სოციალურად დაუცველებს დაზღვევის მხრივ პრობლემებს უქმნიან

სოციალურად დაუცველებს დაზღვევის მხრივ პრობლემებს უქმნიან

უმწეოთა პროგრამით დაზღვეულები რთული სადაზღვევო პროცედურების გამოისობით ისევ უამრავ პრობლემას აწყდებიან. გართულებული პროცედურების გამო ბენეფიციარების ნაწილი პოლისის გამოყენებას ვერც კი ახერხებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სადაზღვევო ხელშეკრულებაში თითქმის არაფერი წერია სადაზღვევო კომპანიის უფლება მოვალეობებზე, შესაბამისად,  დაზღვეულის ინტერესები, ფაქტობრივად, იგნორირებულია.

 

შალვა გელაშვილი სურამში ცხოვრობს. რამდენიმე წელია სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისიც აქვს. როდესაც იგი კუჭის ტკივილმა ძალიან შეაწუხა, გადაწყვიტა, რომ 3 წლის განმავლობაში უქმად დადებული პოლისი გამოეყენებინა.

ოჯახის ექიმმა დედაქალაქში იმ კლინიკაში გააგზავნა, რომელთანაც მის სადაზღვევო კომპანიას კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

 

„მერჩივნა იქვე მიმეღო სამედიცინო მომსახურება, ვიდრე გზის ფული დამეხარჯა. მაგრამ ოჯახის ექიმმა მითხრა თბილისში წამოვსულიყავი. ჩამოვედი და მიმართვა წარუდგინე იმ ექიმს ვისთანაც გამაგზავნეს. მან მითხრა, რომ ეს ტკივილები მარტო კუჭთან არ იყო დაკავშირებული და სხვა ექიმიც უნდა მენახა. ახალმა ექიმმა ოჯახის ექიმის ახალი მიმართვა მომთხოვა და დაამატა, რომ მის გარეშე ვერ მიმიღებდა. რა უნდა მექნა გაბრაზებული დავბრუნდი სურამში და ვთქვი, რომ მომკვდარიყავი ექიმთან აღარ მივიდოდი.

 

ტკივილებმა ძალიან რომ შემაწუხა, ისევ მივედი ოჯახის ექიმთან და წამოვიღე მიმართვა თბილისში. ზუსტად იგივე განმეორდა. იმ ექიმმა კიდევ სხვაგან გამაგზავნა. ვერ გაიგეს რატომ მქონდა ასეთი ტკივილები, მორიგმა ექიმმა მორიგი მიმართვა მომთხოვა. როცა დავიმუქრე, რომ ჟურნალისტებს მოვიყვანდი და ამ პოლისს მათ თვალწინ დავხევდი, სადღაც გადარეკეს, მერე ვითომ დამამშვიდეს და მიმიღეს. იმ ექიმმა რაღაც წამლები კი გამომიწერა, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება მის დიაგნოზში, მგონია რომ უფრო თავიდან მომიშორა. ერთი რამ მაინტერესებს, თუ სახელმწიფო პატივს მცემს, ბარემ ეს პრობლემაც მომიხსნას და მომცეს საშუალება, რომ ექიმთან თავისუფლად მივიდე“, – ამბობს შალვა გელაშვილი.

 

მსგავსი პრობლემა არაერთია, რთული პროცედურები პოლისებს ხშირ შემთხვევაში გამოუყენებელს ხდის. სპეციალისტების განცხადებით, ამ პრობლემის ორი ახსნა არსებობს. არის შემთხვევა, როდესაც ექიმები სპეციალურად აგზავნიან სხვადასხვა კოლეგა ექიმებთან პაციენტებს, რათა სადაზღვევო კომპანიამ მეტი გადაიხადოს და შემოსავალი მეგობარ ექიმებსაც გაუჩინონ. მეორე არის ის, რომ ოჯახის ექიმების მიმართვების გარეშე აღრიცხვიანობა გართულდება.

 

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, მსგავსი პრობლემები ადრე უფრო მეტი არსებობდა. მისი თქმით, საქართველოში სადაზღვევო სისტემა ახალია და ბაზარი შეცდომებზე სწავლით ვითარდება. ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ რაც დრო გადის მოსახლეობა უფრო მეტად იყენებს სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარ პოლისებს. თუმცა, მისი თქმით, თუ ამ მიმართულებით მსგავსი პრობლემები გამოიკვეთება, ეს აუცილებლად უნდა გაშუქდეს, რათა სადაზღვევო კომპანიებმა მის გამოსწორებაზე იფიქრონ.

 

„მოსახლეობა უფრო ხშირად იყენებს, როგორც ჰოსპიტალურ ისე ამბულატორიულ სერვისებს, ის მიუთითებს იმაზე, რომ მათი ხელმისაწვდომობა გაიზარდა. შეიძლება არსებობს რაღაც პრობლემები, მაგრამ დღევანდელ პირობებში ასეთი კარგი პროდუქტი, ასეთ დაბალ ფასად, როგორიც სახელმწიფო დაზღვევაა არსად არ არის. უამრავი რამე გამოსწორდა. 2 წელიწადში სადაზღვევოებმა მასასთან ურთიერთობა ისწავლეს, პირობები დაიხვეწა, ადამიანების ინფორმირებულობა გაიზარდა. აქამდე ჩვენი  პრიორიტეტი იყო სახელმწიფო პროგრამები კალაპოტში ჩაგვეყენებინა, ეს უკვე მოხდა სისტემა მუშაობს. ამჯერად მომსახურების ხარისხში გვაქვს 2 პრობლემა.

 

პირველი – ჩვენ სამედიცინო სისტემას არ აქვს წესები, როგორია საკონტრაქტო ურთიერთობების წარმოება წესების გარეშე, ეს არის სამედიცინო მომსახურების გაწევის წესი, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს. მეორე - მოუმზადებელი კომპანიები. მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ სისტემას საფრთხეს უქმნის მოუმზადებელი კომპანიები,  რომლებიც უამრავი ხარვეზის გამო მოსახლეობის ნდობას მთელი სადაზღვევო სისტემის მიმართ ამცირებენ“, – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ 2006 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო  ცენტრალიზებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დეცენტრალიზაციის მიმართულებით. გაჩნდა კერძო სამედიცინო დაწესებულებები და სახელმწიფო ფინანსების დიდი ნაწილი კერძო სადაზღვევო კომპანიებისკენ წარიმართა.

 

დღესდღეობით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას ახორციელებენ კერძო სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ასეგნებების ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ პროგრამისთვის მილიონობით ლარს ხარჯავს, სათანადო ეფექტი ჯერჯერობით მიღწეული არ არის. სპეციალისტების განცხადებით, სახელმწიფოს ისიც კი არ იზრუნა, რომ ინდივიდუალურ ხელშეკრულებებში მკაფიოდ განესაზღვრა სადაზღვევო კომპანიების მოვალეობები, რათა დავის წარმოშობის შემთხვევაში დაზღვეულს თავის დაცვა მარტივად შეეძლოს.