"2000 წელს, როცა მიშა სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირის“ ფრაქციის თავმჯდომარე იყო, მთხოვა ფრაქციის და აპარატის გასვლითი შეკრების ორგანიზება რეგიონში, რომელიც ბოლნისში ჩატარდა. მოინახულეს საწარმოები, მათ შორის „მადნეული“ და „კვარციტი“. მიშამ ზოდით ხელში სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. აღფრთოვანებული იყო და პრესის წინაშე ქება-დიდებით შემამკო, რომ ჩემზე უკეთესი ხელმძღვანელი არც ერთ მხარეში არ იყო. შეკრება სუფრასთან გაგრძელდა, სადაც მიშა სააკაშვილი სიცილით მეუბნებოდა: ლევან ქართველ საზოგადოებას დიდი ხანია ვაკვირდები და ის აზიური უფროა, ვიდრე ევროპული. აქ დესპოტური მმართველობა უფრო გაამართლებს, ვიდრე დემოკრატიული. სანახაობა და დემოკრატიის ძვალი გადაუგდე ხალხს, მოაქციე კანონის მარყუჟებში და აკეთე რაც გინდა. ამას ვეუბნები შევარდნაძეს და არ მისმენსო“ - გაიხსენა ჩვენთან საუბარში ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ლევან მამალაძემ:
- სააკაშვილს თავი აღმაშენებლად რომ მოაქვს რა გააკეთა? ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და გაზსადენის მშენებლობა შევარდნაძის დროს დაიწყო. წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა შევარდნაძის დროს დაიწყო, ასევე შევარდნაძის დროს დაიწყო ნატოსთან დაახლოების პროცესი, ტრასეკას (ევროკავშირის ) პროგრამა - ბათუმამდე გზების მშენებლობა. პოლიციის და საგზაო პოლიციის რეფორმის პროგრამა ჯერ კიდევ თარგამაძეს ჰქონდა და ვერ მოასწრო განხორციელება, მაგრამ ყველაფერი სააკაშვილმა მიიწერა. სააკაშვილმა ააშენა ფასადური სახელმწიფო, დაიქირავა ლობისტები, რომელთაც დიდძალ ფულს უხდიდა, რომ საქართველოზე დადებითი ინფორმაცია გასულიყო და რეიტინგებში პირველი ყოფილიყო. ამის პარალელურად, სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნა ტყუილსა და ადამიანების დაჩაგვრაზე აგებული ძალადობრივი რეჟიმი. ქართველი ხალხი საპრყობილეში ცხოვრობდა, რომლის ზედამხედველი სააკაშვილი იყო.
როგორ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ყველა კონკუტენტი გაენეიტრალებინა და ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო?
- 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძე გადადგომას არ აპირებდა. პარლამენტის დაკავების მერე სააკაშვილის მომხრეები კანცელარიაში შევარდნენ, რასაც სახელმწიფო სტრუქტურების სრული პარალიზება მოჰყვა. სააკაშვილის დავალებით შევარდაძის სკამი კანცელარიიდან გამოიტანეს და დაწვეს. სინამდვილეში ეს შევარდნაძის სკამი არ ყოფილა, პეტრე მამარაძემ რაღაც სკამი მისცა, რომ მიშას ხალხის გასაბრიყვებელი მორიგი სანახაობა გამოსვლოდა. ამის მერე შევარდნაძემ განცხადება გააკეთა - თუ კანცელარიიდან არ გამოხვალთ და სახელმწიფო სტუქტურების მუშაობა არ აღდგება, დათმობებზე (გულისხმობდა თანამდებობებზე ჟვანია-სააკაშვილის გუნდის წარმომადგენელთა დანიშვნას) უარს ვიტყვიო. ისედაც გიჟ სააკაშვილს ეს უნდოდა? ერთი ამბავი ატეხა და თავის ზონდერებს დაავალა შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში მიუვარდითო. ჯოხებით შეიარაღებული ნაციონალები კრწანისის რეზიდენციასთან მიცვივდნენ და სახლს ქვები დაუშინეს. ეს ხალხი სააკაშვილის დავალებით დაესხა თავს შევარდნაძეს. შევარადნაძემ ეს რომ დაინახა, ჩათვალა ყველამ გამწირაო და ამიტომ განაცხადა - გადავდექიო. ამ განცხადებით გადაწყდა ჟვანიას ბედიც. ზურა მაშინ უალტერნატივო ლიდერი იყო. აბა მიშა სააკაშვილი ნორმალურად არ მიაჩნდა ბევრს. მე პირდაპირ ეთერში ვეუბნებოდი ეჭვი მეპარება შენს ფსიქიკურ მდგრადობაში. სულ რომ არ გადარეულიყო, ვთავაზობდი, წამოდი ფსიქიატრთან შევმოწმდეთ ორივე-მეთქი.
