„მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილია, უფრო მეტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ქვეყნისა, რომელიც მიისწრაფვის თავისუფლებისკენ“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს პრაღაში და ამით ირიბად მიანიშნა, რომ ძალაუფლების პინა, შესაძლოა, ისევ მის სასარგებლოდ გადაიხაროს.
სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, არჩევნებში დამარცხებულად თავი არ აღიაროს და თანაბარი ძალის მქონე მეორე ხელისუფლად მოგვევლინოს. სწორედ ამით უნდა აიხსნას მისი ბოლოდროინდელი მოქმედებები, მათ შორის, ისიც, რომ მან საპატიმროდან გირაოთი გათავისუფლებულ გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს კვლავაც გენშტაბში დაბრუნება და სამშობლოსათვის ერთგული სამსახურის გაგრძელება დაავალა. თუმცა, ამის საპასუხოდ, ახალმა ხელისუფლებამ გაერთიანებულ შტაბში დაწყებული სახიფათო ორხელისუფლებიანობა დაასრულა და პრეზიდენტისგან მოწონებულ გიორგი კალანდაძეს უფლებამოსილება შეუჩერა.
ამჯერად, სააკაშვილი უცხოელებს შეახსენებს, რომ საქართველოში მასაც ეთქმის სიტყვა და, რომ აქ ორხელისუფლებიანობაა. მისი თქმით, თავისუფალმა და სამართლიანმა არჩევნებმა საქართველოში ახალი საპარლამენტო უმრავლესობა და ახალი მთავრობა შექმნა, რამაც რეფორმატორების გუნდს დააკარგვინა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ძალაუფლების უმეტესი ნაწილი. თუმცა საქართველოსთვის ნატო არც პარტიული საკითხია და არც მარტივი საგარეო პოლიტიკური მიზანი. ნატოსკენ სწრაფვა ჩვენი იდენტურობისა და იმ ახალი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევქმენით. ეს ჩვენი დემოკრატიის ამოსავალი წერტილი და იმ ღირებულებების ქვაკუთხედია, რომლებზეც ჩვენი ინსტიტუტების მნიშვნელოვანი ნაწილი დავაშენეთ.
პრეზიდენტის განცხადებით, ახლა საქართველოში ვერც ერთი მნიშვნელოვანი ძალა ვერ გაბედავს ღიად გაუწიოს ოპონირება ნატოსა და ევროკავშირს, რადგან ქართველი ამომრჩევლები არ დაეთანხმებიან პოზიციას, შეიცვალოს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი. მეტიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ტრანსფორმაცია მოახდინა, ახლა კი ეს პარტია საპარლამენტო უმცირესობაში იმყოფება. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ბოლო არჩევნების შედეგებმა არ უნდა შეაჩეროს ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე For.ge-სთან საუბარში ინტერესდება, რომელ პოლიტიკურ დევნაზე უნდა აკეთებდეს ნატოს ხელმძღვანელობა განცხადებას დღევანდელ საქართველოში, როდესაც ცხრა წლის განმავლობაში მთელ ერს ნაციონალური მოძრაობა უკანონოდ ექცეოდა და ხმა არ ამოუღია არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას.
რას უნდა ნიშნავდეს პრეზიდენტის აღიარება, რომ საქართველოში ორხელისუფლებიანობაა?
- ორხელისუფლებიანობის შესახებ პრეზიდენტის ნათქვამს უნდა ჰქონდეს დადებითი ჟღერადობაც და უარყოფითიც. გააჩნია, ორხელისუფლებიანობის მიღმა რა კონტექსტს ჩავდებთ. ევროპის არაერთ ქვეყანაში არის იმის ტრადიცია, თუნდაც იმავე ამერიკაში, როცა ცენტრალური ხელისუფლება დაკომპლექტებულია ერთი პოლიტიკური ძალით, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება დაკომპლექტებულია სხვა პოლიტიკური ძალით. ანუ, პრეზიდენტი შეიძლება იყოს ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, პარლამენტს ან რომელიმე პალატას კი აკონტროლებდეს მეორე პოლიტიკური ძალა. რეალურად, ეს ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ გამოვლინებად, როდესაც ორი პოლიტიკური ძალა, ხშირად მეტი ძალაც, ერთმანეთთან თანამშრომლობის და არა - საბოტაჟის რეჟიმში თანაარსებობას ცდილობს. თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა ეს იგულისხმა, შესაძლოა, ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო კლასიკური ევროპული ტიპის ქვეყნების რიგში ეწერება. ამისთვის ყველაზე ნათელ მაგალითად მომყავს ხოლმე საფრანგეთი, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი უმეტესად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან, მაგრამ ეს არ უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას. რა თქმა უნდა, იქაც ბევრი რამ პერსონებზეა დამოკიდებული: თუ პრეზიდენტი ძლიერია, მაშინ უფრო მეტი უფლებების გადაქაჩვას ცდილობს, ხოლო, თუ პრემიერი პერსონალურად უფრო ძლიერია, იგი ცდილობს უფლებების გადაქაჩვას. ზოგადად, ეს ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად არ აისახება. პირიქით, ძალიან კარგია, რომ ისინი ერთმანეთს აბალანსებენ და ამ თვალსაზრისით, ერთმანეთს შეცდომებისგან აზღვევენ. თუ პრეზიდენტმაც ეს იგულისხმა, მაშინ კარგი და გადასარევი იქნება.
