ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" "wikileaks"-ზე დაყრდნობით, კიდევ ერთ დიპლომატიურ გზავნილს ავრცელებს, სადაც რამდენიმე ფრაგმენტი საქართველოსაც ეხება.
აშშ-ს ელჩი ყაზახეთში, რიჩარდ პოკლანდი სახელმწფიო დეპარტამენტში აგზავნის შეტყობინებას და დაწვრილებით ჰყვება ყაზახეთში ჩინეთის ელჩთან ვახშმის შესახებ.
ელჩები 2009 წლის 5 ივნისს ასტანაში ერთ-ერთი ფეშენებელური რესტორნის 23-ე სართულზე ხვდებიან.
გუოპონგმა, რომელიც 4 წელი საქართველოშიც მუშაობდა, ვახშმის დროს "ჩვეული ხისტი ენით თქვა, რომ სააკაშვილი არ არის მომწიფებული პოლიტიკური ლიდერი. მან ზედმეტად მწვავე რეაგირება მოახდინა რუსეთის პროვოკაციაზე და მისცა რუსეთს შესაძლებლობა, მიეთვისებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი".
გუოპინგმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ომამდე, 2008 წლის ივლისში სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტმა არაპირდაპირ წააქეზა სააკაშვილი სამხედრო მოქმედებისკენ.
გუოპინგის ინფორმაციით, სააკაშვილი მოკლედ მოუყვა რაისს ქართული სამხედრო ძალების მობილიზაციაზე და თავისი გეგმების შესახებ. ის ფაქტი, რომ რაისის მხრიდან მის გეგმებს პირდაპირი წინააღმდეგობა არ მოჰყვა, სააკაშვილმა ეს აღიქვა, როგორც ამერიკის მხარდაჭერის ნიშანი.
"გარდიანის" ინფორმაციით, გუოპინგმა განაცხადა: - "ნათელია, რომ რუსეთმა მოატყუა საქართველო, მაგრამ სააკაშვილი ჯერ კიდევ აჭარაში მოპოვებული წარმატების ეიფორიის ქვეშ იყო და იფიქრა, რომ შეეძლო ომში შეერთებული შტატები ჩაერთო".
გუოპინგის თქმით, ელოდება, რომ პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე გახდება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი.
"ბურჯანაძე ბევრად მომწიფებულია, ვიდრე - სააკაშვილი. სააკაშვილი დიდხანს არ დარჩება",– თქვა გუოპინგმა.
ამასთან, ჩანგ გუოპინგის თქმით, ის მოელის, რომ რუსეთი გამოიყენებს სამხედრო ძალას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსაგდებად. ელჩი არ უსაუბრია სხვა დეტალებზე და მხოლოდ ის თქვა, რომ რუსეთმა უკვე შექმნა სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და იქ დარჩენას დიდი ხნის განმავლობაში აპირებს.
პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძეს რუსეთის მიერ საქართველოს პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძის მზადების შესახებ “ვიკილიქსის” ინფორმაციის არ სჯერა. სკანდალური საიტის პუბლიკაციის ეს ნაწილი მას "მოდელირებულ ქრონიკას" აგონებს.
"რუსეთის მიერ ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტობისთვის მზადებაზე ჩვენთანაც ძალიან ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ თუკი ბურჯანაძე რუსეთთან შეთქმულების მონაწილე იყო, დამეთანხმეთ, მისთვის უპრიანი იქნებოდა, რუსეთში ვიზიტები გაესაიდუმლოებინა. შეთქმულებას ხომ საჯაროდ არავინ ახმოვანებს!" - განმარტა პოლიტოლოგმა.
ამასთან, რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, რუსეთს საკუთარი გეგმები ჩინეთისთვის გაემხილა.
"ვიკილიქსის" ინფორმაციით, კრემლი საქართველოს ხელისუფლების სამხედრო ძალით დამხობას და მიხეილ სააკაშვილის ნინო ბურჯანაძით ჩანაცვლებას გეგმავდა.
ჩინელმა დიპლომატმა ამერიკელ კოლეგას უამბო, რომ სააკაშვილის სამხედრო გზით მოშორების შემთხვევაში რუსეთი აქცენტს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე ნინო ბურჯანაძეზე გააკეთებდა.
ბრიტანული "გარდიანი" wikileaks -ზე დაყრდობით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საფრანგეთში ამერიკის ელჩის, კრეგ სტაპლეტონის საუბრებს ავრცელებს.
როგორც დიპლომატი ამბობს, მოსკოვში 2007 წლის 9-10 ოქტომბერს სარკოზიმ უთხრა პუტინს, რომ საფრანგეთი ეწინააღმდეგება საქართველოს ნატო-ში სრულ გაწევრიანებას.
