შემწეობა  შესაძლოა  გაორმაგდეს, პენსია კი ყველასთვის გათანაბრდება

შემწეობა შესაძლოა გაორმაგდეს, პენსია კი ყველასთვის გათანაბრდება

რამდენი იქნება მომავალი წლიდან პენსია და დევნილთა შემწეობა? ახალი მთავრობა ჯერჯერობით კვლავ დაპირებების რეჟიმშია და კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს. არადა, კომუნალურ ტარიფებთან ერთად, ხელისუფლების სოციალურ მიმართულებას ყველა გადაჭარბებული ინტერესით ელოდება.

პენსიების შესახებ ინფორმაციები წვეთ-წვეთობით მოჟონავს. ამ ჯერზე გაირკვა, რომ 2013 წლიდან ყველა ასაკით პენსიონერისათვის პენსიის რაოდენობა თანაბარი იქნება. ეს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაადასტურა, სადაც საქართველოს2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

მინისტრმა დეტალურად განიხილა ბიუჯეტის პარამეტრები და სამინისტროებისათვის განსაზღვრული ხარჯები. ხადურის განმარტებით, მთავრობის მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ახალი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 2013 წლისთვის ნომინალური შიდა პროდუქტი 10-11%-ით გაიზრდება და 29,3 მილიარდი ლარი იქნება.  შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა საგადახასადო კოდექსში ცვლილებების შესახებ პროექტზეც, რომელიც ბიუჯეტის პროექტთან ერთად შემოვიდა პარლამენტში განსახილველად. პროექტი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს, მაგალითად განსაზღვრულია დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, რაც თითოეული დაბალშემოსავლიანი მოქალაქისათვის საშემოსავლო გადასახადის 20-დან 18 პროცენტამდე შემცირებაზე უფრო რეალურ ეფექტს მოახდენს.

ფინანსთა მინისტრთან ერთად პენსიების თაობაზე მწირ ინფორმაციას გასცემენ დეპუტატებიც. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, 2013 წლის ბიუჯეტი აუცილებლად გაითვალისწინებს პენსიების მნიშვნელოვან ზრდას, მაგრამ კონკრეტული აქაც არაფერი სახელდება.

“ჩვენი დანაპირებია, რომ ყველა ასაკობრივ პენსიონერს პენსია ჰქონდეს არანაკლებ საარსებო მინიმუმისა. ვფიქრობთ, რომ ამ დანაპირებს 2013 წელს ავუსრულებთ  მოქალაქეებს. იმავდროულად  ვგეგმავთ, რომ შევასრულოთ მორიგი დაპირება შემწეობების გაორმაგების თაობაზე. ასევე ვგეგმავთ განსაზღვრული ზღვრის ქვემოთ მიღებული შემოსავლების გათავისუფლება  მოხდეს საშემოსავლო გადასახადისგან, რაც საშუალებას მისცემს მცირეხელფასიან მუშაკებს არ დაიბეგრონ 20 პროცენტით.  ასე რომ,  2013წლის ბიუჯეტი ამ კუთხით ძალიან საინტერესო ეკონომიკური კანონი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა უახლოეს კვირეებში  დაიწყებს საარჩევნო პროგრამის რეალიზაციის პროცესს”, - ამბობს ქუცნაშვილი.

რაც შეეხება დევნილთა შემწეობას, გავრცელებული ინფორმაციით, ამ სახის ფულადი დახმარება 2013 წლიდან გაორმაგდება. საპარლამენტო უმცირესობისა დ აარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ფინანსური რესურსი როგორც კი გამოჩნდება, შემწეობის თანხა აუცილებლად უნდა გაიზარდოს და ის საარსებო მინიმუმს მიუახლოვდეს.

დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში ჯერჯერობით ციფრებს არ ასახელებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ საკითხი დევნილებთან კონსულტაციის გარეშე არ განიხილავენ.  ერთ-ერთი მოსაზრებით, რომელიც მინისტრმა დავით დარახველიძემ გააჟღერა, სოლიდური შემოსავლისა და მაღალი თანამდებობის პირებს, შესაძლოა, შემწეობა მოეხსნათ კიდეც. ამ გამოთავისუფლებული თანხის ხარჯზე კი დახმარება საარსებო მინიმუმამდე გაეზარდოთ იმ დევნილებს, რომლებიც შეჭირვებულად ცხოვრობენ და შემწეობა მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

ამ ეტაპზე ფულად დახმარებას სტატუსის მქონე ყველა დევნილი იღებს. კერძო სექტორში ჩასახლებულთათვის თითო სულზე 28 ლარი, ხოლო უფრო ნაკლებია ის კომპაქტურ დაწესებულებებში ჩასახლებულებთათვის და 22 ლარით განისაზღვრება.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ფულადი დახმარების გაზრდაზე საუბარი მხოლოდ ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, თუმცა თანხის მოცულობა ჯერჯერობით სადავოა.

 

უმცირესობაში გადაბარგებული ნაცმოძრაობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო დევნილთა შემწეობის გაზრდასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დახმარების თანხა გაიზრდება, უმცირესობა ამას მიესალმება. ამასთან, წერეთლის განცხადებით, შემწეობების გაცემა დიფერენცირებულად, ადამიანების სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.