რაც შეეხება უარყოფით კონტექსტს, აქ ხომ არ იგულისხმება, რომ პრეზიდენტი ცდილობს დასავლეთის დარწმუნებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მთლად დამაჯერებელი უპირატესობით კი არ გაიმარჯვა (მით უფრო, რომ ნაციონალების სასარგებლოდ ამ არჩევნებშიც ხმების უსამართლოდ გადაქაჩვა მოხდა), არამედ პრეზიდენტს სურს იმის დაფიქსირება, რომ ნაციონალებსაც სოლიდური ნიშა უჭირავთ და ისინი ასევე თანაბარი ძალის მქონე ხელისუფალნი არიან?
- დიახ, ჩვენ შეჩვეულნი ვართ უარყოფით კონტექსტებს სააკაშვილისგან. ამიტომ ყოველთვის ვეძებთ უფრო უარყოფითს. ამ კუთხით თუ მივუდგებით, მან სწორედ იმაზე გააკეთა აქცენტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ხელისუფლების ბოლომდე ხელში აღება და ამ თვალსაზრისით სწორედაც „ქართული ოცნების“ სისუსტეს გაუსვა ხაზი. კერძოდ, რომ საქართველოში ანგარიში უნდა გაუწიოთ და ესაუბროთ არა მარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ ნაციონალურ მოძრაობასაც, რომელიც, ასევე, ხელისუფლებაა, ოღონდ, სხვა რგოლში, იმავე ადგილობრივი ხელისუფლების ვერტიკალში. შეიძლება, პრეზიდენტმა ესეც იგულისხმა, ან ორივე ერთად იგულისხმა. ის, რომ ამ კუთხით საქართველო დაადგა ევროპული დემოკრატიების გზას, ეს რეალობაა. მეორე მხრივ, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში მეორე პარტიაც არსებობს, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ ის სახელისუფლო პარტიაა და პრინციპში, ნაწილობრივ ეს ასეცაა. პრეზიდენტი და ადგილობრივი სახელისუფლო ვერტიკალი ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის. სხვა საქმეა, რომ მისი უფლებები თანადათან უფრო იზღუდება.
ორხელისუფლებიანობის ნიშნებს რაც შეეხება, საქართველოში რომელ მათგანს გამოყოფდით?
- ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, მინისტრთა კაბინეტი, პრემიერის პოსტი არის „ქართული ოცნების“ ხელში, ხოლო პრეზიდენტი თავისი ადგილობრივი თვითმმართველობით არის ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, ეს რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ კუბლაშვილი არის არა სამართლის, არამედ სააკაშვილის ნების გამომხატავი, ესეც ფაქტია. თუმცა, სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს თუ შევხედავთ, რეალურად, სასამართლო უკვე არავისი აღარ არის, იგი სიმართლის მხარეს დგება. იმედია, ეს გაგრძელდება. თუმცა, სერიოზულად მცირდება გავლენები, დღითი-დღე „ქართული ოცნება“ ცდილობს, ადგილებზეც და პრეზიდენტსაც უფლებები შეუკვეცოს. მე თუ მკითხავთ, კლასიკურ ევროპულ მოდელს თუ ავიღებთ, ეს არ არის გამართლებული ფორმა. სხვა საქმეა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელმაც რვაწლიანი დანაშაულებრივი პერიოდი განვლო საქართველოს ხელისუფლებაში და მისი ძალიან ბევრი წარმომადგენელი, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იმხილებოდა. რომ არა ეს ფაქტორი, თავისთავად მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მსგავსი შეზღუდვა მოხდეს და ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მეორე პოლიტიკური ძალა განიდევნოს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გაყალბებული იყო თუ არა ის არჩევნები, ყოველ შემთხვევაში, იგი მაინც აღიარეს. იმ არჩევნებით დაკომპლექტდა ადგილობრივი თვითმმართველობა. ამიტომ, კანონით, 2014 წლამდე მათ იმ სახით ყოფნა ეკუთვნით ადგილობრივ ხელისუფლებაში, როგორც მოვიდნენ. ასე რომ, თუ სუფთა ევროპულ დემოკრატიებს ავიღებთ, იქ ასეთი მცდელობა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში ძალაუფლების აღება მოინდომოს, არ იგრძნობა. როგორც წესი, ეს სუფთა ქართული რეალობაა. დღეს ჩვენ თუ გვინდა, პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი დავიცვათ და არ მივიღოთ ის, რაც გვქონდა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში, გარწმუნებთ, ვერანაირი პერსონა ვერ გახდება იმის გარანტია, რომ ქვეყანა დემოკრატიული იქნება. ძალაუფლება საშიში რამ არის იმისთვის, რომ პიროვნების სურვილს, მის კეთილ ნებას და დეკლარირებას დაეყრდნო, რომ აი, მე ვიქნები დემოკრატი მმართველი. დემოკრატ მმართველს ქმნის სისტემა და არა პიროვნება, ეს ანბანია. ამ თვალსაზრისით, ბალანსი აუცილებელია. მაგრამ მეორე საკითხიცაა, „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი საბოტაჟის ფორმებით, გინდა, არ გინდა, ცეცხლზე ნავთს ასხამს და საბაბს აძლევს „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რასაც ის აკეთებს, ანუ განდევნოს იმავე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ნაციონალები და პრეზიდენტს მაქსიმალურად შეუზღუდოს უფლებები.