კრეგ სტაპლეტონის ნათქვამის მიხედვით, ფრანგი დიპლომატი ამბობს, რომ წევრობამდე ტერიტორიული კონფლიქტები უნდა მოგვარდეს და საქართველო არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. საფრანგეთის მოსაზრებაა, რომ ნატო-მ საქართველოს შესთავაზოს განსხვავებული სტატუსი და განსხვავებული მიდგომა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის ევროკავშირთან სავიზო მიმოსვლის გამარტივება.
"როგორც ჩვენთვის ანგარიშებიდან არის ცნობილი, სარკოზიმ უთხრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, საფრანგეთის მთავრობა კი კვლავ ეწინააღმდეგება საქართველოსთვის MAP-ის მიცემას, რადგანაც მათი აზრით, ეს რუსეთთან დაძაბულობის დამატებითი მიზეზი გახდება და სეპარატისტულ რეგიონებთან საქართველოს პრობლემებს შეუქმნის",- წერს ვაშინგტონში გაგზავნილ ანგარიშში ამერიკის ელჩი საფრანგეთში კრეგ სტაპლეტონი.
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი wikileaks-ის პუბლიკაციას "რუსეთის მმართველი დუუმვირატიდან ერთ-ერთი პირის დისკრედიტაციის მცდელობად" აფასებს.
პუტინი უკმაყოფილოა იმ ეპითეტებითა და შედარებებით, რომლებსაც, თუ wikileaks-ის პუბლიკაციას დავუჯერებთ, ამერიკელი დიპლომატები რუსეთის მმართველი დუუმვირატის წევრთა მიმართ საკუთარ მიმოწერაში იყენებდნენ.
"სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, რომ ეს ასეთი ცინიზმითა და ქედმაღლობით, ამდენად დიდი ზეწოლით და ესოდენ არაეთიკურად გაკეთდებოდა. პუბლიკაციის მიხედვით, ამერიკელ დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს რეალურად მე ვმართავ და არა მედვედევი.
ვფიქრობ, ეს ჩვენ ორიდან ერთ-ერთის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება იყო. როდესაც ამერიკელ კოლეგებთან ჩვენს ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, მათგან გვესმის:
"ჩვენს საქმეში ნუ ერევით, ეს ჩვენი ტრადიციებია და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთო... ჩვენც არ ვერევით. ვურჩევდი კოლეგებს, ნურც ისინი ჩაერევიან რუსი ერის სუვერენულ არჩევანში", - განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის წარდგენის საკითხში მედვედევთან შეთანხმებულად იმოქმედებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს თანამდებობის დატოვება მოუწევს, - ამის შესახებ Wikileaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჯმა ჟურნალ "თაიმს" განუცხადა .
ასანჯმა გამოცემას ინტერვიუ "სკაიპით" მისცა და ადგილსამყოფელი არ დაასახელა.
"არ ვფიქრობ, რომ კლინტონის გადადგომა რამეს შეცვლის, მაგრამ მოუწევს თანამდებობის დატოვება, რადგან საკუთარ დიპლომატებს დაავალა, გაერო-ში კოლეგებისთვის ეთვალთვალათ", - განაცხადა ასანჯმა. მისივე თქმით, ეს არღვევს საერთაშორისო შეთანხმებას.
საიტ WikiLeaks-ის ყოფილი თანამშრობლები, რომლებიც ინტერნეტ-რესურსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჯის მუშაობის მეთოდებს არ იზიარებენ , მსგავსი საიტის ჩაშვებას აპირებენ. განცხადება ამის შესახებ პროექტ WikiLeaks -ის ყოფილმა თანამშრომელმა ჰერბერტ სნორასონმა გააკეთა.
სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ახალი საიტი WikiLeaks-ისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ მომხმარებლებს ინფორმაციის გაცვლა ანონიმურად შეეძლებათ.
"ახალი საიტი ერთი ადამიანის დაქვემდებარებაში არ იქნება. გვინდა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში თანამშრომლების დიდი ნაწილი იყოს ჩართული", - განაცხადა ისტორიული ფაკულტეტის 25 წლის სტუდენტმა სნორასონმა და დაამატა, რომ საიტი უახლოეს მომავალში იქნება ჩაშვებული.
მან ისიც განმარტა, რომ ახალი საიტი კონკრეტულად ასანჯის, ან პროექტ WikiLeaks-ის წინააღმდეგ არ იმუშავებს.
WikiLeaks-ში ასანჯისა და რამდენიმე თანამშრომელს შორის უთანხმოების მიზეზი პროექტის ხელძღვანელის მართვის მეთოდები გახდა. უკმაყოფილო თანამშრომლებმა ასანჯის მეთოდებს "ტირანული" უწოდეს.
ფონდ "ჰერითეჯის" წამყვანი ანალიტიკოსი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში არიელ კოენი აცხადებს, რომ "ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოეპყრო ინფორმაციას".
"საიდუმლო ინფორმაციების გავრცელება დიდ ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებსა და დიპლომატებს. მოკავშირეებს კი ნაკლებად განაწყობს ინფორმაციის გაზიარებისკენ", - აცხადებს ანალიტიკოსი.
