ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. პრემიერ-მინისტრის რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია უცხოეთში. 12 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავაც საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი გამოსვლა 12 ნოემბერს ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე:
”ჩვენი მთავარი ამოცანაა ვილნიუსის სამიტამდე მოვახერხოთ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ასევე უნდა მოვახერხოთ ევროკავშირთან გავაფორმოთ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დაწესება”.
ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კვლავაც უცვლელი დარჩება და საქართველოს მიმართ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის დახმარება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, საქართველო კი, თავის მხრივ, არჩეულ კურსს არ გადაუხვევს.
ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მიზნით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთისგან ჯერჯერობით ადეკვატური გამოხმაურება არ ყოფილა. თუმცა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება გადადგამს შესატყვის ნაბიჯს, რადგან, მისი სიტყვებით, ესკალაცია შედეგს არც ერთ მხარეს არ მოუტანს:
”პირველ ეტაპზე ჩვენ გარკვეული იმედგაცრუება მივიღეთ მათი განცხადებებით, რადგან რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით არ იყო შესატყვისი რეაქცია. ჩვენ ველით და იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება გააანალიზებს ვითარებას და გადადგამს შესაბამის ნაბიჯს, რადგან ეს ვითარება, ეს ესკალაცია, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს, არც ერთი მათგანისთვის არ არის სასურველი და ორმხრივი მცდელობით უნდა მოვახერხოთ და როგორმე გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ჩვენი ისტორიული ურთიერთობები”.
ჟოზე მანუელ ბაროზუმ აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, თუმცა ისიც თქვა, რომ დემოკრატიული პროცესები არჩევნების დღის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელისუფლება დაიცავს ადამიანის უფლებებს და არ განახორცილებს შერჩევით სამართალს.
ბაროზუს თქმით, საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, მათ შორის, ეს ეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც. ბაროზუს თქმით, 2013 წლისათვის - კერძოდ კი, ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის სამიტისათვის - ეს პროცესი უნდა დასრულდეს. ამას გარდა, მისი თქმით, მოლაპარაკებები წინ მიდის სავიზო რეჟიმის გამარტივების თვალსაზრისითაც.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველივე ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორია საქართველოს სწრაფვა ევროპული სტრუქტურებისაკენ. მისი თქმით, საქართველო რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელოვან წევრად და ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ეს ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს ევროპულ სტრუქტურებს:
”კონკრეტული გზები, რომელთა დახმარებითაც საქართველო ევროკავშირს უნდა მოუახლოვდეს, არის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი უნდა დასრულდეს ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, 2013 წელს”.
ჟოზე მანუელ ბაროზუმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი და საქართველო განაგრძობენ თანამშრომლობას სავიზო რეჟიმის გამარტივების თვალსაზრისითაც. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლანობას, აქაც, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის პოზიცია უცვლელია:
”მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ მხრივ, ჩვენ ძალას არ ვიშურებთ ჟენევის მოლაპარაკებებზეც. აქვე მინდა აღვნიშნო, თუ რა დადებით როლს თამაშობს ამ საქმეში ევროკავშირის მონიტორინგის მისია”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 12 ნოემბერს შეხვდა ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესაც, რომელმაც ასევე განაცხადა, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ასოცირების შესახებ შეთანხმება და ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაცო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ კი ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა:
”ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რისი დასტურიცაა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ხოლო თავად ევროკავშირი არის გარანტი საქართველოს უსაფრთხოებისა. ჩვენ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ საქართველოსგანაც ველით თავისი წილი საქმის შესრულებას”.
საქართველოში ექსპერტთა ერთი ნაწილი პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში აფასებს როგორც დროულს და საჭიროს ქვეყნისათვის, თუმცა ზოგიერთი მათგანის აზრით, ივანიშვილის განცხადებას რუსეთთან მიმართებით დააკლდა სიმკაცრე. მაგალითად, ასე ფიქრობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი კი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების პოლიტიკური მიზანი საერთაშორისო არენაზე აღარ უნდა იყოს მხოლოდ რიტორიკა და იმის დათვლა, თუ ვინ, სად, რამდენჯერ ახსენა სიტყვა „ოკუპაცია“.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 14 ნოემბრამდე გრძელდება. 14 ნოემბერს დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან.