ახლახანს სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენების მიერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი „რუსთავი 2-ზე“ მოდელირებულ იქნა პასკვილი, რომელიც მიზნად ისახავს ვანო ჩხარტიშვილისთვის ტელეკომპანია „მზის“ დაბრუნებისთვის ხელის შეშლას. „მზისთვის“ ბრძოლა ჩვენ დღეს არ დაგვიწყია. ამა წლის 22 მაისს ჩვენ ვამცნეთ ქართულ საზოგადოებას, რომ „მზის“ ძალადობრივი მითვისებისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ვიწყებდით საერთაშორისო სასამართლო პროცედურებს. 18 ივნისის განცხადებაში კი დავაყენეთ „მზის“ მიტაცებაში მონაწილე თბილისის მერის მოროდიორ გიგი უგულავას და პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.
1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების რეალური შანსი გაჩნდა, რამაც სერიოზულად შეაშფოთა „მზის“ ქურდები. ამ დღეებში გიგი უგულავა იუსტიციის ექსმინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად ლონდონში ქ-ნ ინა გუდავაძეს და მისი ბიზნესების განმკარგავ ირაკლი რუხაძეს სტუმრობდა. ეს უკანასკნელი გიგი უგულავასთან და კახა ბენდუქიძესთან დაახლოებული პირია. მოდელირებული კომპრომატების კამპანია სწორედ ლონდონის შეხვედრებზე დაიგეგმა. მიზანი ცხადია - რევანშისტულად განწყობილი ნაციონალების ბოლო იმედი ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე კონტროლის შენარჩუნებაა. ამას ემსახურებოდა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ქალბატონ ინა გუდავაძისთვის ნებაყოფლობითი დაბრუნების აქტი და ამასვე ემსახურება მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი, - ჩვენთვის წართმეული ტელეკომპანია „მზე“ ინა გუდავაძეს „მიჰყიდონ“ და ამით ჩვენსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ვექტორი ქალბატონ ინასთან ქონებრივი დავის ჭრილში გადაიტანონ.
რაც შეეხება ქალბატონ ინასთან სამართლებრივ დავას, იგი ყოფილი ხელისუფლების წაქეზებით ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან მეოთხე წელს იქნა ინიცირებული. ბატონი ვანოსთვის ადამიანურად მძიმე და მიუღებელია გარდაცვლილი მეგობრისა და საქმიანი პარტნიორის მეუღლესთან დავა. ამიტომაც მიმართა ქალბატონ ინას წინადადებით, გაუგებრობები მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების მეშვეობით გადაწყვეტილიყო. ჩვენ დღესაც ამ პოზიციებზე ვდგავართ, მაგრამ ბატონი ვანოს ეს წინადადება პირადად გიგი უგულავამ ჩაშალა და ბინძური დაშანტაჯებით აიძულა ქალბატონი ინა, ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში ეჩივლა. მიუკერძოებელმა ავტორიტეტულმა სასამართლომ, რომელიც თავად ქალბატონმა ინამ შეარჩია, უარი უთხრა მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ჯარიმაც დააკისრა.
ამჯერად, უგულავა, რუხაძე და მათი დამქაშები ცდილობენ ქალბატონი ინა გაიყვანონ ცივილური სამართლებრივი დავის სივრციდან და პასკვილების შეთხზვითა და სიცრუის ტირაჟირებით ხელი შეგვიშალონ მათ მიერვე გაძარცული და მითვისებული „მზის“ დაბრუნებაში. რადგანაც ქალბატონი ინა კატეგორიულად უარყოფს რამენაირ კავშირს აღნიშნულ პასკვილთან და მის ანონიმურ ავტორებთან, ჩვენ უკვე მივმართეთ ფეისბუკის სათაო ოფისს და მალე ფარდა აეხდება თუ კონკრეტულად რომელი პატარა და ბინძური კაცუნა ასრულებს მოროდიორების დაკვეთას.
სხვა თუ არაფერი, ცინიკურია, როცა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელი რეჟიმის წარმომადგენლები ცდილობენ ქალბატონი ინა ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლის ბრმა იარაღად გამოიყენონ. ბატონ ვანოს მხრიდან არ გადაიდგმება არცერთი ნაბიჯი, რომელიც ჩრდილს მიაყენებდა ქალბატონი ინას ოჯახს, მაგრამ გამორიცხულია რაიმე კომპრომისი მის ზურგს ამოფარებულ პოლიტიკურ კრიმინალებთან.
მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენები გვინდა დავარწმუნოთ, რომ ამაოდ ირჯებიან - ტელეკომპანია „მზეს“ მისი შემქმნელები და ჟურნალისტები დამოუკიდებელი სასამართლოს მეშვეობით აუცილებლად დავიბრუნებთ, მოროდიორ გიგი უგულავას კი მალე მოუწევს ქართული პროკურატურის კითხვებისათვის პასუხის გაცემა, ხოლო ანონიმური პასკვილისა და სიცრუის ტირაჟირებით დაკავებულ „რუსთავი 2-ს“ სასამართლოს წინაშე წარდგომა.
გიორგი გიორგაძე ვანო ჩხარტიშვილის პრეს-მდივანი
P.S. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის და ტელეკომპანია „მზის" ყოფილი დამფუძნებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
1704
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85