„ბურჯანაძემ აჩვენა, თითქოსდა, შეუძლია, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რაც აბსურდია - არსებობს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს.“

„ბურჯანაძემ აჩვენა, თითქოსდა, შეუძლია, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რაც აბსურდია - არსებობს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს.“

ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტები უკვე მერამდენედ გახდა პოლიტიკოსთა მხრიდან განსჯის საბაბი. „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ვიზიტმა დაზაფრა მისი თანამოაზრეებიც. ერთ-ერთმა პირველმა თაკო ჩარკვიანმა გააპროტესტა ბურჯანაძის ჩრდილოური ვოიაჟი და ოპოზიციის მიერ შექმნილი ფორმატი სწორედ მოსკოვში ბურჯანაძის ვიზიტის გამო დატოვა, რადგან „ნინო ბურჯანაძეს ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტისთვის ხალხისგან ლეგიტიმაცია არ აქვს“. გარდა ამისა, თაკო ჩარკვიანი დარწმუნებულია, რომ „მაგიდასთან გვიზის კაბაში პუტინი“ და „არ ვიცით, ყურში რაზე ელაპარაკება პუტინს“.

ყურში პუტინთან საუბრის შესახებ ინფორმაცია უცნობია, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ამ ვიზიტით ბურჯანაძე კმაყოფილია, რადგან გამოჩნდა მზაობა ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლების პროცესის ხელშეწყობისკენ. უფრო მეტიც, ბურჯანაძე ამბობს, რომ მან რუსეთისგან ადამიანური გაგება მიიღო ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

თაკო ჩარკვიანის მსგავსად, გია ვოლსკიც „რაღაც სეპარატისტულს“ ხედავს ამ ვიზიტში, მაგრამ ასკვნის, რომ ეს ნინო ბურჯანაძის არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა, უბრალოდ, ბურჯანაძეს ვაჟა გაფრინდაშვილის თემით სპეკულაციისთვის ახალი ასპარეზი გაუჩნდა.

„ბოროტი ხმების“ თანახმად, ბურჯანაძეს თურმე გავრილოვთან დაკავშირებით მომხდარი პროვოკაციის გამო მოსკოვში ბოდიში მოუხდია. თუმცა ბურჯანაძე ირწმუნება, რომ გავრილოვის საკითხზე ბოდიში კი არ მოიხადა, არამედ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რაც მოჰყვა ამ პროცესს.

როგორც მოსკოვიდან დაბრუნებული ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რუსეთში ვიზიტის დროს მან რუსი პოლიტიკოსებისგან მიიღო პირობა, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩაერევა.

რას ნიშნავს ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში?

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მოსკოვში ასეთი ვიზიტები გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოში არსებობს გარკვეული ელექტორალური სეგმენტი, რომელსაც აქვს ილუზია, რომ რუსეთთან ჩვენ უნდა გვქონდეს ინტეგრაციული ურთიერთობები. ეს არ არის დიდი სეგმენტი, მაგრამ ეს სეგმენტი არსებობს და, რადგან პოლიტიკურ ბაზარზე მოთხოვნილება არის, ბურჯანაძეც სწორედ ამ სეგმენტზე მუშაობს. ეს მისი პოლიტიკური არჩევანია.

„ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს ეს ვიზიტი, ან არ მოგვწონდეს, მაგრამ, სანამ ბურჯანაძე კანონის ფარგლებში მოქმედებს, მას ვერავინ დაუშლის ასეთ ვიზიტებს. ამასთან დაკავშირებით გია ვოლსკის კომენტარი ვერ გავიგე, სეპარატისტული ვიზიტი რას ნიშნავს? ეტყობა, ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის ვოლსკიმ, რადგან სეპარატიზმი აქ არაფერ შუაშია. რაც შეეხება ბურჯანაძის მხრიდან ბოდიშის შესაძლო მოხდას გავრილოვის გამო, განა ჩვენმა ხელისუფლებამ არ მოუხადა ბოდიში რუსეთს გავრილოვთან დაკავშირებით? რეალურად, ხელისუფლებამაც ხომ მოიხადა თავის დროზე ბოდიში და ძალიან უცნაურადაც მოიქცა იმ პერიოდში? ამიტომ არაფერია გასაკვირი. სხვა საკითხია, რომ რუსეთი ამ სიტუაციას თავის სასარგებლოდ იყენებს და ეუბნება ჩვენს ხელისუფლებას, მე შემიძლია ვაჟა გაფრინდაშვილი ვაჩუქო ბურჯანაძეს და ამით ბურჯანაძეს დავაწერინო ქულები, მაგრამ, თუ შენ ჭკვიანად მოიქცევი, მაშინ შეიძლება შენ დაგაწერინო ქულები. რუსები ხვალ კიდევ შექმნიან რაღაც პრობლემას და საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერში გადაახდევინებენ პოლიტიკურ ფასს. ამის ფონზე კი ჩვენს ხელისუფლებას ძალიან ეშინია რუსეთის, იმდენად ეშინია, რომ ზოგჯერ კაპიტულაციის განცდაც მრჩება ხოლმე. ასეთ მოწყვლად ხელისუფლებასთან ძალიან კარგად ითამაშებს რუსეთი. ახლაც შეჰპირდნენ ბურჯანაძეს, გარკვეული გზავნილიც გააკეთეს რუსებმა, მაგრამ, მე მგონი, ეს გზავნილი უფრო ჩვენი ხელისუფლების მიმართ იყო, აბა, ახლა ჩამოყალიბდები რამეზე, თუ ბურჯანაძეს გადავუგდოთ ერთი ბარტყი?!“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, სწორედ ამ ეჭვიანობამ გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებაში პანიკა და ახლა, ალბათ, მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკებები. მღვრიე წყალში თევზის დაჭერაში რუსეთი დიდოსტატურად თამაშობს, ამიტომ ამ მოლაპარაკებებს ჩვენს ხელისუფლებას გარკვეულ ფასს დაუსვამს რუსეთი.

პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე მიიჩნევს, რომ ნინო ბურჯანაძე შექმნილი ვითარებით სარგებლობს და ცდილობს, დაუმტკიცოს მოსახლეობას, რომ სიკეთის მომტანი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.

„ობიექტურობა მოითხოვს იმის თქმას, რომ ნინო ბურჯანაძის აქტივობა არ ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ აქტივობას, ანუ ბურჯანაძე ყოველთვის თავისი დღის წესრიგის დამკვიდრებას ცდილობდა და ცდილობს. ამიტომ შემთხვევითი არ არის მისი ვიზიტი რუსეთში, ამ ვიზიტით ნინო ბურჯანაძემ დემონსტრატიულად აჩვენა, თითქოსდა, მას შეუძლია, პრობლემის გადაწყვეტა, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და ა.შ. ეს აბსურდია, ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებას საქართველოს ხელისუფლებასთან, არსებობს კარასინი-აბაშიძის ფორმატი, რომელიც წყვეტს ამ საკითხებს. ცხადია, ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილია, რამდენიმე დღეა დარჩენილი საიმისოდ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. ამდენად, ამ თემით სპეკულირება, თავისი მნიშვნელობის გაზრდა ნინო ბურჯანაძის მხრიდან გასაკვირი არ არის, არც გავამტყუნებ ამისთვის პოლიტიკოსს, პოლიტიკის არსიც სწორედ ასეთი თემების გამოყენებაა. თუმცა მიმაჩნია, როდესაც შენ ხდები პოლიტიკური თამაშების მონაწილე, ამით სახიფათო ტენდენციებს ამკვიდრებ და აძლიერებ“, - აღნიშნავს For.ge-სთან საუბრისას ვაკა გორგილაძე.

 

სოციალისტი ქალბატონი ნინოს ფეხსაცმელის ფერი არ მომეწონა! ))) კაბა-კოსტიუმი კარგია, ყაზახეთის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი!)))
4 წლის უკან
tngh თუ ვინმე წაეხმარება ოჯახს ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებაში, რა არის ამაში ცუდი. ქ-ნი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში დიალოგით და საქართველოსთვის საჭირო მოლაპარაკებებით კარგ საქმეს აკეთებს... განსხვავებით "ნაც-ოპოზიციასთან" ალიანსით და უსაფუძვლო "ბიძინაფობიით".
4 წლის უკან
trampi გაფრინდაშვილის გამო ხომ აღშფოთებულია მთელი დასავლური დემოკრატია-------მერე რატო არ უშვებენ ჩვენს ექიმს რუსები ?
როგორ რუსებს ამ დასავლური აღშფოთებებისა არ ეშინიააათ??
უზრდელი რუსები
4 წლის უკან