ახალაიას და შამათავას მიერ დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი

ახალაიას და შამათავას მიერ დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ასოციაციამ „სამართალი და თავისუფლება“  შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ განხორციელებული სამართალდარღვევების შესახებ ისაუბრა. ორგანიზაციის დირექტორი, ნინო თურმანიძე აცხადებს, რომ „სამართალი და თავისუფლება“ უკვე წლებია სამხედრო მოსამსახურეების ინტერესებს იცავს და ამ პერიოდში სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით არაერთმა სამხედრო პირმა მიმართა მათ, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ორგანიზაციისადმი მიმმართველთა რიცხვა საგრძნობლად იმატა. ნინო თურმანიძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის დარღვევებია ჩადენილი, ხდებოდა მათი სამსახურებიდან მასიური დათხოვნა, განსაკუთრებით ეს 2009-2012 წლებში ხდებოდა.

„სამხედრო მოსამსახურეების შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა სხვადასხვა მიზეზით ხდებოდა. როგორც სამხედროები აცხადებენ, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ზოგიერთი მათგანის ახლობლები თუ ოჯახის წევრები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდნენ. ასევე არსებობდა ე.წ. შავი სიები, სადაც ხვდებოდნენ სამხედროები, რომლებიც წინა მინისტრის პერიოდში იყვნენ დანიშნულები. მათ ოქრუაშვილის კადრებს ეძახდნენ. ამასთანავე, პენსიაზე გასასვლელად ოცწლიანი სტაჟია საჭირო და როდესაც ადამიანს ამ სტაჟის შესრულებამდე სულ რაღაც რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, ასეთ სამხედროების მასიურად ითხოვდნენ სამსახურიდან იმისთვის, რომ მათთვის პენსია არ დაენიშნათ. იყო დათხოვნები პირადი დამოკიდებულებისა და პირადი კონფლიქტების საფუძველზე“, - აღნიშნავს ნინო თურმანიძე.

მისი თქმით, თუ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი სხვადასხვა იყო, მეთოდი ძირითადად ერთნაირი იყო. სამხედრო მოსამსახურეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა, რათა მათ სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით პატაკები დაეწერათ. ამ მოთხოვნით სამხედროებს მათი და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით, დიდი სანქციების დაკისრებით და სხვა ამგვარი რაღაცეებით ემუქრებოდნენ. თურმანიძის თქმით, სამსახურიდან დათხოვნასთან ერთად სხვაგვარი დარღვევებიც იყო, რასთან დაკავშირებითაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ასოციაციას „სამართალი და თავისუფლება“ 500-მდე სამხედრო პირმა მიმართა.

ორგანიზაციის „სამართალი და თავისუფლება“ იურისტი, ლაშა მკურნალიძე აცხადებს, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა სამართალდარღვევების გარკვეული გრადაციის მოხდენაც კი შეიძლება და ერთ-ერთ საქმეს, რომელზეც მან ისაუბრა, პირობითად „ტელეფონების საქმე“ დაარქვა, რადგან სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში ტელეფონების საკითხი ფიგურირებდა. მკურნალიძე ხაზს უსვამს, რომ როგორც წესი, სამხედროების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დოკუმენტში იწერება ხოლმე, რომ ეს განთავისუფლება ურთიერთშეთანხმებით მოხდა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მოსამსახურე საკუთარი სურვილით წერს პატაკს განთავისუფლებასთან დაკავშირებით და მას ამ თხოვნას უკმაყოფილებენ. სინამდვილეში კი, ასე დათხოვნილების უმეტესობას აქვს საბანკო კრედიტები, სხვადასხვა სახის ფინანსური პრობლემები და უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი უცებ, არაფრის გამო წერს განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ და ეს მასიურად ხდება. მაგალითისთვის მკურნალიძემ წარმოადგინა ბაჩო ახალაიას 448-ე ბრძანება, რომლის თანახმადაც, სამსახურიდან ერთ დღეს 161 იფიცერი გაუშვეს. იურისტის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების სამსახურიდან დათხოვნა ხდებოდა საჯარიმო სანქციების დაკისრების მუქარით. კერძოდ, შრომით ხელშეკრულებაში მათ 14 000 ლარიანი და უფრო დიდი ოდენობის სანქციებიც ჰქონდათ განსაზღვრული და მკურნალიძის განცხადებით, სწორედ ამგვარი სანქციების დაკისრებით ემუქრებოდნენ სამხედროებს. შედეგად, ხშირად ოფიცრების სამსახურიდან დათხოვნა წოდების დაქვეითებითაც კი ხდებოდა.

ლაშა მკურნალიძის განცხადებით, 2011 წლის 3 იანვარს, როდესაც თბილისში ვეტერანების აქცია დაარბიეს, თავდაცვის სამინისტროში ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების მოტივით თანამშრომლების შეკრება გამოცხადდა. ამ მიზნით 90 ოფიცერი (მათ შორის ქალბატონები) ვაზიანის მეოთხე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. აქვე მკურნალიძე აღნიშნავს, რომ „სამართალი და თავისუფლებაში“ შესულ განცხადებებში მეოთხე ბრიგადა და მისი მეთაური, შამათავა ძალიან ხშირად ფიგურირებს.

„4 იანვარს ამ ადამიანებს ფიზიკური ტესტი ჩააბარებინეს, მაგრამ ეს ფიზიკური მომზადების ტესტი არ იყო, ეს იყო ბევრად უფრო მძიმე გამოცდა, რომელიც არაადექვატურ პირობებში ჩატარდა. მამაკაცებსა და ქალბატონებს ერთად არბენინებდნენ, ბრძანება იყო, რომ სამხედროებს სირბილის ტემპი არ დაეგდოთ. ამასთანავე ქალბატონები, რომლებსაც უკვე აღარ შეეძლოთ სირბილი, გააფრთხილეს, რომ თუ არ ირბენდნენ, ეს ჩაითველობა ტესტის ჩაუბარებლობად და მათ სამსახურიდან დაითხოვნდნენ. ამიტომ, სამხედრო მოსამსახურეებს გადაადგილებაში ერთმანეთის დახმარება დასჭირდათ. ამ ტესტის დასრულების შემდეგ, ეს ნარბენი, დაღლილი და გაოფლიანებული ადამიანები ე.წ. პლაცზე მოაწყვეს. საღამოს 9-დან ღამის სამ საათამდე, ანუ ექვსი საათის განმავლობაში ეს გაოფლიანებული ადამიანები, სიცივეში იდგნენ და ბრძანებას ელოდნენ, თუმცა რა ბრძანება უნდა ყოფილიყო, მათთვის უცნობი იყო“, - ამბობს ლაშა მკურნალიძე.

მისი თქმით, ამ პროცესს შედარებით დაბალი სამხედრო წოდების სამხედრო მოსამსახურეები აკვირდებოდნენ, შემდეგ კი გამოვიდნენ ბაჩო ახალაია და გიორგი კალანდაძე, სამხედროების კლუბის ოთახში შეიყვანეს, სადაც დაუწყეს გინება, სამხრეების ჩამოგლეჯვა, რის შემდეგაც მუქარის აიძულეს ეს სამხედროები, რომ ურთიერთშეთანხმების შესახებ პატაკი დაეწერათ და საბოლოოდ, ამ დღეს თავდაცვის სამინისტროდან 93 სამხედრო მოსამსახურე გამოუშვეს.

კაპიტანი ზაზა ქესანაშვილი (იმ დროისათვის მაიორი) აცხადებს, რომ როდესაც 2011 წლის 3 იანვარს სამსახურში გამოცხადდა, უთხრეს, მომზადებულიყვნენ და დაგეგმილი იყო გასვლა, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ - სად. კაპიტნის განცხადებით, მთელი პირადი შემადგენლობა მოემზადა, დაახლოებით ღამის 2 საათისთვი ისინი დეპარტამენტიდან წაიყვანეს და დილით უკვე ვაზიანის აეროდრომზე მივიდნენ, სადაც დაიწყეს კარვების გაშლა და საცხოვრებელი პირობების შექმნა, რაც დაახლოებით დილის 10 საათამდე გაგრძელდა.

