"როდესაც ხობის გამგებლად დავინიშნე, ხობში მეწარმეებთან და საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე განვაცხადე, რომ რაიონში შერჩევითი სამართალი მოისპობოდა. თურმე ეს "ნაციონალური მოძრაობის" ენაზე მტრობას ნიშნავს და ამ განცხადების შემდეგ დაიწყო ჩემი დევნა. როლანდ ახალაიამ პირადად მითხრა: მშვიდად ვერ იქნები, ხაფანგს დაგიგებო. საქმე ახალაიების ოჯახთან დაახლოებულ აგენტს, მეწარმე დავით ქუხილავას დაავალეს", - აცხადებს ხობის ყოფილი გამგებელი იგორ ტყებუჩავა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩემი საქმე როლანდ ახალაიას ნიურნბერგის პროცესი იქნება!"
"ქუხილავას ხობში 4 ტენდერი ჰქონდა მოგებული. ერთ დღესაც, როცა ქუხილავასთან ერთად წავედი მისი ობიექტების დასათვალიერებლად, მან გზაში ამოიღო ფული და ააფრიალა, თუმცა ამ თანხისთვის ხელიც არ მიხლია. ორი დღის შემდეგ, როდესაც ჭალადიდიდან ხობში ვბრუნდებოდი, ალყა შემომარტყა კუდ-ის რაზმმა, წამიყვანეს "მოდულის" შენობაში და ახსნა-განმარტების გარეშე შემაგდეს იზოლატორში. ჩემი კაბინეტის გასაღები ჩემს ოჯახს ძალით წაართვეს, ქურდულად შეიპარნენ კაბინეტში და სეიფში დადეს ფული. შემდეგ კი სეიფი გააღებინეს ჩემს თანამშემწეს და ვითომ ნივთმტკიცება ამოიღეს. ქუხილავამ დაწერა, რომ ფული მან მომცა ქრთამად. გაუგონარი ზემოქმედებისა და წამების გამო იძულებული შევიქენი, დაკითხვის ოქმზე ხელი მომეწერა. სხვა გამოსავალი არ მქონდა - ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. აი ასე, აღმოვჩნდი გლდანის საპყრობილეში. როლანდ ახალაია სურვილისამებრ იჭერდა ადამიანებს გამოგონილი ბრალდებებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ ტყებუჩავა.
"როლანდ ახალაია ტირან ნერონივით იქცეოდა - ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. მის კაბინეტში წყდებოდა, ვინ რომელ თანამდებობაზე დაინიშნებოდა სამეგრელოში და ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. ავრცელებდა ჭორებს, აყალბებდა არჩევნებს, რასაც ადრე კრიმინალები აკეთებდნენ, ხელისუფლების მიერ კეთდებოდა როლანდ ახალაიას პროკურორობის პერიოდში, როლანდ და დათა ახალაიების ბრძანებებს ბრმად ასრულებდნენ რამაზ ლიპარტია, ბაჩუკი ლაგვილავა, თეიმურაზ ბოჭორიშვილი, დიმა ჭაკუა, რუსლან შამახია, შარდენ კოპალიანი, კობა მსხილაძე და ლევან შელია - ისინი ყალბ ჩვენებებს აწერდნენ ხელს... - განაგრძობს რესპონდენტი
"ახალაიებისთვის ხელსაყრელი არ იყო წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი გარეთ ყოფნა - სიმართლე რომ არ მეთქვა. ციხეში გაუსაძლის პირობებში მიწევდა ყოფნა. თავდაპირველად ჩემზე საშინლად ზემოქმედებდნენ: პირველი 4 დღის განმავლობაში ერთი ჭიქა წყალიც არ მომიტანეს. შემდეგ ხერხემლის მალაც დამიზიანეს... იყო ასეთი შემთხვევაც: გლდანის ციხის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ე.წ. კარმუშკა გააღო და პატიმრებს უთხრა, პირი გააღეთ, უნდა ჩაგაფურთხოთო. ვინც პირველმა თქვა უარი, ერთი "დუბინკა" პირში ჩაუდო, ხოლო მეორე "დუბინკით" იმდენი ურტყა, ვიდრე ყველა კბილი არ ჩაუმტვრია. ციხეში წიგნიც დავწერე - "გამგებლის თვალით დანახული სააკაშვილ-ახალაიას რეჟიმი". ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ პატიმრები გაიძახოდნენ: ოღონდ ბიძინა მოვიდეს ხელისუფლებაში და წლებს კიდევ დავიმატებთო. როდესაც ცნობილი გახდა არჩევნების შედეგები, ციხე სიხარულისგან გუგუნებდა", დასძენს ყოფილი გამგებელი და შეკითხვას - "კარგად იცნობთ როლანდ ახალაიას?" - პასუხობს:
"რასაკვირველია, ის ხომ ჩემი თანასოფლელია. მისი ოჯახი სააკაშვილის კარზე უფრო რომ დაფასებულიყო, იმიტომ დამაპატიმრა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საქმე როლანდ ახალაიასთვის ნიურნბერგის პროცესი იქნება".