ზურაბ ჟვანია მაშინ ჩვენი გუნდისთვისაც მისაღები იყო, რადგან ვიცოდით ჟვანია არ შექმნიდა ისეთ ძალადობრივ რეჟიმს, როგორც სააკაშვილმა შექმნა, ასეთ უკანონობას ზურაბი არ დაუშვებდა. შევარადნაძის გადადგომის შემდეგ ჟვანია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სააკაშვილმა ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ერთპიროვნული მმართველობა ჩამოაყალიბა და ბუტაფორიული დემოკრატიის ქვეყანა შექმნა, მთელი ქართული საზოგადოება ელოდებოდა, რომ ჟვანია ამას არ შეეგუებოდა და მიშას წინააღმდეგ გამოვიდოდა. მაშინ ზურა ამერიკასა და დასავლეთში მიღებული ლიდერი იყო. მისი ოპოზიციაში გადასვლა მიშას რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა. ზურა აპირებდა კიდეც სააკაშვილის ოპოზიციაში წასვლას. ცხადია, სააკაშვილმა ეს იცოდა და, ვფიქრობ, ჟვანიას სიკვდილის მიზეზი ეს გახდა. მისი სიკვდილის ბინძური ინსცენირება კი იმისთვის გააკეთეს, რომ ხმა არავის ამოეღო. თანამდებობების სანაცვლოდ, ზურას რომ არ უერთგულეს ამის გამო, არც გოგორიშვილს მოეთხოვება პასუხი და არც მაჭავარიანს, მაგრამ მეგობრის ერთგულება გია ბარამიძეს მოეთხოვება. სანამ ჩვენს შორის პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყებოდა, ზურა საზღვარგარეთ რომ მიდიოდა, მის ოჯახს ყურადღებას მე და ბარამიძე ვაქცევდით. ამიტომაც ყველაზე დიდი მოთხოვნა მე გია ბარამიძისადმი მაქვს, მეგობარი ის იყო და ვალდებულია სიმართლე თქვას ზურას გარდაცვალების გარემოებებზე.
ჩემზე უკეთ სააკაშვილის ხასიათს ფსიქოანალიზის სპეციალისტი და ფსიქიატრი ახსნის. დათრგუნვილი, ბოღმიანი კაცი იყო, რადგან მუდამ თვითრეალიზების პრობლემა ჰქონდა. რა გასაკვირია, რომ ასეთი ადამიანი პოლიტიკაში აგრესიითა და დაპირისპირებით იკვალავდა გზას. ავადმყოფური ამბიციები ჰქონდა. რომ ვამბობდი, სააკაშვილი ნორმალური არ არის-თქო, ერთი ამბავი ამიტეხა. ვინ არ მომისია, მიშაზე მაგას როგორ იძახიო.
