ქვეყანაში სიძვირესთარ ერთად, ხორცის დეფიციტიცაა. ამის უმთავრესი მიზეზი ექსპორტია, რომლის მასშტაბებიც მკვეთრად გაიზარდა. მთავრობა უკვე სერიოზოულად დაფიქრდა შექმნილ რთულ სიტუაციაზე და ახალი შეზღუდვის შემოღებასაც აპირებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, შესაბამისი პროექტი, რომელიც ექსპორტზე გასაყვანად მსხვილფეხა პირუტყვის წონის 140 კილოდან მინიმუმ 200 კილომდე გაზრდას გულისხმობს, უწყებას უკვე მომზადებული აქვს და წლის ბოლომდე მთავრობას წარუდგენს განსახილველად.
„უკვე მრავალი თვეა ვამბობთ, რომ საქართველოში ხორცის დეფიციტია. სასაკლაოები ჩივიან, რომ მათ სულ უფრო და უფრო უჭირთ პირუტყვის შოვნა დასაკლავად და ეს არის სწორედ პრობლემის თავი და თავი. რამდენიმე ფაქტორია, რამაც ეს გამოიწვია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ექსპორტის მაჩვენებელი. უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში ქვეყნიდან დაახლოებით 500 ათასი რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს საზღვარგარეთ გასაყიდად. ბუნებრივია, სწორედ ამან შეამცირა საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა“, - განუცხადა „პირველ არხს“ გიორგი ხანიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ პირუტყვის ექსპორტია რძისა და რძის პროდუქტების, ასევე ხორცისა და ხორცპროდუქტების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი. როგორც ხანიშვილმა აღნიშნა, მეცხოველეობის დარგის განვითარების კუთხით, საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და საჭიროა ქვეყანაში უფრო მაღალპროდუქტიული უცხოური ჯიშის პირუტყვის გამრავლება, ასევე ფერმერული მეურნეობების განვითარება.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით შემცირდა და 902.1 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 436.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.1 პროცენტით ჩამორჩება.
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით შემცირდა და 813.6 ათასი სული შეადგინა. ღორების რაოდენობამ 225.4 ათასი სული შეადგინა, რაც 8.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო ფრინველის რაოდენობა 3.7 პროცენტით შემცირდა და ახლა 9.1 მლნ-ია.
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში წარმოებულია 160.3 მლნ ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით ჩამორჩება. ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია.
სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო ერთ წელიწადში რძის ნაწარმი 16%-ით გაძვირდა, ხოლო ხორცი - 14.7%-ით.
სპეციალისტები დიდი ხანია მიუთითებდნენ მთავრობას ისე მოქმედებას, როგორც ახლა აპირებს. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი რამდენიმე კვირის წინ ამბობდა, რომ აუცილებელია საქართველოდან 200 კილოგრამამდე ცოცხალი პირუტყვის ხორცის ექსპორტი აკრძალულიყო.
„ქვეყანაში არის ხორცის დეფიციტი. რასაც 5-6 თვის წინ ვამბობდი, აბსოლუტურად ყველაფერი ახდა. ფასები უკვე გაზრდილია. დეკემბერში ხორცის საცალო ფასმა კი შეიძლება 20 ლარს გადააჭარბოს. ქვეყანაში ხორცის სერიოზული დეფიციტია და ამის მიზეზი ის არის, რომ ექსპორტზე გადის პატარა ბოჩოლები.
მოგეხსენებათ, მთავრობის დადგენილებით საქართველოდან აიკრძალა 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი, რაც ჩემი აზრით ცოტაა. აუცილებელია, რომ ქვეყნიდან მინიმუმ 200 კილოგრამამდე ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი შეიზღუდოს. თუ ამ მიმართულებით მთავრობამ ცვლილებები არ განახორციელა, მაშინ ადგილობრივი ბაზარი აუცილებლად დაზარლება და ხორცის ფასიც საგრძნობლად გაიზრდება. თუმცა, პრობლემა კომპლექსურია და მთავრობის ერთი დადგენილებით შედეგს ვერ მივიღებთ. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ადგილობრივი მეხორცული პროდუქტიუოლობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გონაშვილმა.