„სანამ საქართველოში ერთი ნაციონალი მაინც იბოგინებს, მანამ არ გავჩერდები“, - განაცხადა დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე წარმოადგინა, რომლებთან დაკავშირებითაც იგი საჩვრებით და თანდართული მტკიცებულებებით მთავარ პროკურატურას მიმართავს.
თავდაპირველად ხაჭაპურიძე თეთრიწყაროს გამგეობასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ თეთრიწყაროს რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს, მაგრამ დავით ბეჟუაშვილმა იქ არჩევნები გააყალბა, რასთან დაკავშირებითაც ხაჭაპურიძე უახლოეს დღეებში მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართავს და გაყალბების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს. ხაჭაპურიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ თეთრიწყაროს მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფს რაიონის გამგებელთან შეხვედრა ჰქონდა და წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის გასამართლებული პირია. კერძოდ, საუბარია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ დალაქიშვილზე, რომელიც 2008 წელს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 90 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით გაასამართლა, მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და 2000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„ამდენად, ადამიანმა 90 000 ლარი მიითვისა და 2000 ლარის გადახდის სანაცვლოდ იგი გაათავისუფლეს. შემდეგ, არჩევნების წინ, ამ ქალბატონს უცებ მოუხსნეს ნასამართლობა, იგი ისევ საკრებულოს წევრად მოგვევლინა და უზარმაზარი მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბებაში. ამიტომ, თეთრიწყაროს რაიონის მოსახლეობის პროტესტი მის წინააღმდეგ სრულიად ბუნებრივია და ისინი ითხოვენ (არსებობს 2000 ადამიანის ხელმოწერა) სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს რაიონის საკრებულოს, გამგეობის და ოცი სოფლის გამგეობის ფინანსური შემოწმება დაიწყოს. მიწები ერთი კაცის, დავით ბეჟუაშვილის ხელშია, მანგლისში მან ბავშვთა სანატორიუმი მიითვისა, რომელიც 18 ჰექტარზეა განლაგებული და მთელი რაიონი თავისი და თავისი ნათესავების ხელში მოაქცია“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, თეთრიწყაროს რაიონის მოსახლეობის გამგებელთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დღეს კი დაგეგმილი იყო მათი გამგეობის შენობის წინ შეკრება, რაც ნაციონალი დეპუტატებისთვის ცნობილი იყო და სწორედ ამიტომ, ისინი ადგილზე მივიდნენ, რათა პოლიტიკური ქულები ჩაეწერათ და შემდეგ ეთქვათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს „ქართული ოცნება“ მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ხაჭაპურიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
პროკურატურას მიმართავს მოქალაქე გოჩა გიუნაშვილი, რომელიც გორის რაიონში „ტირიფონჰესს“ ფლობდა და რომელიც, ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადებით, საკმაოდ დიდი ჰესია და, რომელიც მას დავით ბეჟუაშვილმა წაართვა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, ჰესი გოჩა გიუნაშვილის მამის საკუთრება იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს კაცი გორის რაიონულ სასამართლოში დაიბარეს და ჰესის ბეჟუაშვილზე გადაფორმება მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა. მოგვიანებით, ნერვიულობის შედეგად ეს ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ზეწოლა მის ოჯახზე არ შეწყვეტილა. ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ უკვე მის შვილს, გოჩა გიუნაშვილს დაჭერის მუქარით უბრძანებდნენ, მისი ქონება ბეჟუაშვილისთვის გადაეფორმებინა, რასაც იგი წინააღმდეგობას უწევდა.
