"საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბებს ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე უხელმძღვანელებს... "არსენალისთვის" საამაყოა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძეს ჩვენს ჟურნალში ორი რუბრიკა "ტაქტიკა" და "ლოკალური ომები" მიჰყავდა, რომლებიც სამხედრო საქმით დაინტერესებული მკითხველის დიდ ინტერესს იწვევდა", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (9 - 22 ნოემბერი, 2012) მკითხველებისადმი მიმართვაში რედაქციისგან.
"ბოლო წლებში ძალიან ბევრმა პროფესიონალმა, გამოცდილმა, სამხედრო თუ სამოქალაქო კადრმა დატოვა თავდაცვის სამინისტრო, რასაც სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ამა თუ იმ კადრის პოლიტიკური და პირადი განწყობა ხშირად ხელმძღვანელობის მცდარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდებოდა. ჩემი სურვილია, ნებისმიერ კადრზე მიღებული გადაწყვეტილება პროფესიონალიზმსა და ქვეყნის ერთგულებას ეფუძნებოდეს. აქედან გამომდინარე, ხელმძღვანელობის დონეზე, როგორც სამოქალაქო, ასევე შეიარაღებულ ძალებსა და გაერთიანებულ შტაბებში, გადახალისება მოხდება, მაგრამ შენარჩუნდება ის საშუალო საშემსრულებლო რესურსი, რომელიც პოლიტიკური ცვლილების მიუხედავად, დამოუკიდებელი უნდა იყოს", - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოცემისთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში, სათაურით "ბევრი სამხედრო პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა".
"მას შემდეგ, რაც მინისტრი სამხედრო ნაწილებში გაცნობით შეხვედრებს დაასრულებს, "არსენალის" მკითხველს თავდაცვის ახალ მინისტრთან ვრცელ ინტერვიუს შევთავაზებთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"გენერალ ვახტანგ კაპანაძეს დიდი ხანია ვიცნობ. მას საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმოებულ თითქმის ყველა ომში აქვს საბრძოლო გამოცდილება მიღებული, ვგულისხმობ 90-იანი წლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომებში. ვახტანგ კაპანაძეს აქვს გამორჩეულად სრულყოფილი და ღრმა სამხედრო განათლება. მე ვიცნობ მის პიროვნულ თვისებებსაც, ვინაიდან ჩვენ ერთ დროს მოგვიწია თავდაცვის უწყებაში მუშაობამ... ვიცი, რომ ძალიან ბევრი, ძალიან ღირსეული სამხედრო მოსამსახურე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, მაგრამ ყველა საქმე ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და შემდგომ განხილული. რა თქმა უნდა, სასამართლოს ფუნქციებში ვერ ჩავერევით, მაგრამ ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც თავის დროზე სხვადასხვა მიზეზით სამსახურიდან დათხოვნილი ამა თუ იმ სამხედრო მოხელის საქმეს შეისწავლის", - ამბობს ირაკლი ალასანია და დასძენს:
"რამდენიმე დღის წინ მქონდა გაერთიანებულ შტაბში მორიგი შეხვედრა, სადაც ოფიცრებს შევპირდი და ავუხსენი, რომ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი მათ კომპეტენციაში არასდროს ჩაერევა. ეს ეხება როგორც სამშვიდობო პირობებს, ასევე, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საგანგებო ვითარებასა და სამხედრო დაპირისპირების დროს. 2008 წლის აგვისტოს ომში არაორგანიზებულობისა და მართვაში არსებული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ის ქაოსური ქმედებები იყო, როცა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელები, პრემიერ-მინისტრი თუ ქალაქის მერი სამხედრო გადაწყვეტილებებში ერეოდნენ. ჩემი ამოცანაა, დავაწესო კონტროლი სამოქალაქო ძალებზე და პრემიერ-მინისტრთან ერთად შევიმუშაო აქტიური სამხედრო პოლიტიკა, მაგრამ არ ჩავერევი სამხედრო საკითხებში".
