სტუდენტების კარვები ტექნიკური უნივერსიტეტის კიბეებზე

სტუდენტების კარვები ტექნიკური უნივერსიტეტის კიბეებზე

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა 13 ნოემბრის ღამე ადმინისტრაციული კორპუსის წინ გაშლილ კარვებში გაათენეს. ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრები” იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებმაც, მათი თქმით, სტუდენტები ერთი წლის წინ რექტორის მისაღებიდან გაიტაცეს. მოთხოვნებს შორისაა თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და ასევე სასწავლო პირობების გაუმჯობესება. სტუდენტების მიერ მათ გატაცებაში ბრალდებული უნივერსიტეტის თანამშრომელი სტუდენტთა ბრალდებას სიცრუეს უწოდებს, რექტორის მტკიცებით კი, უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა შესაბამისი განათლება მიიღონ. სტუდენტები კარვებიდან გამოსვლას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის კიბეებზე მეორე დღეა შვიდი კარავია გაშლილი. კარვებზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებია მიკრული. მაგალითად, ”უკეთეს განათლებას ვიმსახურებთ”, ”ბიუჯეტი მოხმარდეს სტუდენტებს” და ა.შ. თუმცა უპირველესი მოთხოვნა, რის გამოც ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის” წევრებმა, რომლებიც, ამავე დროს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, კარვები გაშალეს იმ ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლებაა, რომლებმაც, სტუდენტების თქმით, ისინი ზუსტად ერთი წლის წინ რექტორის კაბინეტის მისაღებიდან მას შემდეგ გაიტაცეს, რაც სტუდენტებმა, სასწავლო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს. გეტყვით იმასაც, რომ პირველ ნოემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს. ინციდენტის შესახებ, რომელიც, ”დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ალექსანდრე კობაიძის თქმით, გასული წლის 26 ოქტომბერს მოხდა, სტუდენტები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ:

”სამწუხაროდ, ვინც ჩვენს გატაცებაში მონაწილეობას იღებდა, ისინი დღესაც ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები არიან. ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ”.

ალექსანდრე კობაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში არ ერიდება იმ ადამიანების ვინაობის დასახელებას, რომლებმაც, მისი თქმით, ის და კიდევ სამი სტუდენტი ე.წ ”მარშრუტკით” წაიყვანეს სოფელ ძეგვში, ჩამოართვეს ტელეფონები და იქ დატოვეს. ლექსო კობაიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ოთხი სტუდენტის გატაცებაში ღებულობდა მონაწილეობას, ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი, სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბორის გითოლენდიაა. მის გარდა, ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, სტუდენტების გატაცებაში კიდევ სამი ადამიანი იღებდა მონაწილეობას:

 რადიო თავისუფლება: ”თქვენ ამბობთ, რომ ისინი უშუალოდ იღებდნენ თქვენს გატაცებაში მონაწილეობას? თქვენ პირადად ნახეთ ეს ადამიანები?”

ალექსანდრე კობაიძე: ”დიახ. ისინი უშუალოდ იღებდნენ ჩვენს გატაცებაში მონაწილეობას. მთელ ამ პროცესში ისინი პირადად მონაწილეობდნენ”.

”ხმამაღალი ნათქვამი”, - ასე უწოდებს ბორის გითოლენდია სტუდენტების ბრალდებას მათ გატაცებაში მონაწილეობის შესახებ და ამბობს, რომ მას ძალის გამოყენებით არავინ არსად არ წაუყვანია. მისი თქმით, ის ამ ეტაპზე პროკურატურის გამოხმაურებას ელოდება:

”მე, ბორის გითოლენდიას, არავინ არსად არ გამიტაცებია. მე ველოდები პროკურატურას, როცა დამიბარებენ, მივალ, მზად ვარ ვუპასუხო ყველა შეკითხვას და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადაწყდება სამართლიანად”, - ამბობს ბორის გითოლენდია.

პროკურატურის გამოხმაურებას ელოდება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილიც. რექტორის რწმუნებით, მას აქვს არაერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ მისი მისაღებიდან სტუდენტები ძალის გამოყენებით არავის გაუყვანია:

”თუ ის ადამიანები, რომლების შესახებაც სტუდენტები საუბრობენ, მართლა დამნაშავეები არიან, მათ არა მარტო სამსახურიდან გავათავისუფლებთ, არამედ მათ დაიჭერენ კიდეც. მაგრამ ეს ყველაფერი პროკურატურის პრეროგატივაა. ის ფაქტი, რომ სტუდენტები ჩემი მისაღებიდან გაიტაცეს, სიცრუეა. მე მაქვს დამადასტურებელი საბუთები, რომ ისინი არავის გაუტაცია. მყავს მოწმეებიც”, - აცხადებს არჩილ ფრანგიშვილი.

პრიორიტეტების არასწორად დასახვა, განვითარების გეგმის არარსებობა, მოშლილი ინფრასტრუქტურა, გაუმჭვირვალე ბიუჯეტი, თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოსწორების მოთხოვნითაც მიმართავდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს 13 ნოემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფი. თუმცა უნდა ითქვას, რომ სტუდენტთა ნაწილის მიერ გამოთქმული პრეტენზიების საპასუხოდ, სრულიად საპირისპირო არგუმენტებს ასახელებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და აცხადებს, რომ სტუდენტების მაგალითები უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დაბალი ხარისხის თაობაზე სრული სიცრუეა:

”ინფრასტრუქტურაც არის, სასწავლო პროცესიც მიმდინარეობს და გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ, არის კიდევ 17 000 სტუდენტი, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი კარგად არის”, - ამბობს არჩილ ფრანგიშვილი.

ილონა კაროიანს, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტს, უნივერსიტეტის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მნიშვნელოვან ნაწილს პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა არ ეძლევა:

”ჩვენ ვართ ტექნიკური განხრის სტუდენტები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული მეცადინეობა გვქონდეს და რასაც გასწავლიან, იმას ხედავდე კიდეც, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, არ გვეძლევა”, - ამბობს ილონა.

უნდა ითქვას ისიც, რომ სტუდენტები ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის კიბეებზე გაშლილი კარვების აღებას მანამდე არ აპირებენ, სანამ ადმინისტრაცია სტუდენტთა გატაცებაში ბრალდებულ თანამშრომლებს არ გაათავისუფლებს და სანამ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება უნივერსიტეტში სასწავლო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.