თქვენი აზრით, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ბოლოდროინდელი განცხადებები, საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების თაობაზე, ვისგან იყო ინსპირირებული?
- რაც წავიკითხე რასმუსენის განცხადებები, ეს ხომ აბსოლუტურად დამახინჯებული სინამდვილეა და ამ დამახინჯებული სინამდვილის შესახებ ინფორმაცია მე და თქვენ რომ არ მიგვიწოდებია და არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ესეც ხომ ფაქტია. ცხადია, ეს ინფორმაცია ნაციონალებმა მიაწოდეს. ამას საბოტაჟი და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, სხვას ვერაფერს ვუწოდებ. მეორე თემაა, ალბათ, დადგა დრო, საქართველომ ხმა ამოიღიოს მსგავსი ტიპის ლაფსუსებზე, რბილად რომ ვთქვათ, იმ ლაფსუსებზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების პირველი პირები აკეთებენ. სანამ ასეთი ტიპის განცხადებას გააკეთებდა, რასმუსენი ვალდებული გახლდათ, მინიმუმ, დაკავშირებოდა საქართველოს ახალ ხელისუფლებას და გაერკვია ის ბრალდებები, რაც მას ნაციონალმა ლობისტებმა მიაწოდეს.
ასე რომ მომხდარიყო, არც სააკაშვილს ექნებოდა შესაძლებლობა სიხარულით ეცნობებინა მოსახლეობისთვის, ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ ასეთი კრიტიკული ტონი არ მახსოვსო. ვგულისხმობ ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაზე, რომელმაც თავდაცვის უწყების ქართველი მაღალჩინოსნების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა.
- რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონს პატივი უნდა სცეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი შანსები უნდა სცადოს 2014 წელს, ეს გამართლებული იქნებოდა იმ შემთვევაში, თუ „ქართულ ოცნებას“ ოპონენტად ეყოლებოდა ნორმალური ძალა. აქ მარტო ხელისუფლებაზე ხომ არ არის საუბარი, როდესაც კაცი თვითონ ანგრევს საკუთარი ქვეყნის იმიჯს, როდესაც მსგავსი სიბინძურეებით არიან დაკავებულნი საერთაშორისო არენაზე, აქ უკვე ცოტა სხვა თემები შემოდის. რთულია ასეთ სიტუაციაში კლასიკურ ევროპულ დემოკრატიაზე ისაუბრო. კიდევ იმას ვიტყვი, რომ რა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, და რა მასშტაბის ლიდერიც არ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებებს, მით უფრო, თუ განცხადებას აკეთებს ასეთი მაღალი კლასის ლიდერი, ის, უბრალოდ, ვალდებული იყო, გადაემოწმებინა რეალური სიტუაცია. ქვეყნის შეურაცხყოფაა ის განცხადება, რაც გაკეთდა და არა რომელიმე ხელისუფლის. ვინ ვინ და ჩვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობამ, ხომ მაინც ვიცით, რომელ პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი?! ეს ხომ სასაცილოა. რომელ პოლიტიკურ დევნაზე უნდა აკეთებდეს ნატოს ხელმძღავნელობა განცხადებას დღევანდელ საქართველოში, როდესაც, დიდი ბოდიში და ცხრა წლის განმავლობაში ლამის აუპატიურებდა მთელ ერს ნაციონალური მოძრაობა და ხმა არ ამოუღია არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას. ამიტომ საკუთარ ავტორიტეტზეც ხომ უნდა იფიქრონ ამ ორგანიზაციებმა ხანდახან?!