დასუფთავების გადასახადიც იზრდება?!

დასუფთავების გადასახადიც იზრდება?!

 

საქართველოში წყლის ტარიფის შემდეგ, შესაძლოა, დასუფთავების გადასახადიც გაიზარდოს. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონპროექტი უკვე შევიდა, რომელიც ნაგვის გატანაზე დაწესებული მოსაკრებლის ზედა ზღვარს აუქმებს. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ კომუნალური გადასახადის ერთიანად ამოღების პრინციპი პირველი დეკემბრიდან არ ამოქმედდება და ის, სავარაუდოდ, მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.

 

კომუნალური გადასახადების გაზრდა ბოლო პერიოდში ოპოზიციის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. ზოგიერთი მათგანი „საგადასახადო დაუმორჩილებლობაზე“ საუბრობს, ზოგი სასამართლოში ჩივილს აპირებს, ამ დროს კი ხელისუფლება პოზიციას არ იცვლის და ამბობს, რომ „სხვა გზა არ არსებობდა“. თუმცა, საერთო ჯამში, ცხადია, რომ გაზრდილი კომუნალური გადასახადები, პირველ რიგში,  სწორედ რიგით მოქალაქეებს აზარალებს.

 

წყლის ტარიფი 2.40 ლარიდან 3.15 თეთრამდე გასულ კვირას გაიზარდა. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა, დასუფთავების მოსაკრებელიც გაიზარდოს. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. კერძოდ, მოქმედი ნორმით, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე თვეში 1,5 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისთვის - ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს, კანონპროქტის თანახმად კი, ეს ჩანაწერი საერთოდ უქმდება.

 

გარდა ამისა, მოქმედ კანონმდებლობაში დაფიქსირებულია ცალსახა მოთხოვნა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს არ უნდა აღემატებოდეს, კანონპროექტით კი ეს მოთხოვნაც უქმდება.

 

წყლის ტარიფის მომატებამდე კი სემეკმა კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით გადახდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ერთიანი სისტემით ამოღება კი პირველი დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა ამ პრინციპით გადასახადების ამოღება გადაიდო.

 

„წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადაუხდელობის გამო მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გათიშვა 1-ლი დეკემბრიდან არ მოხდება“, - განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილმა. მისი თქმით, ახლა ყველაფერი კომპანიებს შორის ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული, რაც, შესაძლოა, 1-ელ იანვრამდეც ვერ მოესწროს.

 

„წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადაუხდელობის გამო, აბონენტებისთვის

ელექტროენერგიის გათიშვის გადაწყვეტილება ხელმოწერისთანავე, 14 ნოემბერს, შევიდა ძალაში. თუმცა, იმის გამო, რომ სამმა კომპანიამ ერთმანეთში უნდა გააფორმოს ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე (ქვითრის დაბეჭდვა და სხვა), ამ გადაწყვეტილების აღსრულება ჭიანურდება“, - განმარტა ჩალაგაშვილმა.

 

მისი თქმით, ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ კომპანიები რეალურად როდის გააფორმებენ ხელშეკრულებას, უცნობია.

 

„წესით, ხელშეკრულება 1-ელ დეკემბრამდე უნდა გაეფორმებინათ. თუმცა ვადამ გადაიწია. თუ ისინი ვერ მოილაპარაკებენ, მაშინ მათ სარეკომენდაციო ვადა მიეცემათ, რისი გასვლის შემდეგაც უკვე საქმეში სემეკი ჩაერთვება და მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს მათი ხელშეკრულების პირობებს“, - აცხადებს ჩალაგაშვილი.

 

ტარიფების გაზრდას კი ოპოზიცია ისევ აპროტესტებს და სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება. ამ დროს კი მთავრობა პოზიციას ისევ არ იცვლის და კვლავ აცხადებს, რომ ტარიფის მომატება თავად კომპანიის კომპეტენციაში შედის.

კომუნალური გადასახადების გაზრდაზე ცხარე დებატები გაიმართა როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოშიც. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა წყლის ტარიფის გაზრდის შესახებ საკითხი ბიუროს სხდომაზეც დააყენა და მისი მიზეზების განმარტება ითხოვა.

 

„მოსახლებას ძალიან უჭირს და მათ ყოფას წყლის ტარიფის გაზრდა კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომ გთხოვთ, შესაბამის კომიტეტში მარეგულირებელი კომისიის წევრები და ინვესტორი მოვიწვიოთ, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, რომ განგვიმატონ, რატომ მოხდა ტარიფების გაზრდა“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

 

ამასთან „ქრისტიან-დემოკრატებმა“ ენერგეტიკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიც გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ წყლისა და სხვა კომუნალური გადასახადის გადაუხდელობა ელექტროენერგიის მიწოდებაზე არ უნდა აისახოს.