"როცა ბაზიდან გავდიოდით, ერთ-ერთმა თქვა, ჩვენ ახლა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის მომსწრენი ვხდებითო. ჩემს ბიჭებს თვალი რომ გადავავლე, მივხვდი, შეშინებული არავინ იყო და სტიმული მომემატა... სამხედრო-საკონტრაქტო სამსახურში მესამე წელი მისრულდებოდა, მაგრამ ომში პირველად მიწევდა წასვლა და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია ემოციას არ აჰყვე და ომის საშინელებაზე არ იფიქრო... ბაზიდან გასვლის შემდეგ მთელი ღამე ვიარეთ. ბიჭები ძალიან მოტივირებული იყვნენ და ვხუმრობდით კიდეც, მაგრამ სხვების არ ვიცი და მე ნაძალადევად ვიცინოდი. არ არის ადვილი ომში მიდიოდე და ხუმრობდე, მაგრამ გამოუცდელი ჯარისკაცი ასე თუ არ მოიქცა და ემოციას აჰყვა, ვერც იბრძოლებს. ბიჭებს წარამარა ურეკავდნენ ოჯახის წევრები, გაგიჟებული იყვნენ. ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის შემდგომ, რამდენიმე წუთის წინ მოწინააღმდეგესთან შესახვედრად და ბრძოლისთვის ამაყად შემართული ბიჭები, "სხვანაირი" ხდებოდნენ. როგორ გითხრათ, სახეზე ყველას ეწერა, რომ ნერვიულობდნენ. ოჯახების მღელვარება სარკესავით აისახებოდა მათ სახეებზე. მეც ასე დამემართა, როცა დედაჩემმა დამირეკა... ოცმეთაურმა მობილურების გამორთვის ბრძანება გასცა. არ მოგვეწონა ეს აზრი, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევას ვინ გაბედავდა", - აცხადებს "არსენალის" კორესპონდენტთან საუბრისას 27 წლის გიორგი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის დროს 42-ე ქვეითი ბატალიონის დაზვერვაში მსახურობდა, სტატიაში სათაურით ისინი ცხინვალის ქუჩებში ბრძოლებს იხსენებენ...
"ცხინვალის მისადგომებთან ცოტა ხნით შევისვენეთ. სამწუხაროდ, იმ მხარეს პირველად ვიყავი და სოფლის სახელები არ მახსოვს, მაგრამ ახლაც თვალწინ მიდგას, დილაუთენია გარეთ გამოფენილი მოსახლეობა. ხაჭაპურები და ქადები მოგვაწოდეს. გვლოცავდნენ, მშვიდობით დაგვიბრუნდით, შვილებოო... შიში 7 აგვისტოს, მაშინ გადავლახე, როცა თვალი მოვკარი, გზაზე როგორ გადაჰყავდათ "ჰაილუქსებით" დაჭრილი ბიჭები... გრიალით შევედით ცხინვალში. მანქანიდან თვალი მოვკარი, შენობების ფანჯრებიდან და სახურავებიდან სნაიპერები გვესროდნენ... ჩვენს ნაწილში ერაყში ნამყოფი ბიჭი იყო, გამოცდილება ეტყობოდა. ქუჩაში დაჭრილი და დახოცილი მეომრების დანახვაზე ჩვენსავით არ ეცვლებოდა ფერი. არ ვიცი, ზოგი მოწინააღმდეგის იყო, ზოგიც, ალბათ, ჩვენები..." - ამბობს გამოცემის რესპონდენტი, რომლის შესახებ სტატიის ავტორი განმარტავს, რომ "დედით რუსმა ჯარისკაცმა ცხინვალის დაბომბვის დროს ოსი ჯარისკაცების ალყაში მყოფი ქართული ტანკის ეკიპაჟი გაათავისუფლა".
