„მირჩევნია, მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი, მე განზე გავდგები, თუკი ხელისუფლებაში მოსასვლელად ვიხილავდი ჯანსაღ ძალებს“, - ბიძინა ივანიშვილის „ბლუმბერგისთვის“ მიცემულმა ამ ინტერვიუმ კითხვები გააჩინა საზოგადოებაში. არავინ დავობს, რომ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვიან არაჯანსაღი ძალები, მაგრამ ვინ მიიყვანა პროცესი აქამდე, რატომ ვერ მოხერხდა, ჯანსაღი ძალები გამოჩენილიყვნენ პოლიტიკაში და რა წილი აქვს ამ ყველაფერში „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს?!
ამის შესახებ For.ge-ს თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ესაუბრა.
თუკი ბიძინა ივანიშვილს დავესესხებით, „გავდგებოდი გვერდზე, ხელისუფლებაში მომსვლელ ჯანსაღ ძალებს თუ ვიხილავდიო“, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი უახლოეს მომავალში ვერ იხილავს ჯანსაღ ძალებს, რადგან ასეთი ძალები არ ჩანს?
- ასეთი ძალები ვერც გამოიკვეთება. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა ახსნა კიდეც, რის გამო ვერ გამოიკვეთება ასეთი ძალები. მან ნაწილობრივ განმარტა, რომ არ არსებობს ამის ეკონომიკური ბაზა. ანუ ორი პარტია მთლიანად იწოვს ეკონომიკას და ვერ აღმოცენდა ჯანსაღი ძალა, რადგან ამის ეკონომიკური წანამძღვრები არ არის. რა თქმა უნდა, ეს სწორია.
მაგრამ ივანიშვილმა თავადაც არ შეუწყო ხელი მესამე ძალის გაჩენას, თუკი აქ ვიგულისხმებთ „შუა გაკრეფის პრინციპს“...
- ცხადია, ის აყოლილი იყო დიქოტომიურ სქემას და, ასევე, სახელმწიფო მოწყობის იმ მოდელს, რომლის იდეოლოგებიც არიან „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელმძღვანელები, კობახიძე, თალაკვაძე და სხვები... ეს სიტუაცია აუცილებლად გულისხმობს არაფორმალურ მართვას, ანუ ვიღაც უნდა იყოს ბოლო ინსტანცია, საბოლოო ინსტანციის გარეშე ხელისუფლება ვერ ხორციელდება. მით უმეტეს, საქართველოში, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს საკითხები, ასეთ ფუნქციას ასრულებს ბიძინა ივანიშვილი, რომლის ხელისუფლება სცილდება მის ინსტიტუციონალურ უფლებამოსილებებს. ახლა მას აბრალებენ დიქტატურას, ტირანიას. ეს კომიკურია, რადგან ყველაფერი შეიძლება დავაბრალოთ მას, დიქტატურისა და ტირანიის გარდა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს არამდგრადი, ქაოსისკენ მიდრეკილი სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მოახერხებს და ბიძინა ივანიშვილს ჩამოაცილებს „ქართულ ოცნებას“, მივიღებთ ქაოტურ მდგომარეობას. ეს არის ოპოზიციის სტრატეგია. „ქართული ოცნება“ როგორც იდეოლოგიური გაერთიანება, თანამოაზრეთა გუნდი ნაკლებად შეიძლება წარმოვიდგინოთ, აქ მყოფი ადამიანები გაერთიანებულნი არიან სახელმწიფო აპარატში მათი გაბატონებული მდგომარეობით და ამ მდგომარეობას უზრუნველყოფს ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და ფინანსები. თუ მოხდება ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან, ქაოტური მდგომარეობის მეშვეობით „პატივცემული“ „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული ძალები ხელისუფლებაში მოსვლას შეეცდებიან. მათ ეს გათვლა აქვთ, სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანური გათვლაა. რადგან ასეთი ქაოსის პირობებში ხდება სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების დეზორგანიზაცია, ძალოვანი სტრუქტურების დემორალიზაცია და რაღაც მომენტში, როდესაც ხელისუფლება ოპონენტების გამოხტომებს ვერ სცემს პასუხს, ადამიანები აღარ უჭერენ მხარს ასეთ ხელისუფლებას და მათი აგრესია უკვე ხელისუფლებისკენ მიემართება, რადგან ქაოსზე პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, ვინ გამოიწვია ეს ქაოსი და ვინ არის ამის ბენეფიციარი, მაინც ხელისუფლებას ეკისრება. ეს პროცესი მიმდინარეობს ახლაც.