2003 წელს ვამბობდი ყველა პარლამენტარი ფსიქიკურად შემოწმდეს-მეთქი და მიშა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
შევარდნაძემ იუსტიციის მინისტრად რომ დანიშნა, პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ კაბინეტი მოიწყო და ყველგან მოსასმენები დააყენა. რუსთავის ციხე სამჯერ გახსნა და ამით ასეულობით ათასი ლარი ჩამოწერა. აპარატურის შეძენაზე, წიგნების ბეჭდვაზე და მივლინებებზე საოცარი მაქინაციები ჩაიდინა. ეს ინფორმაცია დევს კონტოლის პალატაში და პროკურატურაში, მაგრამ სააკაშვილს რატომღაც ყველა ყველაფერს პატიობდა.
მას შემდეგ რაც საქართველოდან წახვედით, ჩამოგართვეს ბინა ატენის ქუჩაზე, ნაკვეთები შინდისსა და წავკისში, მშობლების სახლი და ნაკვეთი კოჯორში. ხომ არ აპირებთ ქონებრივი დავის დაწყებას?
- მე და ჩემი მეუღლე ვაკეში გავიზარდეთ. ატენის ქუჩაზე 5 წელი ვცხოვრობდით. ეს ბინა ბიძაჩემის იყო და ნაწილ-ნაწილ ვუხდიდი თანხას და დეკლარაციაშიც მეწერა. ეს ბინა უკანონოდ ჩამომართვეს და ჩემი სამი მცირეწლოვანი ბავშვი ქუჩაში გამოყარეს. მშობლებს სადღაც ხომ უნდა ეცხოვრათ? მათ კოჯორში ჰქონდათ სახლი ჯერ კიდევ რწმუნებულად ჩემს დანიშვნამდე. ეს სახლი მხოლოდ იმიტომ ჩამომართვეს, რომ ჩემი მშობლების იყო. ქონების საკითხი ჩემთვის მეასეხარისხოვანია. მთავარი ჩემთვის ისაა, რომ გაიმართოს ღია სასამართლო პროცესი, რომ გაცამტვერდეს ის ბრალდებები, რაც შავი პიარით შეითითხნა ჩემზე. ამ შავი პიარის გამო ჩემი ოჯახი დააწიოკეს, ამას ჩემი ოჯახის წევრები შეეწირენ, მე კი დევნაში ვარ. უამრავი მოწმე გამოვა ამ საკითხზე. მინდა შედგეს ღია სასამართლო პროცესი და ჩემი საქმე გახდეს სამაგალითო. მინდა ყველამ გაიგოს როგორია პიარით ადამიანის განადგურება და მისი იმიჯის შელახვა.
თქვენზე ლაპარაკობდნენ, რომ 65 კგ ოქრო გაიტანეთ საქართველოდან.
- რატომ 65 კგ და 2 ტონა არ გავიტანე კატერით და წყალქვეშა ნავით?! ამას დამტკიცებაც არ უნდა. „კვარციტში“ ისეთი აღრიცხვის სისტემაა, რომ 1 გრამ ოქროსაც ვერავინ გამოიტანს იქიდან. თანაც „კვარციტში“ ოქრო არ იწარმოება, იქ ასხამენ „დორეს“ შენადნობს. მასში 40%-იც კი არ არის ოქრო. ამ შენადნობს ასხამდნენ ზოდების სახით და აგზავნიდნენ შვეიცარიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში, სადაც ხდებოდა მათი რაფინირება. ახლა ეს ყველაფერი მიდის რუსეთში.
„კვარციტის“ თემაზე, ამას წინათ საწარმოს ყოფილმა დირექტორმა, მიხეილ მაჭავარიანის ძმამ ისაუბრა. ვანო მაჭავარიანის ნათქვამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემზე მხოლოდ შავი პიარი იყო აგორებული. რა არ ეძებეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და ეს თემა ბრალადაც ვერ წამიყენეს. სააკაშვილმა მილიარდებად შეფასებული მადნეული და კვარციტი კაპიკებად (10 მილიონად) მიჰყიდა რუსებს, სადაც თვითონვე წილში ზის. ამაზე სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებს ვიცავდით, ამათ კი გაანიავეს ყველაფერი.
