ახალაიას და კალანდაძის საქმეში კიდევ 19 ნაცემი და ნაწამები ჯარისკაცი გაჩნდა

ახალაიას და კალანდაძის საქმეში კიდევ 19 ნაცემი და ნაწამები ჯარისკაცი გაჩნდა

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიასა და გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდაძის საქმეში მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმეებში არის ბრალდების სამი ეპიზოდი, სადაც პირველ ეპიზოდში არის ექვსი დაზარალებული (ნაცემი ჯარისკაცები), მეორე ეპიზოდში ერთი დაზარალებულია – ზვიად აბესაძე (რომელსაც სცემეს და თავისუფლება აღუკვეთეს), მესამე ეპიზოდში კი 19 დაზარალებულია (ნაცემი და ნაწამები ჯარისკაცები).

კბილაშვილის განცხადებით, 2010 წლის 16 თებერვალს გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა, იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და წინა ღამით მორიგეობდნენ, დილის ვარჯიშზე უარი განაცხადეს.

“2010 წლის 18 თებერვალს, ღამის დაახლოებით 2-დან სამ საათამდე იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, ბაჩანა ახალაიას ბრძანებით აღნიშნული პირები მათი დასჯის მიზნით ქალაქ თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ჩასულ ჯარისკაცებს სხვა სამხედრო პირებთან ერთად, დახვდათ ბაჩანა ახალაია და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი გიორგი კალანდაძე. ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს მათ ორ ოცმეთაურთან ერთად სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ისინი ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, წელს ზემოთ გააშიშვლეს და დაახლოებით ერთი საათი სიცივეში არბენინეს”, - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

მისი თქმით, ამის შემდეგ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ახალაიას ბრძანებით, ამავე ბრიგადის აბანოში ჩაკეტეს, გუშაგები დაუყენეს, გამოურთეს გათბობა და ასეთ ვითარებაში ისინი აბანოში სამი ღამისა და ორი დღის განმავლობაში ამყოფეს (2010 წლის 20 თებერვლამდე). მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ამ ქმედებით ბაჩო ახალაიამ ჯარისკაცებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. მისივე თქმით, თავისუფლების აღკვეთის განმავლობაში ჯარისკაცებს, მინიმუმ 36 საათი არ მიეწოდებოდათ საკვები და მთელი სამი ღაისა და ორი დღის განმავლობაში ჯარისკაცები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რადგან აბანოში, სადაც ისინი იყვნენ ჩაკეტილები, არ იყო საწოლები, სკამები, ლეიბები, პლედები, რის გამოც ჯარისკაცებს ცივ მეტლახის ფილებზე ეძინათ.

არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ამ ქმედებით ბაჩო ახალაიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), რომელიც შვიდიდან ათ წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. ასევე მან ჩაიდინა 144 პრიმა ერთი მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (წამება), რაც 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მთავარი პროკურორის განცხადებით, ბაჩო ახალაიას ამ ქმედებით ასევე დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ აკრძალულია წამება, არაადამიანური  და დამამცირებელი მოპყრობა.

კბილაშვილის განცხადებით, რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, რომელმაც სცემა და შეურაცხყოფა მიაყენა ჯარისკაცებს, მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტება), რაც ხუთიდან რვა წლადე სასჯელს ითვალისწინებს. ამ ახალ ეპიზოდთან დაკავშირებით ბაჩო ახალიაიას  და გიორგი კალანდაძეს გუშინ, 2012 წლის 12 ნოემბერს ზემოთაღნიშნული მუხლებით წარედგინათ ბრალდება. მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა 19-ვე დაზარალებულის ჩვენებით და სხვა მოქმეების დაკითხვის ოქმებით არის დადასტურებული. ამასთანავე, ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის მოთხოვნით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს და უახლოეს საათებში სასამართლო ამ საკითხს განიხილავს. ამდენად, გიორგი კალანდაძის საკითხზე, რომელსაც ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული და თავისუფლებაზე იმყოფება, ახალ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს, რადგან ეს საკითხი 24 საათის განმავლობაში უნდა იქნეს გადაწყვეტილი.

