ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კარვები გაშალეს

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა კარვები გაშალეს

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად კარვები გაშალეს. თავდაპირველად დადგმულ შვიდ კარავს მოგვიანებით ერთი კარავიც დაემატა და, მთლიანობაში, 40-მდე სტუდენტი კარავში  განთავსდა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი კარვებში მანამდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტუდენტები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ორდღიან ვადას აძლევენ. ამასთან, მათი კატეგორიული სურვილია, სამსახურიდან გათავისუფლდეს ის ოთხი თანამშრომელი, რომლებიც გასულ წელს მონაწილეობას იღებდნენ რამდენიმე სტუდენტის გატაცებაში. თავის მხრივ, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მისი კაბინეტიდან არავის გატაცება არ მომხდარა და ამის დამადასტურებელ ვიდეომასალას პროკურატურას გადასცემს. 

For.ge „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“ ლიდერს ლექსო კობაიძეს ესაუბრა.  

- ჩვენი უმაღლესი სასწავლებლიდან დაუყოვნებლივ უნდა წავიდნენ კრიმინალები, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტში მოკალათებულან. ბოლოს და ბოლოს, ოთხი სტუდენტი გაგვიტაცეს, რაშიც მათ ვადებთ ხელს. სწორედ ისინი იყვნენ ამ ბინძური საქმის მონაწილენი. სამწუხაროდ, ეს ადამიანები რექტორის პროტექტორატის ქვეშ არიან, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. ამიტომ ვაფრთხილებთ რექტორს, თუ ხვალამდე ამ ადამიანებს არ გაათავისუფლებს, აუცილებლად დავაყენებთ რექტორის პასუხისმგებლობის საკითხს. რაც შეეხება ჩვენს მეორე მოთხოვნას, რიგგარეშე თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას, დემოკრატიულ გარემოში მართლაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს ცვლილებები. უკვე დროა, ჩვენს უმაღლეს სასწავლებელზეც ეს ცვლილებები აისახოს. ყველას უნდა მიეცეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება და არა ერთ საარჩევნო სუბიექტს, როგორც ამას კომკავშირი აკეთებდა ხოლმე. ჩვენს უნივერსიტეტშიც სწორედ კომკავშირული სახით მიიღეს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.

ადრე სტუდენტური თვითმმართველობა ხელისუფლებას ემორჩილებოდა და მათ დაკვეთას ასრულებდა. დღესდღეობით რა ფუნქცია აკისრიათ მათ?

- სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ისინი დღესაც ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საყრდენი ჰქონდეს. ეს ადამიანები პოზიციას არ იცვლიან, კომპრომისს არაფერზე აპირებენ. სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ყველაფერს პროტექციას უწევს რექტორი. ამიტომ მივმართავთ აკადემიურ საბჭოს, კეთილი ინებოს და ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები, აკადემიურ საბჭოს ამის უფლება აქვს. იმედი გვაქვს, ჩვენი პრინციპულობით ამას მივაღწევთ.

თქვენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრების უკანონოდ არჩევაზე ამახვილებთ ყურადღებას?

- რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებში მხოლოდ ერთმა საარჩევნო სუბიექტმა - ერთიანმა სტუდენტურმა მოძრაობამ მიიღო მონაწილეობა, ჩვენ მათ ბოიკოტი გამოვუცხადეთ. რაც შეეხება ჩვენი გატაცების ფაქტს, ამ საქმეში მონაწილეობდა ბორის გითოლენდია (ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი). ამიტომაც არიან ესენი გააფთრებულნი, რომ ჩვენ მას ვადებთ ხელს. ამჯერად, დაახლოებით, 20 სტუდენტი შეცდომაში ჰყავს შეყვანილი და ცდილობს, ჩვენს წინააღმდეგ განაწყოს. თუმცა, მას ეს არ გამოუცვა. ვითხოვთ, ბორის გითოლენდიამ აუცილებლად დატოვოს თანამდებობა. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ რექტორს დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, რადგან იგი რექტორის დანიშნულია. ეს ადამიანი პროვოცირებს, ცდილობს, ხიდი აღმართოს და სტუდენტები გამიჯნოს სხვა სტუდენტებისგან. ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის ეს ადამიანი. სწორედ გითოლენდიას აბარია ბიუჯეტი და ყველაფერი. პროექტები ბორის გითოლენდიასგან ფინანსდება. აბსოლუტურად პოლიტიკური პიროვნებაა.