„ამის შემდეგ საჯარო რეესტრში გაჩნდა ყალბი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, თითქოს, ამ ჰესს გააჩნდა საგადასახადო დავალიანება 325 000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ გოჩა გიუნაშვილმა სასამართლოს და სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეებს მიმართა, წლების განმავლობაში უთანასწორო ბრძოლა აწარმოა, მისი ქონება ყალბი დავალიანების გამო აუქციონზე გაიტანეს, ქონება ბანკმა შეიძინა, რომლისგანაც ჰესი კომპანია „რუსმეტალმა“ შეიძინა. შემდეგ კი, ამ ქონების შემძენი დავით ბეჟუაშვილის კომპანია გახდა. ამ კომპანიის გენერალური დირექტორი გახლავთ ნათია თურნავა და სხვადასხვა საქმეებში კიდევ ბევრჯერ გაიგებთ ამ კომპანიის შესახებ“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, ჰესთან ერთად გიუნაშვილს ამ ჰესთან მდებარე ყველა შენობა-ნაგებობა და კიდევ სხვა ქონებაც ჩამოართვეს. ამიტომ, გოჩა გიუნაშვილი ითხოვს სისხლის სამართლის საქმე აღიძრას რამდენიმე ჩინოვნიკის მიმართ. მათ შორის დავით ბეჟუაშვილის, ზურაბ ადეიშვილის (რომელიც ადვოკატ ხაჭაპურიძის განცხადებით, გიუნაშვილის ქონების ჩამორთმევაში აქტიურად მონაწილეობდა), შემოსავლების სამსახურის უფროსის, გიორგი ცხაკაიას, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლეების, საჯარო რეესტრის გორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის დავით ონიაშვილის მიმართ და ა.შ. ადვოკატი ხაჭაპურიძე ასევე ითხოვს, რომ ეს საქმე მის მიერ პროკურატურაში ბეჟუაშვილის წინააღმდეგ შეტანილ დანარჩენ საქმეებს გაუერთიანდეს და ამასთანავე აღნიშნავს, რომ პროკურატურას დავით ბეჟუაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ კიდევ ბევრ მასალებს მიაწვდის.
კიდევ ერთი საჩივარი მთავარ პროკურატურაში დღეს გრიგოლ ხურციძის სახელით შევიდა. შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ხურციძე ქუთაისის „ტორპედოს“ მფლობელი იყო. 2006 წლის 11 ივლისს იგი ადვოკატის თქმით, აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს, ხოლო ვინაიდან ბრალდებას ვერ უმტკიცებდნენ, 130 000 ლარის გადახდა და „ტორპედოს“ ვინმე კვიკვინიას („სამი ტუზის“ მფლობელის) სახელზე გადაფორმება მოსთხოვეს. ადვოკატი ამბობს, რომ ხურციძის პატიმრობაში ყოფნის დროს, მის ოჯახზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ამიტომ ხურციძე იძულებული გახდა მის მფლობელობაში მყოფი გუნდი „ტორპედო“ კვიკვინიასთვის გადაეფორმებინა. თუმცა ადვოკატი აქვე აღნიშნავს, რომ კვიკვინიასთან შეხვედრა ჰქონდა და იმ ადამიანმა განუცხადა (რასაც იგი დაკითხვებზეც დაადასტურებს), რომ ეს გუნდი თავისი სურვილით არ უყიდია, მასაც აიძულეს ამის გაკეთება.
„კვიკვინიას ხელში ამ გუნდს არ უფუნქციონირია, შემდეგ კი იგი ხელოვნურად, ფაქტობრივად, მხოლოდ ქაღალდზე შექმნილ ფირმას „ქუთაისი 2008“ გადაეცა. მოგვიანებით კი ხურციძემ გაიგო, რომ გუნდი „ვისოლ ჯგუფს“ უნდა შეეძინა. ამიტომ, მან რამდენჯერმე საჯარო განცხადებით მოუწოდა „ვისოლ ჯგუფს“, რომ მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული გუნდი არ შეეძინა, მაგრამ რამდენიმე ხანში ხურციძეს დაუკავშირდა ქუთაისის ყოფილი მერი, თევდორაძე, რომელმაც უთხრა, რომ იმერეთის გუბერნატორის დავალებით მოქმედებდა და გააფრთხილა ხურციძე, თუ კიდევ გააგრძელებდა „ტორპედოსთვის“ ბრძოლას, მას ისევ დააპატიმრებდნენ. ამიტომ, ხურციძე იძულებული გახდა, გაჩერებულიყო და დღეს ქუთაისის „ტორპედო“ სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად „ვისოლ ჯგუფს“ აქვს გადაცემული“, - აღნიშნავს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით იგი მთავარ პროკურატურას სთხოვს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს დამნაშავე პირების მიმართ. ხურციძე მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვს და ამასთანავე, მისი მოთხოვნაა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ისევ დაუბრუნდეს. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, ხურციძეს იმ პერიოდისათვის საკმაოდ პრესტიჟული ავტომანქანა BMW X5 ჰყავდა, რომელიც მას ჯერ ქუთაისის კუდ-ის უფროსმა, ბაჩო ახალაიას მეგობარმა, არჩაიამ წაართვა და არ გამოატანა, სანამ სანაცვლოდ სხვა მოდელის BMW არ მიუყვანა. ხაჭაპურიძის თქმით, ხურციძემ სპეციალურად ამისთვის შეიძინა ეს ავტომობილი და ამის მადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს. ადვოკატი ამბობს, რომ ხურციძემ ცნობილი ფერხბურთელის, ძოძუაშვილის და კიდევ რამდენიმე პირის თანდასწრებით, ეს მანქანა არჩაიას ვითომდა საჩუქრად გადასცა.