"ალბათ, ცხინვალის გამოსასვლელთან ვიყავი, როცა კუთხეში გაჩერებული ქართული ტანკი შევნიშნე, მისკენ ორი ოსი მიდიოდა. უცებ მოვიფიქრე, ჯავშანჟილეტი და კამუფლაჟი გავიხადე, ჩემს მეგობარს დავუტოვე, აქ დამელოდე-მეთქი, მხოლოდ მაისურისა და იარაღის ამარა დავრჩი და მათკენ წავედი. მეც "აკაესი" მეჭირა ხელში და ამ ფორმაში ძალიან ვგავდი ოსური არმიის ჯარისკაცს. ქართულ ტანკთან მათზე ადრე მივედი და რუსულად გინება დავიწყე, რა დროს გვიმტყუნა ამ ქართველების ჯართმა-მეთქი. ისინი შეცბნენ. რამე ხომ არ გჭირდებათ, ბიჭებო-მეთქი, რუსულად ვკითხე. გაჩერდნენ. არა, თქვენ არ უნდა იყოთ კარგ დღეში, ამ ქუჩაზე ვითარებას ჩვენ ვაკონტროლებთ, მაგრამ გარშემო სულ ქართველები არიან, დაანებეთ მაგას თავი და თავშესაფარი იპოვეთო. მივხვდი, ტანკში მსხდომი ქართველი ბიჭებიც და ჩვენც ალყაში ვიყავით. ერთი 40 წლამდე იქნებოდა, ჭაღარა, წვერიანი, მეორე ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ, 18 წლის. ქართველებს ჩვენივე ენაზე ისეთი გინება გამოგვიგზავნა, თავი ძლივს შევიკავე. ტანკამდეც არც კი მისულან, გატრიალდნენ და წავიდნენ. უფროსმა კიდევ ერთხელ მითხრა, სანამ "რამე" არ გამოჩნდება, თავს უშველეთო. არ ვიცი, რამეში რას გულისხმობდა. ქუჩის კუთხეში აღმართივით იყო. როცა ჩვენს ბიჭებს გამოველაპარაკე, მათ ვიღაც მიუახლოვდა და ოსურად რაღაც დაუყვირა. უცებ ვიგრძენი, რომ მხარში დამჭრეს. მიხვდნენ, რომ ქართველები ვიყავით და მოვატყუე. ტანკში მსხდომი ეკიპაჟიდან ზოგი ჩაჯდომას მირჩევდა. ორი გადმოხტა და მარცხნივ მაღალი კორპუსისკენ წამიყვანა, სადაც ჩემი ნაწილის ბიჭები იყვნენ ჩასაფრებული, ისინი, ვისთან ერთადაც მივდიოდი ალყაში მყოფების დასახმარებლად. ამ დროს კავშირი უკვე ხარვეზებით იყო. სიარული მიჭირდა და კორპუსამდე ვერ მივაღწიეთ. ამასობაში იქ გამაგრებულ ბიჭებს წრიული ჩასაფრება მოუწყვეს, ესროდნენ მსხვილკალიბრიანებს, კორპუსს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. ასეთ დროს ყოველი მეომრის მოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბიჭებს ვუყვიროდი, წადით და იმათ მიეშველეთ-მეთქი. ტკივილს უკვე სიგიჟემდე ვყავდი მიყვანილი. ერთი ცდილობდა, პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა, მაგრამ ამასობაში ტკივილისგან გონი დავკარგე და მხოლოდ ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გავახილე თვალი", - ამბობს გიორგი.
"2011 წლის სექტემბერში თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ხევსურეთში ამ უწყების შვეულმფრენმა ავარია განიცადა და დაიწვა. ეკიპაჟი და მგზავრები გადარჩნენ, ხოლო ავარიის მიზეზების გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. ქართულ სამხედრო ავიაციას კიდევ ერთი შვეულმფრენი დააკლდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ მწირი ინფორმაციის გარდა, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტს სხვა არაფერი გაუვრცელებია. "არსენალმა" მაშინ მალევე გაარკვია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ავარიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მაგრამ იმის გამო, რომ საჯაროდ საუბარს ოფიცრები მიზეზთა გამო უფრთხოდნენ, ჩვენც დროებით გადავდეთ ამ ინციდენტზე მსჯელობა. ქართული შვეულმფრენის დაწვიდან ერთი წლის შემდეგ "არსენალმა" ექსკლუზიური ინტერვიუ აიღო ავარიაგანცდილი შვეულმფრენის მეთაურისგან, თადარიგის მაიორ ვახტანგ ნადირაძისგან", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი სტატიაში სათაურით თავდაცვის ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას ქართული შვეულმფრენი შეეწირა / "სამი საათით დააგვიანეს. ვუხსნიდი, გადავდოთ გაფრენა, მთებში დაჯდომა სახიფათო იქნება-მეთქი, მაგრამ დაჟინებით მოითხოვეს ხევსურეთში გაფრენა".
