, თავის დროზე, კინოსურათის ერთ-ერთი ეპიზოდის გადასაღებად პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ქართველების სამსახიობო ნიჭი და ტალანტი ერთობ გაუკვირდა. ათასობით ადამიანმა, საპროტესტო აქციის ინსცენირებას ისე ბრწყინვალედ გაართვა თავი, რომ რენი ჰარლინმა გაოცებულმა იკითხა: ნუთუ ეს ხალხი ყველა პროფესიონალი მსახიობიაო? ცნობილ რეჟისორს, როგორც ჩანს, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქართველები, ფაქტობრივად, მიტინგებზე გავიზარდეთ და ჩვენთვის მიტინგების და საპროტესტო გამოსვლების ინსცენირება ყველაზე იოლი საქმეა, რაც შეიძლება გავაკეთოთ.

ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, ამ რეალობის მკვეთრად შეცვლა მოისურვა, როცა განაცხადა, რომ ის ხელისუფლების წინააღმდეგ მიტინგების ჩატარებას არ აპირებდა, ხოლო არჩევნების შედეგების გამოცხადების მერე, ტრადიციად ქცეულ საპროტესტო გამოსვლებს არ გეგმავდა და ევროპული სიმშვიდით, შედეგებსაც აღიარებდა. ძნელი სათქმელია, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ შედეგები, ჩვეულებისამებრ, კვლავ გაყალბდებოდა, თუმცა, მიტინგების და გამოსვლების გარეშე, არც ამ საარჩევნო კამპანიამ ჩაიარა, თანაც, ფინალში, გამოსვლებმა საერთოდაც სპონტანური სახე მიიღო, პოლიტიკოსების ტრიბუნაზე დგომის გარეშე.

ქართველებს თეატრალობის ნიჭი მართლაც შესანიშნავი გვაქვს, თუმცა, სოლიდარობის და ურთიერთანადგომის უნარით დიდად რომ ვერ დავიკვეხნით, ეს ეთნოფსიქოლოგიის სპეციალისტებაც დიდი ხანია შეამჩნიეს და თავადაც მშვენივრად ვუწყით. ურთიერთთანადგომის ლეგენდებით მოსილ ქვეყანაში, გუნდური და ერთიანი მომავლის მშენებლობის ცნება, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამჯერად, ორი მხარე საქართველოში დადარაჯებული ბრიუსელისაკენ იმზირება: ერთნი იმედით, მეორენი ჩასაფრებულის პოზიციიდან. "მაპზე უკეთესიდან" მაპამდე - ეს ეკლიანი გზა, როგორც ჩანს, საქართველოსთვის, არცერთ ფრონტზე და არანაირი თვალსაზრისით, იოლი არ იქნება, რაც ამ, სასტარტო ეტაპზეც უკვე თვალსაჩინოდ გამოიკვეთა...