შეუშლის თუ არა საქართველოში აგორებული პროტესტის ტალღა ხელს ინვესტორებს? ამაზე ექსპერტები და დარგის სპეციალისტები ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან. მათი სურვილია, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ დაზარლდეს, მაგრამ რეალობა სხვაგვარ სურათს იძლევა.
ბოლო პერიოდში გაფიცვა ფოთის პორტის, ბორჯომის ქარხნის, ყულევის ტერმინალის, ჭიათურის მაღაროს, ტყიბულის მაღაროების, ფარავანჰესის თანამშრომლებმა გამოაცხადეს. ამ კომპანიების უმრავლესობა უცხოელი ინვესტორების ხელშია. ეკონომიკის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი კი განმარტავს, რომ უმსხვილესი ქართული კომპანიების ნაწილში თანამშრომლების გაფიცვა საქართველოთი უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას ხელს არ შეუშლის.
გიორგი სეთურიძის თქმით, ის რაც საქართველოში ხდება, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რადგან ადამიანებმა, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ტერორის და წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, ხმა ამოიღეს თავიანთი უფლებების დასაცავად. ამიტომ, სეთურიძის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა ამ ფაქტს როგორც დემოკრატიულ პროცესს ინვესტორებმა ყურადღება მიაქციონ.
საქართველო ახალი ინვესტორების მოლოდინშია, ქვეყანაში კი საგაფიცვო ტალღა მძვინვარებს. ექსპერტების განცხადებით, ინვესტორებს გაფიცვები ვერ დააფრთხობს, ვინაიდან მსგავსი პროცესები ნებისმიერ განვითარებულ ქვეყნებშია. მთავარია, გაფიცვები მართული არ იყოს და ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას არ ემსახურებოდეს.
ეკონომიკის ექსპერტ ავთო სილაგაძის განმარტებითაც, რამდენიმე დღიანი გაფიცვა მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე. მისი თქმით, ფოთის პორტი და რკინიგზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტებია საქართველოში, რომლებსაც დიდი შემოსავალი აქვთ. ამიტომ პროტესტის ტალღა აქ დროულად უნდა შეჩერდეს, რათა კერძო მესაკუთრემ, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტმა დიდი ზარალი არ განიცადოს.
“რაც უფრო მალე დასრულდება გაფიცვების ტალღა, მით უფრო ნაკლები ფინანსური ზარალი იქნება. ეს დანაკარგები, რაც გაფიცვების პერიოდში იქნება მიღებული, აჯობებს, ხელფასების ზრდისკენ მივმართოთ, იმისთვის, რომ დასაქმებულთა პროტესტი მეტხანს არ გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტი ზარალი არ განიცადოს, პირველ რიგში, კერძო მესაკუთრემ. თუ გაფიცვები გაგრძელდება, საერთო ჯამში, ფინანსური დანაკარგი იმაზე გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ხელფასების ზრდისთვის იქნებოდა საჭირო”, - განმარტავს ავთო სილაგაძე.
პარტნიორი ქვეყნები საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარს იტყვიან და ქვეყნის ეკონომიკის ფინანსური დანაკარგი როგორც გაფიცვების, ასევე გრძელვადიან პერიოდში აუნაზღაურებელი იქნება.
“ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტ პაატა შეშელიძის განმარტებით კი, სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოზე უარს ვერანაირად იტყვიან, რადგან მათ სხვა ალტერნატიული გზა არ აქვთ. მისი თქმით, ეს ქვეყნები გარკვეულ ზარალს მიიღებენ, მაგრამ მის ანაზღაურებას მალევე შეძლებენ. ამ ეტაპზე ექსპერტს უმნიშვნელოდ მიაჩნია ის ფინანსური დანაკარგიც, რაც შეიძლება გაფიცვების ხარჯზე ქვეყნის ბიუჯეტმა მიიღოს.
“სახელმწიფო ბიუჯეტი ამ შემთხვევაში მეასეხარისხოვანია,მთავარია დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესი. მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ ადამიანს როდესაც ბიზნესი აქვს, გაფიცვების შედეგად მისი საქმე დაზარალდება თუ არა.
გაფიცვა ყველაზე სწორი ნაბიჯი არაა, მან შეიძლება ზარალი მოუტანოს მესამე პირს, რომელიც არაფერ შუაშია კონკრეტულ ორი პირს შორის დადებულ კონტრაქტთან. არ შეიძლება ადამიანს დაუბლოკო საქმიანობა. არ გაკმაყოფილებს პირობები? მაშინ წადი და სხვა საქმეს მიხედე”, - ამბობს “კომერსანტთან” საუბრისას პაატა შეშელიძე.