სააკაშვილთან ჩემი დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ ავსტრალიელებს (რომლებიც ბოლნისში ოქროს მოპოვებას აწარმოებდნენ) არ მივეცით საშუალება ათი მილიონ ხუთასი ათასი დოლარი ვალი დაედოთ სახემწიფოსთვის. სააკაშვილი ავსტრალიელებთან იყო გარიგებაში. მათ ინტერესებს ირაკლი ოქრუაშვილი იცავდა. სააკაშვილმა მოიყვანა „კვარციტში“ მიხეილ მაჭავარიანის ძმა და მერე ბიძამისი. სწორედ ბიძამისის წყალობით გახდნენ რუსები ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის მეპატრონეები.
თუ ობიექტური სასამართლო პროცესი გაიმართება, იქ უსათუოდ ითქმება როგორ დააშინეს მოწმეები, აიძულეს მოსამართლეები და პროკურატურის თანამშროლები ჩემს მიმართ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებაში. გამოაშკარავდება ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას და ბოლო კვალი სააკაშვილთან მივა. დარწმუნებული ვარ, პირადად მიშა იყო ჩემზე ტერორის შემკვეთი. ადვოკატების განცხადებით, მთელი საქმე, რაც ჩემს საწინააღმდეგოდ შეითითხნა, არც ერთ მტკიცებულებას არ შეიცავს და მხოლოდ მაკულატურაა. ამის მიუხედავად სააკაშვილის სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა.
მარიკა ქავთარაძე, ლევან მამალაძის მეუღლე: როდესაც სიმართლეს ვლაპარაკობდი, მაშინ ჩვენს სიმართლეს გასავალი არ ჰქონდა. ვერ აღგიწერთ რაც ჩვენ დევნილობაში გადავიტანეთ. ხალხი ამას არ დაიჯერებს და მგონია ამაზე საუბარი კიდევ ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს ხალხს. ლევანისაგან ისეთი ოდიოზური ფიგურა შექმენეს, ისეთ რამეებს ყვებოდნენ მის ქონებაზე, ვინ დაიჯერებს, რომ ჩვენ ფინანსურად ძალიან გვიჭირდა ემიგრაციაში.
ლევანზე ისეთ რამეებს ავრცელებდნენ, ზოგი მეკითხებოდა - ლევანი საერთოდ იცინის? ლევანი თბილისელიაო?
ქალაქის პროკურორი გრიგალაშვილი დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყებენებდა ლევანს, - მეუღლის სახელზე ჰქონდა ანგარიშები გახსნილიო. ბანკებში დავრბოდი და ვაგროვებდი ცნობებს, რომ იმ ბანკებში ანგარიშები არ მქონდა, მაგრამ არავინ მიჯერებდა. ჩვენს წარდგენილ დოკუმენტაციას სასამართლო არ ითვალისწინებდა. ტელეფონით მირეკავდნენ და ბავშვებზე მემუქრებოდნენ. რაიონის მილიციას მივმართე, მაგრამ არანაირი რეგირება არ ყოფილა. ასეთი ანონიმური წერილიც მივიღე: „თუ ფული და ქონება გადამალეთ, ბავშვებს ვერ გადამალავთო“.
ამ ვითარების გამო მე და ლევანს სამი წელი არ გვინახავს ერთმანეთი. საქართველოდან რომ წამოვედი, კიდევ კარგა ხანს ვერ ვნახე ლევანი. საქართველოდან სამი ბავშვით არარაობაში გამიშვა სააკაშვილის მთავრობამ. იმედია, ახლა მაინც გაირკვევა სიმართლე და მოგვეცემა სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.
p.s. ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე სამი ეპიზოდით არის ბრალდებული. ორი ეპიზოდი ქრთამის აღებას ეხება, მესამე კი - შემოსავლის დამალვას.