არასტაბილურობა მხოლოდ გავრილოვის ღამის შემდეგ დაებედა ჩვენს ქვეყანას, თუ მისი ფესვები გაცილებით ღრმაა?
- არასტაბილურობა იმ დღიდან გრძელდება, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. უკვე ბანალურია ამაზე საუბარი, რომ არ მიეცა პოლიტიკური შეფასება „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ ქმედებებს, „ნაცების“ და მისი დანაყოფების შენარჩუნება და პოლიტიკური რეანიმაცია ხდებოდა იმ მიზნით, რომ საქართველოში იმიტაციური დემოკრატიული სქემა შენარჩუნებულიყო. „ქართული ოცნება“ გაჰყვა სახელმწიფოებრივი მოწყობის იმ სქემას, რომელიც სააკაშვილმა თავისი ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის შეიმუშავა დემეტრაშვილსა და შარმანაშვილთან ერთად. აქ იგულისხმება ე.წ. საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუციის სიმბოლურად, ცერემონიალური უფლებების მქონე ინსტიტუტად გადაქცევა. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ინსტიტუციები და, სადაც პოლიტიკური პარტიები არის მათი ევროპული ანალოგების გროტესკები, სადაც დემოკრატიული ტრადიცია არ არის, რადგან ჩვენ გამოვედით საბჭოთა სისტემიდან, ასეთ ვითარებაში ამ მოდელის შექმნა იწვევს ძალაუფლების სისტემის კოლაფსს. ქვეყანაში ვერ ხორციელდება ძალაუფლება, რადგან არ არსებობს ლეგიტიმური პირი, რომელიც განახორციელებს ხელისუფლებას. ხალხის ნდობის მანდატით არჩეული პირი შეიძლება ყოფილიყო პრეზიდენტი, მაგრამ იმ მოტივით, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი შეიცავს ავტორიტარიზმის საფრთხეს, შემოღებულ იქნა განსხვავებული მოდელი. გარკვეული ძალები ზუსტად ამ მოდელს კარნახობენ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა, საქართველო. ეს მიუღებელი მოდელია, რადგან არამდგრადი სისტემაა და არ ჰყავს საყრდენი. ნებისმიერ პატარა ბიძგს სისტემა გამოჰყავს წონასწორობიდან, სახელისუფლო ვერტიკალი არ არსებობს, ხდება ქვეყნის უწყებებად, სხვადასხვა ინსტიტუციებად დაშლა. ამას ერთგვარ ფეოდალურ დაქუცმაცებულობას შევადარებ, როცა პასუხის მომთხოვნი არავინაა, ყველა სისტემა საკუთარი ინტერესებით მუშაობს.
თქვენ ბრძანეთ, ეს ძალები ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებას ხელისუფლებიდან, მაგრამ ეს გეგმა მიღწევადია მაშინ, თუ მარტო არ ხარ და დასავლეთიც მხარს გიჭერს. როგორ გგონიათ, დასავლეთი მათ თანაუგრძნობს? მაშინ რას ნიშნავს „ნაციონალების“ წუხილი, რომ დასავლეთი „არ აწვება ამ ხელისუფლებას“?
- დასავლეთი იქნება, თუ აღმოსავლეთი, ეს რეალობას აცილებულია. დასავლეთი შედგება ძალიან ბევრ ინტერესთა ჯგუფისგან. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ ძალაზე, რომელიც პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს ამ აგრესიულ ძალებს ხელისუფლებაში მოსასვლელად. ჩვენ დავინახეთ, დასავლეთში რომელი ძალებიც არიან ესენი, ისიც დავინახეთ, თუ ვინ აწყობს კონფერენციებს და ვინ რა განცხადებით გამოდის. ესენი არიან ამერიკელი ნეოკონსერვატორები, რომლებსაც უნდათ საქართველოში ანტირუსული ფორპოსტის შექმნა, ანუ აქ უნდათ რუსეთის საწინააღმდეგო რადიკალურად განწყობილი ცენტრის შექმნა, რომელიც საჭირო დროსა და მომენტში გამოიწვევს სიტუაციის დაძაბვას.
სხვათა შორის, ე.წ. ოპოზიცია ძალიან ხშირად იმეორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ძალაა და თავად არიან პროდასავლელები. ამაში არის სიმართლის მარცვალი?
- ეს არის ტყუილი. როგორ არის ივანიშვილი რუსული ძალა, როდესაც ამერიკაში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-ხელშეკრულებას მოეწერა ხელი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ასევე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება დადებული.
მაგრამ ჩნდება კითხვები ანაკლიის პორტთან მიმართებით, ასევე, რუსეთიდან ჩამოსული კადრების, მათ შორის, გახარიას დაწინაურებასაც უხსენებენ ბიძინა ივანიშვილს.
