დავით დეკანოიძე:

დავით დეკანოიძე: "ვეღარ ვიხსენებ, თუ ვისგან მივიღე შეთავაზება ბაჩო ახალაიას დაცვის თაობაზე"

ბაჩო ახალაიას ინტერესების დაცვა, მისი წარსულიდან გამომდინარე, ბევრი ადვოკატისთვის წარმოუდგენელია. ამის მიზეზი ისიცაა, რომ სწორედ ადოკატებმა იციან, წლების განმავლობაში მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები როგორ ადებდნენ ხელს ახალაიას არაერთ დანაშაულში. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბაჩო ახალაიას დაცვაზე უარი არ განუცხადებია „ქართული ოცნების“  წევრს, ადვოკატ დავით დეკანოიძეს და მისთვის პოლიტიკური სიმპათია ამ საქმეში ხელის შემშლელი არ აღმოჩნდა.

მოხდება თუ არა ინტერესთა კონფლიქტის გადაკვეთა, ამის შესახებ ცალკეულ ადვოკატებს ვესაუბრეთ. მანამდე კი For.ge ადვოკატ დავით დეკანოიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

როგორ შეფასებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, გენშტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ?

- ადვოკატების შუადგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ერთ ნაწილში შეეფარდათ გირაო და ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო იმ ნაწილში, რომ ახალაიასაც შეფარდებოდა გირაო ან თავდებში გაეშვათ, არ დაკმაყოფილდა. ამ ნაწილში ვართ უკმაყოფილონი და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სასამართლოს განჩინებას.

მოლოდინი გაქვთ, რომ, შესაძლოა, პრეზიდენტმა იგი შეიწყალოს?

- ამ ვარაუდის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, ეს პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ.

როგორც ცნობილია, ახალაიას მხარდასაჭერად მოსულმა მეგობრის მამიდამ  თქვენი კანდიდატურის შესახებ ურჩია დაკავებულს. მართლაც ამის შემდეგ შეჩერდა თქვენზე ახალაიების არჩევანი?

- ამის შესახებ მე არაფერი ვიცი.

მაშინ ვისგან მიიღეთ შეთავაზება, რომ ბაჩო ახალაია დაგეცვათ? იმის გათვალისწინებით, რომქართული ოცნებისწევრი ხართ, რამდენად ძნელი იყო თქვენთვის ამაზე დათანხმება?

- სულ არ იყო ძნელი, რადგან მე, როგორც ადვოკატი, ისე დავთანხმდი ამ საკითხს.

ვისგან მიიღეთ შეთავაზება, ვერ გვეტყვით?

- არ ვიცი, ვეღარ ვიხსენებ...

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, ყველასთვის ცხადი იყო, რომქართულ ოცნებასპერმანენტულად პრობლემებს უქმნიდნენ. ფაქტია, რომ ნაციონალურ რეჟიმს ებრძოდაქართული ოცნება“, რომლის წევრიც ახალაია იყო. „ქართულ ოცნებაშიკი თქვენც იყავით გაწევრიანებული. აქედან გამომდინარე, რამდენად რთული იქნება თქვენთვის მისი დაცვა მორალური თვალსაზრისით

- კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი ჩემთვის ძნელი და რთული არ ყოფილა. როგორც ადვოკატი, დავიცავ ნებისმიერ პიროვნებას, რომელზეც ჩავთვლი, რომ უნდა დავიცვა. ასე რომ, არაფერი პრობლემატური აქ არ ყოფილა.

თქვენ, ასევე, შეხვდით როლანდ ახალაიას. რა რეაქცია ჰქონდა მას?

- მე შევხვდი დასაცავის მამას და გვქონდა საუბარი იმაზე, რა საქმიანობასაც მე ვახორციელებ მისი შვილის დაცვის მიზნით. როგორ განწყობაზე იქნებოდა - შვილი პატიმრობაში ჰყავს.

რა გითხრათ მან ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ როლანდ ახალაია ამბობდა, მე დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი უპასუხებს ყველა კითხვას და ყველაფერი გაირკვევაო.

როდესაც თქვენ უთხარით, რომქართული ოცნებისწევრი იყავით, ბაჩო ახალიას რეაქცია არ ჰქონია. მანამდე თუ იცოდა, რომქართული ოცნებისწევრი იყავით?

- არ იცოდა არც ბაჩო ახალაიამ, არც მისმა ოჯახმა და, მე მგონი, არც მისმა ახლობლებმა, რომლებიც ჩემთან მოვიდნენ და, რომელთა საშუალებითაც მისი დაცვა დავიწყე.

ალბათ, უცნაურია, თქვენს შესახებ ახალაიებს ინფორმაცია არ ჰქონოდათ. მოგეხსენებათ, ისინი ქვეყანას აკონტროლებდნენ. რატომ არ იცოდნენ თქვენს შესახებ არაფერი?

- რატომ არ იცოდნენ, არ ვიცი. მე არ მითქვამს, არ ჩავთვალე საჭიროდ, მეთქვა, რომ „ქართული ოცნების“ წევრი ვიყავი. როცა ეს საქვეყნოდ ცნობილი გახდა, მას შემდეგ, რა თქმა უნდა, მე თვითონ დავაყენე ეს საკითხი. ხომ იცით ამის შესახებ-მეთქი? როგორც გაირკვა, არავითარი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ ჰქონია არც ოჯახს, არც თვითონ ბაჩო ახალაიას.

თუმცა საქმეში დამატებით კიდევ ორი ადვოკატი ჩაერთო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გარკვეული უნდობლობა აქვთ თქვენი, როგორცქართული ოცნებისწევრის მიმართ?

- არა, როგორ გეკადრებათ, ორი ადვოკატი ჩაერთო ჩემთან შეთანხმებით. ესენი არიან ჩემი კოლეგები, რომლებთანაც ერთად მუშაობა მე უფრო გამიადვილდება. თუ მისაღწევია რამე, ბევრად უფრო კარგად მივაღწევთ ერთად, ვიდრე მე მარტოდმარტო.

თავის დროზე თქვენ განაცხადეთ, რომ, ახალაიას ოჯახის სურვილის შემთხვევაში, თითქოს მზად იყავით ბაჩო ახალაიას დაცვაზე უარი გეთქვათ.

- მე უარის თქმის უფლება არ მაქვს. მე ვთქვი, რომ ოჯახი თუ გადაწყვეტდა, რა თქმა უნდა, მე დაცვას ვერ გავაგრძელებდი.

დიახ, ზუსტად ეს გითხარით. ბოლო პერიოდში ახალაიას წინააღმდეგ მოწმეების ჩვენებები დაუსრულებლად ემატება.

- დაუსრულებლად არ ემატება.

რამდენიმე ათეული საჩივარია შესული. ამის შესახებ გენპროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც აღნიშნა.

- არ არის ათეული საქმე, ეს არ არის სწორი. ჩვენ რასაც ვნახულობთ, სულ არის რვა თუ ცხრა მოწმე.

მაგრამ საქმეები მის წინააღმდეგ ხომ პერმანენტულად შედის?

- მაგრამ ყველა მათგანი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ვერ იძლევა ჩვენებას, ზოგი რა ფაქტს ადასტურებს, ზოგი - რას.

ჩვენ ხომ არ ვიცით, მომავალში რა მოხდება და კიდევ რა საქმეები დაემატება, მაგრამ, თუ კიდევ გამოჩნდნენ მის წინააღმდეგ მოწმეები, როგორ გესახებათ მისი დაცვა? საქმე თუ გართულდა და მით უმეტეს, შეკრებითობის პრინციპი თუ ამოქმედდა, გამოსავალს ხედავთ?

- არ ვიცი, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რაც იქნება მომავალში დამატებითი მასალების სახით.

ბაჩო ახალაიას საქმეში ვაშლის გაფცქვნისა და დანის ეპიზოდიც იყო, რაც თქვენ  რატომღაც არგუმენტირებულად არ მიიჩნიეთ. თუმცა მოგვიანებით ქალბატონმაც დარეკა, თუ არ ვცდები, დავით აქუბარდიასთან ეთერში და მანაც დაადასტურა, რომ იგი თვითმხილველი იყო, ნამდვილად ვაშლს რომ მიირთმევდა ბაჩო ახალაია, არ ამბობდა უარს ამ ხილზე და უნახავთ კიდეც რესტორნიდან ვაშლის ჭამით გამოსული.

