როდის და რისთვის ხვდება ირაკლი ალასანია ნატო-ს გენერალურ მდივანს?!

როდის და რისთვის ხვდება ირაკლი ალასანია ნატო-ს გენერალურ მდივანს?!

"მინდა გითხრათ, რომ ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უფრო ახალი დინამიკით გრძელდება. პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს დელეგაციას შეხვედრა რასმუსენთან ექნება ოთხშაბათს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის წერილი მივიღე, რომელსაც ვხვდები 15 ნოემბერს, მას ჩემთან საუბარი სურს ნატოს კომიტეტის გადადებულ ვიზიტზე საქართველოში. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ ნატოს კომიტეტთან შეხვედრა არ გაუქმებულა, უბრალოდ, შეხვედრამ გადაიწია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ირგვლივ არსებული გაურკვევლობის გამო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს გაურკვევლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩევნებში დამარცხებულმა პრეზიდენტმა გაუგებარი მიზეზით შეცვალა გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი. ეს ნატოსთვისაც მოულოდნელი იყო", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როდის და რისთვის ხვდება ირაკლი ალასანია ნატო-ს გენერალურ მდივანს?!

"რაც შეეხება ბატონი კალანდაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს არის გამოძიების საკითხი. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, სახელად ადეიშვილი, დასრულდა. ყველამ უნდა მივაღწიოთ სამართლის უზენაესობასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას პატივი ვცეთ. კალანდაძის მიმართ გამოძიება გრძელდება და როგორ დასრულდება, სასამართლოს საშუალებით შეიტყობთ. რაც შეეხება რასმუსენის განცხადებას, ბუნებრივია, მათ აინტერესებთ დეტალურად, რა პირობებში, როგორ ხდებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, გაერთიანებულ შტაბში იმ პრობლემებზე რეაგირება, რაც მუდმივად გვესმოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ იყო ადამიანის პიროვნული ღირსების შემლახველი ფაქტები. ამის აღმოფხვრისკენ ნაბიჯის გადადგმა, არის ნაბიჯი ნატოსთან დაახლოებისა. ამიტომ ჩვენ გვექნება რასმუსენთან შეხვედრა და ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღწევა შეთანხმება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.

"რაც შეეხება პრეზიდენტის პათოსს "ნატოს აღშფოთებასთან" დაკავშირებით, შევეცდები პრეზიდენტის განცხადებაზე დეტალური კომენტარი არ გავაკეთო, ერთ რამეს ვიტყვი - ხანდახან მეჩვენება, სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი ისე იქცევიან, თითქოს ცხრა წელიწადს ხელისუფლებაში ყოფილან. საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა ცდილობდეს საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას ქვეყნის გარეთ. მისი მცდელობები, შეიტანოს რამე დისონანსი სამხედრო შეიარაღებულ ძალებში, რომელიც კრახით დასრულდა, იყო მისი მხრიდან წინდაუხედავი ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, ის სამოქალაქო კონტროლი, რომელიც არსებობს შეიარაღებულ ძალებზე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ახალ პოლიტიკურ რეალობას მორგებული სამართალდამცავი სტრუქტურები და გათავისუფლებული მართლმსაჯულება, არავის მისცემს უფლებას, პოლიტიკური მოტივით საქართველოს სახელსა და იმიჯს მიაყენოს ზიანი", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "არის საშიშროება, რომ გათავისუფლებულმა გენერალმა და მისმა მომხრეებმა იარაღით დაამხონ ახალი ხელისუფლება? საქართველოს ისტორიას ახსოვს მსგავსი ფაქტი..." - პასუხობს:

"თუ დამარცხებულ პოლიტიკურ ძალაში ვინმეს აქვს ილუზია, რომ შესაძლებელი იქნება რამე შფოთის შეტანა სამხედრო შეიარარებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროში, მინდა ეს ილუზია გავუფანტო და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა - სრული კონტროლია სამხედრო შეიარაღებულ ძალებზე. ისეთი, როგორიც უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში. მე მაქვს სრული ინფორმაცია გადაადგილებების შესახებ, როგორ მიდის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გამყარება, როგორია საბრძოლო მზადყოფნა. აბსოლუტურ ჰარმონიაშია სამხედრო შეიარაღებული ძალები და თავდაცვის სამოქალაქო ნაწილი".