- ანაკლიის პორტს რაც შეეხება, ვერანაირი ეკონომიკური გათვლები ვერ წარმოადგინა იმ კონსორციუმმა და, შესაბამისად, ვერც ინვესტორი მოიძიეს. ერთადერთი, მათი მანიპულაციის ამოცანა იყო, რომ სახელმწიფოს აეღო გარანტიები იმ შემთხვევისთვის, თუკი ანაკლიის პორტი ვერ დაიტვირთებოდა შესაბამისად და იქნებოდა წამგებიანი. გამოდის, სახელმწიფოს უნდა მიეცა გარანტიები წამგებიან პროექტზე. როდესაც შეკითხვები დაისვა, არის თუ არა ანაკლიის პორტი უზრუნველყოფილი ჩინური ტვირთებით, გაირკვა, რომ არ არის უზრუნველყოფილი და, საერთოდ, დოკუმენტიც არ შექმნილა ყბადაღებულ აბრეშუმის პროექტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ამერიკელებს არ აწყობდათ აქ ჩინური კაპიტალის შემოსვლა. ვისაც შეეძლო ამ პროექტის სუბსიდირება და მისი აშენება, ეს ჩინეთი იყო და ამერიკელებმა კატეგორიული წინააღმდეგობა გაწიეს ჩინური კაპიტალის შემოსვლაზე.
დავუბრუნდეთ ისევ ოპოზიციას, რომელმაც 7 დეკემბრიდან მასშტაბური აქციები დააანონსა რეგიონებში. ეს ნიშნავს, რომ მღელვარება რეგიონებსაც გადაედება? რას უპირისპირებს ხელისუფლება ოპოზიციის სტრატეგიას?
- ხელისუფლებას ძალიან ცოტა არჩევანი აქვს მის მიერვე დაშვებული 7-წლიანი სისტემური შეცდომების გამო. კონტრაქციის ორგანიზება არ დაიმალება და შესაძლოა, ვითარება დასრულდეს იმით, რომ „ნაცმოძრაობამ“ მიიღოს საკრალური მსხვერპლი, ჩაითრიოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც „ნაცების“ ყოფნის გამო უარს ამბობს რაიმე ტიპის აქტივობაზე. ეს შედეგი შეიძლება დადგეს ამის გამო. ამიტომ ხელისუფლება ამას ერიდება, თუმცა, ამას არ ერიდება „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, ტემპერატურა იმ დონეზე ასწიონ, დაპირისპირებამ მაქსიმალურ ხარისხს მიაღწიოს. ეს რეგიონებში გასვლასაც ეხება. თანამდებობის პირს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ, როცა ადამიანებს ეძახი „მონას“, აფურთხებ და აგინებ, ამაზე მათ გაუჩდებათ ბუნებრივი რეაქცია.
„ნაცებს“ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავთ საქმე, მაგრამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რომ „ნაცები“ ამდენი ხანი სასათბურე პირობებში ჰყავდათ. რაც მთავარია, თვითონ ეს სიტუაცია გამორიცხავს ქვეყნის განვითარებას. რომელ ინვესტიციებსა და სტრატეგიაზეა საუბარი, ტურიზმზე იყო აგებული ჩვენი ეკონომიკის დიდი ნაწილი და რომელ ტურისტს მოეწონება, რაც დღეს ხდება, როცა ჩვენი ტელევიზიები აჩვენებენ საშინელი დაძაბულობისა და შეხლა-შემოხლის სურათს. გავრილოვის ცნობილი მოვლენების შედეგად ჩვენი ქვეყანა ისედაც უზარმაზარ ზარალს განიცდის. ეს ყველაფერი კარგად არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არავის აწყობს აზიური გაზის დერეფნად საქართველოს გადაქცევა. მოგეხსენებათ, ეს პროექტი გულისხმობს თურქმენეთის ჩართვასაც და დიდ მოცულობებზე გადის, რაც, განსაკუთრებით არ მოსწონს ჩვენს ჩრდილოელ და სამხრეთელ მეზობელს, აქ არ ვგულისხმობ თურქეთს. ამით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ენერგოდამოუკიდებლობისკენ. ევროპის მომარაგება აზიური გაზით რუსეთის გვერდის ავლით საკმაოდ მტკივნეული პროცესია თვითონ რუსეთისთვის. ამიტომ რუსეთი უხვად დააფინანსებს მის მიერვე მართულ ჯგუფებს, რომლებსაც ანტირუსული რიტორიკა აქვთ, მაგრამ რუსეთის საქმეებს აკეთებენ.
(ნაწყვეტი)
* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".