ხუთი რეზიდენცია, სამი თვითმფრინავი, უამრავი ავტომობილისგან შემდგარი კორტეჟი, - შესაძლოა მომავალი წლიდან პრეზიდენტმა ყველა ამ სიკეთით სარგებლობა ვეღარ შეძლოს, რადგან 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მისი დაფინანსება 50 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდება.
ახალი ხელისუფლების ფინანსური გუნდი "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის გატარებას გეგმავს. ვის მოუჭერს "საბიუჯეტო ქამარი" და როგორ გაიფლანგა ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიარდი ლარი, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან ინტერვიუში შეიტყობთ. საუბარი მთავრობის იმ სხდომის შესახებ დავიწყეთ, რომელზეც "დაუპატიჟებელი სტუმარი" - გიგი უგულავა გამოცხადდა.
ბატონო ნოდარ, რა მოხდა მთავრობის სხდომაზე?
- მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საქართველოს მთავრობის სხდომას ესწრებიან მხოლოდ მთავრობის წევრები ან სხვა პირები მთავრობის მოწვევით. ამ სხდომაზე კი მოწვევა არავის ჰქონია. შესაბამისად, თბილისის მერის მოსვლა არავისთან ყოფილა შეთანხმებული და დღის წესრიგში არ იდგა ის საკითხი, რომლის განხილვასაც უგულავა გვთავაზობდა. მერია ცდილობს, ჩვენ გადმოგვაბრალოს და დაგვაკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა, მათ შორის - სხვადასხვა კატეგორიის თბილისელებისთვის სამედიცინო დაზღვევა, სოციალურად დაუცველი ოჯახების სხვადასხვა ტიპის ფინანსური დახმარება და მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათები. საქმის ვითარება კი ძალიან მარტივია. მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს 11 დღის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს ხელს განკარგულებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის მიერ დასაფინანსებელი სამი სოციალური პროგრამა რატომღაც უნდა დააფინანსოს ჯანდაცვის სამინისტრომ. ეს უკანონო გადაწყვეტილება იყო, რადგან არ შეიძლება სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსოს ის, რაც არ არის ასახული ბიუჯეტში, ამიტომაც ვთქვით უარი ამ უკანონობის შესრულებაზე.
2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნებამდე 1 დღით ადრე, საქართველოს ძველმა მთავრობამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც ეს სოციალური პროგრამები გაწერილი არ არის, არ წერია, რომ თბილისის მერიის მიერ დასაფინანსებელი სოციალური პროგრამები უნდა დააფინანსოს სახელმწიფო ბიუჯეტმა. შესაბამისად, ჯერ კიდევ 30 სექტემბერს ყოფილი მთავრობის წევრები ამაზე არ ფიქრობდნენ. ახლა კი ყველაზე საინტერესოს გეტყვით: 12 ოქტომბერს, პრემიერის ბრძანებამდე 7 დღით ადრე, თბილისის მერის მოადგილე სწერს წერილს საკრებულოს და ითხოვს ამ სოციალური პროგრამებისთვის გაწერილი თანხების ამოღებას თბილისის ბიუჯეტიდან. შემდეგ კი ბატონმა მერაბიშვილმა, უკაცრავად სლენგისთვის, "გაუპრავა" მერიას თავისი უკანონო ბრძანებებით ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, საფუძველი იმისა, რომ შეღავათები გაუქმებულიყო, არ არსებობდა და მერიას მოუწევს ამ ვალდებულებების შესრულება. ამისთვის ჩვენ ბიუჯეტიდან ვაძლევთ მერიას ყოველწლიურად 450 მილიონ ლარს. ამიტომ, ნაცვლად იმისა, 450 მილიონი ლარი თავისი კოორდინატორების, ამხანაგობების თავმჯდომარეებისა და ამომრჩევლის მოსყიდვისათვის გამოეყენებინათ, უმჯობესი იქნებოდა, მიზნობრივად გაეხარჯათ.
ე. ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერია საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა?
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერიამ თბილისის მოსახლეობა დასაჯა იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მხარი დაუჭირეს "ქართულ ოცნებას".
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრეზიდენტის ფონდის დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება, თუმცა, ფაქტია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თანხების დაზოგვა უკვე დაიწყო და აგერ უკვე კვირაზე მეტია პრეზიდენტის სასახლის ფასადი ჩაბნელებულია.
- საქართველოს პრეზიდენტს აქვს ხუთი რეზიდენცია, ჰყავს სამი თვითმფრინავი და რამდენიმე ათეული მანქანისგან შემდგარი კორტეჟით დადის. ბევრი ხარჯი აქვს პრეზიდენტს, მას ხუთი სხვადასხვა ორგანიზაცია აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მხოლოდ ერთი შენობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ელექტროენერგიის ხარჯი 800 ათასი ლარია თვეში.
რა დაჯდა ეგ შენობა, კაცმა არ იცის. ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ასეთი ტიპის ხარჯები გვქონდეს. თუმცა, წლევანდელი დაფინანსება ჩვენ არ შეგვიმცირებია პრეზიდენტისთვის, მისი ადმინისტრაცია ფინანსდებოდა ჩვეულებრივად, როგორც აქამდე. რაც შეეხება მომავალ წელს პრეზიდენტის ფონდის შემცირებას, ამას აქვს ერთი ახსნა და არგუმენტი: არსებობს ორი სარეზერვო ფონდი - ერთი მთავრობის და არა პრემიერ-მინისტრის და მეორე - პრეზიდენტის. მთავრობის ფონდს განკარგავს საქართველოს მთავრობა - კოლეგიალური ორგანო, მეორეს კი ერთი პირი - პრეზიდენტი. ძალიან ბევრი არამიზნობრივი ხარჯია მისი ფონდიდან გაწეული. მაგალითად, მიუზიკლი "ქეთო და კოტე" სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ 125 ათასი ლარი დაუჯდა, ხოლო ბათუმში ანდრია ბოჩელის კონცერტისთვის 2,4 მილიონი ლარი დაიხარჯა პრეზიდენტის ფონდიდან. სამწუხაროდ, ასეთი ხარჯების სია საკმაოდ დიდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმარის თანხას ვაძლევთ საქართველოს პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების სრულად შესანარჩუნებლად და განსახორციელებლად, თუმცა, შესაძლოა სამი თვითმფრინავისა და ხუთი რეზიდენციის დაფინანსებას აღარ ეყოს. თუ იმყოფინებს, მისი ნებაა. მიგვაჩნია, რომ ყველა ხარჯი, როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის ფონდიდან, უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველა განკარგულება გამოქვეყნდეს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რაში რამდენი იხარჯება.
ძალიან უხეში დათვლით, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიარდი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან წყალს გატანებული. მერია წუწუნებს, რომ ავტობუსით მგზავრობის შეღავათს ვერ დაუფინანსებს თბილისელებს, ვერ დააფინანსებს სოციალურ შეღავათებს, არადა, 1 მილიარდი ლარი, ადგნენ და, უბრალოდ გადაყარეს.
შესაძლებელია, რომ გაფლანგული მილიარდისთვის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
- რა თქმა უნდა.