"2011 წლის 6 სექტემბერს დილის 9 სთ-ზე ალექსეევკის ბაზაში მოწყობის დროს მომცეს დავალება, რომ რვაკაციანი ჯგუფი გადამეყვანა ხევსურეთში ტანის ტბის მიდამოებში და შემდეგ შეიძლება დასავლეთ საქართველოსკენაც გავფრენილიყავით... ველოდებით აეროდრომზე მგზავრებს. გადის ერთი საათი, მიიწურა მეორე, დაიწყო მესამე, ჩვენ უკვე ვნერვიულობთ, რადგან შუადღის შემდეგ მთებში დაბალ სიმაღლეებზე ფრენა და მით უმეტეს დაჯდომა მაღალმთიან პატარა მონაკვეთებზე ძალიან სახიფათოა... ამოცანის დასმიდან მესამე საათის შემდეგ, პირველის წუთებზე, ბოლოს და ბოლოს, მოდიან მგზავრები, რომლებიც, თუ არ ვცდები, უკრაინული გადამღები ჯგუფი და მათი თანმხლები ქართველები იყვნენ, მათ შორის სამი-ოთხი ქალი იყო. სამსაათიანი დაგვიანების შემდეგ მოსული მგზავრების ჯგუფის უფროსს ვუხსნი, რომ ამ დროს მთებში გაფრენა და მაღალმთიან მოედანზე დაჯდომა შეიძლება სახიფათო იყოს და აჯობებდა, გაფრენა მეორე დღის ადრიანი დილისთვის გადაგვედო. თუმცა ჯგუფის უფროსმა, რომელიც სავარაუდოდ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იყო, კატეგორიულად მოითხოვა გაფრენა", - აცხადებს ვახტანგ ნადირაძე.
"ქარის დაბერვის ძალა ისეთი იყო, რომ ავარიულად დაჯდომისას კუდის ხრახნი მიწას გამოედო და მოტყდა, რის გამოც ძირითადი ხრახნის ბრუნვამ შვეულმფრენი მარჯვენა გვერდზე გადააბრუნა.... მგზავრებს საშუალება მიეცათ, სალონი სწრაფად დაეტოვებინათ. როგორც ვიცი, ძვირად ღირებული ვიდეოაპარატურაც გადაარჩინეს... შვეულმფრენი აფეთქების გარეშე 15 წთ-ში ჩაიწვა, მაგრამ იმ მომენტში ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ყველანი გადავრჩით... სამაშველო შვეულმფრენმა გადამღები ჯგუფის წევრები ღუდუშაურის საავადმყოფოს ეზოში დასვა, ჩვენ კი ალექსეევკის ბაზაში დაგვაბრუნა. იმავე დღეს შეგვამოწმეს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების არსებობაზე, პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო", - იხსენებს თადარიგის მაიორი და დასძენს:
"ბუნებრივია, ძალიან განვიცდიდით მომხდარს და ვცდილობდით, გაგვეანალიზებინა ყველა დეტალი. როდესაც ალექსეევკის ბაზაში მაშინდელი გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიგი კალანდაძე მოვიდა და ძალიან უხეშად განაცხადა, ბაზის მეთაური შამილ ქორთოშიძე და ავიაციის უფროსი მამუკა ქუსიკაშვილი დღესვე გათავისუფლებული არიან, ხოლო შვეულმფრენის ეკიპაჟის წევრებს ახლავე ციხეში ჩაგაყუდებთო. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდით. როგორია, გამოძიების შედეგების გარეშე უკვე დამნაშავედ რომ გცნობენ? მით უმეტეს, რომ ჯერ ის იყო გამოსარკვევი, რატომ გადაიდო სამი საათით დილის 9 სთ-ზე დანიშნული გაფრენა... გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებდა. დაგვკითხეს. როგორც ვიცი, დასკვნაში ჩაიწერა, რომ ავარიის მიზეზი ბუნებრივი პირობების მოულოდნელი გაუარესება იყო. ჩვენი ეკიპაჟი უდანაშაულო იყო ამ ავარიაში, მაგრამ მე იქით მიჩნდება კითხვა: აგეს პასუხი თუ არა თავდაცვის სამინისტროს იმ ჩინოვნიკებმა, ვინც დაგეგმეს ეს გაფრენა და სამი საათით დააგვიანეს, რაც საბედისწერო გახდა".