რასმუსენმა დაპატიმრებების გამო შეშფოთება გამოთქვა

რასმუსენმა დაპატიმრებების გამო შეშფოთება გამოთქვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ გასული თვის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო.

მან თავისი შეშფოთების შესახებ 12 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე შეხვედრის დროს ილაპარაკა.

„აზრი არა აქვს იმის დამალვას, რომ უკიდურესად ვარ შეშფოთებული არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებების გამო“, განაცხადა რასმუსენმა. „ეს საქმეები უნდა მოაწესრიგოს სამართლებრივმა და სასამართლო სისტემამ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სასამართლო პროცესებს არ შეუშალოს ხელი პოლიტიკურმა ჩარევამ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას“.

9 ნოემბერს საქართველოს სასამართლომ თავდებით გაათავისუფლა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და ქართული არმიის ბრიგადის გენერალი ზურაბ შამათავა, მაგრამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ორთვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება.

სამივე, გასულ კვირას, თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააპატიმრეს. სამივე პრეზიდენტ სააკაშვილთან მუშაობდა.

რასმუსენმა განაცხადა – „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროცესებს ხელი არ შეუშალოს პოლიტიკურმა ჩარევამ“.

ნატოს შეხვედრას პრაღაში სააკაშვილიც ესწრებოდა.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეთანხმება რასმუსენის კომენტარს.

„მთავარი გამოწვევა ჩვენთვის სამართლებრივი პროცედურაა, ლაპარაკია არა კონკრეტული პირის ბრალეულობაზე ან უდანაშაულობაზე, ეს კანონის უზენაესობას ეხება და სამართლებრივ პროცედურას“, განაცხადა სააკაშვილმა. „ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს. მაგრამ, ჩვენდა სასიხარულოდ, ეს შეიძლება გამოსწორდეს და ჩვენ შეგვიძლია გამოვძებნოთ გზა ვითარების შემოსაბრუნებლად, თუმცა ამ მომენტისთვის (გენერალური) მდივნის განცხადება, სადაც ის ძლიერ შეშფოთებას გამოხატავს, სრულიად ადეკვატურია“.

სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.

ივანიშვილმა, რომელიც 25 ოქტომბერს დანიშნეს ახალი მთავრობის პრემიერმინისტრად, პირობა დადო, რომ იმოქმედებს იმ ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილია დანაშაულში.

რასმუსენის კომენტარი დაემთხვა ივანიშვილის ვიზიტს ბრიუსელში, მის პირველ ოფიციალურ მოგზაურობას უცხოეთში არჩევნების შემდეგ. თავისი სამდღიანი მოგზაურობის დროს ის რასმუსენსაც უნდა შეხვდეს.

12 ნოემბერს ივანიშვილი ევროკომისიის ხელმძღვანელს ჟოზე მანუელ ბაროზოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის შეხვდა.

პრესკონფერენციაზე, ბაროზომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის კავშირისთვის საქართველოსთან ურთიერთობა.

„(ქართველი) პრემიერმინისტრის (ივანიშვილის) გადაწყვეტილება, თავისი პირველი უცხოური ვიზიტით ბრიუსელს სწვეოდა, ცხადი ნიშანია იმისა, რომ საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას ევროპის კავშირთან“, განაცხადა ბაროზომ. „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის (პროგრამის) საკვანძო წევრია და ევროპის კავშირი ძალიან არის მოწადინებული ევროპის კავშირთან მის დაახლოებაში“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ნატოში მისი მთავრობის პრიორიტეტია.

მისი ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც თანამდებობაზე მოსვლიდან ორ კვირაში განხორციელდა, ბევრის მიერ აღქმულია, როგორც ცხადი ნიშანი იმისა, რომ კავშირები ნატოსა და ევროპასთან და არა რუსეთთან, საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება.

56 წლის მილიარდერმა თავისი ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში შეიძინა. მან პირობა დადო, რომ გამოასწორებს ურთიერთობებს რუსეთთან, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ გაუარესდა.
foreignpress.ge