„ამ ფაქტიდან დაახლოებით ორი კვირა გავიდა და BMW X5 ხურციძეს უკვე სოდ-ის თანამშრომლებმა წაართვეს. ჩვენთვის დღესაც უცნობია, სად არის ახლა ეს მანქანა და ალბათ, სოდ-ის მაშინდელი უფროსი, ბატონი კოდუა, გამოძიებას ამ კითხვებზე პასუხს გასცემს. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ გამოძიება დაიწყოს ქუთაისის „ტორპედოს“ ხურციძისთვის ჩამორთმევის ფაქტზე, ასევე მისი უკანონოდ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან და მანქანის ჩამორთმევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
ამ ყველაფერს იგი იმ პერიოდს ადარებს, როდესაც განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა და „მხედრიონის“ საქმიანობას იძიებდა. ხაჭაპურიძის თქმით, თუ მაშინ ასეთი გამოძალვები ავტომატის მუქარით ხდებოდა, ახლა ეს ყველაფერი კოსტუმებში გამოწყობილი ჩინოვნიკების მიერ საწერი კალმითა და ფურცლის, ასევე წინასწარი დაკავების საკნების მეშვეობით ხორციელდება.
კიდევ ერთი საჩივარი მოქალაქე ძუბა ხვინთელიანის სახელით შევიდა პროკურატურაში. საქმე ეხება პოლიტპატიმარ ბესიკ ხვინთელიანს, პროფესორს, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო და ამის გამო დააპატიმრეს. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვინთელიანის ოჯახს სხვადასხვა ადამიანები უკავშირდებდნენ და დახმარებას აღუთქვამდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს ძუბა ხვინთელიანს (ბესიკ ხვინთელიანის ძმას) ვანო მერაბიშვილის სიმამრი, ალიბეგ სალაყაია გააცნეს, რომელმაც ხვინთელიანს დახმარება აღუქთვა. მან ამისთვის ორი დღე მოითხოვა, რათა თავის სიძესთან ეს საქმე გაერკვია. ორი დღის შემდეგ კი იგი ძუბა ხვინთელიანს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მართალია მისი ძმა პოლიტიკურ ნიადაგზე იყო დაპატიმრებული, მაგრამ ამ საქმის მოგვარება შესაძლებელი იყო. ხაჭაპურიძის განცხადებით, მერაბიშვილის სიმამრმა ძუბა ხვინთელიანს ვითომდა საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად 50 000 აშშ დოლარი გამოართვა, რის შემდეგაც ბესიკ ხვინთელიანის მეუღლესთან მისასვლელი გზაც გამოძებნა და მისგან კიდევ დამატებით 10 000 დოლარი წაიღო, მაგრამ ამის შემდეგ იგი ხვინთელიანის ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ და არც საპროცესო გარიგება გაფორმებულა. დღეს ძუბა ხვინთელიანი მერაბიშვილის სიმამრის, ალიბეგ სალაყაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. აქვე, ადვოკატი ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ბესიკ ხვინთელიანი ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მასთან საპროცესო გარიგების გაფორმების და შეწყალებაზეც უარს აცხადებს, რადგან იგი თავს დამნაშავედ არ სცნობს.
