თბილისის ლიდერებმა თავიანთი მწვავე სახელისუფლებო ბრძოლა ევროპაში გადაიტანეს – ევროკავშირმა და ნატომ საქართველოს ახალ პრემიერმინისტრს უთხრეს არ დევნოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეები.
გუშინ, ბ-ნმა ივანიშვილმა მისი პირველი უცხოური ვიზიტის დროს ბრიუსელში ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი კურსი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ წაყვანაა. ის ევროკავშირის მაღალჩინოსნებს შეხვდა. ხვალ ივანიშვილი ნატოს ხელმძღვანელს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
თუმცა, სააკაშვილმა თავის მეტოქეს დაასწრო იმით, რომ პრაღაში გაემგზავრა, რათა გუშინ ბ-ნ რასმუსენს შეხვედროდა ნატოს საპარლამენტო ასაბლეის შეკრებაზე. ჩეხეთის დედაქალაქიდან ის ბრიუსელში გაემგზავრება ევროკავშირის წამყვან ფიგურებთან მოლაპარაკებების გასამართად.
მილიარდერი მაგნატი ივანიშვილი პრემიერმინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
მწვავე საარჩევნო კამპანიის შემდეგ, სააკაშვილი დღეს ივანიშვილს მისი მოკავშირეების დევნის კამპანიაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ერთი ყოფილი მინისტრი და ორი სამხედრო მაღალჩინოსანი დააპატიმრეს.
ბ-ნმა რასმუსენმა განაცხადა, რომ ის მოხარულია იმით, რომ ხელისუფლების გადაცემა საქართველოში მშვიდობიანად მოხდა იმ საყოველთაო შიშის ფონზე, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებსა და ძალადობას.
„მაგრამ ვერ ვხედავ იმის დამალვის მიზეზს, რომ უაღრესად შეშფოთებული ვარ იმ მოვლენებით, რაც მას შემდეგ ვითარდება, და ეს დიდწილად დაკავშირებულია პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებთან საქართველოში“, განაცხადა მან. „ამ საქმეების გარკვევა საქართველოს სამართლებრივი სისტემისა და სასამართლოს კომპეტენციაა… თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებს ძირს არ უნდა უთხრიდეს პოლიტიკური ჩარევები“.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ბაროზომ ივანიშვილს განუცხადა, რომ დემოკრატია არის ასევე „შემდეგი დღე და დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერა… ყოველდღიურად“.
ბ-ნმა ბაროზომ თქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, რომელიც მისი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კაცია, „ძალიან კონსტრუქციულად უპასუხა“ იმ მხარდაჭერას, რასაც ევროკავშირი იჩენს „კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ატმოსფეროს შექმნის“ მიმართ სააკაშვილთან თანამშრომლობის საქმეში, რომელიც კიდევ ერთი წელი იქნება პრეზიდენტის პოსტზე.
ბ-ნმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის მიზანია „დავაჩქაროთ ჩვენი სწრაფვა საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია“
foreignpress.ge