- მე ვთქვი, რომ ხილს ის არ თლიდა არასდროს, თორემ ვაშლს ყველანი მივირთმევთ.

რატომ ხართ დარწმუნებული, რომ იგი ვაშლს არ თლიდა? თქვენი არგუმენტი ბაჩო ახალაიას ყოფილი თანაშემწის ნათქვამს ხომ არ ეფუძნება, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ახალაია ვაშლს საერთოდ არ მიირთმევდა და კაბინეტში დანა არ ექნებოდა?

- არა, თვითონ ჰქონდა ნათქვამი და ოჯახშიც ხომ იციან, ოჯახის წევრი რას მიირთმევს და როგორ იქცევა?! ის არ თლიდა საერთოდ ვაშლს.

თუმცა რეალობა შეიძლება სულ სხვა იყოს და მან თავის გამართლების მიზნით ასე გითხრათ.

- მე როგორც ვიცი, რეალობა რაც იყო, ის ვთქვი.

რას გვეტყვით იმის შესახებ, რომ ბაჩო ახალაიას უცხოეთში ემუქრებოდნენ და იგი სწორედ უსაფრთხოების მიზნით ჩამოვიდა?

- ვერაფერს გეტყვით. არა მგონია, ეს მართალი იყოს. იგი ჩამოვიდა თავის სამშობლოში და უნდოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან.

პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან თეა თუთბერიძის მეთაურობით შეკრებილნი იყვნენ ნაციონალები და მათი მომხრეები.

- თეა თუთბერიძე ნაციონალი არ არის.

მისი მეთაურობით ხომ იყვნენ სწორედ შეკრებილები? იქ ნაციონალებიც იყვნენ მოსულნი და ზუგდიდელთა გარკვეული ნაწილიც.

- იქ პარლამენტარები იყვნენ მოსულნი.

და ნუგზარ წიკლაურის განცხადებაც გახმიანდა, რომელმაც ბაჩო ახალაია საზოგადო მოღვაწედ და ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადა.

- მათ უკეთესად იციან, რადგან მათ გვერდით მუშაობდა ეს კაცი. ამიტომაც ამ ადამიანებმა, ალბათ, უფრო იციან. ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით.

როგორცქართული ოცნებისწევრი და არა როგორც - ადვოკატი, როგორ მიიჩნევთ, რამდენად რეალურია ასეთი შეფასება, რომ ახალაია თურმე საზოგადო მოღვაწეა?

- არ ვიცი, თქვენ გინდათ, პარლამენტარების გამონათქვამი შევაფასო? ეს არ არის ჩემი საქმე.

ყველაფერ ამის ფონზე მას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ჩადენილ უკანონობებს შეახსენებენ, ძალაუფლების გადამეტებაზეც საუბრობენ. რადგან ვაშლის ეპიზოდს გამორიცხავთ, თქვენ პირადად რომელი ეპიზოდი მიგაჩნიათ ყველაზე არგუმენტირებულად?

- არგუმენტირებული არცერთი ბრალდება არ არის, რომელიც წაუყენეს.

ამდენად, სრულიად უდანაშაულოა ბაჩო ახალაია?

- წაყენებულ ბრალდებებში სრულიად უდანაშაულოა.

როგორც მახსოვს, 2009 წელს პროკურასტურასთან თქვენც უარყოფითი დამოკიდებულება გქონდათ.

- დიახ, პროკურატურასთან ყოველთვის მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება მქონდა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე.

იმ დროს საუბარი იყო თქვენს დაკავებაზეც.

- რაც შეეხება ჩემს პირად საკითხებს, ეს საქმესთან არავითარ კავშირში არ არის. ამიტომ თავს თუ შეიკავებთ ან ეთიკას მოუხმობთ, კარგი იქნება.

ეს იმიტომ არის საინტერესო, რომ ყოფილი ხელისუფლება არ იყო თქვენს მიმართ დადებითად განწყობილი. აქედან გამომდინარე, ამ კონტექსტის გამოც, ხომ არ გაგიჭირდათ ბაჩო ახალაიას საქმისთვის ხელის მოკიდება?

- ეს სულ არ იყო ძნელი. 

