დღემდე გაუხმაურებელი ავტოავარიის დეტალებზე, რომელშიც ვანო მერაბიშვილი, კობა სუბელიანი და ვაჟა ჩიტაშვილი ფიგურირებენ, for.ge-ს საზოგადოება „მშობლიური მესხეთის“ დარბაზის თავმჯდომარე თამარ სამსონიძე ესაუბრა.
მისი განმარტებით, ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში მომხდარ ავტოავარიაში დაშავდა ამავე სოფლის მკვიდრი ონისე გაჩეჩილაძე, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს აქტიური ოპოზიციონერი იყო - თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში, მათ შორის 2011 წლის 26 მაისის აქციაში მონაწილეობდა, რა დროსაც აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად სცემეს, დააკავეს და 400-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სად და როგორ მოხდა ავარია?
- ონისე გაჩეჩილაძე თბილისიდან აწყურში თავად გავაცილე, 2011 წლის 28 მაისის საპროტესტო მანიფესტაციის შემდეგ. 2011 წლის 4 ივნისს, დილით ონისე ყანაში სამუშაოდ მიდიოდა. რადგან მისი ყანა სოფლიდან მოშორებით მდებარეობს, მეზობელს საჭაპანე ტრანსპორტი სთხოვა. ბორჯომის მიმართულებით მიუყვებოდა საავტომობილო გზას, სადაც მას უკნიდან დაეჯახა ასევე ბორჯომის მიმართულებით მიმავალი, დაფარულ მინებიანი „ჯიპის“ მარკის ავტომობილი. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ონისე, თავის ტრანსპორტიანად გზიდან მოშორებით გადაისროლა.
აქ თითქოს გასაკვირი არაფერია, მსგავსი ნებისმიერ მძღოლს შეიძლება შეემთხვეს, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ავტოავარია, რადგან ონისეს თანასოფლელები ამტკიცებენ, რომ ავტომობილში კობა სუბელიანი და ვანო მერაბიშვილი ისხდნენ. ცნობისათვის - მერაბიშვილი ამ მხარეში ხშირად გადადგილებოდა ხოლმე დაცვისა და მძღოლის გარეშე.
გამოიძახა ვინმემ პოლიცია?
- ახალციხის პოლიცია „ჯიპში“ მსხდომებმა სასწრაფოდ გამოიძახეს და თავად შემთხვევის ადგილი დატოვეს. განსაკუთრებულ ეჭვს იწვევს მოვლენების შემდგომი განვითარება - ადგილზე მისულმა პილიციელებმა, უგონოდ მყოფი დაზარალებული ახალციხის საავადმყოფოში მიიყვანეს, რამდენიმე წუთიანი დახმარება აღმოუჩინეს და იქიდან თბილისში, კერძოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს.
ეს იცოდა დაზარალებულის ოჯახმა?
- საქმე იმაშია რომ ავადმყოფთან მუდმივად მორიგეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ონისე გაჩეჩილაძის ახლობლებს მისი ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. რამდენიმე დღეში უმძიმეს, უმოძრაო მდგომარეობაში მყოფი ონისე აწყურში ისე დააბრუნეს, რომ მკურნალობა დასრულებული არ ჰქონდა.
ამის შესახებ აქამდე რატომ ვერ გავიგეთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა?
- გავაგრძელებ და ამ კითხვაზე პასუხსაც მიიღებთ. ონისესთან სახლში ახალციხელი პოლიციელები (გეწაძე, ლაზარაშვილი, მერაბიშვილი) მორიგეობდნენ. დიდწილად სავარაუდოა, რომ თბილისიდან პერიოდულად ჩამოსული დაუპატიჟებელი სტუმარი შსს-ს მაღალჩინოსანი იყო, რადგან ახალციხელი პოლიციელები მას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. თბილისელ სტუმარს მედიკამენტები მიჰქონდა, ხან ახალციხელ პოლიციელებს ფულს უტოვებდა და წამლებს თავად ყიდულობდნენ.
ეს ამბავი აწყურელებისგან მალულად ხდებოდა?
- რასაკვირველია, ეს ამბავი აწყურელებისთვის ცნობილი იყო და ონისე გაჩეჩილაძის მეთვალყურეობის პარალელურად აწყურელების ე.წ. დამუშავებაც ხდებოდა.
რას სთხოვნდნენ აწყურელებს?
