განხეთქილება პოლიტპატიმრების თემაზე მომუშავე უფლებადამცველებს შორის

განხეთქილება პოლიტპატიმრების თემაზე მომუშავე უფლებადამცველებს შორის

წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არაერთი ადამიანი პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა, მათი დიდი ნაწილი დღეს პატიმარია. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხანაში ამ ადამიანების საქმეებს არავინ გადახედავდა, დღეს კი, მათ ეს შანსი გაუჩნდათ. 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა, რომელშიც სხვა ორგანიზაციებთან ერთად, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ შედიოდნენ, თუმცა დღეს ამ ორმა ორგანიზაციამ ეს სამუშაო ჯგუფი დატოვა.

მათი განცხადებით, ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ინიციატივას პოლიტპატიმრების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პროცესის წამოწყება და სწორად წარმართვა სამართლიანობის აღსადგენად უმნიშვნელოვანესია.

„სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და ამ მნიშვნელოვან პროცესში ჩვენი წვლილი შეგვეტანა, თუმცა, სამუშაო ჯგუფის მუშაობისას არაერთი პრობლემა გამოვლინდა, რომლებიც ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ  ჯგუფმა თითოეული საქმის შესახებ დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები უნდა მოამზადოს, რათა ზედაპირული  შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები თავიდან ავიცილოთ. მიგვაჩნია, რომ დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში და ჯგუფის მიერ განსაზღვრული ფორმატით შეუძლებელია 185 პოლიტიკური პატიმრისა და 13 პოლიტიკური დევნილი პირის საქმეებზე სრულყოფილი დასკვნების მომზადება. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატის ვადის გაგრძელება არ იგეგმება, რაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ვერ კისრულობს ამ ფორმატით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის ვალდებულებას და მუშაობას წყვეტს. ამასთან, გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენს მიერ წარმოებული საქმეები და მომზადებული დასკვნები წარვადგინოთ ჯგუფში და ამ მხრივ მას მუშაობაში დავეხმაროთ“, - ნათქვამია „საიასა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტთან არსებულ ჯგუფში რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის „ჰელსინკის ჯგუფი“, „ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია“, „საია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მონაწილეობენ. როგორც აღვნიშნეთ, ბოლო ორმა ორგანიზაციამ სამუშაო ჯგუფი დატოვა. For.ge-ს ჯგუფში დარჩენილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯგუფში დარჩნენ, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ, რათა პოლიტპატიმრების სიები პარლამენტს დროულად გადაეცეს. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფი დატოვეს იმ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტპატიმრების საქმეებს არ იცნობენ.

„ამ პოლიტპატიმრების სიები ჯერ კიდევ 2009 წლიდან არსებობს და მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს ამ საქმეების ნახევარზე მეტი უნდა სცოდნოდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ საქმეების უმეტესობა ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის უცნობი იყო. ამიტომ, ვინაიდან, მათ ეს საქმეები თავის დროზე არ ჰქონდათ შესწავლილი, ახლა ამისთვის დრო სჭირდებათ, მაგრამ ეს დრო ამ ადამიანების უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებას იწვევს. დღეს არის იმის შანსი, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით ეს ადამიანები საპყრობილეებიდან განთავისუფლდნენ. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი დროის უქონლობის და ჩვენი საქმის უცოდინრობის გამო ეს ადამიანები ციხეებში ჩავტოვოთ“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

ამიტომ, იგი მიიჩნევს, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ამ საქმეებს იცნობს, მუშაობა უნდა გააგრძელონ და პარლამენტს პოლიტპატიმრების სია გადასცენ. კაკაბაძის თქმით, ეს ის გამონაკლისია, როდესაც უფლებადამცველების და ხელისუფლების ნება ერთმანეთს ემთხვევა და ეს შანსი აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს.  

„ჩვენ არ გვეკითხებიან, ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, თუ უდანაშაულოები. ჩვენ გვეკითხებიან, ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები, თუ - არა. ჩვენ მხოლოდ ეს უნდა ვუთხრათ პარლამენტს და ამ ჩვენი სიტყვით ეს ადამიანები გამოვლენ ციხეებიდან. ამიტომ, დაუშვებელია ახლა იმაზე საუბარი, რომ „ჩემთვის ეს უცნობია და დრო მომეცით ამის შესასწავლად“, რადგან ცოტა ხანში საშემოდგომო სესიაც დასრულდება და ამ საქმეების განხილვაც 2013 წლისთვის გადაიწევს“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

ამიტომ, იგი აცხადებს, რომ ვისაც უნდა, ის დარჩება ამ ჯგუფში და პოლიტპატიმრების თემაზე მუშაობას გააგრძელებს.

„ჰელსინკის ჯგუფის“ თავმჯდომარე ლალი აფციაური for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თვითონ პარლამენტთან შექმნილი ჯგუფის მუშაობაში არ მონაწილეობს, მაგრამ „ჰელსინკის ჯგუფმა“ ადამიანის უფლებათა კომიტეტთან შექმნილ კომისიას გამზადებული მასალა მიაწოდა, რაზეც 2007 წლიდან მუშაობდა.

„ეს არ არის გუშინ და გუშინწინ შედგენილი სიები და არა ამ შედეგებისთვის არის შედგენილი, რაც ახლა ხდება. ამ სიებზე მუშაობა 2007 წლიდან მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ დადასტურებული ყოფილიყო ამ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება და არა იმისთვის, რომ უცებ ვიღაც გამოჩნდებოდა, ვინც პოლიტიკურ ამნისტიას გამოუშვებდა. ამიტომ, ეს რეალური სიებია. მე არ ვიცი რა სტანდარტებზე საუბრობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ან ვინმე სხვა. ძალიან ვთხოვ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა ნუ აქვთ და ხალხის ბედზე ნუ თამაშობენ“, - აცხადებს ლალი აფციაური.

უფლებადამცველებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი პასუხობს. მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოსცა რეზოლუცია N1900, რომლითაც პოლიტიკური პატიმრების დადგენისათვის ხუთი დეფინიცია განისაზღვრა და ეს ერთგვარი ტესტივით არის, რის მიხედვითაც საქმეების შესწავლა ხდება. ჯანეზაშვილი ხაზს უსვამს ამავე რეზოლუციის ბოლო პუნქტს, სადაც წერია, რომ ევროპის საბჭო წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, როდესაც პოლიტიკური პატიმრების საქმეებს განიხილავენ, თითოეულ საქმესთან დაკავშირებით სწორედ ამ დეფინიციებთან შესაბამისობაში მიიღონ გადაწყვეტილება.

„ვინაიდან ჩვენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო ვართ, ამიტომ, პარლამენტს ვკითხეთ, თუ აპირებდა ამ საკითხის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს მოხდა სულ პირველ შეხვედრაზე, როდესაც სამუშაო ჯგუფის იდეა იქნა ინიცირებული. მათ ამაზე თანხმობა განგვიცხადეს. შემდეგ შეხვედრაზე ევროპის საბჭოს სტანდარტების ქართული თარგმანიც დაგვახვედრეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საკითხის გავლა სიების მიხედვით იგეგმებოდა. ამდენად, კონკრეტული პატიმარი არის თუ არა პოლიტპატიმარი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან ზედაპირულად უნდა მიგვეღო, აგვეწია ხელი და ამ გადაწყვეტილებისთვის მიგვეცა ხმა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მიუღებელია“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, არასამთავრობოებმა დააყენეს საკითხი, რომ თითოეული პოლიტპატიმრის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კონკრეტული სამოტივაციო ნაწილი დადებულიყო, ანუ თითოეულ პატიმართან დაკავშირებით მსჯელობა სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად მომხდარიყო.

„ეს საკითხი ჩვენს ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარასკევს დავაყენეთ და ძლივს დავითანხმეთ ისინი ამაზე, მაგრამ შაბათს აღმოჩნდა, რომ თურმე დრო ცოტა გვაქვს და სიები ამის გარეშე უნდა გავიაროთ. ამდენად, პრობლემა ორ ძირითად რამეშია. პირველი არის ის, რომ პარლამენტის მხრიდან დავინახე, რომ ის ძალიან ჩქარობს. მათ სურთ, სიები რაც შეიძლება ჩქარა გადაეცეთ, რათა მათზე უკვე პარლამენტმა იმსჯელოს. მეორეს მხრივ, არასამთავრობოების მხრიდანაც ამ ნაჩქარევმა ვადებმაც განაპირობა ის, რომ ამ საკითხზე დაჩქარებულად და ზედაპირულად უნდა გვემსჯელა. ამაზე არც ჩვენ და არც „საია“ თანახმა არ ვიყავით, რადგან თემა ძალიან ფაქიზია და მასზე ასე ზედაპირულად მსჯელობა არ შეიძლება“, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, არსებობს იმის საფრხე, რომ პოლიტპატიმრების სიებში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტპატიმრები არ არიან, მაგრამ შესაძლოა ეს სტატუსი მათაც მიენიჭოთ. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ სტატუსი პოლიტპატიმარი მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ციხიდან განთავისუფლდება და ამით ყველაფერი დასრულდება. მისი განცხადებით, ეს არის სტატუსი, რომელიც შესაძლოა ადამიანმა მთელი ცხოვრება ატაროს, თქვას, რომ იყო პოლიტპატიმარი და გარკვეულ რეაბილიტაციასაც დაექვემდებაროს. შესაბამისად, ამ სტატუსით არ უნდა ისარგებლონ იმ ადამიანებმა, ვინც მას არ იმსახურებს. ამიტომ, ამ საკითხის განხილვა საფუძვლიანად და ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს. ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საქმეების ადგილზე შესწავლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არიან. ამისათვის აუცილებელია მათი საქმეების ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად განხილვა.

და ბოლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების თემაზე მომუშავე კომისიას, შესაძლოა საქმიანობის ვადები გაუხანგრძლივდეს. ბესელიას თქმით, კომისიის საქმიანობის ორკვირიანი ვადით განსაზღვრის თაობაზე არასამთავრობო სექტორმა უკმაყოფილება გამოთქვა და იმისთვის, რომ საქმეები კარგად იყოს შესწავლილი ის მხარს უჭერს კომისიის საქმიანობის ვადების გაზრდას.