ხაჭაპურიძე კიდევ ერთ უკანონო პატიმარზე, მერაბ რატიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ იგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად არის აღიარებული. ამიტომ, ადვოკატი რატიშვილის საქმის გადახედვას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვს. ამასთანავე, ხაჭაპურიძე მერაბ რატიშვილისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას და რამდენიმე მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. ესენი არიან სოდ-ის მეხუთე სამსახურის უფროსი, ნიკა კაპანაძე, გენერალური პროკურატურის პროკურორები ქორიძე, ჩხენკელი, ცნობილაძე, სოდ-ის გამომძიებლები ეჯიბაია, ბარბაქაძე, მესხი, ფაჩულია, გოგიტიშვილი, სხულუხია, ექვთიმიშვილი და ა.შ. აქვე ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ მერაბ რატიშვილის პოზიცია ბესიკ ხვინთელიანის მსგავსად მხოლოდ გამამართლებელი განაჩენით განთავისუფლებაა, რადგან მისთვის მიუღებელია საპროცესო გარიგება, ან სხვა მეთოდები.
შალვა ხაჭაპურიძემ პროკურატურაში შეიტანა საჩივარი 2004 წლიდან 2010 წლის ჩათვლით პოლიციელებისა თუ სხვა ძალოვანების მიერ მოკლულ ადამიანებთან დაკავშირებით და მისი თქმით, ასეთი ასზე მეტია.
„ამ საჩივრის განხილვის საგანი ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის შეგნებულად განხორციელებაა, რომელიც მუდმივ სისტემატიურ, დანაშაულებრივ ხასიათს ატარებდა. ხელისუფლება შეგნებულად და მიზანმიმართულად მოქმედებდა. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მმართველი პარტიის ბელადი ბატონი სააკაშვილი პარლამენტს საკუთარ დანაშაულებრივ დავალებებს უკვეთავდა და საკანონმდებლო ხელისუფლება ანტიხალხურ და დანაშაულებრივი ბუნების კანონმდებლობას ღებულობდა, რომლის საფუძველზეც მთავრობა საკუთარი მოქალაქეებისადმი არაადამიანურ მოპყრობას ეწეოდა, ხოლო სასამართლო ხელისუფლება დანაშაულბრივად ემსახურებოდა პოლიტიკურ დირექტივებს და არა სამართალს. ამრიგად, ქვეყანაში შექმნილი იყო ორგანიზებული სახელმწიფო დამნაშავეობის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც ერთი პირის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართებოდა. იმისათვის, რომ ხელისუფლებას საკუთარი დანაშაულებრივი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ყოველგვარი ხელის შეშლისა და წინააღმდეგობის გარეშე განეხორციელებინა, მიზანმიმართულად ინერგებოდა პოლიციისათვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭება, მოსამართლეებისათვის ისეთი კანონის ამოქმედება, რომლის ძალითაც არც ერთი მოსამართლე უკანონო გადაწყვეტილების მიღებისთვის პასუხს არ აგებს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებისათვის ისეთი განუსაზღვრელი თვითნებობის გარემოს შექმნა, რომლის მიხედვითაც ისინი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის პასუხს არ აგებენ“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, რომის სტატუტის მეშვიდე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მკვლელობად მიჩნეულია დანაშაული, რომელსაც ხელისუფლება სჩადის ნებისმიერ სამოქალაქო პირზე თავდასხმის სახით, რასაც სისტემატური, ან მსხვილმასშტაბიანი ხასიათი აქვს და ასეთი თავდასხმა შეგნებულად არის ჩადენილი. ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას 2004-2010 წლებში ასზე მეტი ასეთი მკვლელობა აქვს ჩადენილი. ამ საქმეებს შორის არის ისეთი ცნობილი მკვლელობები, როგორიც არის სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, როინ შავაძის მკვლელობები. ამასთანავე, შალვა ხაჭაპურიძე თავის საჩვარში აღწერს კიდევ ასამდე მკვლელობას, რაც პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეების დაკავების, სპეც-ოპერაციების და სხვა ქმედებების დროს ჩაიდინეს. ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლება ამგვარი ქმედებებით საზოგადოებაში შიშისა და განუკითხაობის განცდას ამკვიდრებდა და ამ ქმედებებით ხელისუფლება საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულს სჩადიოდა. ამიტომ, ადვოკატი ამ ფაქტებთან დაკავშირებით ითხოვს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, გურამ დონაძე, მკვლელობებში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები, რომლებიც ამ საქმეებზე ყალბს დასკვნებს გასცემდნენ და კიდევ სხვა პირები, რომელთა ვინაობა გამოძიების ეტაპზე გამოიკვეთება.