რასმუსენის რეკომენდაცია არ არის იმპერატივი

რასმუსენის რეკომენდაცია არ არის იმპერატივი

გუშინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება გავრცელდა, სადაც რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა და  საქართველოს მოუწოდა, სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს.

„მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით“, - განაცხადა რასმუსენმა პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

„მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, ერთად იღვაწონ დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების მიღწევისთვის, - ასეთი ჩანაწერი გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა სოციალურ ქსელ „ტვიტერ“-ის საკუთარ გვერდზე.
რასმუსენის ჩანაწერი პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ არის გაკეთებული.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს, ხოლო საქართველოს ახალ მთავრობას და პრეზიდენტს 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს:

„ვაფასებთ რა საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს, რომელიც იყო ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ვაფასებთ რა ხელისუფლების პირველ საარჩევნო გზით გადაცემას ამ ქვეყანაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას და პრეზიდენტს განაგრძონ რეფორმები და უზრუნველყონ ეფექტური თანამშრომლობა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს მიმართავს და მოუწოდებს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (მაპი) მინიჭების საკითხი განიხილონ.

ამავე რეზოლუციაში ჯერ „ამოვარდა“, ხოლო შემდეგ ისევ გაჩნდა ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საქართველოს ახალი მთავრობის მიერ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ. მოკლედ, ის რაც ქართული საზოგადოებისთვის სამართლიანია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ევროსტრუქტურებისთვის პოლიტიკური დევნაა. როგორც ჩანს, ლობისტური ჯგუფები მონდომებით შეეცადნენ, ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე პოლიტიკურ მსხვერპლებად გაესაღებინათ.

რეალურად რა ხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ამ თემებზე სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე გვესაუბრება.

დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ერთდროულად მოუხდათ ევროპაში გამგზავრება, თუმცა ისინი სხვადასხვა ვიზიტებს მართავენ... ელჩები ხვდებიან პრეზიდენტს, არ ხვდებიან პრემიერ-მინისტრს. განმარტებები კი კეთდება, მაგრამ ეს წინასწარ დაგეგმილ ნაბიჯებს უფრო ჰგავს, თქვენი შეფასებით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- ვითარება, რომელიც ვნახეთ, არის კონსტიტუციაში ჩადებული კონფიგურაციის შედეგი. რეალურად ორხელისუფლებიანობა კი არ გვაქვს - ვერც ერთი ხელისუფალი სრულად და ეფექტურად ვერ მართავს. სამაგიეროდ, გვაქვს ორი ბანაკის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროცესების ხელშეშლა, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია, სხვა და სხვა ტიპის დესტრუქციების წარმოქმნა. ამისი გაგრძელებაა ის, რომ ელჩი, გეგა მგალობლიშვილი არ შეხვდა ივანიშვილს, არ დახვდა ევროსაბჭოში ანა სამადაშვილი. კი არის განცხადებები, რომ თითქოს, პროტოკოლი არ ითვალისწინებდა შეხვედრებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იცი, რომ ჩამოდის პრემიერი, რომელიც დღეს არის ხელისუფალი, რომელიც განაგებს საგარეო პოლიტიკასაც, მასთან არშეხვედრა და არდახვედრა არის ნონსენსი. ამასთან დაკავშირებით თედო ჯაფარიძემაც გააკეთა განცხადება.

ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ დემარშისა, რომელიც მოუწყო გიგი უგულავამ პრემიერს, როდესაც დემონსტრაციულად გამოუცხადა იმის შესახებ, რომ ის არ ცნობს მის სუბორდინაციას. ამით აღიარა, რომ მთელ პასუხისმგებლობას პროცესებზე, რომელიც ვითადრება თბილისში იღებს თავის თავზე და ეს პროცესი სხვა არაფერია თუ არა საბოტაჟი და ხელშეშლა.

ნახეთ, რა აბსურდია მუნიციპალური ტრანსპორტის დაქვემდებარება მოითხოვა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ეს „გენიალური“ იდეები სწორედ იმ დესტრუქციით არის ნაკარნახევი, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში.

