ჩინეთის ლიდერის ოჯახის საიდუმლო სიმდიდრეები

ჩინეთის ლიდერის ოჯახის საიდუმლო სიმდიდრეები

ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ცზიაბაოს ბევრი ახლო ნათესავი კოლოსალურად გამდიდრდა მას მერე, რაც ვენი მთავრობის მეთაური გახდა. 

ანალიტიკოსების მიერ გამოტანილი დასკვნების მიხედვით, პრემიერის ნათესავები, რომლებმაც იციან გარიგებების ოსტატურად და ენერგიულად დადება (მაგალითად, მისი ცოლი), ერთიანობაში 2,7 მლრდ დოლარის ოდენობის ქონებას აკონტროლებენ.

ახლანდელი პრემიერის დედა იან ჩჟიუნი სკოლის მასწავლებელი იყო, მამა კი ერთ-ერთი პოლიტიკური კამპანიის დროს ღორების ფერმაში გაგზავნეს სამუშაოდ. თავად ვენი ხშირად ამბობდა, რომ მის ბავშვობაში ოჯახი ძალიან ღარიბი იყო. ახლა კი პრემიერის 90 წლის ქვრივი დედა კოლოსალურად მდიდარია: 5 წლის წინ მისი სახელით გაკეთებული ერთადერთი ინვესტივია ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ კომპანიაში 120 მლნ დოლარად შეფასდა.

გაურკვეველია, როგორ გამდიდრდა ეს ქალი და იცის თუ არა საერთოდ, რომ მის სახელზე აქციები ირიცხება. ეს ხომ მას მერე დაიწყო, რაც მისი შვილი მმართველ ელიტაში მოხვდა: 1998 წელს ვიცე-პრემიერი გახდა, 5 წლის შემდეგ კი - პრემიერი.

ხშირ შემთხვევებში ვენის ახლო ნათესავების სახელები სხვადასხვა პარტნიორობისა და საინვესტიციო ჰოლდინგების მიღმა იმალება, რომელთა უშუალო მფლობელები მათი მეგობრები, თანამშრომლები თუ საქმიანი პარტნიორები არიან. მაგრამ თუ ამ აბლაბუდას გავხსნით, დეტალური სურათი იკვეთება: ჩინეთის სწრაფად მზარდ ეკონომიკაში სახელმწიფოს გავლენა და კერძო პირთა სიმდიდრე ზღაპრულად იზრდება.

პრემიერს და მის ნათესავებს ისე აქვთ ყველაფერი მოწყობილი, რომ მათი ნებართვის გარეშე ჩინურ ბიზნესში ვერავინ გაშლის ფრთებს. ნებართვის და, რასაკვირველია, გარკვეული წილის მიღების გარეშე. ამბობენ, რომ პრემიერის დახურულ სხდომებზე მიღებული პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებებიც პირდაპირ კავშირშია მისი ნათესავების უფლებებისა და გავლენის შემდგომ გაზრდასთან.

განსაკუთრებული გავლენა აქვს მის ცოლ ჩჟან ბეილის. ის ავტორიტეტული ფიგურაა საიუველირო სფეროში, მართავს სახელმწიფოს ალმასის კომპანიებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ პრივატიზაციასაც დაექვემდებარა, ის ეხმარება ნათესავებსაც, მიიღონ წილები სადაზღვევო და მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში, ასევე უძრავი ქონების პაკეტებში.

ვენის ვაჟს ჩინეთში უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი აქვს ათვისებული, ვენის უმცროსი ძმის აქტივები კი 200 მლნ დოლარად არის შეფასებული. ამ ყველაფრის მიუხედავად, პრემიერი ყველა გამოსვლისას პოპულისტობს და ამაყად ირგებს რეფორმატორის მანტიას, მის საწინააღმდეგო ყველა მოსაზრებას კი ოპოზიციის მიერ შეთითხნილს უწოდებს და ხშირად კომენტარისთვისაც არ იწუხებს თავს.

ეგ კი არა, ჩინეთში სხვა მაღალჩინოსნებიც კარგად გრძნობენ თავს. მათ შვილებს `თავადებს~ უწოდებენ და ისე ხვდებიან, როგორც მნიშვნელოვან პერსონებს. მათაც ძალიან ადვილად შეუძლიათ ყველაზე პერსპექტიულ კომპანიებში დიდი შეღავათების მიღება აქციების პაკეტებზე.

The New York Times