მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით, წლების წინ მომზადებული კანონპროექტების ინიცირება ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდება. გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ვახტანგ ხმალაძემ, ლაშა ტუღუშმა, სანდრო ბარამიძემ, თამარ ხიდაშელმა და ზვიად ქორიძემ კანონპროექტები მოამზადეს, რომელიც იმ პრობლემებს ასახავდა, რომელიც 2007 წლისთვის, ქართულ მედიას ჰქონდა. მოგვიანებით, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, ამ პროექტის ინიცირება „ქრისტიან-დემოკრატრებმა“ მოახდინეს, თუმცა, კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე არ მოხდა და საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტების გადამუშავებულ ვერსიას, საკუთარი წინადადებებითურთ, უმრავლესობის წევრი, ელისო ჩაფიძე წარადგენს. ცვლილებები ეხება - ბეჭდური მედიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, ასევე, შესაძლოა, ჟურნალ-გაზეთების გამსაღებელი ჯიხურები და მერიის მიერ გამოყოფილი შესაბამისი ადგილები სალარო აპარატების გამოყენებისგან გათავისუფლდნენ. კიდევ თუ რა ცვლილებებს გულისხმობს მომზადებული პროექტები და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, თუ რამდენად თავისუფალი იქნება ქართული მედია?
For.ge ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, ელისო ჩაფიძეს ესაუბრა:
მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პარლამენტში კანონპროექტების ინიცირებას აპირებთ. რას გულისხმობს, მომზადებული ცვლილებები?
- აღნიშნული პირების მიერ მომზადებულ ცვლილებებს დამატებით ჩემი ინიციატივა დაემატება, რომელიც ბეჭდური მედიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას ეხება. ბეჭდურ მედიას ძალიან დიდი საბიუჯეტო შემოსვალები არ აქვს და მოგებიდან გადასახადი დაახლოებით 60-70 ათასი ლარია. იცით, რომ საქართველოში ბეჭდური მედია დიდად რენტაბელური არ გახლავთ და მას კონკურენციას ინტერენტ გამოცემები უწევენ. ზოგადად, მთელ მსოფლიოში ბეჭდური მედიის ტირაჟების შემცირება მიდის, რაც ჩემს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს, რადგან ბეჭდური მედიის მოყვარული ვარ. ზოგიერთი სახელმწიფო ამ სფეროში სხვადასხვა ტიპის სუბსიდიებს დებს, რომ გაზეთები არ განადგურდნენ. სუბსიდიებს არ ვითხოვთ, მაგრამ დღემდე ბაზარზე იმ კუთხით რთული ვითარება იყო, რომ სახელმწიფო ყოველგვარი ტენდერის გარეშე, გაზეთ „24 საათზე“ იმ თანხას გასცემდა, რომელიც სახელმწიფო შეკვეთებისთვის იყო განკუთვნილი. გარდა ამისა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე, 2004 წლის მარტში ყველა საჯარო სამსახურში ჟურნალ-გაზეთების გამოწერა აიკრძალა, რის გამოც ყველა გამომცემლობამ ტირაჟი დაახლოებით 3 ათასით შეამცირა, რამაც ბეჭდურ მედიას სერიოზული ზიანი მიაყენა.
ამ ცვლილებას, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს?
- საკითხთან დაკავშირებით, კოლეგებთან კონსულტაციები მქონდა და ჩემი ფრაქციის „ქართული ოცნება“ დაპირებაა, რომ „საგადასახდო კოდექსში“ შესაბამისი ცვლილება შევა და ბეჭდური მედია მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდება.
გარდა ამ ცვლილებისა, კიდევ რა ინიციატივები გაქვთ?
- ასევე იმ ინიციატივასაც ხელახლა შემოვიტანთ, რომელიც ჟურნალ-გაზეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. კერძოდ, ჟურნალ-გაზეთების გამსაღებელი ჯიხურები და მერიის მიერ გამოყოფილი შესაბამისი ადგილები სალარო აპარატების გამოყენებისგან უნდა გათავისუფლდნენ და მათ უფრო დაბალი გადასახადები უნდა ჰქონდეთ, ვიდრე შაურმითა და თამბაქოთი მოვაჭრეებს, რადგან ეს არის საგანმანათლებლო საქმე. მართალია, ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი მეკამათებოდა, რომ ცოცხსა და გაზეთს შორის ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს და მას არ ესმის, თუ რატომ უნდა გათავისუფლდეს სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან პრესის ჯიხური და არა ის ადგილები, სადაც ცოცხები იყიდება, მაგრამ პრესას სხვა დატვირთვა აქვს. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და სწორედ იმიტომ ვარ პარლამენტში, რომ ცოცხსა და პრესას ერთმანეთისგან განვასხვავებ.
მედიის წარმომადგენლებს საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას, ხშირად პრობლემები ექმნებათ. ამ კუთხით, რაიმე წინადადებას უნდა ველოდოთ?