ამდენად, ნომერ პირველი პრობლემა ქვეყნის და სხვათა შორის, ამ ხელისუფლების, არის ადგილობრივი თვითმმართველობის ან ვადამდელი არჩევნების გამოცხადება და ჩატარება. ან რაიმე ექსტრაორდინალური ზომების მიღება, რათა ახალი ხელისუფლება დაეუფლოს ადგილობრივ თვითმმართველობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად წარმოუდგენელია, რაიმე ეფექტური ღონისძიებების და პოლიტიკის განხორციელება, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტის კუთხით თუ საგარეო ურთიერთობებში. დავინახეთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი დარტყმა იმ რეზოლუციით, რომელიც გავრცელდა.

ამ რეზოლუციის შესახებ მინდა გკითხოთ. ასე მარტივად არის შესაძლებელი ევროსტრუქტურებში, კომიტეტების დონეზე რაღაც ჩანაწერის ამოღება-დატოვება? რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- არის ორი მოცემულობა. პირველია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის გამოცდილი, გაწვრთნილი როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. ფაქტობრივად, 20 წელი მართავდა ქვეყანას ამა თუ იმ ფორმით. მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად გამოუცდელ რესურსებს, რომელსაც უამრავი ხარვეზი ეტყობა უკვე, წმინდა მენეჯმენტისა და ადმინისტრიტების კუთხით. ეს არის პირველი ფაქტი. მეორეა ის, რომ ისევ საკმაოდ ძლიერია როგორც ლობისტური ჯგუფები, ასევე ყოფილი უმრავლესობა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს გარკვეული გავლენა. გავლენა იმ თვალსაზრისით, რომ პირველი წყაროა ინფორმაციის და  სწორედ ამ ინფორმაციებით ხელმძღვანელობენ ევროსტრუქტურებიცა და ნატოს ხელმძღვანელობაც.

როდესაც გავლენებზე ვსაუბრობთ, რამდად ადვილი და მარტივია  გავლენის მოხდენა თუნდაც რასმუსენზე...

- თუ უარვყოფთ ასეთი გავლენის არსებობას, მაშინ ზოგადად პოლიტიკის არსს უარვყოთ. პოლიტიკა სხვა რა არის, რა თქმა უნდა ბრძოლა ძალაუფლებისათვის, მაგრამ იმავდროულად ბრძოლა იმისათვის, რომ მოახდინო გავლენა, ვიღაცის მანიპულირება, ინფორმაციის მიწოდება. რა თქმა უნდა, ლობისტები ამითი არიან დაკავებულები და, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები ცდილობენ საკუთარი მოსაზრებებისა და თვალსაზრისების გატანას. ამაში უჩვეულო არაფერია.

რაც შეეხება თვითონ რასმუსენის განცხადებას, არის თუ არა ეს ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში?

- რა თქმა უნდა, ეს არის ჩარევა რადგან არ შეიძლება, ნებისმიერი ორგანიზაციის მოხელე აძლევდეს პირდაპირ მითითებას იმაზე, რა არის სამართლიანი და რა არასამართლიანი, გარდა ამისა, იმ ჩანაწერთან მაქვს პრობლემა, რომელიც პირდაპირ უთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს ოქტომბერში და არა ისე, როდესაც  გადის პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა - 5 იანვარს. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა ჩარევა, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ - უნდა გავხდეთ პოლიტიკის სუბიექტი და არა ობიექტი. რომ არა მხოლოდ საქართველოა ნატოთი დაინტერესებული, არამედ ნატოც უნდა იყოს საქართველოთი დაინტერესებული. საქართველო პოზიტიური ფუნქციის მატარებელი ქვეყანა უნდა იყოს.

ამდენად, აქ არც ტრაგედიაა, მაგრამ იმითაც არის განპირობებული, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარკვეულ გავლენებს, მას შეუძლია გარკვეული გავლენების შექმნა - ეს ერთი მომენტია. მეორეა, რომ ჯერ კიდევ არ არის სახელმწიფო მანქანა და სისტემა აწყობილი, ბევრი ხარვეზია მენეჯმენტის თვალსაზრისით. ეს არის ის ორი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს დღევანდელ ვითარებას.

