ბავშვთა პორნოგრაფიის სკანდალური საქმის დეტალები: მშობლებს თითო პორნო სეანსში 500-დან 3000 ლარამდე უხდიდნენ

ბავშვთა პორნოგრაფიის სკანდალური საქმის დეტალები: მშობლებს თითო პორნო სეანსში 500-დან 3000 ლარამდე უხდიდნენ

მოზარდების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. „რეზონანსს“  სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ გამოძიება ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ  სხვა პირებზეც მუშაობს და  შესაძლოა უახლოეს პერიოდში მათი პასუხისგებაში მიცემაც მოხდეს. საუბარი უკვე დაკავებულების გარდა კიდევ სხვა მშობლებზე, რომელთა თანხმობითაც მათი შვილები პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო გადაღებებში მონაწილეობდნენ.

ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დეკემბერში  დაკავებული 11 პირიდან მძიმე ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან პორნოგრაფიაში გაუცნობიერებლად ჩართული არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის ხელშეწყობას ედავება. სწორედ ამ პედაგოგთან ცხოვრობდა აშშ-ის მოქალაქე მასწავლებელი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ბავშვების მშობლებს იბირებდა, რათა თანხის სანაცვლოდ მათი შვილებისთვის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოები და ვიდეო მასალა გადეღო.    

18-ტომიან საქმეზე გამოძიება 3 თვეზე მეტია გრძელდება, ჯერ კიდევ 19 სექტემბერს  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამავე ბრალდებით 9 პირი  და ორი ფოტოგრაფი - ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქე დააკავა. ბავშვთა პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეო მასალას თბილისში 2 ფოტოსალონში მზადდებოდა.  ასევე დაკავებულია ბინის მეპატრონე, რომელსაც ამერიკის და ავსტრიის მოქალაქეებისთვის  სახლი ჰქონდა მიქირავებული.           

მაშინაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ფაქტზე მხილებული 11 მოქალაქე იყო, რომელთგან  8 მოქალაქე გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გორის შს სამმართველოს ახალსოფლის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება 3 სოფელში ჩაატარეს.  სამივე სოფელი გვერდიგვერდ მდებარეობს. დაკავებულები არიან და-ძმები, სიძე, დები, ყოფილი ქმარი და ა.შ.   

შსს-ს ცნობით, ამ სქემის გასაშიფრად  ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ.

ჯამში ამ ფაქტზე სექტემბერსა და დეკემბერში უწყებამ სულ 22 პირი დააკავა.

„რეზონანსი“  სოფლის და სკოლის დასახელებისგან თავს შეგნებულად იკავებს, რადგანაც საქმე არასრუწლოვნებს ეხება. სასამართლო სხდომაც დახურლ რეჟიმში წარიმართა და მასზე ჟურნალსიტებს დასწრების უფლება არ მიეცა. სასამართლომ ბრალდებულები 2 თვიან  წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულების ოჯახის წევრები „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ  ამერიკის მოქალაქემ მშობლებიც და პედაგოგიც მოატყუა. მათი მტკიცებით, სამივე სოფელში იცოდნენ, რომ ამერიკელი მასწავლებელი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ამაში საეჭვო მათთვის არაფერი ყოფილა.

ერთ-ერთი არასრუწლოვნის ბებია, რომლის რძალი და შვილიც ახალ დააკავეს, აცხადებს, რომ მშობლებს სჯეროდათ, მათი შვილის  ფოტოები ამერიკულ ჟურნალში იბეჭდებოდა. მისი ინფრომაციით, ბავშვი ამბობს, რომ ფოტოებს მას საზაფხულო ტანსაცმელში უღებდნენ და მშობლებმა ეჭვი ვერაფერზე აიღეს. ბებია აცხადებს, რომ მისი შვილი და რძალი პოლიციასთან სექტემბრის შემდეგ თანამშრომლობდნენ და ერთ-ერთი მორიგი დაკითხვის დროს ცოლ-ქმრის დაკავება მოხდა.

„ეჭვი არავის აუღია რა ხდებოდა. მთელმა სამმა სოფელმა იცოდა, რომ ეს კაცი ფოტოგრაფი იყო. ამაში არავის ეჭვი არ ეპარებოდა. ჩემს შვილს  და რძალს დააჯერა, რომ მათი შვილის ფოტოები ამერიკულ ჟურნალში იბეჭდებოდა. რა პორნოგრფაია, ბავშვი ამბობს, რომ საზაფხულო ტანსაცმელში გვიღებდნენო. არანაირი ეჭვი...

„ამ კაცმა ყველა მოატყუა. განათლების სამინისტრო მოატყუა, რომ მასწავლებელი იყო. მაშინ ასეთ კაცს სკოლაში რა უნდოდა? ამას რატომ არავინ არკვევთ, ვისი მეშვეობით მოხვდა ის სკოლაში. ამდენი ხალხი ჩაითრია და ამხელა უბედურება  დაგვატყდა. ბავშვი ტირის, დედას და მამას ციხეში რა უნდაო“, - აცხადებს ერთ-ერთი არასრუწლოვანის ბებია „რეზონანსთან“.

გამოძიების ვერსიით კი დანაშაულებრივი ჯგუფი ასე მოქმედებდა: აშშ-ის მოქალაქე არასრულწლოვნების ოჯახების ნდობას მოიპოვებდა, შემდგომ კი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ფოტოსესიებზე ითანხმებდა. დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულთა უფლებადამცველები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ აქვს საფუძვლიანი მტკიცებულება ბრალდების დასამტკიცებლად. ადვოკატები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

განსხვავებული ვერსია აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორ მარიამ გოგორელიანის თქმით, დაკავებული პირები ინფორმირებულები იყვნენ, თუ რა ტიპის იყო გადაღებები და ეს დასტურდება სოციალურ ქსელში მათი მიმოწერითაც:

„ყველა მათგანი ინფორმირებული იყო აღნიშნული ფოტოსესიის შინაარსის შესახებ, ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა თავისი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდა იმავე ბინაში, სადაც უღებდნენ ფოტოებს.

„ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება ამის დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ არსებობს ფოტო-ვიდეომასალა, სადაც არის პორნოგრაფია ასახული, ასევე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები, სხვადასხვა სოციალური  ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება, რომ გარდა იმისა, რომ იცოდნენ შინაარსი, აგრეთვენ იყო ანაზღაურების მიღების ფაქტიც,“ - განაცხადა პროკურორმა.

დაკავებული პედაგოგის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ არანაირ კანონსაწინააღმდეგო ფოტოზე საუბარი არ არის, ამიტომ მის დაცვის ქვეშ მყოფ მასწავლებელს  ეჭვიც ვერ გაუჩნდებოდა, რომ რაიმე უკანონობასთან შესაძლოა კავშირი ყოფილიყო. ადვოკატი ამბობს, რომ პედაგოგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო.  

„მასწავლებელს გამოძიება ედავება, რომ მან ერთ-ერთ არასრუწლოვანის მშობელს ამერიკელი  გააცნო. ამ ადამიანს არათუ ორგანიზატორობას ედავებიან, არამედ დამხმარე პირად მიიჩნევა. ჩვენი კანონმდებლობით კი დამხმარე საქმეში  მინიმალური ფიგურაა. მასწავლებელმა მხოლოდ გააცნო მათ ერთმანეთი და არა თუ ორგანიზება, მონაწილეობაც კი არ მიუღია.

„ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და უფრო მეტიც, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ ამ ადამიანმა რაიმე კუთხით ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო. ამით დაიწყო და დამთავრდა ამ ქალბატონის  საქმეში მონაწილეობა. ამიტომაც გაუგებარია მას  საქმეში რა შემხებლობა ჰქონდა. საიდან უნდაა სცდონოდა მასწავლებელს, რომ ამერიკელი ასეთი ხასიათის ფოტოებს იღებდა. თანაც საქმეში მე მსგავსი ვერაფერი ვნახე“, -  განაცხადა ნოდარ ცინცაძემ „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, საქმეში კანონსაწინააღმდეგო ფოტოებზე საუბარი არ ყოფილა. ხოლო მთელი სოფლისთვის ცნობილი იყო, რომ  ამერიკის მოქალაქე პროფესიონალი ფოტოგრაფი იყო და გააცნო იმისთვის, რომ ამ ბავშვისთვის ფოტო გადაეღო. არსად არ იყო საუბარი იმაზე, რომ ფოტო კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში ამის დასტურია მხოლო ერთი მიმოწერა, რომელიც თვით ბრალდების მხარის მიერ არის ამოღებული.  მიმოწერა ამერიკელ ფოტოგრაფსა და მასწავლებელს  შორის „ფეისბუქით““ ხდება. ცინცაძე ამბობს, რომ  ამერიკის მოქალაქე პედაგოგს  ბავშვის ფოტოსურათს უგზავნის  და ეუბნება, რომ კარგი ფოტო გამოვიდა და კარგი ბავშვი არის. ეს ფოტო გადაღებულია მინდორში და ფოტოში ბავშვს მისი ასაკისთვის გაცილებით გრძელი კაბა აცვია,  ამიტომაც არანაირ კანონსაწინააღმდეგო ფოტოზე საუბარი არ არის. შესაბამისად, მასწავლებელს ეჭვიც არ გაუჩნდა, რომ   ადგილი რაიმე უკანონობას ჰქონდა.