ინტერესთა კონფლიქტის შესახებ For.ge სხვა ადვოკატებსაც ესაუბრა. ადვოკატი ლალი აფციაური საერთოდ არ იცნობს ახალაიას ადვოკატს, დავით დეკანოიძეს. თუმცა აცხადებს, რომ უამრავი ადამიანია საგამოძიებო უწყებიდან, პოლიციიდან, სასამართლოდან მოსული და ამ ადამიანებმა სწორედ ადვოკატურაში ნახეს თავშესაფარი. ლალი აფციაურის თქმით, ცხადია, ახალაია ადვოკატის გარეშე არ უნდა დარჩენილიყო, თუმცა, ეს უფრო მორალის საკითხია.

„ვის როგორ აქვს მორალში გარღვევები, ეს სხვა თემაა და, ვინ როგორ ადამიანს დაიცავს, ესეც სხვა საკითხია, მაგრამ მადლობა უფალს, მე მაქვს იმის უფლება, თავად შევარჩიო კლიენტი და განვსაზღვრო, მას მოვემსახურო თუ არა. მე მგონი, კითხვაც არ უნდა დაისვას იმის თაობაზე, უარს ვიტყოდი თუ არა პირადად მე ბაჩო ახალაიას დაცვაზე. წლების მანძილზე ვიძახდი - „კრიმინალი ბაჩო ახალაია ციხეში“. რვა წლის განმავლობაში მე სხვა არაფერზე მისაუბრია“, - აცხადებს ლალი აფციაური და დარწმუნებულია, რომ ახალაიას მიმართ კანონი არ დაირღვევა. უფრო მეტიც, ეს საქმე გამადიდებელი შუშის ქვეშ არის მოქცეული. ამდენად, ადვოკატს ეიმედება თეა წულუკიანისა და არჩილ კბილაშვილის, რომლებიც მაქსიმალურად შეეცდებიან, ბაჩო ახალაიას მიმართ კანონი არ დაირღვეს. 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ, რადგან ბაჩო ახალაიამ „ქართული ოცნების“ წევრი დავით დეკანოიძე საკუთარ ადვოკატად აირჩია და ისიც მის დაცვაზე უარს არ ამბობს, არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება.

„მთავარია, თვითონ ახალაია იყოს თანახმა. რა მნიშვნელობა აქვს, მას ვინ დაიცავს. არსებობს საქმე და მან მტკიცებულებებზე უნდა გასცეს პასუხი. მართალია, არ მესმის იმის მორალური მხარე, თუ როგორ შეიძლება და რანაირად შეიძლება ამ სიტუაციაში ახალაიას დაცვა, თუმცა, ვინაიდან ადვოკატის პროფესია არსებობს, ის ვალდებულიცაა, დაიცვას ყველა ადამიანი. ამდენად, თუ ადვოკატი დავით დეკანოიძე თანახმაა ამ ადამიანის დაცვაზე, ეს უკვე მისი პირადი საქმეა“.

ადვოკატი ლია მუხაშავრია ადვოკატ დავით დეკანოიძის „ქართული ოცნების“ წევრობის გამო ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს. მით უფრო, რომ თვითონ ბრალდებულის უფლებაა, არჩევანი გააკეთოს. ახალაიას კი ამის საწინააღმდეგო არაფერი გამოუთქვამს. მისი თქმით, ადვოკატის პროფესია ისეთია, რომ ყველას სჭირდება მისი მომსახურება.

ადვოკატ შალვა შავგულიძეს, დავით დეკანოიძის მსგავსად, პირადად არ ჰქონია ასეთი პრაქტიკა, თუმცა მიიჩნევს, რომ მთავარია, არ იყოს ინტერესთა კონფლიქტი.

„ადვოკატმა უნდა იცოდეს, რომ ის სრულფასოვნად შეძლებს დაცვის განხორციელებას. თუ მოცემულ შემთხვევაში, ბატონი დავით დეკანოიძისთვის ეს პრობლემა არ არის და იგი დარწმუნებულია, რომ ემოციურადაც სრულფასოვნად შეძლებს განეწყოს კონკრეტულად ამ პიროვნების დასაცავად, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. ხოლო, თუ ადვოკატს ხელს შეუშლის მისივე პოლიტიკური ორიენტაცია და რაღაცას არასრულფასოვნად გააკეთებს, ასეთ შემთხვევაში, არ შეიძლება, ადვოკატმა დაცვა იკისროს“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.