„ამის შემდეგ იყო გაუთავებელი მოწყობები, რომლებიც გაურკვეველია, რას ისახავდა მიზნად. ამ პერიოდში მინისტრი, ბაჩო ახალაიაც მოვიდა. ჩვენ ისევ მოვეწყვეთ, მინისტრი ჩვენთან ახლოს არ მოსულა, იგი შორიახლოს იდგა. ცოტა ხანში მივიღეთ ბრძანება, რომ ჩვენი იარაღი ჩაგვებარებინა. შემდეგ მოვიდა გენინსპექცია და იკითხა, ვის ჰქონდა ტელეფონი. აქვე გეტყვით, რომ იმ პერიოდში ტელეფონებთან დაკავშირებით არანაირი ბრძანება გაცემული არ ყოფილა. უფრო მეტიც, პირადი შემადგენლობა თავად კითხულობდა, სად წაეღოთ მობილური ტელეფონები, მაგრამ ამაზე პასუხი ვერავინ მიიღო. გენინსპექციის კითხვაზე, ვის აქვს ტელეფონი, მას ყველამ ტელეფონი აჩვენა. ამის გამო დაიწყო ის სადამსჯელო ქმედებები, რაზეც ბატონმა ლაშამ ისაუბრა“, - აღნიშნავს კაპიტანი ქესანაშვილი.

მისი თქმით, სამხედროების სირბილს, მოწყობას და მთელს ამ ვითარებას გარკვეული ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელიც მათ ყველგან დაჰყვებოდა. ქესენაშვილის განცხადებით, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ სამხედროებს ბრიფინგების ოთახში შესვლა უბრძანეს, სადაც მინისტრი ახალაია, გიორგი კალანდაძე, გენინსპექციისა და სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების იყვნენ. კაპიტანი ქესენაშვილი აცხადებს, რომ მთელს ამ პერიოდში მათ ცინიკურად და შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ, სამხრეები ააძრეს და ბოლოს მთელი ამ პირადი შემადგენლობის სამხედრო ძალებიდან დათხოვნა გადაწყდა. მისი თქმით, ადგილზე დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურე იყო, მაგრამ ტელეფონებთან დაკავშირებით სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება 90 მათგანთან დაკავშირებით იყო მიღებული.

„ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნასთან დაკავშირებით პატაკები დაგვეწერა. ამასთანავე, გვეუბნებოდნენ, თუ არ დაწერთ, არც ამას აქვს მნიშვნელობა, მაინც ყველაფერი ასე იქნება, მაგრამ თქვენთვის უარესი იქნებაო. გვითხრეს, რომ ვინც კონტრაქტით ვმსახურობდით, გარკვეულ სანქციებს დაგვაკისრებდნენ და ამიტომ ჯობდა, ჩვენი ნებით დაგვეწერა პატაკები. ამიტომ იძულებულები გავხდით, ამაზე წავსულიყავით. აქვე დავამატებ, თავდაცვის სამინისტროდან მოვიდა იურისტი, დეპარტამენტის უფროსი ჯორბენაძე, რომელმაც ოფიცერთა შემადგენლობას დაგვიძახა და გვითხრა - მინდა მინისტრის სიტყვები გადმოგცეთ, სასამართლოს, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ან რაიმე ასოციაციას არ მიმართოთ, თორემ თქვენი და თქვენი ოჯახების შესახებ ყველაფერი ვიცით და უარეს დღეში აღმოჩნდებითო. ეს უკვე აშკარა მუქარა იყო. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი წოდებაში დაქვეითება მოხდა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაგვითხოვეს“, - აცხადებს ზაზა ქესანაშვილი.