აქვე მთავარი პროკურორი შეეხო ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიმართ ბრალდების სახით რამდენიმე დღის წინ შერაცხულ ეპიზოდს და განაცხადა, რომ დაზარალებულ ზვიად აბესაძეს ბაჩო ახალაიას ბრძანებით თავისუფლება აღუკვეთეს (ანუ კონსპირაციულ ბინაში წაიყვანეს) გაგა მკურნალიძემ და მისმა ორმა ხელქვეითმა დარასელიამ და კინწურაშვილმა. ამით ის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ამ ადამიანებს ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენება ძალით მიაცემინეს.

“როდესაც მაშინ ჩვენ ისინი დავკითხეთ, იმჟამად მათი პასუხისგებაში მიცემის საკითხი არ გადაგვიწყვეტია, რადგან გამოვედით იმ პოზიციიდან, რომ ისინი მეორეხარისხოვანი პირები იყვნენ, ვინაიდან ისინი ასრულებდნენ ბრძანებას, თუმცა ბრძანების შესრულება არ ნიშნავს პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას. უბრალოდ იმ ეტაპზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ვინაიდან ამ ადამიანების როლი კიდევ გამოსაკვეთი იყო და რაღაც გარემოებები იყო გამოსარკვევი, ამიტომ ამ ადამიანების მიმართ ლმობიერები ვიყავით და მათი პასუხისგებაში მიცემის საკითხი იმ ეტაპზე არ გადაგვიწყვეტია. მათ ჩვენი ლმობიერება გამოიყენეს იმგვარად, როგორც თქვენ უკვე ნახეთ, მაგრამ გარწმუნებთ, არავითარ იძულებას ადგილი არ ჰქონია, თორემ ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ბუნებრივია ამ ადამიანებს არ მივცემდით საშუალებას თავისუფლებაზე დარჩენილიყვნენ და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ეამბნათ. მათი განცხადებები შეიძლება იმით აიხსნას, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ბაჩო ახალაიას პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ”, - აღნიშნავს არჩილ კბილაშვილი.

მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ პირველ მოადგილეს, გაგა მკურნალიძეს (რომელიც ციხის ცნობილ სკანდალში ფიგურირებს და რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება), 2012 წლის 12 ნოემბერს ზვიად აბესაძის ეპიზოდთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის მუხლით ბრალდება წარედგინა. იგივე ბრალდება კბილაშვილის განცხადებით, დარასელიასა და კინწურაშვილსაც წარედგინათ, რადგან ისინიც აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ შამათავას, კბილაშვილის განცხადებით, მისი ბრალეულობა მხოლოდ ერთ ეპიზოდში იკვეთება, რომელიც 6 ჯარისკაცის ცემას და შეურაცხყოფას ეხება, სხვა ეპიზოდებში კი მისი ბრალეულობა არ იკვეთება. აქვე მთავარი პროკურორი აღნიშნავს, რომ ამჟამად ახალაიასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე მიმდინარეობს მოკვლევა, იკითხებიან მოწმეები და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ხვალ ან ზეგ, საზოგადოება მასთან დაკავშირებით კიდევ ახალ ეპიზოდებზე იქნება ინფორმირებული.

ამასთანავე, არჩილ კბილაშვილმა უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ბრალდებას, რომლის თანხამადაც ახალაიასა და კალანდაძის საქმეებში არ არსებობენ დაზარალებულები და ისინი მხოლოდ მოწმეების ჩვენებების საფუძველზე არიან დაკავებულები. კბილაშვილი აცხადებს, რომ საქმის წარმოების პირველ ეტაპზე ადამიანი ნეიტრალური სტატუსით, ანუ მოწმის სახით იკითხება. ხოლო მოგვიანებით, როდესაც მისი ჩვენებიდან გამომდინარე, მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი დგინდება, ადამიანს უკვე დაზარალებულის სტატუსი ენიჭება. ამდენად, მთავარი პროკურორი ლოგიკურად მიიჩნევს იმას, რომ ასეთი ადამიანები მათი ჩვენებების შინაარსიდან გამომდინარე არიან დაზარალებულები და მოგვიანებით ისინი ამ სტატუსს შეიძენენ.