ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო ის, რომ რევოლუცია უნდა გამოირიცხოს. მან მითხრა - მილიონ პროცენტიანი გარანტია გაქვს, რომ მე არასოდეს არ ვიქნები რევოლუციის მომხრეო,- „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.
„არაფერი არ შეცვლილა, მოცემულობა რაც იყო, ისევ იგივეა. წარსული ვერ გადაკეთდება. შეცდომები იყო ძალიან მძიმე, მე დღემდე ვრჩები იმ პოზიციაზე. 5 წელი ვიყავი დევნაში, რა არ დამაბრალეს, ხან აგენტი ვიყავი, ხან გადამტრიალებელი და ეს მეთოდი იყო იმ პოლიტიკური რეპრესიის ნაწილი, რასაც მაშინდელი ხელისუფლება მიმართავდა და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მსხვერპლი მე ვიყავი.
ჩემი დამოკიდებულება და შეფასებები არ შეცვლილა. შეიცვალა საქართველოში ვითარება.
მედალს აქვს ორი მხარე - არსებობს წარსული და მომავალი და მე მოვლენებს ამ კუთხიდან შევხედავდი. საქართველოში დღეს არის ძალიან ცუდი სიტუაცია. ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის გარდა, არის მიხეილ სააკაშვილი. მისი დევნილობაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ის მარტოა. მას ჰყავს ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია საქართველოში.
მე მინდოდა გამერკვია, რას გეგმავდა სააკაშვილი და რას აპირებდა. ვიცი, რომ მას შეიძლება დღე დღეზე უკრაინაში ძალიან მაღალი თანამდებობა მისცენ, მაგრამ ეს თანამდებობაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენის მიზნით არ უნდა იყოს გამოყენებული. მე მაინტერესებდა მიზეზი, რატომ გავხდი დევნის ობიექტი და ვის ინტერესებში შედიოდა. 6 საათი ვისაუბრეთ დეტალებზე. ალბათ გააკეთებს საჯარო განცხადებას, რომ იყო შეცდომები.
ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო ის, რომ რევოლუცია უნდა გამოირიცხოს. მან მითხრა - მილიონ პროცენტიანი გარანტია გაქვს, რომ მე არასოდეს არ ვიქნები რევოლუციის მომხრეო. ის არ გეგმავს რევოლუციას.
რაც უნდა ვაგინოთ იმ სააკაშვილს, ის არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი. ნაციონალური მოძრაობა არის ერთი-ერთი წამყვანი მოძრაობა. სააკაშვილი არის ნომერ პირველი იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც საქართველოში ყოფილან. ამის არ აღიარება თავის მოტყუებას ნიშნავს. ის გავლენიანი პოლიტიკოსია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში.
გელბახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ჯერჯერობით არ აპირებს.
„მისი ინტერესის სფერო არის საქართველო, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავს. მას უკრაინაში თავისი პოლიტიკური ამოცანები აქვს. თუ დაინახავს ამის საჭიროებას, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ხელისუფლების მთავარი ნარატივი სააკაშვილია, მისი ჩამოსვლა არ შეიძლება“,- განაცხადა გელბახიანმა.
გელბახიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დაშვებული შეცდომები იმით ახსნა, რომ მან ბოლო ორი წლის განმავლობაში გუნდზე კონტროლი დაკარგა.
ჩვენ ვიკამათეთ, დიდი ხანი ვისაუბრეთ, ძნელი იყო, საკუთარ თავს გადავახტი ბევრ შემთხვევაში. იყო უმძიმესი შეცდომები, სამართლებრივ და სამოქალაქო სექტორში.
მისი ახსნა იყო ის, რომ მან კონტროლი დაკარგა თავის ჯგუფზე და ბოლო ორი წლის განმავლობაში არა თუ ვერ აკონტროლებდა გუნდს, არამედ კორუფციაც შემოეპარა. და თვლის, რომ ეს შეცდომა არ იყო მხოლოდ მისი, დაბრმავებაც იყო იმ წარმატებების გამო, რაც ჰქონდა სახელმწიფოებრივი მხრივ“,- განაცხადა გელბახიანმა.
მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს ყველას, ვისაც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან ჩამოშორება უნდა.