სოსო ცისკარიშვილი:

სოსო ცისკარიშვილი: "რასმუსენის მწვავე განცხადება სააკაშვილის და მისი დამქაშების სიცრუის დამსახურებაა... "

`რასმუსენის ეს მწვავე განცხადება სააკაშვილის და მისი დამქაშების სიცრუის დამსახურებაა და არა რეალური ვითარების შეფასება. ცხადია, რომ ნატოს გენერალურ მდივანს პოლიტიკურმა ალღომ უმტყუნა - ვერ წარმოიდგინა, რომ წლების განმავლობაში მისი პარტნიორი პრეზიდენტი, რომელიც ხშირად ლაპარაკობდა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაზე, ასეთ ტყუილებს იკადრებდა. რასმუსენის განცხადება გარკვეულწილად აისახა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშიც. შედეგად კი ამას მოჰყვა ქართველი საზოგადოების აღშფოთება, რომლისთვისაც წარმოუდგენელია, ასეთი გადაუმოწმებელი ფაქტების საფუძველზე თუ შეეძლო ნატოს გენერალურ მდივანს მკვახე განცხადების გაკეთება", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მოცემულ ინტერვიუში, სათაურით "ახალაია დედა ტერეზა არ არის და ვერც იქნება" / "ვთავაზობ რასმუსენს, მონაწილეობა მიიღოს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში, მერე გამოძიებისშედეგით აღშფოთება კი არა, გულყრა რომ არ დაემართოს".

"ჩვენთვის ნატო არის სამართლიანობის სიმბოლო, სამწუხაროა, რომ ამ სიმბოლოს ჩირქი მოსცხო მიხეილ სააკაშვილის ტყუილებმა. იმედი ვიქონიოთ, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ რასმუსენისთვის ცხადი გახდება რეალური ვითარება, რის შემდეგაც, კარგი იქნებოდა, ნატოს გენერალურ მდივანს ბოდიში მოეხადა ქართველი საზოგადოებისთვის. კარგი იქნება, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ახსოვდეთ, რომ რეალურად ჩვენ პრეზიდენტი არ გვყავს, სამაგიეროდ, გვყავს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც იჩემებს ქვეყნის პრეზიდენტობას. როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი უპირისპირდება ქვეყნის პარლამენტს და მთავრობას, რასაკვირველია, მისი საპრეზიდენტო ფუნქციები ეჭვქვეშ დგება და ეს ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. ეს კარგად გამოჩნდა ამ ასამბლეაზე სააკაშვილის გამოსვლისას, როდესაც ვნახეთ, რომ პირადი ინტერესებისთვის სააკაშვილი მზად არის ქვეყანა დააზარალოს. გამოჩნდა ისიც, რომ სააკაშვილის განცხადებები არ ემსახურება ნატოსკენ გულწრფელ სვლას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ვფიქრობ, უმრავლესობის წარგზავნილი დეპუტატები - ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე არ დააკლებდნენ მცდელობას, მიეტანათ რეალური სურათი ევროპარლამენტარებამდე, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ამ შედარებით უცნობი პირების მცდელობა ვერ შეცვლიდა ნატოს გენერალური მდივნის თვალსაზრისს. შესაბამისად, ასამბლეამაც გაიზიარა რასმუსენის აღშფოთება. ერთი საკითხიც მნიშვნელოვანია: წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან უამრავი ფული იხარჯებოდა "ნაციონალური მოძრაობის" და არა ქვეყნის ლობირებაში, ამ საქმიანობისთვის წლევანდელი ბიუჯეტი კიდევ აძლევს ნაცმოძრაობას საშუალებას, ლობისტებს გადაუხადოს ფული, თუმცა მომავალი წლიდან ქვეყნის ხარჯზე ნამდვილად ვეღარაფერს გააკეთებენ. რაც შეეხება საკითხს - უნდა დააპატიმრონ თუ არა ვინმე საქართველოში, ამისთვის საქართველოს მოსახლეობამ უკვე აირჩია პარლამენტი, რომელმაც შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვა მთავარი პროკურორი, ამ ეტაპზე მათ საქმეში ჩარევა არაფრის მომცემი იქნება. ერთადერთი, რაც შემიძლია შევთავაზო რასმუსენს, მომავალშიც უადგილოდ და უსამართლოდ რომ არ აღშფოთდეს, მონაწილეობა მიიღოს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში, მერე გამოძიების შედეგით აღშფოთება კი არა, გულყრა რომ არ დაემართოს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება "საზოგადოებრივ მაუწყებელს", როგორც ჩანს, ესეც იყო სააკაშვილისა და რასმუსენის საუბრის თემა. სააკაშვილმა სცადა, "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ფინანსური პოლიციის შესვლა "იმედის" დარბევის რანგში აეყვანა. არადა, მხოლოდ ფინანსური დოკუმენტაცია მოწმდება. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობამ და ნაციონალურმა ოპოზიციამ თავიანთი მოქმედებებით, წინასწარ, გამოძიებამდე აღიარეს, რომ ამ დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ აუცილებლად გამოვლინდება ფინანსური დარღვევები. როდესაც საბიუჯეტო ორგანიზაციას ხაზინის ამხელა ვალი აქვს, ბუნებრივად ჩდება კითხვები იმ სახელმწიფო ფინანსური სისტემის მიმართ, რომელმაც ამხელა ვალის დაგროვება დაუშვა. კიდევ უფრო უარესია, რომ სახელმწიფო საგადასახადო სტრუქტურებიდან ასეთი მხარდაჭერა ჰქონდა კერძო ტელევიზიების ნაწილსაც", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

"ამ ორხელისუფლებიანობის გამოწვევა ჩადებული იყო კონსტიტუციაში, ამიტომ აქვს პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ოქტომბრამდე გაგრძელებული. იმედი აქვთ, რომ ერთი წელი ეყოფათ ვითარების შემოსაბრუნებლად. როგორც კი გამოცხადდა არჩევნების შედეგები, დაიწყო დიდი თანხების გადარიცხვა ადგილობრივი მმართველობებისთვის, სადაც ნაცმოძრაობამ გამარჯვება მოახერხა. მათ ქვეყნის მართვის ისეთი მრუდე სისტემა შექმნეს, რომელიც ორიენტირებულია არა რაიმე ტიპის დეცენტრალიზაციაზე, არამედ ადგილობრივ მმართველთა ვერტიკალური დაქვემდებარებისა და მორჩილების ვალდებულებაზე. ეს ვერტიკალი ჯერჯერობით შენარჩუნებულია, მაგრამ თუ გაირკვა, რომ სახელმწიფო მართვის პარალელურად ამ ვერტიკალმა თავისი მოქმედებით ზიანი მოუტანა ქვეყანას, რასაკვირველია, კონსტიტუციის დონეზე უნდა დადგეს იმ პოლიტიკური ძალის ყოფნა-არყოფნის საკითხი, რომელიც მოტივირებულია საბოტაჟის რეჟიმში იმუშაოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ! ხალხისთვის მიუღებელია მმართველობის ის სტილი, რაც რეგიონებშია დანერგილი, ამიტომაც უპრიანი იქნება, ვადაზე ადრე ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები", - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვას - "ბაჩო ახალაია ციხის საკნიდან იძლევა ინტერვიუებს..." - პასუხობს:

"ნაცებიც და თეა თუთბერიძეც ამ კაცის ლამის დედა ტერეზად წარმოჩენას ცდილობენ, თუმცა მაგათ მეტს ეს არავის სჯერა. ახალაია არ არის დედა ტერეზა და ვერც იქნება. ვფიქრობ, ახალაიას ბრალი დღითი დღე დამძიმდება. არსებობს არცთუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ ახალაიასთვის ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარი ახლა ქართული ციხეა, მით უფრო რომ, როგორც ჩანს, იმ ციხეში მშვენივრად გრძნობს თავს, არ აკლია ჟურნალისტების ყურადღება, მაგრამ არა მგონია, ნორმალური იყოს, ახალაია ზეაქტიური მედიის წყალობით მოძღვრავდეს ერს ციხიდან".