მოვლენათა ერთობლიობა საკმაოდ უცნაურ სურათს ქმნის, თუკი ევროპა აქტიურად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში, თუკი ევროპამ უნდა გადაგვიწყვიტოს, ვისი დაკავება და გასამართლება შეიძლება და ვისი არა, ვინ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, უკვე ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი. მაგალითად, რატომ სარგებლობსნაციონალური მოძრაობა“ ევროპის მხარდაჭერით ნებისმიერ დროს, ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაში? საბოლოოდ, დასავლეთის ასეთი დამოკიდებულება ქართველი ამომრჩევლის დასავლეთის მიმართ განწყობაზეც შეიძლება აისახოს, რადგან მის არჩევანს დასავლეთი პატივს არ სცემს...

- ჩვენც ორმაგი სტანდარტებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ - უწინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ ვთხოვდით ევროპას, რომ აქტიურად ჩარეულიყო ჩვენს საქმეებში, მაგრამ მაშინ ევროპა არ ერეოდა. იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს ეხებოდა საქმე, მაგრამ ასეთი აქტიური ჩარევა ევროპისა ჩვენს შიდა საქმეებში არ მახსოვს - ეს იწვევს გაკვირვებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აისახება მსგავსი მოქმედებები მაგალითად, ნატოს მხარდაჭერის რეიტინგზე საქართველოში, ესეც პრობლემაა და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს არის ნატოს პრობლემაც, ვინაიდან ასე აშკარად და ცალმხრივად მხარდაჭერა ყოფილი ხელისუფლებისთვის, რომელიც ასე არაპოპულარულია საქართველოში, ვფიქრობ, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული ნატოს რეპუტაციისა და იმიჯისთვის.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ევროპის სახალხო პარტია იყო ნაცმოძრაობის ფანი, ახლა აღმოჩნდა, რომ მთელი ევროპა ნაცმძრაობას უჭერს მხარს. რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ევროპას ურჩევნია, ისევ გამოცდილ ძალასთან ჰქონდეს საქმე თუ რა ხდება?

- ურჩევნია არა. ეს არის გამოცდილი ძალა, რომელსაც გააჩნია კვალიფიკაცია, რაც ახალ ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გააჩნია. ეს არის პიარი, პროპაგანდა და ა.შ. სხვათა შორის, მე ვამბობდი, რომ ამ ხელისუფლებას არ უნდა გადაედგა ნაჩქარევი ნაბიჯები და არ დაეპატიმრებინა ბაჩო ახალაია. ბაჩო ახალაიასთან ერთად გენშტაბის ხელმძღვანელიც დაიჭირეს და ამით კიდევ უფრო გაართულეს საქმე. ნებისმიერი მოქმედება შესაძლოა იყოს სრულიად კორექტული სამართლიანობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს უნდა იყოს სრულიად აწონილ-დაწონილი.

ნახეთ, რითი ისპეკულირა პრეზიდენტმა და რითი მოახდინა გავლენა - იმით, რომ ფაქტი მოხდა დაპატიმრების ყოფილი თავდაცვის მინისტრის და გებნშტაბის უფროსის. ამას მოჰყვა ტელვიზიაში აბსოლუტურად უაზრო შესვლა - ტელევიზიის აუდიტს ჩაატარებდა აუდიტის სახელმწიფო სტრუქტურა და არ მგონია, დღევანდელ პირობებში ეს შემოწმება არაობიქტურად ჩაეტარებინა.

ამ ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა სწორედ ამ განცხადების ტონალობა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის გამოუცდელობა, მეორეც ის, რომ ყოფილი ხელისუფლება ინერციით ინარჩუნებს გარკვეულ გავლენებს ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

2003 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმანაციონალურმა მოძრაობამ“ სრულიად არაცივილური მეთოდებით დაიწყო მოღვაწეობა, როგორც თვითონ ამბობდა - ხალხის დაკვეთის შესრულება. ტელეკამერების წინ საწოლიდან მძინარე ადამიანების წამოყრა და მათი დაპატიმრება, მოწმენი ვართ, როგორ ართმევდნენ მათ ფულსა და ქონებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. სწორედ ამის გაგრძელება იყო ის, რომ ქართველ ხალხს აღარ მოუნდანაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება. სხვათა შორის, დასავლეთისგან არ მოგვისმენია არაფერი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით...  დღეს რაც მოხდა, შესაძლოა, ეს არ იყო პოლიტიკურად მიზანშეწონილი, მაგრამ იყო სამართლებრივი და იყო ხალხის მოთხოვნა - ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს. რატომ აღიქვა ეს ასე მწვავედ დასავლეთმა?

