საგადასახადო დავალიანებების და სესხების რესტრუქტურიზაციის პრინციპი იცვლება. მთავრობის ინიციატივით კანონში რამდენიმე ცვლილება შედის, მაგრამ მათგან ყველაზე არსებითი არის ის, რომ ვალის ჩამოწერის პარალელურად ჩნდება ცნებები, რომ ამ ვალის სხვისთვის გადაწერაც შეიძლება იქნას დაშვებული. ამას კი უკვე მთავრობა გადაწყვეტს. რაც, ექსპერტთა თქმით, ყველაზე მეტ კითხვას აჩენს.
მთავრობის ინიციატივით ცვლილებები „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს. ცვლილებები საკმაოდ ბევრია, თუმცა სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს. პირველი ცვლილება შედის კანონის პრეამბულაში და უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებით მთლიანად ახლებურად განისაზღვრება რესტრუქტურიზაციის პროცესი.
დღეს მოქმედი კანონის პრეამბულაში ნათქვამია“
„კანონი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საწარმოებისა და ორგანიზაციების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების ან/და სახელმწიფო სესხების დაუბრუნებლობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, ასევე სასესხო დავალიანების პატიების ზოგად პრინციპებს, ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე წინადადებების წარდგენის, განხილვის, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების წესებს აღნიშნული საწარმოებისა და ორგანიზაციების საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გადახდისუნარიანობის ამაღლების მიზნით“.
ეს იმას ნიშნავს, რომ საუბარია საგადასახადო დავალიანებების და სესხების რესტრუქტურიზაციისა და პატიების პრინციპებზე.
კანონპროექტში კი დავალიანებების და სესხების პატიებას ემატება ასევე „უიმედოდ აღიარების და ჩამოწერის, მესამე პირისთვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობის“ პრინციპები.
სწორედ ამის გამო საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებით საგადასახადო დავალიანებების მქონე პირთა მდგომარეობა გაუარესდება.
„ფაქტია, რომ აქამდე არსებობდა მხოლოდ პატიების შესაძლებლობა, ახლა კი შეიძლება ვიღაც მესამე პირი დაავალდებულონ, რომ ეს ვალი გადაიხადოს, რაც ჩემი აზრით, საგანგაშო ფაქტია. სხვა საკითხია, თავად ვალი უნდა ჩამოიწეროს თუ არა, მაგრამ როდესაც საბურია ამ ვალის ჩამოწერის შესაძლებოლობაზე, აქ დამატებითი მაქინაციების საშუალება აღარ უნდა ჩნდებოდეს“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
საინტერესო ის არის, რომ მთავრობის საპარლამენტო მდივანი ამ ცვლილებებს მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს უწოდებს. როგორც გია ხუროშვილი აღნიშნავს, თურმე მხოლოდ ვადის გადავადება ხდება და ამ ინიციატივაში სხვა არაფერი არ არის.
არადა, ფაქტია, რომ ცვლილებები საკმაოდ ბევრია და მათ შორის არის ვადის საკითხიც, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ საბაჟო დავალიანებებს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ „საბაჟო გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1-ელ იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე“.
კანონპროექტის თანახმად, ეს ნორმა უქმდება. თუმცა, განსაზღვრულია, რომ გაუქმება ძალაში შევა 2011 წლის 2 იანვარს. როგორც ჩანს, ეს ნორმა ძალაში, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში იქნება, შემდეგ კი საბაჟო გადასახადებში არსებულ დავალიანებებს რესტრუქტურიზაცია აღარ შეეხება. არადა, აქამდე ეს ვადა არ არსებობდა და ფორსმაჟორის შემთხვევაში მეწარმეებს ამით სარგებლობის საშუალება ჰქონდათ.
მესამე ცვლილება კი უკვე გადაწყვეტილების მიღების წესს შეეხება. თუმცა, აქ არსებითი არის ის, რომ მეწარმე, რომელიც მთავრობამ მიმართავს დავალიანების რესტრუქტურიზაციის თხოვნით, იძულებული იქნება, რომ წარადგინოს დოკუმენტალურად დასაბუთებული მოთხოვნა. აქამდე მხოლოდ განცხადების წარდგენა იყო საჭირო და შემდეგ სამთავრობო კომისია ამ განცხადების საფუძველზე თავად სწავლობდა საკითხს და ისე იღებდა გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, იცვლება ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ორგანოების მიმართ არსებული დავალიანებების რესტრუქტურიზაციის წესიც. აქამდე განსაზღვრული იყო, რომ თუკი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიმართ რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება არ აღემატება ამ ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების 5%-ს, რესტრუქტურიზაციაზე თანხმობას გასცემს გამგებელი, სხვა შემთხვევაში კი - საკრებულო. ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში - მთავრობა“.
კანონპროექტის თანახმად კი, ყველა შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობა იქნება საჭირო. ამ ფაქტს კი ოპოზიცია საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს, ვინაიდან შიშობენ, რომ „გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად იქნება მიღებული“.