The National Interest ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის ადმინისტრაციის შეშფოთებას WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით. სტატიის ქართულ ვერსიას "foreignpress.ge" ავრცელებს .
პუბლიკაციის ავტორი, ჯეიკობ ჰეილბრუნი წერს, რომ ობამას ადმინისტრაცია გამალებული გმობს WikiLeaks-ს და ამბობს, რომ საიდუმლო ცნობების გამხელა ამერიკის ნაციონალურ უსაფრთხოებას აზიანებს, შესაძლოაა საფრთხე დაემუქროს მეგობარ ლიდერებთან ურთიერთობას და ასე შემდეგ, თუმცა სტატიის ავტორი იქვე სვამს კითხვას, არის თუ არა ეს მართლაც ასე.
"ეს ასეა? თუ ინფორმაციის გაჟონვა სინამდვილეში ამერიკის მთავრობის მიერ კარგად ორგანიზებული ინტრიგაა? მოდით დავფიქრდეთ. როგორც გაირკვა, საუდის არაბეთს სურს, რომ ამერიკამ ირანულ გველს თავი მოჰკვეთოს. როგორც ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ამბობს, "ყველასთვის ცნობილია", რომ ირანი მხარს უჭერს ტერორიზმს. ამერიკელი დიპლომატები საკუთარ წერილებში ძალიან ნეგატიურად მოიხსენიებენ ჰამიდ კარზაის და მის ნათესავებს", - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი ოპერაციის არსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, დოკუმენტები ამერიკელებს დაამშვიდებს და დაარწმუნებს, რომ ხელისუფლებას ყველაფერი შესანიშნავად ესმის.
"პრეზიდენტი ობამა კარზაის პათოლოგიურად კორუმპირებულ გიჟს ღიად ვერ უწოდებს, მაგრამ აშკარაა, რომ ისიც და მისი ემისრებიც ასე ფიქრობენ. მათ ასევე არანაირი ილუზია არ აქვთ ირანთან ან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მითი იმის შესახებ, რომ ობამა გულუბრყვილო და არაკომპეტენტურია, იმსხვრევა. ესეც ის პირველი საბაბი, რის გამოც ადმინისტრაციას ინფორმაციის გაჟონვა უნდა აწყობდეს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ WikiLeaks-ის დოკუმენტებში ციტირებული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა სავსებით რეალურ თემებზე საუბრობს.
"მრავალი წელია ცნობილია, რომ საუდის არაბეთი და ახლო აღმოსავლეთის სხვა ზომიერი ქვეყნები მოხარულები იქნებოდნენ, თუკი ამერიკა და ისრაელი ირანელ მოლებს დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდნენ, თუმცა, მათ საჯაროდ ამის თქმის ეშინოდათ, ახლა WikiLeaks-მა ეს მათ მაგივრად გააკეთა. ამავდროულად, ობამას ადმინისტრაცია თეირანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აძლიერებს.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ერთ-ერთი წამყვანი ირანელი მეცნიერი-ატომისტი მოკლეს. გზავნილის შინაარსი ცხადია - ის, ვინც რეჟიმზე მუშაობს, ამისთვის პასუხს აგებს. შესაძლოა, წლის განმავლობაში WikiLeaks-ზე გაჩნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მკვლელობის ორგანიზატორი "მოსადია", - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ახლა ამერიკის მთავრობა აქტიურად ასაიდუმლოებს საკუთარ დოკუმენტებს.
"შესაძლოა, WikiLeaks-ი – შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის მეთოდია. საფრთხეების ფაქტობრივად ოფიციალურად გამოცხადება და ამავდროულად თვალთმაქცობა, თითქოს საიდუმლოს გამხელის გამო წუხხარ – ძლიერი სვლაა. თუკი სინამდვილეში ყველაფერი მართლაც ასეა, გამოდის, ობამა იმაზე გაცილებით ცბიერია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა", - ნათქვამია სტატიაში.
ბოლო ინფორმაციით, ინტერპოლმა საიტ WikiLeaks-ის 39 წლის დამფუძნებელზე ძებნა გამოაცხადა.
"KP.RU"-ს ცნობით, ჯულიან ასანჯს სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი და მისი სახელი ყველაზე ძებნადი პირების სიაშია შეტანილი.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ასანჯის ადგილსამყოფელი უცნობია, თავად ძებნილი კი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს "ბინძურ კამპანიას" უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქვეყანა ასანჯის საიტის მიერ "ამერიკის შეერთებული შტატების ბინძური საქმეების განსაჯაროებას" დადებითად აფასებს. მაგალითად, ეკვადორის ხელისუფლება ასანჯს ქვეყანაში ეპატიჟება. ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი კი WikiLeaks-ის კოლექტივსა და დირექტორს "მამაცობისთის" მადლობას უხდის.