საქართველოში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და ორ მაღალჩინოსან სამხედროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია ახალ მთავრობას პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს.
პოლიტიკური კლიმატი საქართველოში ცხელდება. საპარლამენტო არჩევნებიდან და ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრად დამტკიცებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ახალ მთავრობას მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირების წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. კრიტიკის საფუძველია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გენერალური შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი სამხედროს დაკავება. პროკურატურა მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს. მათ 2011 წელს 6 ჯარისკაცს სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.
პროტესტი პარლამენტში
პრეზიდენტ სააკაშვილსა და მისი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვლენებზე მწვავე რეაქცია ჰქონდათ. მთავრობის ყოფილ მეთაურ ვანო მერაბიშვილს ამან „კაგებე-ს მეთოდები გაახსენა“. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია „პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე“ საუბრობს. რომ ახალაიას წინააღმდეგ ბრალდებები აბსურდული და უსამართლოა. ეს დემოკრატიას ძლიერ დარტყმას და საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს ძლიერ ზიანს მიაყენებს. ბოკერია დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „რეპრესიის აქტის“ მიმართ პროტესტის ნიშნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ოთხშაბათს სხდომა დატოვეს. ხუთშაბათს თბილისში ითქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებას არ აპირებს, თუმცა სამთავრობო კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
ხელისუფლების ახალ ბლოკებს შორის დაძაბულობას ცეცხლი დაუმატა ახლახან მიმდინარე საგადასახადო კონტროლმა საზოგადოებრივ მაუწყებელში. ოპოზიცია შიშობს, რომ ტელევიზია დაიხურება და ივანიშვილის მეუღლის კერძო არხს შეუერთდება. მთავრობის მეთაურმა ბრალდებები უარყო. მისი თქმით, არც ამ და არც ახალაიას შემთხვევაში, პოლიტიკურ მანევრებს ადგილი არ აქვს. საგამოძიებო უწყებებმა განაცხადეს, რომ მსჯავრდებულების დანაშაული მოწმეთა ჩვენებების საფუძველზეა გამყარებული. პროკურატურამ ხუთშაბათს სამ დაკავებულს ოფიციალურად წაუყენა ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. გარდა ამისა, ახალაიას ბრალად ედება ასევე უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. 32 წლის იურისტი უკიდურესად წინააღმდეგობრივი ფიგურაა. ის პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე ნდობით აღჭურვილ პირად მიიჩნევა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ჯერ კიდევ 2006 წელს აკრიტიკებდნენ მისი მტკიცე ხელის პოლიტიკას. ციხის ბუნტის დროს, როდესაც მრავალი პატიმარი დაიღუპა, ის სასჯელაღსრულების მინისტრი იყო. 2009-2012 წლებში კი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
პოლიტიკის ტესტი
ამ წლის ივლისში ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრად დასახელდა, თუმცა ისევ ციხეებში კრიტიკული ვითარების გამო წაბორძიკდა. საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ამოტივტივდა ვიდეომასალა, რომელზეც უნიფორმაში ჩაცმული ადამიანები პატიმრების წამებისას იყვნენ გადაღებულნი. ახალაიას გადადგომა მოუწია. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ბრალდების დეტალები ჯერ გაურკვეველი რჩება. ერთი რამ ცხადია, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუციები და პოლიტიკური აქტიორები საქართველოში ისევ გამოცდის წინაშე დგანან.
foreignpress.ge