მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ

მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ

საქართველოში ყოფილი მინისტრი დაკავებულია. ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ ქვეყანას მძიმე შიდა კონფლიქტები ემუქრება.

საქართველოში 2004 წლიდან სახელმწიფოს მეთაურ პრეზიდენტ სააკაშვილსა და ახალ მთავრობას შორის ფეთქებადსაშიში კონფლიქტი ვითარდება. ამით უარესდება ნატოსა და ევროკავშირისთვის სასურველი ხელისუფლების უზადო გადაცემის შანსი. სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, პირველ ოქტომბერს მოულოდნელად ერთმნიშვნელოვნად დამარცხდა არჩევნებში. თავად პრეზიდენტს შეუძლია 2013 წლის ოქტომბრამდე დარჩეს თანამდებობაზე და თავისი ამ უფლებამოსილებებით უჩვეულოდ შეიარაღებულმა, ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობის საქმიანობას. თავიდან ისე ჩანდა, თითქოს ყოფილი ოპოზიცია უარს იტყოდა მხარდამჭერების მოლოდინის გამართლებაზე და ძველ რეჟიმთან იურიდიულ ანგარიშსწორებაზე, თუმცა 7 ნოემბერს 32 წლის ბაჩო ახალაია დააკავეს. ახალაია სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში ჯერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შეფი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი და ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ისევე, როგორც სააკაშვილის მთავრობის ბევრი სხვა პოლიტიკოსი, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ახალაია სამართლებრივი დევნის შიშის გამო უცხოეთში გაიქცა, მაგრამ 5 ნოემბერს საქართველოში დაბრუნდა. ახალაიას დაკავებიდან რამდენიმე საათში დააკავეს გენერალური შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და ქართული შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. სამ მამაკაცს ბრალად ედება 2011 წლის სექტემბერში ექვს ჯარისკაცზე ფიზიკური ძალადობა – ჯერ ახალაიას სამუშაო კაბინეტში და შემდეგ 30 მოწმის წინაშე ყაზარმის პლაცზე.

ივანიშვილის მთავრობა ამ ქმედებით სამხედრო ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა, ხელმძღვანელობას, რომელიც ძველ რეჟიმთან უკანონო კავშირებში იყო გახლართული. სააკაშვილმა ბრიგადის გენერალი 32 წლის კალანდაძე არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ გენშტაბის უფროსად დაასახელა და ამ საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამოყენებით თავდაცვის ახალ მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეურაცხყოფა მიაყენა, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა სურდა.

პარასკევს სასამართლომ ახალაიას წინააღმდეგ დაპატიმრების ბრძანება გასცა, ორი ოფიცერი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შაბათს პრეზიდენტმა კალანდაძე დიდი პატივით მიიღო და მოვალეობის შესრულების გაგრძელებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ალასანიამ დაიბარა გენერალური შტაბის წარმომადგენლები და მოითხოვა, რომ კალანდაძეს მინიმუმ გამოძიების მსვლელობის დროს შეუჩერდეს უფლებამოსილება. ასევე შაბათს, გენპროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სასამართლოს კალანდაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით მიმართა. ეს გადაწყვეტილება კვირას უნდა ყოფილიყო მიღებული.

ახალაიასა და ორი ოფიცრის წინააღმდეგ ბრალდების საგანი უფრო შემთხვევით არის არჩეული. პირველ რიგში ახალაიას, მაგრამ ასევე ძველი რეჟიმის სხვა ფიგურების მიმართ, ბევრად უფრო მძიმე ბრალდებები არსებობს. ამას როგორ მოევლება, პოლიტიკური საკითხია, თუმცა ის დიდ რისკებს შეიცავს, მათ შორის ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ტოლფას საფრთხეს. პარასკევს ნატომ „გადადო“ საქართველოში სამხედრო კომიტეტის ვიზიტი, რომელიც ამ თვეში უნდა ჩატარებულიყო. ეს ალბათ იმის ნიშანია, რომ კონფლიქტში გახვევა არ სურთ და ახალი მთავრობის ქმედებებს არ ეთანხმებიან.
foreignpress.ge