როგორ აძლიერებენ ერთმანეთს „ქოცები“ და ნაცები“, რატომ აწვდიან ერთმანეთს ე.წ. სატოპკეებს და რატომ ჰგავს მიშასა და ბიძინას დამოკიდებულება ნიანგისა და ჩიტი კოლიბრის სიმბიოზს, რომლებიც ბუნებაში ანტაგონისტები არიან, ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ სარგებელს იღებენ ურთიერთით, რადგან ჩიტი კოლიბრი ნიანგს კბილებს უწმენდს, ამით თვითონაც იკვებება და „მადლიერი“ ნიანგისგან საფრთხესაც არ გრძნობს.
ქართული პოლიტიკური თამაშების შესახებ For.ge ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.
გიორგი ვაშაძე საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას აანონსებს და ყველა რაიონის, ყველა ოჯახის, კონკრეტულად კი, ახალგაზრდობის ჩართვას აპირებს ამ საქმეში. ეს სცენარი იმ შემთხვევაში განვითარდება, თუკი ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს არ დასთანხმდება. რა რესურსები აქვს ოპოზიციას საერთო ეროვნული მღელვარების დასაწყებად?
- ოპოზიციის რესურსებზე გამიჭირდება საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენი მთელი პოლიტიკური ელიტა საკმარისზე მეტად კომპრომეტირებულია იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც ჭიდაობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ობიექტურად, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ კრიზისზე და ამ კრიზისის ინსპირატორი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა. ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ მოძებნა კონსენსუსი, თითქოს ქვეყანა დაწყნარდა პროპორციული არჩევნების დაპირებით, მაგრამ ამის შემდეგ ქვეყნის სტაბილურობის მაგიდა ააყირავა ხელისუფლებამ. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ვაშაძის მხრიდან ამ ტიპის განცხადებებსა და ამ ტიპის პოლიტიკურ გეგმებს აქვს საფუძველი. აქ ხელისუფლებას თავის მართლება ძალიან გაუჭირდება. ერთადერთი, მათი თავის გასამართლებელი არის „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი წარსული. მეტი რა არგუმენტი აქვს ხელისუფლებას? ისინი შეჰპირდნენ და გადააგდეს საზოგადოება და არ აქვთ ამის საწინააღმდეგო არგუმენტი.
ზუსტად ხელისუფლება აცოცხლებს „ნაცმოძრაობას“. სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობას“ ახლა ობიექტური არგუმენტი მიეცა ქუჩაში გამოსასვლელად, ამ დროს კი „ქართულ ოცნებაში“ წუწუნებენ, უნდა დავამთავროთ „ნაცმოძრაობაო“. სინამდვილეში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ წელში გამართული დადიოდეს ქალაქში. ეს არის ჩვენი უბედურება, ვინ რას მოახერხებს და რას არა, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ასე უპასუხისმგებლოდ იქცევა, სახიფათოა ქვეყნისთვის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ „ნაცები“ დაბრუნდნენ, ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს, მაგრამ პროპორციული არჩევნები ქვეყანას დააზღვევდა ძალაუფლების მონოპოლიზებისგან, როგორც „ქართული ოცნებისგან“, ისე „ნაცმოძრაობისგან“. პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, აბსოლუტურად ალოგიკური გამოვიდოდა ხელისუფლების ლოზუნგი, რომ მე თუ არა, მაშინ „ნაცი“ მოდის.
რა დაგვანახა ქუთაისის აქციამ? იქ არ იყო ბევრი ხალხი შეკრებილი და, როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, ამ აქციაზე 20-30 ქუთაისელი თუ იქნებოდა გამოსული და ბაბუამისის ქელეხში უფრო მეტ ხალხს ნახავდით.
- ეს თავის დაწყნარებაა, მეტი არაფერი. რეალური მოცემულობა ის არის, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემა აქვს. ახლა ვიღაც სპეციალურად გამოიყვანეს და თბილისიდან გაგზავნილი მესიჯი წააკითხეს, რომ აქციაზე 20 ქუთაისელი იყო და ბაბუის დასაფლავებაზე უფრო მეტი მოდისო, ეს ხომ მოცემულობას ვერ შეცვლის?! ჩვენ ხომ გვესმის, რომ ხელისუფლების მიმართ პროტესტი ძალიან მაღალია? ეს პროტესტი მხოლოდ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კი არ არის, არამედ უფრო მეტია პრობლემა - სოციალური, ეკონომიკური გასაჭირი, ხალხს შია, წყურია. ამ დროს გამოდის ხელისუფალი და ნაცვლად იმისა, რაღაც იმედი ჩაუსახოს ამ ადამიანებს, ეუბნება, წადით გერმანიაში, იქიდან აგზავნეთ ფული და სიღარიბის პრობლემაც ასე გადაწყდებაო. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არ არის ობიექტური პრობლემები? ვინმე კმაყოფილია ამ ქვეყანაში ცხოვრებით? თუ ხალხს ის უნდა აჭამონ, რომ მე თუ არა, მაშინ „ნაცები“ დაბრუნდებიან? ამით სადამდე უნდა კვებონ ხალხი?
სხვათა შორის, საპროტესტო აქციაზე ასეთი ცინიკური ლოზუნგიც იყო გამოტანილი - „სააკაშვილით ხალხის შეშინების საარჩევნო პროგრამა - 2012-დან 2020 წლამდე“. სწორედ ასეთი შეზღუდული ვადა განუსაზღვრეს ხელისუფალს მომიტინგეებმა.
- ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილი ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ მოდის, ამის არც მათემატიკური, არც ელექტორალური საფუძველი არ არის. ეს არის უბრალოდ მანიპულირებადი არგუმენტი ხელისუფლების მხრიდან, რადგან ისინი პოზიტიურს ვერაფერს ქმნიან და ისევ სააკაშვილით აშინებენ ხალხს. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა, ვიღაც ამას ჭამს, ვიღაც არა, მაგრამ ხელისუფლებას ჩვენ იმიტომ კი არ ვქირაობთ, რომ სააკაშვილის მოსვლა, თუ არმოსვლა განგვისაზღვროს, არამედ ჩვენ ხელისუფლება იმისთვის დავიქირავეთ, რომ გადაწყვიტოს ძირითადი პრობლემები - უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური თემები, ქვეყნის გამთლიანება. არც ერთ ამ პრობლემაზე ხელისუფლება დემონსტრატიულად არ ზრუნავს, აღარც კი ლაპარაკობს ამ პრობლემებზე.
თქვენ ბრძანეთ, რომ სააკაშვილის დაბრუნების პერსპექტივა არ ჩანს, მაგრამ სინქრონულად ზუსტად მაშინ აქტიურდება ხოლმე სააკაშვილი, როცა „ოცნება“ გასაჭირშია. ეს იწვევს ეჭვებს, ხომ არ ფინანსდება სააკაშვილი „ოცნებისგან“ იმ მომენტში, როცა „ოცნებას“ განსაკუთრებულად უჭირს და, როცა მიშას მუქარებია საჭირო?!
- მე ყოველთვის ვამბობ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ჩამოყალიბდა სიმბიოზად. ისინი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ, ზუსტად ასეთ აქტიურ პოლიტიკურ პერიოდებში იწყებს ხოლმე სააკაშვილი „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად მუშაობას, ხოლო ბიძინა ივანიშვილი იწყებს „ნაცმოძრაობის“ შტაბის უფროსად მუშაობას. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ. ასეთ შულერულ თამაშს ეწევიან და ამ შულერული თამაშით გადიან ფონს. ეს არ არის ახალი, ზუსტად ამავეს აკეთებდნენ თავის დროზე შევარდნაძე და ასლან აბაშიძე. წინასაარჩევნოდ დაეტაკებოდნენ ერთმანეთს, გვეგონა, ლამის ომი იწყებოდა ქვეყანაში, მაგრამ გადააგორებდნენ არჩევნებს, გაიყოფდნენ პარლამენტს და იყვნენ ისევ ტკბილად ერთმანეთში.
მაშინ რას ნიშნავს სააკაშვილის ხმას აწყობილი გუბაზ სანიკიძის მუქარა, ნიკა გვარამიას მომთხოვნი ტონი? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები ზურგიდან რაღაც ძალას გრძნობენ, თორემ არ იქნებოდნენ ამ ტონალობაში?
- რა არის, იცით, ამ ორი ძალის მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების შექმნა, ისევ შუას გაკრეფის პრინციპია. შუა როგორ უნდა გაკრიფო? მაქსიმალურად ხმამაღალი განცხადებები უნდა აკეთო, რაც ხელისუფლებასაც აწყობს და „ნაციონალებსაც“, რადგან ერთი რჩება ხელისუფლებაში, ხოლო მეორე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ინარჩუნებს. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ჯამური მაჩვენებელი არჩევნებზე 40%-ზე მეტი არ არის, ანუ ამომრჩევლის 60% არჩევანის გარეშეა. შესაბამისად, ეს ორი ძალა თავისი ისტერიკით, მუდმივი თავ-პირის მტვრევით იმას ახერხებს, რომ ამომრჩევლის 60%-ს უტოვებს განცდას, რომ არ არსებობს სხვა არჩევანი და არჩევანი უნდა გავაკეთო ისევ ცუდსა და უარესს შორის, სწორედ ეს არის შულერული თამაში. კი ბატონო, დანარჩენ ოპოზიციასაც თავისი უბედურება სჭირს, მაგრამ მაინც ვისურვებდი, რომ 2020 წლისთვის მივიღოთ მულტიპარტიული, დაბალანსებული ხელისუფლება, რათა ძალაუფლებაზე მონოპოლია არ დარჩეს არც არსებულ ხელისუფლებას და არც ძველი არ დაბრუნდეს. ამის ყველა მონაცემი არსებობს, ყველა კვლევა ამას აჩვენებს, ამას უბრალოდ სჭირდება თავისუფალი კონკურენტული არჩევნები. გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციული არჩევნები ზუსტად ასეთი კონკურენტული არჩევნების ჩატარების შანსია, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს მულტიპარტიულ პარლამენტამდე და ძალაუფლების მონოპოლიას გამოაცლის ამ ორ ძირითად პოლიტიკურ ცენტრს, ისტორიის ამ ეტაპზე ეს არის დაზღვევა ძალაუფლების უზურპაციისგან, რაც მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩვენთან, ვინც კი მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა გაირყვნა და ხელი მოაწერა ცუდ რაღაცებს. ახლა ჩვენ გვინდა დაბალანსებული ხელისუფლება, სადაც თუნდაც შიდა კონტროლი იქნება პარტიებს შორის, რათა არ დავუშვათ რომელიმე ძალის აბსოლუტიზაცია. პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმით ხელისუფლებამ „ნაცები“ კი არ გადააგდო, პირიქით, „ნაცები“ ახლა ძალიან კარგად გრძნობენ თავს, ხელისუფლებამ გადააგდო დანარჩენი პოლიტიკური ელიტა, მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე და უცხოეთიც გადააგდო.