სამხედრო სფეროს კონტროლს სამხედრო რწმუნებული განახორციელებს

სამხედრო სფეროს კონტროლს სამხედრო რწმუნებული განახორციელებს

წლების განმავლობაში, ქართული არმიის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა, მაგრამ ამის ფონზე, მაღალი თანანმდებობის პირები სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებს ხშირად არღვევდნენ, რის გამოც, თავდაცვის უწყებიდან პროფესიონალი კადრების გადინება ხდებოდა. მართალია, ახალი ხელისუფლების პირობებში, იმ პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, რომლებიც სამხედროებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ იმისათვის, რომ მომავალში ქართველი ჯარისკაცების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაბიჯები გაკონტროლდეს, ქვეყნის უმაღლესი ორგანო პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის პოსტს ქმნის. „ჯარისკაცთა ომბუდსმენი“ თანანმდებობაზე 5 წლის ვადით დაინიშნება და ის ხელშეუხებელი იქნება.

კერძოდ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ყოფილმა სამხედრო ექსპერტმა, ირაკლი სესიაშვილმა „სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა, რომლის თანახმად, სამხედრო რწმუნებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთა საჩივრების ადრესატი, ასევე ის როგორც შუამავალი ჯარისკაცებს საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება.

მომზადებული ცვლილებებით, სამხედრო რწმუნებულად საქართველოს მოქალაქე აირჩევა, რომელსაც  30 წელი შეუსრულდა.

პროექტის მიხედვით, სამხედრო რწმუნებული დამოუკიდებლად ამოწმებს - სამხედრო მოსამსახურების უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მდგომარეობას, მათი დარღვევის ფაქტებს, როგორც მიღებული განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივით, სამხედრო რწმუნებულისთვის გაგზავნილი - განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია, მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია. სამხედრო რწმუნებულისადმი მიმართვის გამო კი, სამხედროს დასჯა ან მისი ინტერესების შელახვა კანონით ისჯება.

აღნიშნული უფლებების გარდა, სამხედრო რწმუნებლს საშუალება ექნება - დაუბრკოლებად შევიდეს - სამხედრო ნაწილებში, შტაბში, ორგანოებში, დაწესებულებებსა და სამსახურებრივ ადგილებში. ასევე მას უფლება ექნება, საქმის წარმოებისთვის ყველა აუცილებელი ცნობა, საბუთი თუ სხვა მასალა ნებისმიერი თანანმდებობის პირისგან და უწყებებისგან მიიღოს.

კანონპროექტის თანახმად, სამხედრო რწმუნებული დანაშაულის ნიშნების ან-და დისციპლინური გადაცდომების გამოვლენის შემთხვევაში, მის ხელთ არსებულ მასალებს ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამის ორგანოებს გადასცემს. ასევე მას უფლება ექნება შესაბამის ორგანოებში, იმ პირთა დისციპლინარული და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ შეიტანოს წინადადებები, რომელთა მოქმედებამაც სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევა გამოიწვია.

უნდა ითქვას, რომ სახალხო რწმუნებულს ასევე უფლება ექნება განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკანონო ფაქტების შესწავლის მიზნით, პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით მიმართოს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მსგავსად, სამხედრო რწმუნებული პარლამენტს, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების საკითხებზე წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

ამასთან, ინიციატივით, სამხედრო რწმუნებულის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სამუშაო აპარატი შეიქმნება და რწმუნებულს მოადგილეც ეყოლება.

ცვლილებების ავტორი დარწმუნებულია, რომ სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტი საზოგადოებაში მაღალი ნდობით ისარგებლებს. როგორც For.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, მსგავსი ინსტიტუტები წარმატებით ნატოს რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებენ.

მისი თქმით, გერმანიას 1954 წლიდან სამხედრო რწმუნებული ჰყავს და მისი არსებობით სამოქალაქო ურთიერთობები  მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინსტიტუტის შემოღებას საპარლამენტო უმცირესობაც მიესალმება. როგორც For.ge-ს თავდაცვის კომიტეტის წევრმა, გივი თარგამაძემ განუცხადა, მას ამ იდეის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

„ამ საკითხზე, თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაცეიბი უნდა გაიმართოს და სტრუქტურა ერთობლივად ჩამოყალიბდეს“, - დასძინა კანონმდებელმა.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებების ინიცირება პარლამენტში უკვე მოხდა და მისი განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედდება კი, 2013 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდება.