სოხუმის ცენტრში 10 დღის წინ მომხდარ რეზონანსულ მკვლელობას უკვე მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი, რაც ორშაბათს საპროტესტო აქციის ფონზე ე.წ. შს მინისტრისა და გენპროკურორის გადაყენებაში გამოიხატა. ახლა კი ეს ყველაფერი შესაძლოა აფხაზეთში ორი გავლენიანი გვარის - არშბებისა და ავიძბების დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამის შესახებ საუბარია არშბების გვარის წარმომადგენელთა საგანგებო განცხადებაში, რომელიც ორშაბათს ინტერნეტით გავრცელდა.
მიზეზი ისაა, რომ ერთ-ერთი მოკლუკი „კანონიერი ქურდის", ალხას ავიძბას გავლენიანმა ნათესავმა - ახრა ავიძბამ ორშაბათს სოხუმში გამართულ მიტინგზე ამ მკვლელობაში ღიად დაადანაშაულა ე.წ. შს მინისტრი გარი არშბა. ამას არშბების გვარის წარმომადგენელთა საგანგებო განცხადება მოჰყვა.
„რას ნიშნავდა თქვენი გამონათქვამები - „მინისტრი დაკავშირებულია ამ მკვლელობებთან; მის წინააღმდეგ რადიკალურ ზომებს მივიღებთ; სავარძლიანად აგმოვიყვანთ და გავიტანთ აფხაზეთიდან"? თქვენ საუბრობთ მასზე არა მხოლოდ როგორც მინისტრზე, არამედ როგორც არშბას გვარის წარმომადგენელზე!
„პატივცემულო ახრა, რატომ ძაბავთ ისედაც დაძაბულ სიტუაციას?! ნუთუ არ გესმით, რომ ეს ეს შეიძლება ჩვენი გვარების ცალკეულ წარმომადგენელთა შორის შეტაკებებში გადაიზარდოს, რაზეც პირადად თქვენ იქნებით პასუხისმგებელი! ჩვენ, არშბას გვარის წარმომადგენლები გეუბნებით თქვენ - შეწყვიტეთ ადამიანებით მანიპულირება და გაჩერდით!" - ნათქვამია არშბას გვარის წარმომადგენელთა განცხადებებში.
თბილისში მიიჩნევენ, რომ სოხუმში ორი ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობა შესაძლოა ცალკეულ კრიმინალურ დაჯგუფებათა „ომში" გადაიზარდოს, თუმცა გვარების დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის.
„აფხაზეთი, თავისი მდგომარეობით, რუსული კრიმინალური სამყაროს წამყვანი ნაწილია. ვითარება „ქურდულ სამყაროში" შეიძლება გართულდეს და გარკვეული ძალთა ბალანსის გადანაწილება მოხდეს - ამა თუ იმ ფიგურების წინ წამოწევა, უკან წაწევა, ჩრდილში მოქცევა, თუმცა, „ქურდულ სამყაროს" გარეთ ეს დაძაბულობა არ გავა," - აცხადებს „რეზონანსთან" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოხუმის ცენტრში „კანონიერი ქურდების" მკვლელობისა და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას.
ამ დრომდე დაუდგენელია 22 ნოემბერს მომხდარ მკვლელობაში მონაწილე იმ პირთა ვინაობა, ვინც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ე.წ. კანონიერი ქურდები -ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა მოკლეს. ამასთან, დაიჭრა ოთხი ადამიანი, მათ შორის, რესტორნის თანამშრომელი გოგონა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.
მოკლულების ნათესავებმა ორშაბათს სოხუმის ცენტრში მიტინგი გამართეს, სადაც ერთ-ერთი მოკლულის ნათესავმა - ახრა ავიძბამ, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ დონეცკში პრორუსი მეამბოხეების მხარეს ომობდა და თავიც გამოიჩინა, განაცხადა, რომ ამ მკვლელობის უკან ე.წ. შს მინისტრი გარი არშბა დგას, რაზეც არშბების გვარის წარმომადგენლებმაც განცხადებით უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ ამ აქციის შემდეგ დე ფაქტო პარლამენტმა თანამდებობებიდან გადააყენა „გენერალური პროკურორი" ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე ესშოუ კაკალია. დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კი ე.წ. შს მინისტრი გარი არშბა მოხსნა თანამდებობიდან.
ე.წ. კანონიერი ქურდების მკვლელობის გამო გვარებს შორის დაპირისპირებას პაატა ზაქარეიშვილი გამორიცხავს, თუმცა, ამბობს, რომ მოსალოდნელია „ქურდულ სამყაროში" ვითარების გართულება.
„ეს შიდა „ქურდული გარჩევებია". სამწუხაროდ, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას და აფხაზეთი გახდა ამ კრიმინალური სამყაროს თავშეყრის ადგილი.
„მთელი რუსეთის „ქურდული სამყარო" ხშირად აფხაზეთში არჩევენ საქმეებს და იქ იკრიბებიან, ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს. ამას შეიძლება მოჰყვეს „ქურდულ სამყაროში" გარკვეული ძალთა გადანაწილება, განსაკუთრებით აფხაზეთში და სამხრეთ რუსეთის ტერიტორიაზე. შიდა აფხაზურ კონტექსტში, გვარებს შორის არ მგონია ამან დაძაბულობა გამოიწვიოს," - აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.