მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 19 კაციან სიაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ. ამის მიუხედავად, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იყო. საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი ხუთშაბათს უნდა უყაროს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას ტაშს ვერ დაუკრავს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ანდრეი კუბილიუსი, რომლის განცხადებით, მოხარული იქნებოდა, იგივე პროცედურა, რომ ეხილა საქართველოშიც, რაც ლიეტუვაშია.
„რაც შეეხება პარლამენტის დამოკიდებულებას, როგორ მისცემენ ხმას ისინი თუ ზოგიერთ კანდიდატს არ შეუძლია რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა? ასე რომ, ისინი შესაბამის შედეგებს მიიღებენ. მე სრული პროცედურა არ ვიცი, არ ვიცი კარგი იყო თუ ცუდი. ვერ მოვახდენ პროგნოზირებას როგორ მოხდება მოვლენების განვითარება, თითოეული პარლამენტის წევრი გადაწყვეტს თავად, მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ისინი აკეთებენ განაცხადებას ვინ უნდა იყოს არჩეული მოსამართლედ“, – განაცხადა ანდრეი კუბილიუსმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გუნდში მოსამართლეობის 3–4 კანდიდატის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა და შესაბამისად, 19–ვე კანდიდატის მხარდაჭერა თითქმის გამორიცხულია.
„ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც სურთ დემოკრატიული რეფორმები, მხარს არ უჭერენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებმა ეს რეფორმა შეაფასეს, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და კონსესუსზე დაფუძნებული წარმატებული რეფორმა“,– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც ერთი რიგითი დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე კენჭისყრის დროს კარგად გაიაზრებს, ვის დაუჭერს მხარს რომლის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესის მისამართით პრეტენზიები ისმის, მაშინ, როდესაც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „პროკურატურას დაუმონეს სასამართლო“.
„ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ოპოზიციის მხრიდან, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითიც კი არ გაანძრია სასამართლოს რეფორმისთვის და მეტიც, მათ პროკურატურას დაუმონეს სასამართლო, ამ ადამიანებისგან ვიღებთ პრეტენზიებს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დასავლური სტანდარტების სრული დაცვითაა ჩატარებული. გეთანხმებით იმაში, რომ თითოეულმა დეპუტატმა კარგად უნდა გაიაზროს, ვის უჭერს მხარს. მეც ძალიან კარგად გავიაზრებ, ვის დავუჭერ მხარს და ვის – არა. არიან კონკრეტული კანდიდატები, რომლებსაც მხარს ვერ დავუჭერ. წინასწარ ამაზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტი უზენაეს სასამართლოში მის გამწესებას მხარს დაუჭერს. რაც შეეხება ოპიზიციის განცხადებას, რომ უზენაესი სასამართლის მოსამართლეობის კენჭისყრის პროცესი პარლამენტში პროტესტის ფონზე ჩაივლის, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, კანონის ფარგლებში გააპროტესტოს ის, რისი გაპროტესტებაც სურს.
„კონკრეტულ შეფასებებს ვერ გავაკეთებ. ყველა ინდივიდუალურად, ალბათ, თავად გადაწყვეტს ამ საკითხს. რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, ბუნებრივია, მაქვს დადებითი მოლოდინი, ამიტომაც ვარ ამ პროცედურასა და კონკურსში. ყველა კანდიდატმა საკმაოდ ბევრი ეტაპი გავიარეთ ღიად და გამჭვირვალედ. ამიტომ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ გავა ოდიოზური მოსამართლე უზენაეს სასამართლოში და ამით სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია მოხდება. გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიმართა, რომ მოსამართლეებს, რომლებიც უვადო პატიმრობას იმსახურებდნენ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად ნუ აქცევენ.
„გავა ოდიოზური მოსამართლე უზენაეს სასამართლოში? ამითი მოხდება სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია და აღარანაირი საუბარი, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავება არსებობს, აღარ იქნება. გვინდა, რომ ეს ერთიანი სტანდარტი დავამკვიდროთ? თუ ამოცანა ის არის, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს არასწორი და საქართველოსთვის დამღუპველი ამოცანაა.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იმ ადამიანების წინაშე ვალის სრული მოხდის მიზნით, ვის ცხოვრებაზეც გადაიარა ამ მოსამართლეების მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებებმა, მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მოსამართლეებს, რომლებიც უვადო პატიმრობას იმსახურებდნენ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად ნუ ვაქცევთ. გავაკეთოთ ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილება. ეს ზნეობრივი ტესტი ყველას ჩასაბარებელია და იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილი მაინც ჩააბარებს ამ ტესტს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, გიორგი მიქაუტაძეს ნახევარი უმრავლესობა ფეხქვეშ გაეგო, თითქოს მაფიის ხელმძღვანელი მოდიოდა პარლამენტში. შესაბამისად, დეპუტატს ძნელად წარმოუდგენია, რომ მას ხმა არ მისცენ. მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელია და ეს ყველა დეპუტატს კარგად უნდა ესმოდეს. მისი თქმით, მედიის არქივში იქნება შემორჩენილი კომენტარები იმ დეპუტატების, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ შეაჩერეს სია და საინტერესო იქნება, ისინი მისცემენ თუ არა ხმას იმ გვარებს, რომლებიც 20–კაციან სიაშიც მეორდება.
„ეს კენჭისყრა დარჩება ისტორიას, რადგან, როცა ეს პოლიტიკოსები აღარც პოლიტიკაში იქნებიან და აღარც პარლამენტში, ამ კენჭისყრის შედეგებს მოიმკიან. უნდა აცნობიერებდეს ყველა, რომ გუნდი და პარტია არ არის იმის საპირწონე, რაც არის ამ გადაწყვეტილების ერთ მხარეს – აქ დგას ქვეყნის ბედი.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულება იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, მაგალითად, თუ გავიხსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს როგორ დახვდა იურიდიული კომიტეტი, რომ გეგონებოდა მაფიის დაჯგუფების ხელმძღვანელი მოდიოდა პარლამენტში და ფეხქვეშ გაეგო ნახევარი უმრავლესობა. ძნელად წარმომიდგენია, რომ მას ხმა არ მისცენ. გამიხარდება, თუ ჩემი პროგნოზი არ გამართლდება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატი ლევან კობერიძე დეპუტატებს მიმართავს, რომ დატოვონ „ქართული ოცნება“ თავის გადმობარებულ, კლანის მოსამართლეებთან, სადაც აპირებს, ფსევდოდემოკრატიული პროცესი შექმნას. კობერიძის შეფასებით, თვითონ გააკეთოს არჩევანი და ხალხი დაინახავს, ვინ ირჩევს კლანის მოსამართლეებს.
„მოვუწოდებ ჩემს ყველა კოლეგას, ბოიკოტი გამოვუცხადოთ კონკრეტულად იმ სხდომას, სადაც მოსამართლეები კენჭსაყრელად იქნებიან წარმოდგენილები. დავტოვოთ „ქართული ოცნება“ თავის გადმობარებულ, კლანის მოსამართლეებთან, სადაც აპირებს, რომ ფსევდოდემოკრატიული პროცესი შექმნას. როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, ზუსტად ისე ხდება. 20–ვეს კი არ ავირჩევთო, სულ რამდენიმეს ავირჩევთო. მოვუწოდებ კოლეგებს, იქნება ეს ოპოზიციიდან თუ დამოუკიდებელ დეპუტატებს, დავტოვოთ მარტო „ქართული ოცნება“ ამ მოსამართლეების სიასთან და თვითონ გააკეთონ არჩევანი.
ხალხმა დაინახოს, რეალურად, ვინ ირჩევს კლანის მოსამართლეებს. ჩემი პერსონალური აზრია, რომ დარბაზში ჯდომა იქნება ლეგიტიმაციის მიცემა იმ პროცესისთვის, რასაც ამ მოსამართლეების ფსევდოდემოკრატიულად არჩევა ჰქვია და ჩაშენება უვადოდ იმ სისტემით, რომელიც პარლამენტმა მიიღო თავის დროზე და რის გამოც მე უმრავლესობა დავტოვე“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
ვიცე–სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, ოპონენტები თუ საუბრობენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარმოდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ ავირჩიოთ, ამას ვერ დაეთანხმება, რადგან პროცესი, რომელიც პარლამენტში წარიმართა, გამჭვირვალე და საჯარო იყო.
„პარლამენტმა კანდიდატები უნდა შეარჩიოს, ვინც ღირსია, იყოს უზენაესი სასამართლოს წევრი. ყველას მხარდაჭერა ვერ მოხდება, მაგრამ იქნებიან ისეთები, ვისაც მხარდაჭერა ექნება. მათი მხარდაჭერა იმის მიხედვით მოხდება, წინა ეტაპები როგორ გაიარეს და რამდენად კეთილსინდისიერად და კომპეტენტურად წარმოაჩინეს თავისი თავი საპარლამენტო განხილვებისას. ყველას კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.