- დიახ. „ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილება შევა და კანონში თუ რას ნიშნავს სიტყვა - „დაუყონებლივ“ დაკონკრეტდება. კერძოდ, ინფორმაციის მიწოდებისთვის 7 სამუშაო საათი იქნება საჭირო. ანუ, თუ ინფორმაცია კონკრეტულ უწყებაში მოიპოვება, მას ჟურნალისტს 7 სამუშაო საათში მიაწოდებენ, მაგრამ თუ ინფორმაციის მოწოდება საჭიროა სხვა რაიონებიდან და ა.შ. მაშინ ვადები უცვლელი დარჩება. ამასთან, გარკვეული სანქციები იქნება, რომლის ამოქმედებაც იმ შემთხვევაში მოხდება - თუ საჯარო მოხელე ინფორმციას ჟურნალისტს არ მიაწოდებს.
სანქციაში რას გულისხმობთ, ფულად ჯარიმებს თუ?
- ადმინისტრაციული საყვედური ან ფულადი ჯარიმა. კერძოდ, საჯარო მოხელეს ხელფასის რაღაც პროცენტი ჩამოეჭრება, მაგრამ ისიც იქნება მნიშვნელოვანი - თუ მერამდენე შემთხვევა იქნება დაფიქსირებული. ვფიქრობ, რომ ამ სანქციებით, საჯარო მოხელე ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას კიდევ უფრო იგრძნობს.
მედიის წარმომადგენლები საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილებას ხშირად გამოთქვამენ. კომისიასთან დაკავშირებით, რას აპირებთ?
- ჩვენ გვაქვს მოსაზრებები თუ როგორი უნდა იყოს ეს კომისია, რადგან დღევანდელი მონაცემებით, ამ კომისიის წევრები და მათი ხელფასები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კომისიასთან დაკავშირებით, კანონი ისეა მოწყობილი, რომ პრეზიდენტის მიერ იმპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას ხელს უწყობს - თუ ვინ იქნება კომისიაში წარმოდგენილი. ეს ორგანიზაცია, რაღაც პატარა კლანის ხელში არსებულ ინსტიტუციად არ უნდა იყოს, რადგან მას ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააჩნია. კომისია სიხშირეებს ანაწილებს და 2015 წლისთვის, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს, მაგრამ ამ მხრივ, არანაირი წინადადაბები არ არსებობს და უცნობია, როგორ აპირებენ გადასვლას. ფაქტია, რომ წინასწარი სამუშაოები არ მიმდინარეობს.
რატომ? რა უშლით ხელს, რომ სამუშაოები დაიწყონ?
- ორი წელია ვსაუბრობთ, რომ თუ კონცეფცია არ დაიდო და გარკვეული სამუშაოები არ გატარდა, 2015 წლისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ძალიან გაჭირდება და ქვეყანას პრობლემები შეექმნება, რომ მსოფლიოს ერთიან საინფორმაციაო სივრცეში იყოს. ციფრულ მაუწყებელზე გადასვლას, თავისი ტექნიკური პარამეტრები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ დღეს აღმოჩნდება, რომ ტელევიზორს ჩავრთავთ და შავი ეკრანი იქნება. იმედი მაქვს, მოვლენები ასე დრამატულად არ განვითარდება, თუმცა, სამუშაოების დაწყება აუცილებელია.
ბოლო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟია ატეხილი. უმცირესობა ტელევიზიაში საშემოსავლო სამსახურის შესავლას, პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს. გარდა ამისა, for.ge-ს გოკა გაბაშვილმა განუცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმება, ან ტელევიზიის მეცხრე არხისთვის შეერთება იგეგმება. რატომ გახდა სპეკულაციების საგანი ტელევიზია?
- თავდაპირველად ვიტყვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლებიც ტელევიზიაში საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავენ, საზოგადოების წინაშე იდენტიფიცირებულები უნდა იყვნენ და მათი საინფორმაციო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია ცნობილი უნდა იყოს. ვინაიდან, ტელევიზია საბიუჯეტო თანხებს იღებს, ტელევიზიის შემოწმება აუცილებელია. ამასთან, შემოწმების დაწყებას რუსულენოვანი ტელევიზიის „პიკის“ ჟურნალისტების საპროტესტო აქციას ვუკავშირებ, რომლებიც ტელევიზიაში აუდიტის ჩატარებას ითხოვდნენ. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მაუწყებელს დაფინანსება 31 მლნ ლარამდე უმცირდება და ეს არ მიხარია, მაგრამ საზოგადოებრივი სახსრები ეკონომიურად უნდა დაიხარჯოს. რაც შეეხება ტელევიზიის მეცხრე არხისთვის შეერთებას, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ტელევიზიების გაერთიანება? აბსოლუტურად წარმოუდგენელია. არც „ქართული ოცნების“ წინაშე ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი მაუწყებელი მჭირდება და არც „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლირებადი.
რა ბედი ეწევა „პიკს“, სადაც 400-მდე ადამიანი იყო დასაქმებული?
- იმ რეალურ შესაძლებლობებს უნდა გადავხედოთ, რაც ქვეყანას გააჩნია. თუმცა, მომხრე ვარ, რომ რუსულ ენაზე საინფორმაციო გამოშვება მზადდებოდეს, იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოების ნაწილმა ქართული ენა არ იცის. უმთავრესია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ფუნქციონირების შემთხვევაში - „პიკი“ პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდნენ. რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში ჩავერთე და ირმა ნადირაშვილის მოთხოვნით, ჩემი ჩართვის ფორმატი სამჯერ შეიცვალა. რა თქმა უნდა, ჩემი გავიტანე, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როცა ტელევიზიაში, რომელსაც საზოგადოება არჩენს, ირმა ნადირაშვილს, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს არ უნდა განესაზღვრა - ეთერში ვინ როგორ უნდა ჩართულიყო, ეს თავად ტელევიზიის ჟურნალისტების პრესტიჟის საქმეა.
ანუ, თქვენ ვარაუდობთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკურ ზეწოლას კვლავ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ?
- საზოგადოებრივი მაუწყებელი და ქალბატონი ხათუნა ბერძენიშვილი პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფლები არ არიან. წლების განმავლობაში, ეს ადამიანები, „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო საინფორმაციო პოლიტიკას ახორციელებდნენ. ახალი ხელისუფლება კი არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ საქმიანობაში არ ჩაერევა, მაგრამ ბორდში უნდა იყვნენ არა პრეზიდენტის მიერ შერჩეული პირები, არამედ საზოგადოების ყველა სოციალური სეგმენტის წარმომადგენელი. ბორდი მრავალფეროვანი უნდა იყოს და ყველა ფენის ინტერესებს უნდა ასახავდეს. ამ თვალსაზრისით, ცვლილებებს მოვამზადებთ.
თქვენ აცხადებთ, რომ წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლო პოლიტიკას ახორციელებდა. შესაბამისად, თუ არხი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება, კადრების ცვლილებას უნდა ველოდოთ?
- ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის 80-90 პროცენტი ნამდვილი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და თავისი საქმე არაჩვეულებრივად იციან, მაგრამ მათ პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლება სჭირდებათ. მართალია, ძველ ხელისუფლებასთან პრივილიგირებული ჟურნალისტები არიან, რომლებიც ყვითელ პრესაში აცხადებდნენ, რომ თურმე მათ ჩინეთში, პრეზიდენტმა საჩუქრები უყიდა და დაბადების დღე გადაუხადა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანს, ჟურნალისტურ ეთიკაზე წარმოდგენა აქვს? რა თქმა უნდა - არა და ასეთი საკითხები, თავად ჟურნალისტურ წრეებში უნდა განიხილონ.
თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული მედია?
- მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე ტრაგიკულად არის, რადგან ამ სფეროში, ბევრი პროფესიონალია. ფაქტია, რომ მედია იმ მდგომარეობაშია, როგორშიც ქართული საზოგადოება, არც - უარესში და არც - კარგში. თუ ცვლილებები იქნება მიღებული, საჯარო ინფორმაციის მოპოვება გაადვილდება და ქართული მედიის ხარისხი გაიზრდება. საერთაშრისო ორგანიზაციების ანგარიშებში ნათქვამი იყო, რომ ქართული მედია ნახევრად თავისუფალია და მცირე პუნქტი გვაკლდა, რომ არათავისუფალ მედიათა რიგებში გადავსულიყავით. ამაზე კი გავლენა მოახდინა - 7 ნოემბერის ამბებმა, ფოტო რეპორტიორების საქმეებმა და მეპატრონეებისთვის ტელევიზიების წართმევამ. თუ ადრე, რომელიმე ტელევიზია შავი ფულით ფინანსდებოდა, ჩვენ ეს თანხა სოციალურ პროექტებზე უნდა მივმართოთ და არა იმაზე, რომ რომელიმე ჟურნალისტს უცხოეთში გამგზავრების თანხა და 20 ათას ლარიანი ხელფასები მივცეთ, როცა ადამიანები უსახსრობის გამო იღუპებიან. ეს კი, მათ მორალურ პრობლემას უნდა უქმნიდეთ.
თქვენი ხელისუფლების პირობებში, საერთაშორისო რეიტინგებში, ქართული მედია მოწინავე პოზიციებზე გადმოინაცვლებს?
- დარწმუნებული ვარ, რომ ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდება. არ ვაპირებთ - ვინმეს დარბევას, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებას, ჟურნალისტების დაშინებასა და ვინმეს „დავერბოკებას“. ჭორები იქ ვრცელდება, სადაც ინფორმაცია არ არის ღია, შესაბამისად, მეტი ინფორმაცია იქნება, რომელიც უწყებებიდან წამოვა. სჯობს პროცესები გამჭირვალე იყოს, თუნდაც ამის გამო ხელისუფლება კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდეს, რადგან ამით საზოგადოება, მედია და თავად ხელისუფლებაც მოიგებს.