- ჯერ ერთი, მას შემდეგ გავიდა 9 წელი. ჩვენს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ სტანდარტი შეიცვალა და ის უფრო მაღალი გახდა, ობიექტურადაც და სუბიექტურადაც, ის, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციის შემდეგ, დღეს ვერ გაკეთდება საქართველოში და კარგია, რომ ვერ გაკეთდება. სამართლებრივი დევნა უნდა განხორციელდეს პროცედურებისა და კანონების სრული დაცვით.

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რეპრესიებს აწყობდა, მოსახლეობა ან ინდიფერენტული იყო, ან მხარს უჭერდა, მაგრამ ის საზოგადოებრივი შეკვეთა, რომელიც არსებობს დღეს, ბევრად აღემატება იმ დაკვეთას, რომელიც იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ და, რა თქმა უნდა, უპრეცენდენტოა მაშინდელთან შედარებით.

ამის გათვალისწინება ერთია, მაგრამ მეორეა პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რადგან სამართლებრივ დევნაში ყოველთვის დევს პოლიტიკური მოტივაცია. რატომ გახდა აუცილებელი ბაჩო ახალაიას სასწრაფოდ დაკავება, მაშინ როდესაც ამ ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ ორ-სამ კვირაში იგეგმებოდა ნატოს სამიტი.

ხომ არ იყო შეგნებული პროვოცირება, ის დემონსტრაციები და მთელი ის კამპანია, რომელიც ატყდა საერთაშორისო მედიაში, ლობისტური ჯგუფების დახმარებით, ეს ყველაფერი ხომ არ იყო დაგეგმილი? - ამ შემთხვევაში ისევ დგება კომპეტენციის საკითხი, რომელიც უკავშირდება გამოცდილებას და სრულიად ბუნებრივია, ახალ მთავრობას რომ არ აქვს.

ეს არის ის ძირითადი შეცდომები, რომელიც დაუშვა ახალმა ხელისუფლებამ და გამოიყენა ძველმა? ასეთ შემთხვევაში რასმუსენის მოწოდება - ითანამშრომლეთ და ერთად აშენეთ ქვეყანა, სრულიად უადგილოა...

- რასმუსენის რეკომენდაცია არ არის იმპერატივი, არ არის კატეგორიული ინსტრუქცია მოქმედებისათვის. ყოველ შემთხვევაში, ასე არ უნდა იყოს - დიდი პატივი რასმუსენს, მაგრამ მიხედოს თავის საქმეებს. საქართველომ კი თავის საქმეებს უნდა მიხედოს. რა თანაარსებობა შედგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რა კონფიგურაციას, თანამშრომლობის რა ფორმატს აირჩევს დღევანდელი ხელისუფლება, როგორ დამთავრდება სამართლებრივი დევნა დამნაშავე მოხელეების, ეს არის სუვერენული საქართველოს საქმე და საქართველოს ხელისუფლების გარდა, ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. ამ რეკომენდაციას ამდენად დრამატულ შეფასებას ვერ მივცემდი.

თუმცანაციონალური მოძრაობა“ შეეცდება ამას ისეთი პიარი გაუკეთოს ჯერ კიდევ მის ხელში მყოფი ტელევიზიების მეშვეობით, ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია უფრო ეფექტურად გააგერძელოს....

- რა პიარიც უნდა გაუკეთოს, არის რეალობა და ეს რეალობაა ის, რომ საზოგადოების 70-80%-მდე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს ძალად, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, არ უნდა მართავდეს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტი მიიჩნევს, რომ ეს არის დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია.

ის, რომ დღეს შეტანილია სარჩელი ამ პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, ის, რომ ნინო ბურჯანაძე საუბრობს დენაციფიკაციაზე, ანუ სამართლებრივ პროცესებზე, სამართლებრივ დევნაზე და თუკი დაუმტკიცდა პოლიტიკური ორგანიზაციის და ყოფილი ხელისუფლების ლიდერებს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებები, მაშინ რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა აკრძალოს და ოპოზიციურ ნიშას უნდა იკავებდეს სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია ან ორგანიზაციები, რომელთაც ამისი მორალური და პოლიტიკური უფლება გააჩნიათ.