- მათ უნდა ეთქვათ, თითქოსდა საჭესთან კობა სუბელიანი იჯდა და ის ავტომობილში მარტო იყო. თავად ონისესა და მის ახლობლებზე ტერორი ხორციელდებოდა; ტერორი პირდაპირი გაგებით - მოითხოვდნენ დაზარალებულს ხელი მოეწერა ოლქის პროკურორის ვაჟა ჩიტაშვილის მითითებით შედგენილ ყალბ დოკუმენტზე, რომლის მიხედვით ვითომდა მას დაეჯახა ვიღაც უცნობი, ბორჯომელი მოქალაქე.
ანუ, აწყურლებისგან ერთს მოითხოვდნენ და დაზარალებულისგან მეორეს?
- დიახ, ასე იყო. ხალხმა სუბელიანი დაინახა და მერაბიშვილი უნდა მიემალათ, აღარ იცოდნენ რა ექნათ. ჩიტაშვილის მითითებით შედგენილი ყალბი დოკუმენტი დაზარალებულთან თითქმის ყოველ საღამოს მიჰქონდა ჩიტაშვილის თანამშრომელს, ვინმე ყულიჯანიშვილს, რომელიც დაჟინებით ცდილობდა დაზარალებულის დაყოლიებას.
თავის მხრივ გაჩეძილაძე ჯიუტობდა და ასე გავიდა დაახლოებით სამი თვე. პროკურატურამ ახლობლების დაშინებით, მოახერხა და ონისე გაჩეჩილაძეს ხელი მოაწერინა ჩიტაშვილის შედგენილ ყალბ დოკუმენტზე, რომლის მიხედვით ავარიის დროს საჭესთან ვიღაც ბორჯომელი იჯდა. სწორედ აქ ამოიწურა ონისესადმი დახმარების ლიმიტი, რომელიც მიღებული ტრამვების გამო დღემდე მძიმე მდგომარეობაშია.
ონისეს მეგობრებს და თანასოფლელებს მაშინვე გვინდოდა ფაქტის გახმაურება და გამოძიების დაწყება, მაგრამ მისი და მისი ახლობლების უსაფრთხოების მიზნით, დუმილს ვამჯობინებდით.
ამჟამად სად და რა მდგომარეობაშია ონისე გაჩეჩილაძე?
- ის ამჟამად აწყურშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა - ტრამვის შემდგომი გართულების გამო მან შეიძლება ფეხი დაკარგოს.
ის მზადაა ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბროს?
- დიახ. ამ ამბის გახმაურება რასაკვირველია, მასთან შეთანხმებით გადავწყვიტე და ეს შემდეგი გარემოებების გამო გავაკეთე: სამცხე- ჯავახეთში მერაბიშვილის კრიმინალური ბანდა ისევ ძველებურად, შეუზღუდავად მოქმედებს; ამ ინცინდეტში ჩარეულები არიან სამართალდამცველი ორგანოები (პროკურატურა, პოლიცია); მერაბიშვილის ახლობელთა დიდი ნაწილი კვლავ რჩება დაკავებულ თანამდებობებზე, რაც მოსახლეობის და პირადად ჩემს გაღიზიანებასაც იწვევს.
მინდა სამართალმა იზეიმოს და აღნიშნული ფაქტის ყველა მონაწილე: მერაბიშვილი, სუბელიანი, ჩიტაშვილი, სავარაუდოდ მედპერსონალი და სხვა მრავალი, რომელთა ვინაობასაც მარტივად დაადგენს გამოძიება, სამართლიანად დაისაჯნონ, რათა საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მესხეთში სამუდამოდ გაქრეს უსამართლობის და დაუცველობის განცდა.
უმნიშვნელო დეტალების გარდა ფაქტის სისწორეზე პასუხს ვაგებ და ამასთან, თქვენი მედიასაშუალებით ხმამაღლა ვაცხადებ, რომ დაზარალებული ონისე გაჩეჩილაძე მზადაა აღნიშნულზე ხმამაღლა ისაუბროს, მაგრამ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დედაქალაქში ვერ ჩამოდის, ადგილობრივ სამართალდამცავებს კი არ ენდობა, რის გამოც მას შეიძლება საფრთხეც შეექმნას. თავს ვიკავებ მომხდარის და დამნაშავეების სამართლებრივი კვალიფიკაციისაგან, რაც სამართალდამცველების პრეროგატივაა. ვიმედოვნებ, რომ ამ ფაქტზე სამართალდამცველები კანონის შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
აპირებს თუ არა ონისე გაჩეჩილაძე ავარიასთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართოს სამართალდამცველებს?
- ონისე გაჩეჩილაძე ამას აუცილებლად გააკეთებს.