ავტობუსების 1300 მძღოლის ხუთდღიანი გაფიცვა დასრულებულია. ყვითელი ტრანსპორტი თბილისის ქუჩებში 13 ნოემბრიდან ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებს. ამ ეტაპზე მძღოლთა ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის, ამიტომ ისინი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
“13 ნოემბრიდან ტრანსპორტი ამუშავდება. ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პატივსაცემად ვაკეთებთ. ჩვენ ხალხს ვერ გადავახტებით, მაგრამ სულ მალე თქვენ თვითონ ნახავთ, რაც მოხდება კომისიის გადაწყვეტილებით”, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი მამუკა რუხაძე.
საერთოდ კი ავტობუსების მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელისა და “სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორის შეცვლამდე არ აპირებდნენ. თუმცა, გუშინ მძღოლებს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი და პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ. ჯაჭვლიანმა მძღოლებს სრული თანადგომა გამოუცხადა და დაპირდა, რომ ყველა კანონიერი მოთხოვნა განხილული და გადაჭრილი იქნება.
როგორც შეხვედრის შემდეგ მძღოლებმა განაცხადეს, ისინი ითვალისწინებენ მოქალაქეების ინტერესებს, მაგრამ ძალაში რჩება მათი მოთხოვნა “სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძისა და თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის აკაკი ჯოხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
მძღოლები კომპანიის ხელმძღვანელად მათთვის სასურველ კანდიდატურებს განიხილავენ და აპირებენ, რომ ამ კანდიდატის დანიშვნა მოითხოვონ. ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება გია მაისურაძის კანდიდატურა, რომელსაც მძღოლების უმრავლესობა უჭერს მხარს. 12 ნოემბერს გამართული მძღოლების თათბირის შემდეგ გაირკვა, რომ სატრანსპორტო კომპანიაში მიმდინარე პრობლემების გამორკვევას მძღოლები სპეციალურად შექმნილ სახელმწიფო კომისიას გადააბარებენ.
თავის მხრივ, განცხადებას ავრცელებს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია”, რომელიც მძღოლების ბრალდებების გასაბათილებლად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართავს, რათა მოხდეს კომპანიის არაგეგმიური საგადასახადო შემოწმება.
ტრანსპორტელთა თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მერიის წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მძღოლების ხელფასი 800-დან 1000 ლარამდეა. მართალია, მათ კონტრაქტში უწერიათ ეს ციფრები, თუმცა საბოლოო ჯამში, მის ნახევარს, საშუალოდ, 400-500 ლარს გამოიმუშავებენ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ხელფასიდან ექვითებათ ავტობუსების შერემონტებისთვის საჭირო თანხები, ასევე გეგმას გადაცდენილი საწვავის დამატებითი ხარჯები, სხვადასხვა სახის ჯარიმები.
მხოლოდ ჯარიმები არ არის ის ერთადერთი პრობლემა, რომელსაც მძღოლები ყოველდღიურად მუშაობის პროცესში აწყდებიან. როგორც მათი ნაამბობიდან ირკვევა, მძღოლები ავტობუსის შეკეთების ფულსაც საკუთარი ხელფასიდან იხდიან.
“თვეში ძალიან ბევრი ჯარიმის გადახდა გვიწევს. პირდაპირ ხელფასიდან გვაჭრიან. ამ ჯარიმებზე ქვითარი ხომ უნდა გამოიწეროს, მაგრამ ვინ გვიწერს?! არ გვიწერენ. სად მიდის ეს თანხა? ან ვის ჯიბეში? ნაწილებს რაც შეეხება, მარტო “პაკრიშკებით” და სალიარკით არის ეს მანქანა? ჩვენი ფულით ვაკეთებთ ამასაც”, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი კოტე მეტრეველი.
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტიც, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ 11 ნოემბერს, მუნიციპალური ავტობუსების გაფიცვიდან მეოთხე დღის ბოლოს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გააკეთა. მან საქართველოს მთავრობას შპს “სატრანსპორტო კომპანიის” მართვა შესთავაზა.
“ჩვენ ვთხოვთ ცენტრალურ მთავრობას მთელი კომპანია წაიღოს მუნიციპალური საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, მათ ექნებათ საშუალება დანიშნონ კომპანიის ხელმძღვანელად ახალი ადამიანი. იმედი მაქვს, ცენტრალური მთავრობა დასთანხმდება ჩვენს წინადადებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ, უბრალოდ, კოლიზიაში შევალთ”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ცენტრალური მთავრობა ამ შეთავაზებაზე არ დათანხმდა. მეტიც, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში დაადანაშაულა. სამინისტრომ თბილისის მერის შეთავაზებიდან რამდენიმე საათში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია.
“შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციობა და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება. ამდენად, თბილისის მერის მიერ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება”, - აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.