თვითმმართველობის წევრებზე რას იტყვით? ტექნიკურ უნივერსიტეტში ისინი რა პრიორიტეტით სარგებლობდნენ?

- ჩვენთან, ისევე, როგორც სხვა უმაღლესებში, ყველაფერი მეგობრობით წყდებოდა. მეგობრები მიჰყავდათ ექსკურსიებზე და არა ჩვეულებრივი სტუდენტები. საზღვარგარეთ თუ მიბრძანდებოდნენ, იქაც მეგობრებს ეპატიჟებოდნენ. ყველაფერი მეგობრობასა და პროტექციონიზმზე იყო დაფუძნებული. ჩვენ კი მართლაც ცვლილებები გვინდა.

პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თვითმმართველობის წევრების პოზიცია დღეს უკვე არ იცვლება?

- ზოგიერთმა მათგანმა დაინახა ჩვენი სიძლიერე და სიმართლე და ჩვენს მხარეს დადგა, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ მართალია. ანუ მათი აზრით, ადმინისტრაციასთან აუცილებელია თანამშრომლობა და უსამართლობაზე თავის დაქნევა. პირდაპირ ვიტყვი, თვითმმართველობის წევრები კვლავაც ნაციონალების დაკვეთას ასრულებენ.

დღეს უკვე ვისგან იმართებიან ისინი, როცა ნაციონალები ხელისუფლებაში არ არიან?

- ამდენი არ ვიცი. ჯერჯერობით, რექტორს ვადებთ ხელს. მან თუ არ შეცვალა ის, რასაც ვითხოვთ, მაშინ ჩვენი სიმართლე დამტკიცება, რომ რექტორი ამას მფარველობს.

სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები თუ შემოგიერთდებიან?

- დიახ, შემოგვიერთდებიან. სამედიცინო უნივერსიტეტს, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს აქვს ამის სურვილი. ახლაც აქ არიან, მათ სურთ, მსვლელობით შემოგვიერთდნენ, რადგან ისინი იზიარებენ ჩვენს ყველა მოთხოვნას. კარვებში 40 სტუდენტი ვართ. თუ შიმშილობა დაგვჭირდება, აუცილებლად ვიშიმშილებთ.    

თქვენი პროტესტი, ისევე, როგორც საზოგადოების სხვა წარმომადგენლების პერიოდული გაფიცვები, ახალი ხელისუფლების იმიჯს რამდენად წაადგება?

- პირიქით, ეს ახალი ხელისუფლების იმიჯს არ შელახავს. ჩვენ ლუსტრაციას ვახდენთ, რომ განათლების მინისტრმა სწორი აქცენტები გააკეთოს, რომ ყველამ იცოდეს, ვინ ვინ არის, რათა მერე ზედმეტი პრეტენზია არავის ჰქონდეს. უნივერსიტეტი ავტონომიური ორგანოა და ყველას ლუსტრაცია უნდა მოვახდინოთ, რომ ახალი ხელისუფლება არავინ შეიყვანოს შეცდომაში. ადამიანი, რომელსაც ამდენი ბოროტება აქვს ჩადენილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანგელოზად არ უნდა წარმოაჩინონ. დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრებს, ალბათ, გვიცნობთ და ჩვენ შიმშილობა რამდენჯერმე დავიწყეთ. თუმცა, ორჯერ ჩვენი აყრა მოხდა. უბრალოდ, ახლა რადგან დარჩენა გადავწყვიტეთ და წვიმდა, გადავწყვიტეთ, კარვებში დაველოდოთ პასუხებს. ღვთის წყალობით, ახლა არ მოდის პატრული, სოდი და კუდი და არ გვიშლის ხელს, თორემ ის ხელისუფლება რომ ყოფილიყო, აქამდე დაგვშლიდნენ.