თბილისში სერიოზული დაპირისპირება დაიწყო – ახალმა მმართველმა ძალამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეები მიზანში ამოიღო.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სააკაშვილის ახლო მოკავშირე ბაჩო ახალაია 8 ნოემბერს საკუთარ ოფისში უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯარისკაცების უკანონო დაკავებაში დაადანაშაულეს – ნაბიჯი, რომელმაც დაასრულა პოლიტიკური თაფლობის თვე მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
ახალაიას, ისევე როგორც ორი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრება და სააკაშვილის ეპოქის რამდენიმე სკანდალური კრიმინალური საქმის გახსნასთან დაკავშირებული გეგმები, იმაზე მიუთითებს, რომ ხუთკვირიანი ზავი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და მიმავალ მთავრობას შორის, საბოლოოდ დასრულდა.
მიუხედავად იმ შიშებისა, რომ სააკაშვილი და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაბრკოლებებს შექმნიდნენ და გაამწვავებდნენ პოსტსაარჩევნო დაძაბულობას, ხელისუფლების გადაცემა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი და დიდწილად პროდუქტიული აღმოჩნდა. თუმცა, ეს სიმშვიდე დასრულდა. როგორც კი ახალმა მთავრობამ ოფიციალურად ჩაიბარა ხელისუფლება და ახალმა მინისტრებმა თავიანთი უწყებები კადრებით დააკომპლექტეს და პრიორიტეტები განსაზღვრეს, მას შემდეგ დაძაბულობა ამ ორ პოლიტიკურ ჯგუფს შორის იზრდება. ბოლო კვირის განმავლობაში, ერთ დროს ძლევამოსილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სრულად დამარცხდა, რადგან მისი ოდესღაც ძლევამოსილი წევრები პატიმრობის და სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ.
ახალაია 8 ნოემბერს, საქართველოს არმიის გენერალური შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად დააპატიმრეს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, დაპატიმრებებს „პოლიტიკური ანგარიშსწორება“ უწოდა. მაგრამ კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დაკავებები ნაწილობრივ მათი დაპირების ნაწილია, რომ ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენდნენ. „თუკი უკანონო ქმედებებს ადგილი ჰქონდა, და მე ვფიქრობ, რომ ჰქონდა, სამართალდამცავი ორგანოები გააგრძელებენ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას“, განუცხადა საინფორმაციო პორტალ Civil.ge-ს ივანიშვილმა. „მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კანონმა და არა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან ძალამ, იბატონოს ამ ქვეყანაში“.
მართალია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ახალაიას დაპატიმრებას საგანგაშო უწოდეს, თუმცა ეს დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა.
ახალაიამ საქართველო ციხის სკანდალის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო არჩევნების ფონზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად დატოვა. მაგრამ კოლეგებისგან განსხვავებით, ახალაია 5 ნოემბერს დაბრუნდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ „აბსურდი“ იყო და რომ მზადაა უპასუხოს ნებისმიერ კითხვას, რომელიც მის მთავრობაში ყოფნას უკავშირდება.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი (ის იყო ასევე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და პენიტენციარული სისტემის მინისტრი) ახალაია გარეული იყო რამდენიმე სკანდალში, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა, მათ შორის, 2006 წლიდან ციხეებში. სექტემბერში, ის გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, მას შემდეგ რაც ციხეებში სისტემატიური ძალადობა პატიმრებზე საჯაროდ დადასტურდა და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ (იმ დროს ოპოზიციამ) მისი დაპატიმრება მოითხოვა.
გარდა ამისა, ახალაიას დაკავებამ მმართველ პარტიას ძვირფასი პოლიტიკური ქულები შესძინა გადამწყვეტ პერიოდში, მაშინ, როდესაც ის წინასაარჩევნო დაპირებების რეალობად გარდაქმნას იწყებს. მოსახლეობის მოლოდინი ივანიშვილის და მისი გუნდის მიმართ მაღალია. ეს გუნდი ხელისუფლებაში ანტისააკაშვილისეულ პლატფორმაზე მოვიდა, უამრავი დაპირებით, რომ პასუხს აგებინებდა ყოფილ ჩინოვნიკებს სავარაუდო დანაშაულებებისთვის.
ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში, ამომრჩევლები ახალი მთავრობის დღის წესრიგის ფორსირებას ცდილობდნენ: ქვეყანა გაფიცვებმა მოიცვა, ისეთმა მოწყვლადმა ჯგუფებმა, როგორებიც არიან უსახლკაროები და ომის გამო დევნილი ოჯახები, დედაქალაქში ცარიელი შენობები ძალით დაიკავეს.
დაპატიმრებები, იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ბიუჯეტების შემცირებასთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ სააკაშვილის დაქვემდებარებაშია, მათ შორის საპრეზიდენტო რეზიდენცია და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, საზოგადოებამ მოიწონა. 7 ნოემბერს გამოცხადდა საზოგადოებრივი ტელევიზიის შემოწმებასთან დაკავშირებული გეგმები, იმ ტელევიზიის, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე ხელმძღვანელობს; ფინანსთა სამინისტროს თანახმად, სატელევიზიო სადგურს სახელმწიფოს 3.8 მილიონი ლარი (1.8 ევრო) მართებს.
7 ნოემბერს სატელევიზიო მიმართვაში სააკაშვილმა ახალი მთავრობის ქმედებებზე კომენტარი გააკეთა, განაცხადა რა, რომ ის „შეშფოთების“ წყაროა და რომ „ახლა, როგორც არასდროს“ საქართველოს კანონის უზენაესობა სჭირდება.
თუმცა, ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი იმისა, რომ დაპატიმრებები მალე შეწყდება, არ არის. „ჩვენ უნდა დავაკავოთ ყველა, ვინც დასაკავებელია და ამ პროცესში ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ…“ განუცხადა ჟურნალისტებს 8 ნოემბერს ახლახან დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
foreignpress.ge