ეს შეიძლება მოხდეს მომავალში, მაგრამ დღეს, ამ მომენტში შეიძლება თუ არა ვიხილოთ სამთავრობო კრიზისი. ეს ხელოვნური არეულობებიც ხომ სწორედ ამისთვის იქმნება - მოსალოდნელია, რომ სააკაშვილმა მთავრობა ქმედითუუნაროდ გამოაცხადოს და პრემიერ-მინისტრიანად დაითხოვოს? - კონსტიტუცია მას ამის უფლებას აძლევს.

- ვერ გამოიყენებს, რადგან ლეგიტიმაციის ხარისხი სააკაშვილს აქვს ძალიან დაბალი. მისი ასეთი დესტრუქციული ბრძანება, ყველაზე კარგ შემთხვევაში, შეიძლება დასრულდეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ საპრეზიდენტო რეზიდენციის ოკუპაციით  და არ მგონია, რომ დღეს ასეთი ლეგიტიმური რესურსი ჰქონდეს სააკაშვილს.

იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება, არის თუ არა შესაძლებელი, ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ამით სამართლიანობა აღდგებოდა და რეალურად გაირკვეოდა, სურს თუ არა ქართველ ხალხს ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში იხილოსნაციონალური მოძრაობა“. ის პროცენტი რაც ამ პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა, ყველასთვის ცნობილია, რა გზითაც შეიქმნა. შეიძლება თუ არა პროცესები ამ მიმართულებითაც წავიდეს, თუ ნაციონალები რევანშისტულ საქმიანობას არ შეწყვეტენ?

- ეს თემა ირიბად უკავშირდება დენაციფიკაციის თემას. თუ ეს პარტია აიკრძალა, შესაბამისად ვიღაც ხომ უნდა გამოხატავდეს ოპოზიციის განწყობებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება ის ძალა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის განწყობებს გამოხატავს. შესაბამისად დგება საკითხი, ვინ შეძლებს პოლიტიკურ ძალთა დაბალანსებას, რადგან პოლიტიკურ სისტემას უნდა ახასიათებდეს გარკვეული სტაბილურობა. ვინ უზრუნველყოფს ამ სტაბილურობას?

ეს საკითხი დადგება თუკი მოვლენები ასე განვითარდება, მაგრამ წმინდა რაციონალური და პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების თვალსაზრისით, ბევრად უფრო აქტუალურია დღეს თვითმმართველობის რეფორმა და ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, რადგან დღეს ვითარება არის ასეთი: არის სრულიად დელეგიტიმური პოლიტიკური ძალა, რომელიც დანარჩენ საქართველოში ფლობს ძალაუფლებას - ეს არის ნონსენსი.

რაც შეეხება საგარეო განწყობებს, მოსალოდნელია, აშშ- პოზიცია და შეფასებები უფრო რეალობასთან მიახლოებული იყოს, ვიდრე ამ წუთას ევროპული განწყობებია?

- მოდით ნუ დავაბრალებთ ამერიკას და ევროპას რაღაცეებს. ბევრი რამ ამ ხელისუფლების ბრალია. უკეთესად არის სამუშაო ლობისტებთან, უკეთესი და ბევრად ეფექტურად არის სამუშაო პიარის თვალსაზრისით, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით და ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

ვგულისხმობ იმ ყველაფერს, რასაც წარმატებით აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“. მით უფრო, რომ მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ორ ძალას ერთმანეთთან ვერც შეადარებ, იმდენად არამომხიბლავად გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები. ხომ უნდა მოახერხო, რომ ნაცმოძრაობას ამდენი სალაპარაკო მისცე?! ეს მიმაჩნია უხეშ შეცდომად და, სხვათა შორის, მხოლოდ გამოცდილების არქონით არ აიხსნება, აქ უკვე შესაძლოა რესურსების კვალიფიკაციასთან გვქონდეს პრობლემა.